ფარნავაზ I

ქართლის მეფე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარნავაზი.

ფარნავაზ I (სპარს. ფარნა – დიდება[7]) — ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) პირველი მეფე ძვ. წ. IV–III საუკუნის I ნახევარში და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა – ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების – არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნა („შექმნა მწიგნობრობა ქართული“).

ფარნავაზ I

ფარნავაზ მეფის რელიეფი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 302–237[1][2]
ძვ. წ. 299–234[3]
ძვ. წ. 284–219[4]
ძვ. წ. 272–206[5]
წინამორბედი: აზო
მემკვიდრე: საურმაგი
დაბ. ადგილი: მცხეთა
მეუღლე: დურძუკი ქალი
შვილები: საურმაგი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ქართველი უფლისწული[6], სამარას ძმა
დედა: დარიოს III-ის ასული

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულით და III საუკუნის I ნახევრით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა – ძვ. წ. 284–219 წწ., ს. გორგაძე – ძვ. წ. 272–206 წწ.).[8]

ისტორია

იყო მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული (მამის სახელი ცნობილი არ არის). ფარნავაზი სამი წლისა იქნებოდა, როცა პონტოს სამეფოდან („საბერძნეთიდან“) ძლიერი ლაშქრით მოვიდა აზო (ლევან და გუბაზ სანიკიძეების ვარაუდით, პონტოელი ქართველი. მიიჩნევა ალექსანდრე მაკედონელის სარდლად), რომელმაც მოჰკლა სამარაც და მისი ძმაც (ფარნავაზის მამა) და თვითონ დაიდგა სამეფო ტახტი მცხეთაში. ყრმა ფარნავაზი დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმული ფარნავაზი, დედასთან ერთად, მცხეთაში დაბრუნდა და შეუდგა საიდუმლო სამზადისს აზონის ძალაუფლების დასამხობად. მან კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მთავარ ქუჯისთან და შეერთებული ძალებით, დაამხეს აზონის ბატონობა. თვითონ აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მცხეთაში მეფედ დაჯდა ფარნავაზი. აქედან იწყება ფარნავაზიანთა დინასტიის ისტორია.

ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს

გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა დიდ რეფორმატორულ და აღმშენებლობით საქმიანობას. გააერთიანა სრულიად საქართველო და დაჰყო იგი საერისთავოებად, სათავეში – ერისთავებით. სულ იყო რვა საერისთავო:

  • არგვეთი (ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოჲთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნაჲ.),
  • კახეთი (და გაგზავნა ერთი კახეთისა ერისთავად და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.),
  • ხუნანი (ერთი გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.),
  • სამშვილდე (ერთი გაგზავნა სამშჳლდისა ერისთავად და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.),
  • წუნდა (ერთი გაგზავნა წუნდისა ერისთავად, და მისცა ფანავარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლაჲ და არტანი.),
  • ოძრხე (ერთი გაგზავნა ოძრჴის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარაჲ.),
  • კლარჯეთი (ერთი გაგზავნა კლარჯეთისა ერისთავად და მისცა არსიანთითგან ზღუამდე.),
  • ეგრისი (და მისცა [ქუჯის] ქუეყანაჲ ეგრისწყალსა და რიონსა შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი.).

სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია — შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ხელახლა ააშენა, ახალი კედელ-გალავნებით და ციხე-კოშკებით გაამაგრა, განამტკიცა მცხეთა, იქვე აღმართა სალოცავი კერპი არმაზი. აღადგინა და ააშენა ყველა სხვა ციხე-სიმაგრე, რომელიც მანამდე დაენგრია მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას. დასავლეთ საქართველოში ააშენა ახალი ციხე-სიმაგრენი – შორაპანი და დიმნა (დიმი). მისმა თანამებრძოლმა, ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ აღაშენა ქალაქი ციხე-გოჯი. ფარნავაზის სახელთან დაკავშირებულია უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა – ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დაფუძნება („ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“). გამეფდა 27 წლისა, იმეფა და იღვაწა 65 წელიწადი, აღესრულა 92 წლისა. დაკრძალეს არმაზს.[9] ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.

ფარნავაზ მეფის თანამედროვე ქანდაკება თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, საქართველო.

ლიტერატურა

  • გ. მამულია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 232.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
  • პ. ინგოროყვა, ძველი-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
  • გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979;
  • ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, „მოამბე“, 1905. №9, 10.

სქოლიო

წინამორბედი:
იბერიის მეფე
ძვ. წ. IV–III სს.
შემდეგი:
საურმაგ I
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიგალაკტიონ ტაბიძეთბილისიდავით IV აღმაშენებელივეფხისტყაოსანიკორუფციათამარ მეფესაქართველოქვეყნების სიააღდგომაერეკლე IIილია ჭავჭავაძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებივაჟა-ფშაველავახტანგ I გორგასალიშოთა რუსთაველი17 მარტისულხან-საბა ორბელიანიაფხაზეთიქართული დამწერლობაალექსანდრე მაკედონელიჩერნობილის კატასტროფადიდგორის ბრძოლანიკო ფიროსმანიწმინდა პატრიკიპირველი მსოფლიო ომიმარხვაანგკორ-ვატიქუნთრუშააფხაზეთის ომი (1992-1993)აფრიკარამადანისვეტიცხოველიზედსართავი სახელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი V ბრწყინვალე