ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია (ინგლ. Australian Antarctic Territory) — ანტარქტიდის სექტორი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ავსტრალია და არის მისი გარე ტერიტორია. ის არის ანტარქტიდის ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს რომელიმე ქვეყანა.

ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის რუკა (წითელი ფერი)

გეოგრაფია

სექტორი შედგება ყველა იმ კუნძულებისა და ტერიტორიისგან, რომლებიც მდებარეობენ 60° სამხ. გან. სამხრეთით და 44°38' აღმ. გრძ.-სა და 160° აღმ. გრძ. შორის, ადელის მიწის გამოკლებით (136°11' აღმ. გრძ.-დან 142°02' აღმ. გრძ.-მდე), რომელიც ყოფს ტერიტორიას დასავლეთ (დიდი ნაწილი) და აღმოსავლეთ (პატარა ნაწილი) ნაწილებად. მას დასავლეთით ესაზღვრება დედოფალ მოდის მიწა, ხოლო აღმოსავლეთით როსის ტერიტორია. საერთო ფართობი შეადგენს 5 896 500 კმ²-ს.

ისტორია

1841 წლის 9 იანვარს ბრიტანეთმა პირველად გამოაცხადა თავისი უფლებები ვიქტორიის მიწაზე (არაოფიციალურად), ხოლო 1930 წელს — ენდერბის მიწაზე. 1933 წელს ბრიტანეთმა გადასცა ყველა ტერიტორია 60° სამხ. გან. სამხრეთით და 160°-სა და 45° აღმ. გრძ.-ს შორის ავსტრალიას. ადელის მიწის საზღვრები საბოლოოდ დადგინდა 1938 წელს. 1947 წელს ტერიტორიის შემადგენლობაში შევიდა ბრიტანეთის კუთვნილი ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები. 1954 წლის 13 თებერვალს დაფუძნდა ძირითადი სადგური მოუსონი — პირველი ავსტრალიური ანტარქტიდული სამეცნიერო-კვლევითი სადგური.

ამ ტერიტორიაზე ავსტრალიის უფლება სცნო გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა და ნორვეგიამ. მაგრამ რადგანაც ავსტრალიას ხელი აქვს მოწერილი ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებაზე, იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების რაიმე სამეცნიერო პროგრამების წარმართვას. ავსტრალია მხოლოდ ინარჩუნებს მასზე კონტროლს ისე, რომ არ ხელყოს სხვა ქვეყნების უფლებები და არ დაარღვიოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჰერდისა და მაკდონალდის კუნძულები გახდა ავსტრალიის ცალკე ადმინისტრაციული დანაყოფი — გარე ტერიტორია, რადგანაც გეოგრაფიულად ისინი მდებარეობენ 60° სამხ. გან.-ის ჩრდილოეთით და მათზე არ ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედება.

მოსახლეობა

ტერიტორიაზე არ არის მუდმივი მოსახლეობა და იგი დასახლებულია მხოლოდ კვლევით სადგურებში მომუშავე ადამიანებით. ტერიტორიაზე მოქმედებს სამი ავსტრალიური ყოველწლიური მუდმივი პოლარული სადგური, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი