ქალკისი[1][2] (ბერძ.Χαλκίς), ქალკიდა[2] (ბერძ.Χαλκίδα) — ქალაქი საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე, ევროპოსის სრუტის სანაპიროზე. განლაგებულია ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე,[3] ათენიდან 78 კმ-ში. ამავე სახელწოდების დიმის (თემის) ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 59 125 ადამიანი (2011).[4] მნიშვნელოვანი პორტია. თუმცა აქ უფრო იმპორტი მიმდინარეობს, ვიდრე ექსპორტი. ყოველწლიურად შემოდის 1200–1300 ტონა ტვირთი და გადის მხოლოდ 70–80 ტონა.[5]
ისტორიულად ცნობილია როგორც ქალკიდა. ამ სახელწოდებას უკავშირებენ სიტყვას χαλκός — „სპილენძი“. სხვა მოსაზრებით ქალკიდა ფინიკიელთა კოლონიიდან წარმოდგება. ეს უკანასკნელნი მეწამულის (მარჯნის) რეწვას ეწეოდნენ და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: χαλκε-καλχε — „მეწამული ნიჟარა“.[2]
ქალკიდა ერთ-ერთი ძველი ბერძნული ქალაქი და კუნძულ ევბეის ეკონომიკურად დაწინაურებული ცენტრი იყო, რასაც ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ნოყიერი ნიადაგი; თბილის წყლები, რკინისა და სპილენძის მდიდარი საბადოები. ძვ. წ. VII საუკუნიდან ქალკიდამ დაიწყო თრაკიის, სიცილიის, სამხრეთი იტალიის კოლონიზაცია. სწორედ ქალკიდელებისაგან აითვისეს იტალიელებმა ბერძნული ანბანი. ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებამდე (პელოპონესის ომის (431–404 წლები) გამოკლებით) ათენის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. ძვ. წ. 338 წლიდან ემორჩილებოდა მაკედონიას, ძვ. წ. 168 წლიდან — რომს. ძვ. წ. 146 წელს ანტირომაულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო რომაელებმა ქალაქი დაარბიეს და მისი ზღუდეები მოშალეს. მოგვიანებით აღადგინეს და იყენებდნენ როგორც სამხედრო ბაზას ჯერ რომაელები, შემდგომ ბიზანტიელები.[2]