ბუჩის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ბუჩისათვის ბრძოლა)
ბუჩის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

სამხედრო მოქმედებები კიევის მიდამოებში
თარიღი 27 თებერვალი – 31 მარტი, 2022 (1 თვე და 4 დღე)
მდებარეობა ბუჩა, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი
  • რუსულმა ნაწილებმა 12 მარტს დაიკავეს ქალაქი[1][2]
  • 31 მარტს რუსული ძალები ქალაქიდან გავიდნენ[3] და უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს ბუჩაზე[4][5]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
რუსეთის დროშა გენადი ბაიური [6]
რუსეთის დროშა აზატბეკ ომურბეკოვი[7] (64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური)
უკრაინის დროშა ანატოლი ფედორუკი[8]
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
    • 76-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო დივიზია[6]
      • 104-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო პოლკი[6]
      • 234-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო პოლკი[6]
    • 56-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო დივიზია[6]
  • რუსეთის სახმელეთო ჯარები
    • 35-ე საერთო-საჯარისო არმია
      • 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა[6]
    • 36-ე საერთო-საჯარისო არმია

რუსეთის ეროვნული გვარდია[9]

  • სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი
  • ომონი
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის დროშა არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები

დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
მრავალი ტანკი, ჯავშანმანქანა და აღჭურვილობა
უცნობია
უკრაინის თანახმად: 412 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე[10] (იხ. ბუჩის ხოცვა-ჟლეტა)

გაეროს თანახმად: 50 დასაბუთებული მოკლული[11]

ბუჩის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბუჩის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ქალაქ ბუჩაზე კონტროლისთვის მიმდინარეობდა და წარმოადგენდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ დაეკავებინათ ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი, რათა დასავლეთიდან შემორტყმულიყვნენ კიევს და ალყაში მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[12][13] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[14] ბრძოლა 27 თებერვლიდან 31 მარტამდე გაგრძელდა და დასრულა რუსული ნაწილების უკან დახევით.

ფონი

უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, ბუჩის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰოსტომელში, რუსულმა ძალებმა აიღეს ჰოსტომელის აეროპორტი (იხ. ჰოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლა) და ქალაქში საყრდენი პუნქტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტომელში უკრაინელი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ ოკუპაციას , რუსულმა ძალებმა გადაადგილება დაიწყეს სამხრეთით — ბუჩისა და ახლომდებარე ქალაქ ირპინის დასაპყრობად, რათა შემდეგ კიევი მოქციათ ალყაში.[12][13]

ბრძოლამდე, 2022 წლის 25 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში ან მის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი დაიკავეს და მაცხოვრებლები გამოყარეს, შემდეგ კი ტყისკენ უკან დაიხიეს.[15][16]

ბრძოლა

თავდაპირველი ბრძოლები

თებერვალი

27 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები ბუჩაში შევიდნენ, რითაც ქალაქისთვის ბრძოლა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ძალებში შედიოდა ტანკები, საჰაერო-სადესანტო ჯარები, საინჟინრო და ხიდის გასადები დანაყოფები და რეზერვები 36-ე საერთო-საჯარისო არმიიდან . რუსულმა არტილეიამ იერიში მიიტანა ქალაქზე და რამდენიმე სახლი, ნაგებობა და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა. მოსახლეობის განცხადებით, დაბომბვის გამო წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.[17][18] მოგვიანებით რუსეთის ჯარებმა მოახერხეს ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევა და ზოგიერთი შენაერთი მეზობელ ქალაქ ირპინისკენ დაიძრა, რითაც დაიწყო ირპინისათვის ბრძოლა .[13][18][19] ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო კადრები, სადაც ასახულია რუსული ძალების თავდასხმა ქალაქში მდგარ ავღანელი ჯარისკაცის მონუმენტზე (სამხედრო მანქანა) და იქვე გამვლელ სამოქალაქო მძღოლზე; სავარაუდოდ ისინი მოწინააღმდეგეებად ჩათვალეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.[20][21]

რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები, ასევე საჰაერო დარტყმები.[22] უკრაინის სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთმა საარტილერიო დარტყმამ გაანადგურა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც მათ „V ჯგუფად“ მოიხსენიეს (ტრანსპორტზე დატანილი ასო „V“-ის გამო), და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. .[23][24] უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს ბუჩისა და ირპინის დამაკავშირებელი ხიდი, რათა ირპინში კიდევ უფრო მეტ რუსულ სახმელეთო ძალას არ შეეღწია.[21]

უკრაინელი თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის მიხედვით, ბრძოლას ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ რუსულ ჯავშანმანქანებსა და მედესანტეებს. ანტონ ჰერაშჩენკომ იტყობინებოდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თავს დაესხნენ 30 ჯავშანტექნიკისგან შემდგარ რუსულ კოლონას და მათგან ერთს ან ორს ცეცხლი წაუკიდეს.[22][25][26]

დღის გარკვეულ მომენტში უკრაინის ხელისუფლებამ ბუჩის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არ ჩამსხდარიყვნენ ავტობუსებში, რომლებიც მოქალაქეების ვითომ „ევაკუაციას“ ახდენდნენ, რადგან ოფიციალურ უწყებებს ევაკუაცია არ დაუწყია. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს რუსული ძალების მიერ გამოყენებული ხრიკი იყო; ისინი ცდილობდნენ სავსე ავტობუსების უკან, კიევისკენ გაგზავნას და მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას.[27][28] ანალოგიური გაფრთხილება იმავე დღეს დაფიქსირდა ირპინშიც.[29]

28 თებერვალს უკრაინული ძალები შეებრძოლნენ და გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკა. ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახული იყი კვამლამოსული ნამსხვრევები. მისი თქმით, თავდასხმას უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ მოჰყოლია.[30]

მარტი

1 მარტისთვის ბრძოლა გარკვეულწილად ჩაცხრა, მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა შეძლეს ქუჩებში გასვლა და განადგურებული ან მიტოვებული რუსული მანქანებისა და აღჭურვილობის გადაღება. ეს ფოტოები უკრაინული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომელთაგან ზოგიერთმა ბუჩას განადგურებული რუსული ტექნიკის „სასაფლაო“ უწოდა.[31][32][33][34]

2 მარტს უკრაინულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა დაიწყეს.[35]

სოფელი ჩაიკი (ბუჩის რაიონი) რუსული თავდასხმის შემდეგ. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჭურვი მოხვდა სათავსოს, სადაც სამონტაჟო ქაფი იწარმოებოდა და ინახებოდა, რის შემდეგაც დაიწყო 10 000 მ²-ის ფართობის საწყობისა და 8-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის ხანძარი.

3 მარტს კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბუჩისა და ირპინისკენ მიემართებოდა ჰუმანიტარული დახმარება და ორივე ქალაქიდან იწყებოდა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, 1500-ზე მეტი ქალი და ბავშვი მატარებლით გამოიყვანეს, ხოლო 250-ზე მეტი — ავტობუსით.[36][37] თუმცა, ამ ევაკუაციას ართულებდა ზოგიერთ მარშრუტზე სარკინიგზო ლიანდაგების განადგურება და უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები.[38]

უკრაინის სახმელეთო ჯარების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩა „გათავისუფლდა“; სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები საკრებულოს შენობასთან უკრაინის დროშას აღმართავენ.[39][40][41][42] გარდა ამისა, უკრაინის საავარიო ბრიგადებმა ქალაქში ელექტროენერგია აღადგინეს.[39][40] რუსული ძალები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას ქალაქის შიგნით, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა შეძლეს მათი მოგერიება და ქალაქის გარეუბნებამდე გაყარეს ისინი.[43][44]

4 მარტს ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩებოდა; რუსულ ძალებს თავდაცვის ხაზზე სასინჯი იერიშები მიჰქონდა.[45] 2022 წლის 5 მარტს რუსებმა განაგრძეს შეტევა, მაგრამ დამცველები მუდმივად იგერიებდნენ მათ.[46]

2022 წლის 6 მარტს რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ქალაქის დაბომბვა, რის შედეგადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საკრებულოს ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები სარდაფებს აფარებდნენ თავს, მუდმივი საარტილერიო დაბომბვის გამო ქალაქი ვერ იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას.[47][48] უკრაინული თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის მიხედვით, 5 მარტს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ბუჩა და ჰოსტომელი. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის დაჭრილ ბავშვებს, ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდნენ.[49] 6 მარტს საევაკუაციო გზაზე გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაიჭრა მრავალი, მათ შორის ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი.[50] რუსულ ოკუპაციაში მოყოლილ მოქალაქეებს არ ჰქონდათ საკვებთან, წყალთან, ბუნებრივ აირთან და ელექტროენერგიასთან წვდომა და ქალაქიდან გაქცევის მცდელობის გამო მოკლული მშვიდობიანი მაცხოვრებლების მკვლელობის მოწმენი გახდნენ.[51]

შემდგომ დღეებში ბუჩაში შეტაკებები გაგრძელდა. 7 მარტს ქალაქში აფეთქდა ბოჭკოვანი მინის ინსტიტუტი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიტუაცია „ჰუმანიტარულ კატასტროფად“ გამოაცხადა.[52] ბუჩის მერის 8 მარტის ცნობით, ღამით ქალაქი კვლავ დაიბომბა. მისი თქმით, ბუჩა „საალყო მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. უკრაინელები ცდილობდნენ და შეძლეს კიდეც ოკუპანტების ქალაქიდან გაყრა, მაგრამ მეორე დღეს ისევ შემოვიდნენ. ისინი ქალაქის ძირითად ქუჩებს აკონტროლებდნენ. [53] გაძლიერდა სროლები და მოსახლეობას არ ჰქონდა სახლების დატოვების საშუალება. ფედორუკის შეფასებით, ქალაქი „რუსული ჯარის ტყვეობაში“ იყო.[54][55][56] სხვა გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსულმა ძალებმა მოსახლეობას შეზღუდული დროით ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს, რათა ქუჩებიდან აეკრიფათ დაღუპულთა გვამები ან ეზოში საჭმელი მოემზადებინათ. მოქალაქეებს არ ჰქონდათ ელექტროენერგიასთან წვდომა, რადგან რუსები მიერ ქალაქის ქვესადგურს აკონტროლებდნენ.[57] ბუჩის ხელისუფლების მიერ 9 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდებოდა კიევისაკენ მოსახლეობის ევაკუაცია,[58] თუმცა რუსების მხრიდან უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.[59] ევაკუაცია დაანონსდა 10 მარტსაც.[60] კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შეფასებით, ბუჩაში სიტუაცია ბრძოლებისა და ევაკუაციის ფონზე „დაძაბული“ იყო.[61]

12 მარტს საქალაქო რადამ გამოაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად რუსულ ძალებს ეკავათ. მათი ცნობით, მოწინააღმდეგე მოქალაქეებს სახლების დატოვების უფლებას არ აძლევდა და ზოგჯერ მათი მიმართულებითაც ისროდა.[1] ქალაქის დაკავების მიუხედავად, ზოგიერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონით შეძლო ქალაქიდან გასვლა.[62]

რუსეთის კონტროლის ქვეშ

13 მარტს ბუჩის მაცხოვრებლებმა ეკლესიათან ახლოს ძმათა სასაფლაოზე 67 ადამიანი დამარხეს. ისინი რუსულ არტილერიას ემსხვერპლნენ, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა.[2][63][64] მოგვიანებით ქალაქში შენიშნეს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ.[65]

15 მარტს რუსულმა ჯარებმა მერიის შენობის დაკავება დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს თანამშრომლები და მოხალისეები. მომდევნო დღეს ისინი გაათავისუფლეს.[66] უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ გზებსა და გარაჟებში დაყენებული მიტოვებული რუსული ჯავშანტექნიკა.[67][68]

16 მარტს, უკრაინული ძალების მონაცემებით, მათ კონტრშეტევები განახორციელეს კიევის გარშემო და მათ შორის ბუჩაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე.[69]

22 მარტს კიევის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ ბუჩა და ჰოსტომელი ამ მომენტისთვის რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და უკრაინელთა შეტევითი მოქმედებები აქ ჯერჯერობით შეუძლებელი იყო. უკრაინული ძალების მთავარ დავალებას წარმოადგენდა მოწინააღმდეგისათვის არ მიეცა მდინარე ირპინის გადალახვის შესაძლებლობა.[70]

უკრაინელთა მიერ კონტროლის აღდგენა

უკრაინის პოლიციის შესვლა ბუჩაში, 2 აპრილი.

29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით საბრძოლო აქტივობას შეამცირებდნენ.[71] 31 მარტისთვის, ამ მიმართულებიდან რუსების საერთო გასვლის ფონზე უკრაინული ძალები ბუჩაში შევიდნენ და მწვავე ბრძოლებში ჩაებნენ ადგილზე მყოფ მოწინააღმდეგესთან.[3] მომდევნო დღეს კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ ქალაქი თითქმის მთლიანად დაიბრუნეს. მისი სიტყვებით, რუსული ძალები უკან დახევას ცდილობდნენ, ხოლო უკრაინელები შეტევას აგრძელებდნენ. ბრძოლები გრძელდებოდა ბუჩის ჩრდილოეთით და ჰოსტომელ-ბუჩა-ვორზელის მიმართულებაზე.[4] ამავდროულად მერის — ანატოლი ფედორუკისა და ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქი მთლიანად გათავისუფლდა.[72][5]

სამხედრო დანაშაულები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი