ირპინის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ირპინისათვის ბრძოლა)
ირპინის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

სამხედრო მოქმედებები კიევის მიდამოებში
თარიღი 27 თებერვალი – 28 მარტი, 2022 (1 თვე და 1 დღე)
მდებარეობა ირპინი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი
  • 14 მარტისთვის რუსულმა ძალებმა ქალაქის ნახევარი დაიკავეს.[1]
  • 28 მარტს რუსული ძალები ქალაქიდან გავიდნენ.[2][3]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
უცნობია
  • უკრაინის დროშა ოლექსი კულება[4]
  • უკრაინის დროშა ოლექსანდრ მარკუშინი[5]
  • უკრაინის დროშა მეთაური „კასპერი“ (ნამდვილი სახელი უცნობია)[6][7]
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალებიუკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
  • მრავალი ჯავშანმანქანა
  • ერთი სუ-25
  • ერთი სუ-30
≈50 ჯარისკაცი[8]
სულ მცირე 290 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე[9]
ირპინის ბრძოლა ვიკისაწყობში

ირპინის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება ქალაქ ირპინის კონტროლისთვის რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. წარმოადგენს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ ირპინზე, ბუჩასა და ჰოსტომელზე, რათა დასავლეთიდან შემორტყმოდნენ კიევს და ალყა მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[10][11] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[12] გაიმართა სასტიკი ქუჩის ბრძოლები.[13][14] ირპინის ბრძოლა 27 თებერვლიდან 28 მარტამდე გაგრძელდა და უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა.[15][16]

ფონი

უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, ბუჩის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰოსტომელში, რუსულმა ძალებმა აიღეს ჰოსტომელის აეროპორტი (იხ. ჰოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლა) და ქალაქში საყრდენი პუნქტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტომელში უკრაინელი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ ოკუპაციას, რუსულმა ძალებმა გადაადგილება დაიწყეს სამხრეთით — ირპინისა და ახლომდებარე ქალაქ ბუჩის დასაპყრობად, რათა შემდეგ კიევი მოქციათ ალყაში.[10][11]

2022 წლის 25 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული კოლონა, რომელიც ირპინისკენ მიემართებოდა.[17][18] 26 თებერვალს ირპინში მცხოვრებმა გადაიღო ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსი მედესანტეები სამოქალაქო პირებად იყვნენ გადაცმულნი.[19]

ბრძოლა

27–28 თებერვალი

რუსეთის თავდასხმების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანა ირპინიდან კიევში.

27 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები ბუჩაში შევიდნენ, მოგვიანებით კი ირპინის მიმართულებით შეძლეს თავდაცვის ხაზის გარღვევა, რითაც დაიწყო ბრძოლა ირპინისათვის. ქალაქის შიგნით დაიწყო სატანკო ბრძოლა, უკრაინული ქვეითი ჯარი კი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებს ებრძოდა.[11][20] ირპინის მერმა ოლექსანდრ მარკუშინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინის სახმელეთო ჯარები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები ახერხებდნენ მათ უკუგდებას; ისიც დასძინა, რომ ბუჩიდან დამატებითი სატანკო ძალები მიეშველნენ. ინტენსიური ბრძოლები გაიმართა სავაჭრო ცენტრ „ჟირაფში“, რომელიც ბუჩასა და ირპინს შორის მდებარეობს. უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნაჩვენებია განადგურებული ჯავშანტრანსპორტიორი და სულ მცირე ექვსი დაღუპული რუსი ჯარისკაცი.[21][22][23][24]

რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები, ასევე საჰაერო დარტყმები.[25] მათ ასევე გაანადგურეს ბუჩისა და ირპინის დამაკავშირებელი ხიდი, რათა ირპინში კიდევ უფრო მეტ რუსულ სახმელეთო ძალას არ შეეღწია.[26]

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტები მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ვითომ უნდა მომხდარიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მათ მიზანს წარმოადგენდა ხალხის ამ ნაკადის კიევისკენ მიმავალ გზაზე მიმართვა, რადგან ისინი ცოცხალ ფარად გამოეყენებინათ. ირპინის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ ჩამსხდარიყვნენ ამ „საევაკუაციო“ ავტობუსებში, რადგან უკრაინის ხელისუფლება ამ ეტაპზე არანაირ საევაკუაციო მოქმედებებს არ ახორციელებდა.[27]

28 თებერვალს, უკრაინელი თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, დილით ირპინ-ჟიტომირის გზატკეცილზე უკრაინული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის ჯარებს და 14:00 საათისთვის 200-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს ან დააზიანეს.[28][29]

1–5 მარტი

2 მარტს ირპინზე ავიაიერიში მიიტანა ორმა რუსულმა სუ-25-მა. ორი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა ბავშვი და დაშავდა ქალი.[30][31][32] ერთ-ერთი სუ-25 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ახლო დათვალიერებით გამოვლინდა ბორტის ნომერი — RF-91961, რითაც შემდგომში დადგინდა, რომ თვითმფრინავი იყო სუ-25 სმ, რომელიც რუსეთის მე-18 საგვარდიო საიერიშო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა. პილოტის ბედი უცნობია.[33][34]

უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, რუსულმა ნაწილებმა თავდასხმითი ინიციატივის დაკარგვა დაიწყეს, მნიშვნელოვანი მსხვერპლი განიცადეს და „არახელსაყრელ საზღვრებში“ შეჩერდნენ.[35][36]

რუსული დაბომბვების შედეგად დაზიანებული სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

3 მარტს კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბუჩისა და ირპინისკენ მიემართებოდა ჰუმანიტარული დახმარება და ორივე ქალაქიდან იწყებოდა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, 1500-ზე მეტი ქალი და ბავშვი მატარებლით გამოიყვანეს, ხოლო 250-ზე მეტი — ავტობუსით.[37][38] თუმცა, ამ ევაკუაციას ართულებდა ზოგიერთ მარშრუტზე სარკინიგზო ლიანდაგების განადგურება და უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები.[39]

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ცნობით, ირპინის თავზე რუსული სუ-30 ჩამოაგდეს.[40][41]

5 მარტს უკრაინის სახმელეთო ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ფეხით ევაკუაცია დაიწყეს ირპინიდან კიევში. ევაკუაციას ართულებდა ჩამონგრეული ხიდი, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს.[42][43]

6–10 მარტი

6 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ირპინის ნაწილს. ევაკუაციის დროს სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა რუსული ნაღმსატყორცნებიდან ევაკუაციის მარშრუტზე არსებული გზაჯვარედინის დაბომბვის შედეგად,[44][45] რაც, Human Rights Watch-ის შეფასებით, არღვევდა ომის სამართალს. ორგანიზაციამ აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარეც იყო პასუხისმგებელი მოსახლეობის სიცოცხლეზე და არ უნდა ეწარმოებინა საბრძოლო მოქმედებები საცხოვრებელ რაიონებში.[46] ქალაქის სამხედრო ხელმძღვანელის ოლექსი კულებას თანახმად, მრავალი საევაკუაციო გზა უსაფრთხო იყო.[4] იმავე დღეს, ირპინში რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა უკრაინელი მსახიობი პავლო ლი, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ არმიას შეუერთდა.[47]

7 მარტს „The New York Times“-ის პირველ სვეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ნაღმტყორცნიდან გასროლის შედეგად ქუჩაში დაღუპული დედა და ორი შვილი. გამოცემის ვარაუდით, რუსული მხარე გაქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას უხსნიდა ცეცხლს.[48]

8 მარტს, ირპინის მერმა, ოლექსანდრ მარკუშინმა განაცხადა, რომ ქალაქის გადაცემის მოთხოვნით მუქარა მიიღო აგრესორებისგან, რაზეც უარი თქვა და განაცხადა: „ირპინის ყიდვა შეუძლებელია, ირპინი ბრძოლობს“.[49] მოხერხდა დაახლოებით 3000 მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა ქალაქიდან, ევაკუაცია კიდევ გაგრძელდა.[50]

9 მარტს უკრაინულმა ძალებმა კიევის ოლქიდან მოსახლეობის მასიური ევაკუაცია დაიწყეს. ოლქიდან მოხერხდა 20 000-მდე მშვიდობიანი მცხოვრების გამოყვანა. ევაკუაცია გაგრძელდა 10 მარტსაც.[51] კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირპინში ღამის ბრძოლები გაიმართა.[52]

13–14 მარტი

13 მარტს ირპინში ჟურნალისტების ავტომობილის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გარდაცვალების მომენტში მას თან ჰქონდა „The New York Times“-ის მიერ გაცემული მოწმობა, თუმცა ამ დროისთვის იგი ორგანიზაციასთან უკვე აღარ თანამშრომლობდა. თავდასხმისას კიდევ ორი ჟურნალისტი დაიჭრა.[53][54][55]

14 მარტს ადგილობრივი საკრებულოს (საქალაქო რადის) დეპუტატმა მიხაილილა სკორიკ-შკარივსკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირპინის ნახევარი რუსული ჯარის მიერ იყო ოკუპირებული.[1]

23–31 მარტი

ირპინის მერის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს კონტროლის მნიშვნელოვნად აღდგენა და უკვე ქალაქის 80% ეკავათ.[56]

28 მარტს მარკუშინმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს. თავდაპირველი გაურკვევლობების შემდეგ,[57][58]Reuters“-მა დაადასტურა, რომ 30 მარტს ირპინი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, „CNN“-მა აღნიშნული ერთი დღის შემდეგ დაადასტურა.[2][59]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი