ავსტრია-უნგრეთის სავარაუდო მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ, ფრანც იოზეფ I-ის მეთაურობით ავსტრია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მონარქიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, გერმანიასთან კავშირის დამყარების მიზეზით გამოცხადდა, რომ იქმნებოდა გერმანია-ავსტრიის იმპერია, თუმცა საბოლოოდ, კავშირი ვერ შედგა. 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკა გახდა ავსტრიის კანონიერი „მემკვიდრე“. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გახდა გერმანიის რაიხის კანცლერი, ანშლუსით ავსტრიის ანექსიას მიაღწია. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ავსტრია ხელახლა დაარსდა როგორც სუვერენული და თვითმმართველი დემოკრატიული ერი, რომელიც ცნობილია მეორე რესპუბლიკის სახელით.
მმართველობის მხრივ, ავსტრია არის საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალოდ არჩეული ფედერალური პრეზიდენტით (სახელმწიფოს მეთაური) და კანცლერით (ფედერალური მთავრობის მეთაური). ძირითადი ქალაქებიაგრაცი, ლინცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ავსტრია შედის მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაში. ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების მაღალ სტანდარტს: 2018 წელს მსოფლიოში ავსტრიელები ადამიანების განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყვნენ. ცხოვრების დონის მაჩვენებლით, ვენა საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებს.[9]
996 წლის დოკუმენტი Ostarrîchi document. სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი: Ostarrîchi
ოფიციალური: ქართულად — ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად — გერმ.Republik Österreich.
ეტიმოლოგია — IX საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostarrîchi-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. პირველად ეს ტერმინი გამოყენებულ იყო 996[15] წელს, დოკუმენტში: Ostarrîchi document. XI საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Österreich — გერმანულად, Autriche — ფრანგულად და Austria — ლათინურად.
ავსტრიის ბუნება მრავალფეროვანია. ევროპის ყველაზე დიდი მდინარე დუნაი გადის ავსტრიაში. ავსტრიის თითქმის ¾ უჭირავთ აღმოსავლეთ ალპებს (გროსგლოკნერის მწვერვალი 3797 მ-ია). ბევრი მწვერვალი მუდმივი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, ქვევით გადაშლილია ალპური და სუბალპური მდელოები, რომლებიც შესანიშნავი საძოვრებია. 2000-2200 მ სიმაღლემდე მთის ფერდობები ტყითაა დაფარული. მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს ჩამორჩება ავსტრია ტყის სიმდიდრით.
ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში მთები დაბლდება. აქ იჭრება შუა დუნაის დაბლობის ნაწილი — ვენის აუზი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ვაკე და გორაკიანი ტერიტორია უფრო დასახლებული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რაიონია. ავსტრია მდინარეებით მდიდარი ქვეყანაა, რომლებზეც არაერთი ჰიდროელექტროსადგურია აგებული. სანაოსნოდ მხოლოდ დუნაია გამოყენებული. ბოდენისა და ნოიზიდლერ-ზეეს დიდი ტბების მხოლოდ ნაწილი ეკუთვნის ავსტრიას.
ავსტრია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ იღებენ ნავთობს (ჩრდილო-აღმოსავლეთში), მურა ნახშირს, რკინის მადანს, მაგნეზიტს (მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგითა და მოპოვებით), გრაფიტს. არის ფერადი ლითონების მცირე საბადოებიც.
ფართობი — 83 900 კმ².
ბუნება: ქვეყნის ¾ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი — გროსგლოკნერი 3 797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) — დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდიდესი ტბა — (კმ²) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი — კონტინენტური, ალპური.
ავსტრიის დიდი ნაწილი მოქცეულია ცივი ზომიერი კლიმატის ზონაში, სადაც ხშირად ვხვდებით ტენიან ქარს. ქვეყნის დაახლოებით სამი მეოთხედი ნაწილი ალპებს უკავია და აღნიშნულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ალპური კლიმატი დომინირებს. აღმოსავლეთით, შუა დუნაის დაბლობსა და დუნაის ხეობის გასწვრივ, კლიმატე შედარებით კონტინენტური ხდება; აქ, ალპურ ზონასთან შედარებით, ნაკლები წვიმა მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ავსტრიაში ცივა (−10°C-დან 0°C-მდე), ზაფხული შეიძლება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.[16]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ავსტრიაში ვხვდებით შემდეგი კლიმატის ტიპებს: ოკეანური კლიმატი, ნოტიო კონტინენტური კლიმატი, სუბარქტიკული/სუბალპური კლიმატი, ტუნდრისთვის დამახასიათებელი კლიმატი, პოლარული კლიმატი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავსტრიას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცივი, ძლიერი ზამთარი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაშ ვხვდებით ისეთ ზამთარს, როგორსაც აღნიშნულ კლიმატურ სარტყელში მდებარე სხვა ტერიტორიებზე ვხვდებით (მაგალითად, სამხრეთ სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში). აგრეთვე, ხეობებთან და დაბლობებთან შედარებით, შემაღლებულ ადგილებში ზაფხული უფრო ცივია. ოკეანური კლიმატის გავლენის გამო, ალპების გარშემო არსებული ტუნდრისთვის დამახასიათებელი და სუბარქტიკული კლიმატი სხვა ამგვარ ტერიტორიებთან შედარებით უფრო თბილია.[17][18][19]
ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ. წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.
XIV—XV საუკუნეებშიჰაბსბურგებმა დაიწყეს ავსტრიის საჰერცოგოს პროვინციების შემოერთება. 1438 წელს ჰერცოგი ალბრეხტ II ჰაბსბურგი მისი სიმამრის, სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მემკვიდრედ აირჩიეს, თუმცა ალბერტმა მხოლოდ ერთი წელი იმეფა. ამ დროიდან საღვთო რომის იმპერიის ყველა იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან იყო, გარდა ერთი გამონაკლისისა.
ავსტრიის რესუპუბლიკა შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ავსტრია-უნგრეთის მონარქია დაიშალა. მაშინ გამოცხადდა გერმანულ-ავსტრიული რესპუბლიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაწილი. თუმცა 1919 წლის სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების შედეგად, ავსტრიას აეკრძალა გერმანიასთან შეერთება, ამიტომ ავსტრიის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1919 წელს მიღებული იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი, რომელმაც ავსტრია ფედერაციულ დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო ფედერაციული საბჭო, რომელიც შედგებოდა ფედერალური და ეროვნული საბჭოსაგან, ფედრალური პრეზიდენტისაგან, ფედერალური კანცლერისაგან და ფედერალური მთვრობისაგან საკანონმდებლო ორგანოდ იქნა აღიარებული.
1933 წლის 4 მარტს ქრისტიან-სოციალისტმა ფედერალურმა კანცლერმა ედელბერტ დოლფუსმა დაშალა ფედერალური კრება და ერთი წლის შემდეგ გამოსცა ე. წ. „მაისის კონსტიტუცია“, რომელიც ამარტივებდა ფედერალურ კრებას. „მაისის კონსტიტუცია“ შეცვალა კორპორატიულმა სახალხო წარმომადგენლობამ.
1945 წლის აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ჯარებმა ავსტრიიდან განდევნეს ვერმახტი, ფაშისტი გუბერნატორები გადააყენეს, რის შედეგადაც ხელისუფლება გადაეცა ფაშიზმის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას და 1945 წლის 27 აპრილს შეიქმნა დროებითი სახელმწიფო ხელისუფლება სოციალ-დემოკრატებისაგან, კომუნისტებისა და ქრისტიან-სოციალისტებისგან, რომლის სათავეში შტატ-კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი კარლ რენერი მოვიდა. დაიწყო დენაციფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ავსტრია ანტიჰიტლერული კოალიციის 4 წევრ-სახელმწიფოს ჯარებით იქნა ოკუპირებული და დაიყო ოკუპაციის 4 ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად. 1945 წლის 4 ივლისს უშუალოდ დენაციფიკაციის კონტროლისათვის შეიქმნა მოკავშირეთა საკონტროლო კომისია, რომელიც შედგებოდა ავსტრიის კომუნისტური და დემოკრატიული პარტიებისგან, ხოლო 1945 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა ეროვნული საბჭოს არჩევნები. 1945 წლის შემოდგომაზე აღდგა 1919 წლის ფედერალური კონსტიტუციური კანონი. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაიწყო 1947 წელს, მაგრამ ის 1955 წლის 15 მაისს დაიდო. იმავე წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი ავსტრიის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელსაც იგი იცავს დღემდე. 25 ოქტომბერს მოკავშირეთა ჯარები გაიყვანეს ავსტრიის ტერიტორიიდან.
ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ვენაში ცხოვრობს. ქალაქი ლამაზადაა გაშენებული დუნაის ნაპირზე. ვენას მჭიდროდ ეკვრის ალპების ერთ-ერთი განშტოება — ვენის ტყე. მისი სიმაღლიდან იშლება ქალაქის ფართო პანორამა: ცენტრიდან რადიუსებით მიემართებიან მთავარი ქუჩები, რომლებსაც წრიული მაგისტრალები კვეთს. მოჩანს ეკლესიების გოთური კოშკები, პარკები. ვენა მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. ქალაქის ცენტრში არის ავსტრიელ ხუროთმოძღვართა უძველესი ქმნილებები: წმინდა სტეფანეს ტაძარი, იმპერატორის ყოფილი სასახლე და სხვა ისტორიული ნაგებობანი. რინგშტრასეზე განლაგებულია პარლამენტი, ქალაქის რატუშა, მუზეუმები, თეატრები და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.
ვენის გარდა ავსტრიაში კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი ქალაქია: ლინცი, გრაცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. ლინცი ზემო ავსტრიის მხარის მთავარი ქალაქია. იგი შავი მეტალურგიისა და კოქსქიმიის ცენტრია. ფოლადჩამომსხმელი ქარხნები და საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობას მეტალურგიულ, ქიმიურ და სხვა ქალაქებისათვის, გაერთიანებულია მძლავრ კონცერნ „ფესტალპინეში“. იგი ერთ-ერთი უდიდესი კონცერნია ევროპაში. გრაცი შტირიის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის და კვების მრეწველობის მსხვილი ცენტრია. გრაცი ცნობილია თავისი სასწავლებლებით, განსაკუთრებით ძველი უნივერსიტეტით. ზალცბურგი ამავე სახელწოდების მხარის ცენტრია. იგი ცნობილია თავისი ძველი მუსიკალური ტრადიციებით. ზალცბურგში დაიბადა მოცარტი. მდინარე ინის ხეობაში მდებარეობს ტიროლის ცენტრი ინსბრუკი. იგი არის ევროპული მნიშვნელობის დიდი სატრანსპორტო კვანძი და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრი, ალპინისტებისა და სამთომეთხილამურეთა „დედაქალაქი“.
სტატისტიკ-ავსტრიის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია.[23] ქვეყნის დედაქალაქის, ვენას მოსახლეობა აღემატება 1.9 მილიონს (2.6 მილიონი გარეუბნების ჩათვლით), რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია. იგი ცნობილია თავისი კულტურით და ცხოვრების მაღალი დონით.
ვენა მოსახლეობის მიხედვით, ავსტრიის ქვეყნებს შორის, ერთპიროვნული ლიდერია. მეორე უმსხვილესი ქალაქია გრაცი (291 007), რომელსაც, შესაბამისად, ლინცი (206 604), ზალცბურგი (155 031), ინსბრუკი (131 989) და კლაგენფურტი (101 303) მოსადევს. ყველა სხვა ქალაქის მოსახლეობა 100 000-ზე მცირეა.
ევროსტატის მიხედვით, 2018 წელს ავსტრიის მოსახლეობაში დაახლოებით 1.69 მილიონი უცხოეთში-დაბადებული ადამიანი შედიოდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 19.2 %-ს შეადგენს. აქედან 928 700 (10.5 %) დაბადებულია ევროკავშირის გარეთ, ხოლო 762 000 (8.6 %) - ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში.[24] ქვეყნის მოსახლეობაში აგრეთვე შედის 483 100 სხვა ქვეყანაში-დაბადებულთა მცხოვრებლების შთამომავალი.[25]
ავსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს, დაახლოებით 350 000 წევრით, თურქები ქმნიან.[26] 2003 წელს, ლეგალურად, 13 000 თურქი შემოვიდა ქვეყანაში, ხოლო არალეგალურად შემოსულთა რაოდენობა უცნობია. ერთად, სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები და სლოვენიები, ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5.1 %-ს ადგენენ.
