ხორბალი

მარცვლეული კულტურა

ხორბალი (ლათ. Tríticum) — ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მარცვლეული კულტურა. აერთიანებს 27 ველურად მზარდ და კულტურულ სახეობას. მოშინაურებულია (ერთმარცვალა, იგივე გვაწა ზანდური და ასლი) მიწათმოქმედების წინააზიურ კერაზე (ნოყიერ ნახევარმთვარეში) ძვ. წ. IX–XII ათასწლეულში. VII ათასწლეულის ბოლოს ამ რეგიონში გამოიყვანეს რბილი და მაგარი ხორბლის სახეობები, რომლებიც სხვაგან ჯერ არ შეინიშნებოდა. გვარი გამოირჩევა დიდი პოლიმორფიზმით. არსებობს მორფოლოგიურ, გენეტიკურ და სხვა ნიშან-თვისებებზე დაყრდნობილი რამდენიმე კლასიფიკაცია (მაგ., ქრომოსომების რაოდენობის მიხედვით გამოარჩევენ დი-, ტეტრა-, ჰექსა-, ოქტოპლოიდურ სახეობებს). ნიკოლოზ პავლეს ძე გონჩაროვის მიერ შექმნილი ხშირად გამოყენებული კლასიფიკაციის თანახმად, ხორბლის გვარი იყოფა 5 სექციად.[1]

ხორბალი

ხორბლის გავრცელების არეალი მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს. ერთწლოვანი მცენარეა, თუმცა ცნობილია ორწლიანი მრავალწლოვანი ფორმებიც. გვხვდება საშემოდგომო, საგაზაფხულო და ნახევრად საშემოდგომო ფორმები. ხორბლის გვარში შემავალი სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რბილი (T. aestivum) და მაგარი ხორბალი (T. durum). აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. ღერო სიმაღლეში 40–130 სმ-ია. მომწიფებული ღერო (ჩალა) თეთრი, ყვითელი ან იასამნისფერია. ყვავილედი რთული თავთავია, რომლის ღერაკზე განლაგებულია თავთუნები. თითოეულ თავთუნში მოთავსებულია 3–5 (ზოგჯერ მეტიც) ყვავილი. აქვს სხვადასხვა ფორმის თავთავი — თითისტარისებრი, კვადრატული, კომბლისებრი, პრიზმისებრი; ფერად — თეთრი, წითელი, შავი; ფხიანი ან უფხო. თვითმტვერია მცენარეა.[2]

ისტორია

მოშინაურება

ადამიანის ჩარევამდე ველურ ბუნებაში ხორბლის ოთხი სახეობა არსებობდა პლოიდობის ორი დონით — ცალმარცვალები და წყვილმარცვალები. ყველაზე ადრეულ არქეოლოგიურ მასალაშა ერთდროულად გვხვდება უკვე მოშინაურებული ცალ- და წყვილმარცვალა ხორბლები. შუმერში ძირითადად მოჰყავდათ ცალმარცვალა Triticum monococcum, ხოლო ეგვიპტეში — ტეტრაპლოიდური წყვილმარცვალა T. dicoccum.[3]

ხორბლის კულტურული სახეობების სამშობლოდ ტრადიციულად ითვლება წინა აზია. ველური ხორბლის სახეობების ისეთი მრავალფეროვნება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მსხვილმარცვალა, საკვებად ვარგისი მარცვლოვნები, წარმოდგენილი იყო ე.წ. ნოყიერ ნახევარმთვარეში. სწორედ ეს ტერიტორია აღმოჩნდა კულტურაში ხორბლის შემოტანისათვის ვარგისი — მცირე აზიიდან ზაგროსის მთებამდე და პალესტინიდან ამიერკავკასიამდე. არსებობს ხორბლის მოშინაურების რამდენიმე ჰიპოთეზა — პოლიცენტრული, მონოცენტრული და დიფუზიური. პირველის თანახმად, კულტურული ხორბლის წარმოშობის რამდენიმე ცენტრი არსებობდა; მეორის მიხედვით, ასეთი ცენტრი მხოლოდ ერთი იყო; დიფუზიური ჰიპოთეზა კი უარყოფს რაიმე ასეთი ცენტრის არსებობას. თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენები უფრო მეტად პოლიცენტრულ ჰიპოთეზაც ამყარებს.[3]

არქეოლოგიური წყაროების მიხედვით, მარცვლოვანი მცენარეების, პირველ რიგში კი ხორბლისა და ქერის კულტურაში შემოტანა გვიან ნეოლითში დაიწყო (დაახლ. 10–12 ათ. წლის წინ) და, თანამედროვე შეფასებით, დასრულდა დაახლ. 4000 წლის წინ. ხორბალი თანდათან ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) მთავარ კულტურულ მცენარედ იქცა. მოშინაურებულია სახეობები პლოიდობის სამი სხვადასხვა დონით, რომლებიც განსხვავებული დანიშნულებით გამოიყენება: რბილი ხორბლიდან (2n = 6х = 42) აცხობენ პურს, მაგარი ხორბლით (2n = 4х = 28) აკეთებენ მაკარონს, წყვილ- (2n = 4х = 28) და ცალმარცვალას (2n = 2х = 14) იყენებენ ბურღულეულ კულტურებად. ტემპერატურის, ტენიანობის, დაავადებისა და მავნებელთა მიმართ მედეგობის გამო უპირატესობა მოიპოვა რბილმა ხორბალმა, რომელიც პლანეტის მოსახლეობის დაახლ. მესამედისათვის ერთ-ერთი ძირითადი სასურსათო კულტურაა.[3]

ლიტერატურა

  • Гончаров, Н. П.; Сормачева, И. Д. (2014). „Доместикация пшениц“. Природа (რუსული). №2.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი