ელისაბედ ბავარიელი (გერმ.Elisabeth von Bayern), სრული სახელია ელისაბედ ამალია ევგენია ფონ ვიტელსბახი, ბავარიის პრინცესა (გერმ.Elisabeth Amalie Eugenie von Wittelsbach, Prinzessin in Bayern), აგრეთვე ცნობილია, როგორც ავსტრიის იმპერატრიცა ელისაბედი (გერმ.Kaiserin Elisabeth von Österreich), მეტსახელად იმპერატრიცა სისი (გერმ.Kaiserin Sissi; დ. 24 დეკემბერი, 1837, მიუნხენი, ბავარია ― გ. 10 სექტემბერი, 1898, ჟენევა, შვეიცარია) ― ბავარიელი პრინცესა ვიტელსბახების დინასტიიდან, პრინც მაქსიმილიან იოზეფის ასული და ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1854-1898 წლებში და ასევე ლომბარდო-ვენეციის უკანასკნელი დედოფალი 1854-1866 წლებში. იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლე.
იგი ბავარიის სამეფო კარზე იზრდებოდა, სანამ თექვსმეტი წლის ასაკში არ დაქორწინდა იმპერატორ ფრანც იოზეფზე. ქორწინების შემდეგ იგი ჰაბსბურგთა კონსერვატიულ სამეფო კარზე აღმოჩნდა, რისთვისაც მოუმზადებელი იყო და ბევრი ამისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. ქორწინების დასაწყისი ხასიათდებოდა მისი უთანხმოებით დედამთილთან, ერცჰერცოგინია სოფიასთან, რომელმაც მისი უფროსი ქალიშვილების აღზრდა თავის თავზე იკისრა, მათგან უფროსი კი გარდაიცვალა. სამეფო კარზე მისი მდგომარეობა მხოლოდ მემკვიდრის, კრონპრინც რუდოლფის გაჩენამ გააუმჯობესა, თუმცა მისი ჯანმრთელობა დამძიმდა, გამოსაჯანმრთელებლად კი უნგრეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვანი კავშირები შექმნა უნგრეთში, რაც შემდეგ დაეხმარა მის მეუღლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შექმნაში.
1889 წელს მისმა ერთადერთმა ვაჟმა თავის საყვარელთან ერთად მოიკლა თავი მაიერლინგში, რაც დიდი დარტყმა იყო ელისაბედისათვის. ამის შემდეგ იგი ცხოვრების ჩვეულ რიტმს აღარც დაბრუნებია. მან თავი დაანება იმპერატრიცას მოვალეობების შესრულებას და უმეტესად ევროპაში მოგზაურობდა ხოლმე, ოღონდ ოჯახის გარეშე. 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე ააშენა სასახლე, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. ამასთან ერთად, ასაკის გამო იგი სულ უფრო აკვიატებულად ზრუნავდა ახალგაზრდული ფიგურისა და სილამაზის შენარჩუნებაზე, რის გამოც მის სიცოცხლეშივე გაჩნდა მრავალი ლეგენდა. 1897 წელს მისი და, ჰერცოგინია სოფია ბავარიელი პარიზში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მომდევნო, 1898 წელს კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოგზაურობისას იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელი იტალიელმა ანარქისტმა ლუიჯი ლუჩენმა სასიკვდილოდ დაჭრა. აღსანიშნავია, რომ ელისაბედი ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კონსორტი იყო და 44 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა იმპერატრიცის თანამდებობა.