2017 წლის მონაცემებით, შობადობის მაჩვენებელი იყო 1.52 ბავშვი/ქალზე,[27] რაც საშუალო სტანდარტთან შედარებით (2.1 ბავშვი/ქალზე) დაბალია; 2017 წელს დაფიქსირებული შედეგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 1873 წელს დაფიქსირებულ შედეგს (4.83 ბავშვი/ქალზე).[28] 2015 წელს, დაუქორწინებელი ქალების ბავშვებს მიეკუთვნებოდა მთლიანი ახლადდაბადებული ბავშვების 42.1 %.[29] შედეგად, ავსტრიას, საშუალოდ 44.2 წლით, მსოფლიოში მე-12 ყველაზე ხნიერი მოსახლეობა ჰყავს.[30] 2016 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა არის 81.5 წელი (78.9 წელი კაცებში, ხოლო 84.3 წელი ქალებში).[31]
ლაპარაკობენ გერმანულ დიალექტებზე. კარინტიასა და შტირიაში ცხოვრობენ სლოვენები, აღმოსავლეთით კი ხორვატები და უნგრელები. ავსტრიის ერი ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნებებისა და ტომების შერევის შედეგად, რომლებშიც თუმცა ჭარბობდნენ გერმანელები, მაგრამ არანაკლები როლი ითამაშეს კელტებმა, რეტებმა, ილირიელებმა, მოგვიანებით კი სლავებმა.
ავსტრიაში უმეტესწილად საუბრობენ სტანდარტულ ავსტრიულ გერმანულ ენაზე, რომელსაც განათლებაში, გამოცემებსა და ვებსაიტებში იყენებენ. აღნიშნული ენა ჩვეულებრივი გერმანულის თითქმის იდენტური ენაა, თუმცა ისინი ერთმანეთისგან ლექსიკით განსხვავდებიან. აღნიშნული სტანდარტული გერმანული ენა გამოიყენება ოფიციალურ კონტექსტებში გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში; მას აგრეთვე იყენებენ იტალიაში, ბელგიასა და დანიაში მცხოვრები გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები. თუმცა, ავსტრიის სახელმწიფო ენა არა სტანდარტული გერმანული, არამედ ავსტრიულ-ბავარიულია (უმაღლესი გერმანული ადგილობრივი დიალექტური ფორმა). გერმანულ ენა ან მისი დიალექტური ფორმა ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის 88.6 %-სთის არის მშობლიური ენა, მათ შორის შედის გერმანიაში დაბადებული ავსტრიის მოქალაქეებიც (2.5 %); შემდეგ მოდიან: თურქულ (2.28 %), სერბულ (2.21 %), ხორვატულ (1.63 %), ინგლისურ (0.73 %), უნგრულ (0.51 %), ბოსნიურ (0.43 %), პოლონურ (0.35 %), ალბანურ (0.35 %), სლოვენურ (0.31 %), ჩეხურ (0.22 %), არაბულ (0.22 %) და რუმინულ (0.21 %) ენაზე მოსაუბრეები.[32]
სტატისტიკ-ავსტრიის 2001 წლის მონაცემების მიხედვით, ავსტრიაში სულ 710 926 სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა. აქედან ყველაზე დიდ, 283 334 წევრიან, ჯგუფს ქმნიან ყუფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები (მათგან 135 336 საუბრობს სერბულ ენაზე; 105 487 - ხორვატულ ენაზე; 31 591 - ბოსნიურ ენაზე; 272 414 -ადგილობრივ ენაზე; ამას ემატება 6902 სლოვენიურ და 4018 მაკედონიურ ენაზე მოსაუბრე).
ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, ავსტრიაში მეორე უდიდეს ჯგუფს თურქები (ქურთების ჩათვლით) ქმნიან; მათი ამჟამინდელი რაოდენობა დაახლოებით არის 200 000-300 000.[33] შემდეგ მოდიან: 124 392 გერმანულ ენაზე მოსაუბრე (იგულისხმება ის ხალხი, რომელთათვისაც გერმანული არის დედაენა; უმეტესად გერმანელი ემიგრანტები), 123 417 ინგილისურ; 24 446 ალბანურ; 17 899 პოლონურ; 14 699 უნგრულ; 12 216 რუმინულ; 10 000 მალაილურ; 7982 არბულ; 6891 სლოვაკურ; 6707 ჩეხურ; 5916 სპარსულ; 5677 იტალიურ; 5466 რუსულ; 5213 ფრანგულ; 4938 ჩინურ; 4264 ესპანურ; 3503 ბულგარულ ენაზე მოსაუბრეები.
2001 წელს, ავსტრიის მოსხლეობის 71 % რეგისტრირებული იყო,[37] როგორც კათოლიკე, ხოლო 5% თავს პროტესტანტად თვლიდა.[37] ავსტრიელი ქრისტიანები, როგორც კათოლიკეები, ასევე პროტესტანტები,[38] ვალდებულნი არიან გადაიხადონ წევრობის გადასახადი (გამოითვლება შემოსავლის მიხედვით — დაახლოებით 1 %) მათი ეკლესიისთვის; ამ გადახდას ეწოდება „Kirchenbeitrag“ („საეკლესიო წვლილი“). XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ავსტრიაში რელიგიის მიმდევრების და მსახურების რიცხვი მცირდება. 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიის კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 5 050 000 წევრი (მთლიანი მოსახლეობის 56.9 %). 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საკვირაო ეკლესიას მოსახლეობის 7 %, ანუ 605 828 ადამიანი ესწრება.[39] ლუთერანულმა ეკლესიამ 2001-2016 წლებში აგრეთვე მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი, 74 421 ადამიანი, დაკარგა.
2001 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 12 %-ს არ მისდევდა არცერთ რელიგიას;[37] საეკლესიო ინფორმაციის თანახმად, ეს წილი 2015 წლისთვის 20 %-მდე გაიზარდა.[40] დარჩენილი ხალხიდან, 2001 წლის მდგომარეობით დაახლოებით 340 000 ავსტრიელი ირიცხებოდა სხვადასხვა მუსლიმურ ჯგუფებში; აღნიშნულ ჯგუფში ძირითადად ირიცხება თურქეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან და კოსოვოდან შემოსული ხალხი.[37] 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მუსლიმთა რიცხვი გაორმაგებულია - დაახლოებით 700 000.[41] ქვეყანაში აგრეთვე ხვდებით დაახლოებით 180 000 მართლმადიდებლური ეკლესიების წევრს (უმეტესად სერბები), დაახლოებით 21 000 იეჰოვას მოწმეს[42] და დაახლოებით 8100 ებრაელს.[37]
ავსტრიას ექსპორტზე გააქვს მაგნეტიზი, გრაფიტი, დახერხილი ხე-ტყე, ქაღალდი, ცელულოზა. ექსპორტზე მოდის ქიმიური პროდუქციის მეოთხედი.
სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებებს. გამოყენებულია მიწის ფართობის თითქმის ნახევარი, აქედან 40 % სათესია, ხოლო 60 % საათიბი და საძოვარია. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მესაქონლეობა. აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს და ღორებს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი. ავსტრიაში ბევრი ბაღი და ვენახია. ჭარბობს მსხვილი მიწათმფლობელობა.
ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ალპების ულამაზესი პეიზაჟი, დუნაის ხეობა, ვენის და სხვა ქალაქების მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მთის მცხოვრებთა თავისებური ყოფა ავსტრიაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტ ტურისტს იზიდავს.
ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უჭირავს.
Johnson, Lonnie (1989). Introducing Austria: a short history. Riverside, Calif.: Ariadne Press. ISBN978-0-929497-03-7.
Rathkolb, Oliver. The Paradoxical Republic: Austria, 1945–2005 (Berghahn Books; 2010, 301 pages). Translation of 2005 study of paradoxical aspects of Austria's political culture and society.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