სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები — უფლებების ისეთი კლასი, რომელიც იცავს ადამიანების თავისუფლებას მთავრობების, სოციალური ორგანიზაციებისა და კერძო პირების მხრიდან დარღვევებისგან. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დისკრიმინაციისა და რეპრესიების გარეშე.

სამოქალაქო უფლებები მოიცავს ხალხის ფიზიკური და გონებრივი ერთიანობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; დაცვას ისეთი ნიშნით დისკრიმინაციისგან, როგორიცაა რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ეროვნული წარმომავლობა, კანის ფერი, ასაკი, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ეთნოსი, რელიგია და შეზღუდული შესაძლებლობები;[1][2][3] და ინდივიდუალურ უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრებისა და აზრის, სიტყვის, რელიგიის, პრესის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება.

პოლიტიკურ უფლებებში შედის კანონით განსაზღვრული ბუნებრივი სამართლიანობა (პროცედურული სამართლიანობა), როგორიცაა ბრალდებულის უფლებები (მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სათანადო პროცესი, გამოსწორების ან იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლება) და სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებები, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, შეკრების უფლება, შუამდგომლობის უფლებამოსილება, თავდაცვისა და ხმის მიცემის უფლება.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები აყალიბებენ ადამიანის საერთაშორისო უფლებების საწყის და უმთავრეს ნაწილს.[4] ისინი მოიცავენ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ ნაწილს (მეორე ნაწილი შედგება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისგან). ადამიანის უფლებებათა სამი თაობის თეორია უფლებების ამ ჯგუფს „პირველი თაობის უფლებებად“ მიიჩნევს, ხოლო ნეგატიური და პოზიტიური უფლებების თეორია მათ ზოგადად ნეგატიურ უფლებებად აღიქვამს.

ისტორია

ფრაზა „უფლებები სამოქალაქო პირისათვის“ არის ლათინური jus civis-ის (მოქალაქის უფლებები) თარგმანი. რომის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, ისინი თავისუფლები (libertas) იყვნენ თუ მონები (servitus), ჰქონდათ კანონით განსაზღვრული უფლებები.[5] 313 წლის მილანის ედიქტის შემდეგ ეს უფლებები მოიცავდა რელიგიის თავისუფლებას, თუმცა 380 წლის თესალონიკის ედიქტი რომის იმპერიის ყველა სუბიექტს ავალდებულებდა კათოლიკური ქრისტიანობის აღიარებას.[6] რომაული იურიდიული დოქტრინა შუა საუკუნეებში დაიკარგა, მაგრამ საყოველთაო უფლებების შესახებ მოთხოვნები მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ქრისტიანული დოქტრინის საფუძველზე. 1549 წლის კეტის აჯანყების ლიდერების თანახმად, „ყველა მონა შეიძლება გათავისუფლდეს, რადგან ღმერთმა ყველა გაათავისუფლა თავისი სასტიკი სისხლისღვრით“.[7]

XVII საუკუნეში ინგლისის საერთო სამართლის მოსამართლე სერ ედუარდ კოკმა აღადგინა მოქალაქეობაზე დაფუძნებული უფლებების იდეა იმის მტკიცებით, რომ ინგლისელები ისტორიულად სარგებლობდნენ ასეთი უფლებებით. ინგლისის პარლამენტმა 1689 წელს მიიღო ინგლისის უფლებათა ბილი. ეს იყო ჯორჯ მეისონისა და ჯეიმზ მედისონის ერთ-ერთი გავლენა 1776 წელს ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების დროს. ვირჯინიის დეკლარაცია არის ამერიკის უფლებათა ბილის (1789) პირდაპირი წინამორბედი და ნიმუში.

კანონმდებლობით სამოქალაქო უფლების მოცილება წარმოადგენს „სამოქალაქო შეზღუდულობას“. XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში ფრაზა „სამოქალაქო უფლებები“ ყველაზე ხშირად მიემართებოდა კათოლიკეთა მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საკითხს. თემთა პალატაში სხვადასხვა მხარე გამოიყო სამოქალაქო უფლებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბევრი პოლიტიკოსი ეთანხმებოდა კათოლიკეებისთვის არსებულ შეზღუდულ სამოქალაქო შესაძლებლობებს. რომის 1829 წლის კათოლიკური ემანსიპაციის აქტმა აღადგინა კათოლიკეთა სამოქალაქო უფლებები.

1860-იან წლებში ამერიკელებმა მოარგეს ეს მიდგომა ახლადგათავისუფლებულ შავკანიანებს. კონგრესმა მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტები 1866, 1871, 1875, 1957, 1960, 1964, 1968 და 1991 წლებში.

უფლებების დაცვა

თომას ჰემფრი მარშალი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლებები მალევე იქნა აღიარებული და კოდიფიცირებული, რასაც შემდეგ მოჰყვა პოლიტიკური, მოგვიანებით კი სოციალური უფლებები. მრავალ ქვეყანაში ისინი წარმოადგენენ კონსტიტუციურ უფლებებს და შედიან უფლებათა ბილში ან მსგავს დოკუმენტში. ისინი ასევე განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1967 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის ისინი არ უნდა იყოს კოდიფიცირებული. ამასთან, მსოფლიოში დემოკრატიების უმეტესობას აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ოფიციალური წერილობითი გარანტიები. სამოქალაქო უფლებები ითვლება ბუნებრივ უფლებებად. თომას ჯეფერსონმა ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელ მიმოხილვაში დაწერა, რომ „თავისუფალი ხალხი თავის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებს ბუნების კანონებიდან გამომდინარე და არა როგორც მათი უფროსი მოსამართლის საჩუქარზე“.

საკამათო საკითხია თუ ვის ეხება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში მოქალაქეები უფრო მეტად არიან დაცულნი უფლებების დარღვევისგან, ვიდრე არამოქალაქეები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზოგადად განიხილება, როგორც უნივერსალური უფლებები, რომლებიც ეხება ყველა პირს.

პოლიტიკის მეცნიერის სალვადორ სანტინო რიგელმის აზრით, გლობალურ სამხრეთში ადამიანის უფლებების დარღვევების მიზეზებისა და დაცვის ნაკლებობის ანალიზისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შიდა და საერთაშორისო ფაქტორების ურთიერთქმედებაზე - მნიშვნელოვანი პერსპექტივა, რომელიც, როგორც წესი, სისტემატურად უგულებელყოფილია სოციალურ მეცნიერებათა ლიტერატურაში.[8]

სხვა უფლებები

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვეულებაც. ნაგულისხმევი ან აღურიცხავი უფლებები არის უფლებები, რომლებიც სასამართლოებმა შეიძლება აღმოაჩინონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან გარანტირებული წერილობითი კანონით ან ჩვეულებით. ერთი მაგალითია პირადი ცხოვრების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეცხრე შესწორება აშკარად აჩვენებს, რომ არსებობს სხვა უფლებები, რომლებიც ასევე დაცულია.

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ხალხს აქვს გაუსხვისებელი უფლებები, მათ შორის „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“. ზოგის აზრით, მთავრობის ერთადერთი მიზანი არის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვა.[9]

თვითსაკუთრებისა და შემეცნებითი თავისუფლების იდეები ამყარებს უფლებას აირჩიოს საკვები, რომელსაც მიირთმევს,[10][11][12] წამალი, რომელსაც მიიღებს,[13][14][15] ჩვევა, რომელსაც აყვება.[16][17][18]

სოციალური მოძრაობები სამოქალაქო უფლებებისათვის

სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი, ხორვატიული გაზაფხულის მონაწილე; ევროპის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი

სამოქალაქო უფლებები უზრუნველყოფენ კანონის თანაბარ დაცვას. როდესაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არ არის გარანტირებული ყველასთვის, როგორც კანონების თანაბრად დაცვის ნაწილი, ან როდესაც ასეთი გარანტიები არსებობს ქაღალდზე, მაგრამ ისინი პრაქტიკაში არ არის დაცული, შეიძლება წარმოიშვას წინააღმდეგობა, სამართლებრივი ქმედებები და სოციალური არეულობაც კი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობები 1848 წლისთვის გაძლიერდნენ ისეთი დოკუმენტების წყალობით, როგორიცაა გრძნობათა დეკლარაცია.[19] დამოუკიდებლობის დეკლარაციის შეგნებულად მოდელირებული უფლებებისა და გრძნობათა დეკლარაცია გახდა ამერიკელ ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი დოკუმენტი და იგი მიღებულ იქნა სენეკა ფოლზის ყრილობაზე, 1848 წლის 19 და 20 ივლისს.[20]

კანონის წინაშე თანასწორობისთვის რამდენიმე პოლიტიკურ მოძრაობას ჰქონდა ადგილი მსოფლიოში დაახლოებით 1950-დან 1980 წლამდე. ამ მოძრაობებს გააჩნდათ იურიდიული და კონსტიტუციური ასპექტი და შედეგად მიიღეს მრავალი კანონი როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ ასევე ჰყავდათ წარმოდგენილი აქტივისტი მხარე, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული უფლებების დარღვევების შემთხვევებში. მოძრაობებში, რომლებსაც ჰქონდათ ღიად გაცხადებული მიზანი: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, შედიოდა:

  • სამოქალაქო უფლებების მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაირღვა შავკანიანი მოქალაქეების უფლებები;
  • ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო უფლებების ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1967 წელს გაერთიანებული სამეფოს ამ პროვინციაში რომაული კათოლიკური უმცირესობის უფლებების უპატივცემლობის შემდეგ;
  • მოძრაობები მრავალ კომუნისტურ ქვეყანაში, როგორიცაა პრაღის გაზაფხული და ქარტია-77 ჩეხოსლოვაკიაში, აჯანყებები უნგრეთში.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობათა უმეტესობა ემყარებოდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ტექნიკას და იყენებდნენ არაძალადობრივ მეთოდებს მათი მიზნების მისაღწევად.[21] ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლას თან სდევდა ან მოჰყვებოდა სამოქალაქო არეულობა და შეიარაღებული აჯანყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ სამოცი წლის განმავლობაში სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ გამოიწვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაფართოება, ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი ხაგრძლივი და დაძაბული იყო და ამ მოძრაობებიდან ბევრმა ვერ მიაღწია ან სრულად ვერ მიაღწია თავის მიზნებს.

პრობლემები და ანალიზი

ხშირად ჩნდება კითხვები სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით. მაგალითად, რა ზომით უნდა ჩაერიოს მთავრობა ადამიანების უფლებების სხვა პიროვნებების ან კორპორაციების მხრიდან დარღვევისგან დასაცავად - რა გზით უნდა აღმოიფხვრას კერძო სექტორში დასაქმების სფეროში დისკრიმინაცია?

პოლიტიკური თეორია ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. რობერტ ნოზიკმა და ჯონ როულზმა გამოხატეს კონკურენტული ხედვები ნოზიკის ანარქია, სახელმწიფო და უტოპიაში და როულზის სამართლიანობის თეორიაში. სხვა გავლენიანი ავტორები არიან ვესლი ნიუკომ ჰოფელდი და ჟან ედვარდ სმიტი.

პირველი თაობის უფლებები

პირველი თაობის უფლებები, რომლებსაც ხშირად „ლურჯ“ უფლებებს უწოდებენ, არსებითად ეხება თავისუფლებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ისინი ფუნდამენტურად სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათისაა, ისევე როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური: ნეგატიურად იცავენ ინდივიდს სახელმწიფოს ექსცესებისგან. პირველი თაობის უფლებებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, იარაღის შენახვისა და ტარების უფლება (ზოგიერთ ქვეყანაში), რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციისგან თავისუფლება და ხმის მიცემის უფლება. ისინი წარმოიშვა XVII და XVIII საუკუნეებში განმანათლებლობის ხანაში. ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებთან დაკავშირებული პოლიტიკური თეორიები კოდიფიცირებულ იქნა ინგლისის უფლებათა ბილში 1689 წელს (ინგლისელთა უფლებების ხელახლა აღნიშვნა, ზოგიერთი მათგანი იწყება მაგნა კარტადან 1215 წელს), უფრო სრულად საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში 1789 წელს და შეერთებული შტატების უფლებათა ბილში 1791 წელს.[22][23]

პირველი თაობის უფლებები დაცული იყო გლობალურ დონეზე, საერთაშორისო სამართალში სტატუსი მიენიჭა ჯერ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 და მე-21 მუხლებით, შემდეგ კი 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში. ევროპაში ისინი 1953 წელს დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ორგანიზაციები

მოქმედი ორგანიზაციები არსებობენ ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დასაცავად, მათი დარღვევის შემთხვევაში. სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული გაერთიანება არის ცნობილი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებას და პოლიტიკის შეცვლის პროცესს.[24] კიდევ ერთი ორგანიზაციაა ფერადკანიანი ადამიანების წინსვლის ეროვნული ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია უმცირესობების სამოქალაქო უფლებების დაცვაზე. ეს ორგანიზაციები სხვადასხვა მიზნებს ემსახურებიან. მაგალითად, შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესი: ამერიკის კავშირი წარმოადგენს მშრომელთა კლასის ხალხს ქვეყნის მასშტაბით.[25]

იხილეთ აგრეთვე

პორტალი:Politics
პორტალი Politics

სქოლიო

გარე ბმულები

თარგი:Library resources box

თარგი:ადამიანის უფლებებითარგი:ადამიანის განსაკუთრებული უფლებები

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი