კრატონი

კრატონი (გერმ. kratos — ძალა, სიმაგრე) — კონტინენტური ლითოსფეროს ძველი და სტაბილური უბანი, რომელსაც არ შეხებია მნიშვნელოვანი ტექტონიკური აქტივობა ფანეროზოური ეონის განმავლობაში. წარმოდგენილია ფარითა და სტაბილური ბაქნით.[1]

დედამიწის გეოლოგიური პროვინციები (USGS)

კრატონი ძირითადად გავრცელებულია ტექტონიკური ფილების შიგნით. მისთვის დამახასიათებელია ორსართულიანი აგებულება: კრისტალურ ფუნდამენტად ცნობილი ქვედა სტრუქტურული სართული ჩამოყალიბებულია გვიანარქეულ-პროტეროზოურში, რომელიც აგებულია დანაოჭებული, ძლიერ მეტამორფული წყებებით.[2]

კრისტალური ფუნდამენტის გადარეცხილ ზედაპირზე უთანხმოდ დევს ზედა სრუქტურული სართული, რომელსაც დანალექ საფარს უწოდებენ. ეს არის ჰორიზონტული ან სუბჰორიზონტული შრეებრიობის მქონე, ძირითადად თხელი ზღვის ქანებით აგებულ წყებათა კომპლექსი, თუმცა მასში არცთუ იშვიათია ლაგუნური და კონტინენტური ქანებიც. გამონაკლისის სახით გვხვდება ვულკანური წარმონაქმნებიც. კრატონი ორი ფენისაგან შედგება. ერთ ფენას, რომელიც მხოლოდ ქვედა სტრუქტურული სართულით, ანუ კრისტალური ფუნდამენტით არის წარმოდგენილი, ფარი ეწოდება, ხოლო მეორე ფენას, ორსართულიანს, — ბაქანი, რომელიც ფარს ზოგიერთ ადგილში დანალექი ქანებით ფარავს.[2]

ზოგადი ცნობები

კრატონების წარმოქმნის პროცესი კრატონიზაციის სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ბევრი რამ ამ პროცესში გაურკვეველია, მაგრამ პირველი კრატონული ხმელეთის მასები შესაძლოა არქეული ეონის განმავლობაში წარმოშობილიყო, რაზეც ალმასების ასაკი მიუთითებს, რომლებიც კრატონების ფესვებშია წარმოქმნილი და თითქმის ყოველთვის 2 მილიარდზე მეტი ან უფრო ხშირად, 3 მილიარდზე მეტი წლით თარიღდება.[3] არქეული ხნოვანების ქანები შეადგენენ მსოფლიოს ამჟამინდელი კრატონების მხოლოდ 7%-ს.[4] კრატონიზაცია სავარაუდოდ დასრულდა პროტეროზოურში. კონტინენტების შემდეგი განვითარება მიმდინარეობდა აკრეციის შედეგად კონტინენტის წყალქვეშა კიდეზე.[3] კრატონების ფესვების წარმოშობა დისკუსიის საგანია, თუმცა კრატონიზაციის დღევანდელი გაგება დაკავშირებულია ამერიკელი გეოფიზიკოსის თომას ჰილმან ჯორდანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან ჟურნალ „Nature“-ში. ჯორდანმა ივარაუდა, რომ კრატონები იქმნება ზედა მანტიის არასრული მაღალი ხარისხის გალღობის შედეგად. ლღობის ასეთი მაღალი ხარისხი შესაძლოა არქეულში მანტიის მაღალი ტემპერტურის შედეგი ყოფილიყო.[5]

კრატონისთვის დამახასიათებელია ანომალიურად მძლავრი და მტკიცე ლითოსფერული ფესვები. კრატონების მაგალითია: ჩრდილოეთ ჩინეთის კრატონი, აღმოსავლეთ ევროპის კრატონი, ამაზონის კრატონი, კააპვაალის კრატონი, ჩრდილოეთ ამერიკის კრატონი და სხვა.

კრატონების ხანგრძლივი ეროზია ცნობილია „კრატონული რეჟიმის“ სახელწოდებით. იგი შეიცავს პედიპლანაციასა და ეჩპლანაციას, რომლებიც ქმნიან პენეპლენს. ეჩპლანაციის პროცესი დაკავშირებულია ჰუმიდურ, ხოლო პედიპლანაცია არიდულ და სემი-არიდულ კლიმატთან; გეოლოგიური დროის განმავლობაში კლიმატის ცვლილებას მოჰყვა შერეული წარმოშობის ე.წ. პოლიგენური პენეპლენების წარმოშობა.[6]

საბჭოთა კავშირში „კრატონის“ ნაცვლად გამოიყენებოდა ტერმინი „პლატფორმა“ ანუ „ბაქანი“.[7] დასავლურ ლიტერატურაში კრატონი, ფარი და ბაქანი განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ტერმინებია.[8] ამჟამად, რუსეთში კრატონი და პლატფორმა ანუ ბაქანი სინონიმებად განიხილება.

სიტყვა „კრატოგენი“ პირველმა შემოგვთავაზა ავსტრიელმა გეოლოგმა ლეოპოლდ კობერმა 1921 წელს, ხოლო 1940 წელს გერმანელმა გეოლოგმა ჰანს შტილემ „კრატოგენის“ ნაცვლად დაამკვიდრა საკუთრივ ტერმინი „კრატონი“.[9]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი