ბარანგაი

ბარანგაი (ზოგჯერ მოიხსენიებენ არქაული ფორმით ბარიო) — ადგილობრივი მმართველობის ყველაზე დაბალი დონის ერთეული ფილიპინებში. ფილიპინურ ენაზე ბარანგაი სოფელს ან რაიონს აღნიშნავს. რეგიონულ აგლომერაციებში ტერმინი ხშირად შიდა სამეზობლოს, გარეუბნის ან გარეუბნის სამეზობლოს აღსანიშნავად გამოიყენება.[1] ტერმინი ბარანგაი წარმოდგება ავსტრონეზიელი ხალხების ნავების ერთ-ერთი მოდელის, ბალანგაის სახელწოდებიდან.[2]

ბარანგაების რაოდენობა ფილიპინების პროვინციების მიხედვით

ფილიპინებში მუნიციპალიტეტები და ქალაქები ბარანგაებისგან შედგება, გარდა ადამსის მუნიციპალიტეტისა ჩრდილოეთ ილოკოსში და კალაიაანის მუნიციპალიტეტისა პალავანზე, რომლებიც მხოლოდ თითო ბარანგაის მოიცავენ. ბარანგაებს ზოგჯერ არაოფიციალურად უფრო პატარა ტერიტორიულ ერთეულებად, პუროკებად და სიტიოებად ჰყოფენ. 2020 წლის მარტის მონაცემებით ფილიპინებში 42 046 ბარანგაია.[3]

ისტორია

საინფორმაციო ნიშანი სოკოროს ბარანგაიში, კესონ-სიტი

XVI საუკუნეში პირველი ესპანელების ჩამოსვლის დროს მათ ფილიპინებში კარგად ორგანიზებული დამოუკიდებელი სოფლები დახვდათ, რომლებსაც ბარანგაებს უწოდებდნენ. სახელწოდება წარმოდგება ბალანგაიდან, რაც მალაიურ ენაზე „იალქნიან ნავს“ ნიშნავს.[2] ადრეული ესპანურ-ფილიპინური ლექსიკონების მიხედვით თვალსაჩინოა, რომ ბალანგაი გამოითქმებოდა როგორც ბა-ლა-ნგაი, ხოლო დღეს სიტყვა ბარანგაის გამოთქვამენ როგორც ბა-რან-გაი.[4]

წინაკოლონიური ბარანგაების შესახებ ერთადერთი წყარო არსებობს, ხუან დე პლასკენსიას 1589 წლის მოხსენება „Las costumbres de los indios Tagalos de Filipinas“. აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსი დეიმონ ვუდსი ბარანგაის, როგორც ძირითადი ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის ცნებას, ეჭვქვეშ აყენებს ლინგვისტური საბუთების ნაკლებობის გამო. ისტორიკოსის აზრით, ცნება ბარანგაი ტაგალური საზოგადოების რეკონსტრუქციის მიზნით ესპანელმა დამპყრობლებმა შექმნეს.[5]

პირველი ბარანგაები 50-დან 100-მდე ოჯახს ითვლიდა. ესპანელებთან კავშირის დამყარების შემდეგ ბევრი ბარანგაი უფრო დიდ დასახლებებად იქცა. 1604 წლის ენკომიენდის მიხედვით, სულუს, ბუტუანის, პანაის,[6] ლეიტესა და სებუს, პამპანგის, პანგასინანის, პასიგის, ლაგუნისა და მდინარე კაგაიანის ბარანგაები სავაჭრო ცენტრებად ქცეულიყო. ამ ბარანგაების ნაწილს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავდა. პანაიში ზოგიერთ ბარანგაიში 20 000-მდე ადამიანი იყო დასახლებული, ლეიტეში — 15 000-მდე, სებუში — 3 500-მდე, ვიტისში (პამპანგა) — 7 000-მდე, ხოლო პანგასინანში — 4 000.[7] პატარა ბარანგაებში 30-დან 100-მდე ოჯახი იყო დასახლებული, რაც დაახლოებით 100-დან 500 ადამიანამდე იყო. მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მიხედვით, ზოგიერთ თემში მხოლოდ 20-30 ადამიანი იყო.

ტრადიციულად, ბარანგაები ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ადგილებიდან მიგრირებული მალაიურ-პოლინეზიელი ხალხების სანაპირო დასახლებები იყო. ანტიკური ბარანგაების უმრავლესობა სანაპიროების ან მდინარეთა მახლობლად მდებარეობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი თევზაობით ირჩენდა თავს და უმეტესწილად მდინარეების გასვრივ მოგზაურობდნენ.

სანაპირო ბარანგაები უცხოელი ვაჭრებისთვის უფრო ადვილი ხელმისაწვდომი იყო და ეკონომიკური საქმიანობისთვისაც იდეალურ ადგილს წარმოადგენდა. სანაპიროებზე მდებარე ბარანგაების მცხოვრებლებს სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების ვაჭრებთან ჰქონდათ კონტაქტი, მათ შორის: იაპონიიდან, ჰანის დინასტიიდან, ინდოეთიდან და არაბეთიდან ჩამოსულ ვაჭრებთან.[8]

ესპანური მმართველობის პერიოდში იმპერიამ ხელახლა დასახლების პოლიტიკის გატარება დაიწყო. პატარა, გაფანტული ბარანგაები კომპაქტურ ქალაქებად გაერთიანდა.[9][10] ყოველ ბარანგაის მეთაური ჰყავდა, რომლებიც Principalía-ის, ფილიპინელი ესპანელების ელიტურ მმართველ კლასში შედიოდნენ. შემდეგში ამ პოზიციიდან დატუს ტიტული წარმოიშვა. ესპანეთის მონარქი ბარანგაებს კაბესის მეშვეობითაც მართავდა, რომლებიც ადგილობრივებისგან გადასახადებს კრეფდნენ.

ამერიკული მმართველობის პერიოდში ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურაში მცირე ცვლილებები შევიდა.[11]თავდაპირველად სასოფლო საბჭოები შეიქმნა, რომლებსაც შემდეგში ბარიოს საბჭო, ბოლოს კი ბარანგაის საბჭო ეწოდა.[11]

ყვითელი რევოლუციის შემდეგ მიღებული ფილიპინების კონსტიტუციით მუნიციპალური საბჭოები აღდგა, რის შემდეგაც ბარანგაები ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის უმცირესი ერთეულები გახდა. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ბარანგაების პირველი არჩევნები 1989 წლის 28 მარტს გაიმართა.[12][13] ბარანგაების ბოლო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართა.[14] კიდევ ერთი არჩევნები 2017 წელს იგეგმებოდა, თუმცა 10952-ე რესპუბლიკური აქტის მიღების გამო გადაიდო.[15]

ორგანიზაცია

თანამედროვე ბარანგაებს ხალხის მიერ არჩეული მოხელეები ხელმძღვანელობენ. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ბარანგაის კაპიტანია, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლებას ბარანგაის საბჭო წარმოადგენს.[16]

ბიბლიოგრაფია

  • Constantino, Renato. (1975) The Philippines: A Past Revisited (volume 1). ISBN 971-8958-00-2
  • Mamuel Merino, O.S.A., ed., Conquistas de las Islas Filipinas (1565–1615), Madrid: Consejo Superior de Investigaciones Cientificas, 1975

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი