ვერტიკალი (ფილმი)
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
„ვერტიკალი“ | |
---|---|
![]() ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | სტანისლავ გოვორუხინი, ბორის დუროვი |
სცენარის ავტორი | სერგეი ტარასოვი, მიკოლა რაშეევი |
როლებში | ვლადიმერ ვისოცკი ლარისა ლუჟინა გენადი ვოროპაევი |
კომპოზიტორი | სოფია გუბაიდულინა ვლადიმერ ვისოცკი |
ოპერატორი | ალბერტ ოსიპოვი |
მხატვარი | მიხეილ ზაიაცი |
სტუდია | ოდესის კინოსტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1967 |
ხანგრძლივობა | 73 წთ |
ქვეყანა | ![]() |
ენა | რუსული |
„ვერტიკალი“ (რუს. Вертикаль) — საბჭოთა მხატვრული ფილმი ალპინიზმის თემაზე, რომელიც რეჟისორების სტანისლავ გოვორუხინისა და ბორის დუროვის სადიპლომო ნამუშევარია. ფილმი გადაღებულია ოდესის კინოსტუდიაში. მისი პრემიერა შედგა 1967 წლის ივლისში.
მთამსვლელთა ჯგუფი, ყოფილი ფრონტელი ჯარისკაცის, გამოცდილი ვიტალი ლომოვის ხელმძღვანელობით, სვანეთში მიემგზავრება ორ-ტაუს მწვერვალის დასალაშქრად.[1] გზად გაივლიან სოფელში, სადაც მოხუცი ბესარიონი — ლომოვის მეგობარი, მთაში დაღუპული მთამსვლელის - ილიკოს მამა ცხოვრობს.
ქვემო მთაზე ჩასვლისთანავე იქმნება საბაზო ბანაკი, სადაც რჩებიან რადისტი ვოლოდია და ექიმი ლარისა, ხოლო ოთხი მთამსვლელი მწვერვალზე მიდის. მეორე დღეს ვოლოდია იღებს შეტყობინებას ციკლონის მოახლოების შესახებ და ჯგუფს სიგნალს გადასცემს, გადაუხვიონ დაგეგმილი მარშრუტიდან. მთამსვლელი გენადი, რომელმაც მიიღო რადიოგრამა, არჩევანის წინაშე დგას — შეასრულოს ბრძანება და ჩავიდეს მთიდან, დატოვოს მწვერვალი დაუპყრობელი, ან გარისკოს და აიღოს მწვერვალი (ამით გენადი დაიმსახურებს ლარისას პატივისცემას, რომელიც აშკარად მოსწონს). ის გადაწყვეტს თანამგზავრებს მიღებული ინფორმაცია დაუმალოს. მთამსვლელები იპყრობენ მწვერვალს, მაგრამ ჩამოსვლისას მათ თოვლი და ჭექა-ქუხილი მოუსწრებს. ერთ-ერთი ალპინისტი დაშავდა ელვისგან, გენადის კი ხელები აქვს მოყინული.
რთული მოგზაურობა ელით მთამსვლელებს საბაზო ბანაკში დაბრუნებისას. ჯგუფი ორ წყვილად იყოფა — გენადი და ლომოვი ჩადიან დაბლა, რიტას და დაჭრილ ალექსანდრეს ტოვებენ თოვლის გამოქვაბულში, საკვების მცირე მარაგით. ბანაკისკენ მიმავალ გზაზე გენადის თოვლის სიბრმავე დაემართება. ის და ლომოვი შემთხვევით წააწყდებიან თოვლით დაფარულ კარავს. კარავში ახერხებენ ნავთქურის ანთებას და ცოტა გათბობას. ლომოვი აღმოაჩენს ჩანაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი ავტორი ილიკოა, რომელმაც ასვლისას ფეხი მოიტეხა და სიცივისგან გარდაიცვალა. როდესაც ნავთქურა ჩაქრა, გენადიმ აღიარა თანამგზავრთან, რომ მან იცოდა ციკლონის მოახლოების შესახებ, მაგრამ დაუმალა ინფორმაცია ამხანაგებს. ლომოვი ამას უემოციოდ იღებს და მარტო ჩადის ქვემოთ. ის ახერხებს საბაზო ბანაკში მისვლას და დახმარების თხოვნას.
თითქმის ყველა მთავარი გმირის — მთამსვლელის სახელები (ვიტალი ლომოვის გარდა) შეესაბამება მათი როლების შემსრულებელ მსახიობთა სახელებს.
სერგეი ტარასოვის მოგონებების მიხედვით, სცენარი ეფუძნებოდა მისი ძმის ვლადიმერ კოპალინის ისტორიას, რომელიც 1965 წელს ავიდა ლენინის პიკზე: „მე მქონდა ამბავი არა ხალხის მთებზე ცოცვის შესახებ, არამედ უცნობი ჯარისკაცის შესახებ, რომელმაც, ასე ვთქვათ, მთაში ურთულესი საქმე დაასრულა, რათა დაემტკიცებინა, რომ ის არ არის დამნაშავე წინა ასვლის დროს მომხდარ ტრაგედიაში“. გადაღებული მასალა ტარასოვს არ აღაფრთოვანებდა, მაგრამ ვისოცკისთან შეხვედრის შემდეგ სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ მისი ბალადების დამატებით ფილმში „არსიც და სიცხადეც“ გამოჩნდებოდა.
სცენარის სამუშაო სახელწოდება იყო „შეპყრობილნი“. ალექსანდრე კუზნეცოვის მოგონებების მიხედვით, მას ფილმის გადაღების დროს უნდა დაესრულებინა სცენარი.
ფილმი გადაღებულია იალბუზის რეგიონში 1966 წლის 21 ივლისიდან 28 დეკემბრამდე შავ-თეთრ ფირზე. იმისთვის, რომ მსახიობებს მთამსვლელების კარგად თამაში შეძლებოდათ, მათ უტარებდნენ სპეციალურ სწავლებას: ისინი ეუფლებოდნენ ყინულის ცულს, ცხოვრობდნენ კარვებში, სწავლობდნენ თოკით გადაბმულ, ჯგუფურ სიარულს, ადიოდნენ 3000 მეტრამდე სიმაღლეზე და ჩააბარეს ალპინისტობის ყველა ნორმატივი. გადაღების დასრულების შემდეგ მსახიობებმა მიიღეს „სსრკ ალპინისტის“ სამკერდე ნიშნები.
რადისტის როლზე ვ. ვისოცკი მიიწვიეს იმის შემდგომ, რაც იური ვიზბორმა უარი თქვა გადაღებაში მონაწილეობაზე. სცენარი ვისოცკის უინტერესო მოეჩვენა, მაგრამ მას მოეწონა იმის შესაძლებლობა, რომ ფილმში სიმღერების ავტორი და შემსრულებელი იქნებოდა. თავის კონცერტებზე და მსმენელებთან შეხვედრებზე ის ფილმის გადაღებებზე საუბრობდა:
ფილმში გაჟღერდა ვ. ვისოცკის შემდეგი საავტორი სიმღერები:
სიმღერა „მთამსვლელი“ („Я спросил тебя: „Зачем идёте в гору вы?““) არ იყო ფილმში შესული და არც ის სცენა, რომელშიც ის უნდა გამოეყენებინათ. ითვლება, რომ სიმღერა ეძღვნება რიტა კოშელევას.
ოთხი სიმღერა ფილმიდან („დამშვიდობება მთებთან“, „მეგობრის სიმღერა“, „მწვერვალი“ და „საომარი სიმღერა“) გამოვიდა 1967 წლის ოქტომბერში გრამფირფიტაზე - სიმღერები ფილმიდან „ვერტიკალი“ (კომპანია „მელოდია“). სიმღერების ტექსტები იბეჭდებოდა გრამფირფიტის ყდაზე.[3]