თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა (რუს.Бело-сине-белый флаг, БСБ) — დროშა, რომელიც გახდა უკრაინაში 2022 წელს რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო რუსეთში. დროშა პირველად Twitter- ზე 2022წლის 28 თებერვალს იყო ნახსენები, რის შემდეგაც იგი ფართოდ გავრცელდა რუსულ ოპოზიციურ წრეებში. აქტივისტების თქმით, დროშა უპირველეს ყოვლისა არის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ხალხის გაერთიანების სიმბოლო. ასევე აღინიშნა უწყვეტობა ველიკი ნოვგოროდის დროშის ვერსიასთან. ნოვგოროდის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო ინსტიტუტი იყო „ნოვგოროდის პალატა“, რომელიც ზღუდავდა მმართველის უფლებამოსილებებს ვლადიმერ-სუზდალის სამთავროსგან განსხვავებით.
2022 წლის 6 მარტს მოსკოვის მკვიდრი, ანა დუბკოვა, პოლიციამ დააკავა მის მანქანაზე თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის გამო. ოქმში აღნიშნულია, რომ დროშა არის „...ოპოზიციურ ძალებში გავრცელებული ომის საწინააღმდეგო პროტესტის სიმბოლო“. სასამართლომ ანა დუბკოვას რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლით 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.