ფილიპინების ადმინისტრაციული დაყოფა

ფილიპინებში ოთხი დონის ადმინისტრაციული დანაყოფი არსებობს, რომელთაგანაც ქვედა სამი დონის ერთეულები 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად განსაზღვრულია როგორც ადგილობრივი მმართველობის ერთეულები.[1] ფილიპინების ადმინისტრაციული ერთეულებია:

  1. რეგიონები (rehiyon) - შედგება პროვინციებისა და დამოუკიდებელი ქალაქებისგან/მუნიციპალიტეტებისგან. ფილიპინების 17 რეგიონიდან მხოლოდ ერთს, მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონს ჰყავს არჩეული მთავრობა, რომელსაც ცენტრალური მთავრობისგან აქვს დელეგირებული უფლებები.
  2. პროვინციები (lalawigan/probinsya), დამოუკიდებელი ქალაქები (lungsod/siyudad) და ერთი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი (პატეროსი).
  3. პროვინციების შიგნით არსებული შემადგენელი ქალაქები (lungsod/siyudad) და მუნიციპალიტეტები (bayan/munisipalidad).
  4. ბარაგაიები (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ბარიოსს) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
ფილიპინების რუკა, რომელზეც მისი ყველა რეგიონი და პროვინციაა ნაჩვენები

სპეციფიკური დანიშნულების მქონე დანაყოფებს მიეკუთვნება: კუნძულთა ჯგუფები, ადგილობრივი ადმინისტრაციული რაიონები, იურიდიული რეგიონები (რეგიონული სასამართლოებისთვის), საკანონმდებლო რაიონები (ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი დონის საკანონმდებლო არჩევნებისთვის) და სპეციალური დანიშნულების მქონე რაიონები (სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოსთვის).

ადამინისტრაციული დანაყოფები

რეგიონები

ადმინისტრაციული რეგიონები

ადმინისტრაციული რეგიონები ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის იმ ერთეულების ჯგუფებია, რომლებიც დაარსდა, გაუქმდა და შეიცვალა ფილიპინების პრეზიდენტის ბრძანებით, პროვინციულზე მაღალ დონეზე ეკონომიკის უფრო მრავალმხრივი განვითარებისა და ნაციონალური სამთავრობო მომსახურებების უზრუნველყოფის კოორდინირებისთვის. დღემდე რეგულარული ადმინისტრაციული რეგიონების საზღვრების დასაგდენად, გასაუქმებლად ან შესაცვლელად პლებისციტები არ ჩატარებულა, რადგანაც კონსტიტუციით ეს არ არის სავალდებულო.[2]

ადმინისტრაციული რეგიონი არ შედის ადგილობრივი მმართველობის ერთეულებში, არამედ ის ამე-ბის ჯგუფია, რომელშიც პრეზიდენტი[3] ქმნის საჯარო-პოლიტიკურ-მმართველობით და საკოორდინაციო სტრუქტურას, რეგიონული განვითარების საბჭოს. დიდი მანილას იურიდიულად „სპეციალური განვითარებისა და ადმინისტრაციული რეგიონის“ სტატუსი აქვს და მეტროპოლიის ავტორიტეტი მიენიჭა.[4] მანილის მეტროპოლიის განვითარების სააგენტოს ფარგლებში დიდი მანილის საბჭო ფუნქციონირებს როგორც ნაციონალური დედაქალაქის რეგიონის რეგიონული განვითარების საბჭო. [5]

ადმინისტრაციული რეგიონები პროვინციების ან/და დამოუკიდებელის ქალაქებისგან/მუნიციპალიტეტისგან შედგება. მხოლოდ პარეტოსს აქვს დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის სტატუსი. ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო სტატისტიკური მიზნით, მანილის მეტროპოლიის ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს ოთხ გეოგრაფიულ რაიონად ჰყოფს.

ავტონომიური რეგიონები

1987 წლის კონსტიტუციით, ლუსონში, ცენტრალური კორდილიერისა და მინდანაოს მუსლიმური უმრავლესობის ტერიტორიებზე ავტონომიური რეგიონების შექმნაა გათვალისწინებული.[2] 1989, 2001 და 2019 წლებში ჩატარებული პლებისციტების შესაბამისად შეიქმნა ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში, შემდეგ კი მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი. 1990 და 1998 წლებში კორდილიერის მცხოვრებლებმა ავტონომიაზე უარი თქვეს. აქედან გამომდინარე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი რეგულარული ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით სარგებლობს და დელეგირებული ძალაუფლება ან ვალდებულებები არ აქვს.

დღეისთვის ფილიპინების ერთადერთი ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონია, რომელიც ადგილობრივი მმართველობის იმ ერთეულებისგან შედგება, რომლებმაც 2019 წლის ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტზე ბანგსამოროს რეგიონული მთავრობის დაქვემდებარებაში შესვლას დაუჭირეს მხარი.[6] ავტონომიური რეგიონი, რომელსაც თავისი მთავრობა ჰყავს, ადგილობრივი მმართველობის ერთეული არაა, რადგანაც ავტონომიური რეგიონის მთავრობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1991 წელს მიღებულ ადგილობრივი მმართველობის კოდში არაა განსაზღრული, როგორც ეს პროვინციების, ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ბარანგაიებისთვისაა.[1] ავტონომიური რეგიონი ადგილობრივი მმართველობის ერთეულთა ჯგუფია, რომელსაც კონგრესისგან რეგიონული მმართველობის სტრუქტურის სპეციფიკური სტატუტი აქვს მინიჭებული, კონკრეტული ძალაუფლებითა და პასუხისმგებლობებით.

ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის იერარქია. წყვეტილი ხაზები მიანიშნებს, რომ ფილიპინების პრეზიდენტი ადგილობრივი მმართველობის ერთეულების „მთავარი ზედამხედველია“.

ადგილობრივი მმართველობის ერთეულები

1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ერთეული შეიძლება არსებობდეს პროვინციის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ან ბარანგაის სახით.[1] ყველა ადგილობრივ მმართველობით ერთეულს საკუთარი კანონმდებლები (Sanggunian) და აღმასრულებლები (გუბერნატორი, მერი ან ბარანგაის კაპიტანი) ჰყავს, რომლებსაც შესაბამისი ამე-ის მოსახლეობა ირჩევს. 25-ე სექციის თანახმად, ფილიპინების პრეზიდენტი პროვინციებსა და დამოუკიდებელ ქალაქებს სააგენტოების მეშვეობით ზედამხედველობს. ადგილობრივი მმართველობის ერთეულები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ფილიპინების ამე-ის მთავარ დონეს წარმოადგენენ. პატეროსი არც ერთ პროვინციას მიეკუთვნება, მაგრამ ისიც ამე-ის პირველადი დონის ერთეულია.

პროვინციები

ფილიპინების პროვინციები შედგება შემადგენელი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისგან. ყოველ პროვინციას გუბერნატორი ხელმძღვანელობს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო პროვინციული საბჭოა (Sangguniang Panlalawigan).[1]

ქალაქები და მუნიციპალიტეტები

ფილიპინებში ქალაქები სამ კლასად იყოფა: დამოუკიდებელი ქალაქები, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 38-ია, კლასიფიცირდება როგორც მაღალურბანიზირებული (33) და დამოუკიდებელი შემადგენენლი ქალაქები (5), ის ქალაქებია, რომლებიც არცერთი პროვინციის დაქვემდებარაში შედიან. ასე რომ, ეს ქალაქები ავტონომიურად იმართებიან, გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებს პროვინციებთან არ ინაწილებენ და უმეტესწილად, მათი მოსახლეობა არც პროვინციის მოხელეებს ირჩევს და არც მოხელეებად არჩევის უფლება აქვთ. ქალაქები, რომლებიც პროვინციების პოლიტიკური იურისდიქციის ქვეშ არიანმ მესამე დონის იურიდიულ კლასს შეადგენენ და შემადგენელ ქალაქებად იწოდებიან. შემადგენელი ქალაქების მაცხოვრებლებს პროვინციის მოხელეების არჩევის უფლებაც აქვთ და თავადაც შეიძლება იყვნენ არჩეული თანამდებობებზე.[1]

მუნიციპალიტეტები ყოველთვის პროვინციების იურისდიქციის ქვეშ არიან, გარდა პარეტოსისა, რომელიც ერთადერთი თვითმმართველი მუნიციპალიტეტია.[1]

ქალაქი ან მუნიციპალიტეტი იყოფა ბარანგაიებად. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მერები ხელმძღვანელობენ. ქალაქების საკანონმდებლო ორგანოებია Sangguniang Panlungsod (ქალაქის საბჭო), ხოლო მუნიციპალიტეტების - Sangguniang Bayan (მუნიციპალიტეტის საბჭო).[1]

ბარანგაიები

ფილიპინების ყველაზე მცირე ადგილობრივი ერთეულებიაბარანგაიები. ზოგჯერ ბარანგაის „სოფლად“ თარგმნიან, თუმცა იგი შეიძლება იყოს: ურბანული სამეზობლო, ფართო ურბანული რაიონი, პატარა სოფელი, პატარა ქალაქი ან გაფანტული დასახლებების სასოფლო რაიონი. ყოველ ბარანგაის ბარანგაის კაპიტანი ხელმძღვანელობს, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს Sangguniang Barangay (ბარანგაის საბჭო) ჰქვია.[1]

სხვა დანაყოფები

კუნძულთა ჯგუფები

ფილიპინები იყოფა კუნძულთა სამ ჯგუფად: ლუსონი, მინდანაო და ვისაიასი. ფილიპინების დროშაზე გამოსახული სამი ვარსკვლავი ამ გეოგრაფიულ დაჯგუფებებს აღნიშნავს. კუნძულთა ჯგუფებს რაიმე სპეციფიკური ადმინისტრაციული ორგანო არ ჰყავთ. ბევრი სამთავრობო თუ კერძო სააგენტო და ინსტიტუტი კუნძულთა ამგვარ დაჯგუფებას კონკრეტული მიზნებისთვის ახდენს.[7]

გეოგრაფიული რაიონები და ზონები

ზოგიერთი ქალაქი მათ ბარანგაიებს ოფიციალურად აერთიანებს გეოგრაფიულ რაიონებში. სამი ქალაქი ბარანგაიების ორგანზიებას რიცხვითი დასახელებსი მქონე ზონებით ახდენს: კალოოკანი (ზონები 1-16), მანილა (ზონები 1-100) და პასაი (ზონები 1-20). არაერთი ბარანგაის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა „რაიონი“ (170 ბარანგაი)[8] ან „ზონა“ (264 ბარანგაი),[9] თუმცა ყველა მათგანი სრულფუნქციური ბარანგაია და არა განსხვავებული ადმინისტრაციული კატეგორია.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი