წინაპირობები
1769-1774 წლებში ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა ქვემო გურია და გააძლიერა თავდასხმები დასავლეთ საქართველოზე. 1784 წელს აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი თავს დაესხა სოფელ აკეთს, სადაც გახიზნულები იყვნენ ქვემო გურიის ყოფილი თავადები თავდგირიძეები, რომლებიც იმერეთის მეფე სოლომონ I-ის დახმარებით ქვემო გურიის დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ. ამ ლაშქრობის საპასუხოდ სოლომონმა დაგეგმა ლაშქრობა ქვემო გურიაში. ის ბოლომდე არ ენდობოდა გურიის მთავარს, გიორგი V გურიელს, ამიტომ მისი ვაჟი სიმონი მძევლად დატოვა ქუთაისში, ხოლო მეორე ვაჟი, ვახტანგი, თან იახლა.
ბრძოლა
სოლომონმა აიღო ქობულეთი და დაანგრია ქობულეთის ციხე, შემოუარა ციხისძირს, აიღო ჩაქვი და ბათუმის მიმდებარე სოფლები და უკან დაბრუნებისას ციხისძირთან გადააწყდა ჩასაფრებას. კაცია II დადიანმა ფოთის ფაშას წინასწარ აცნობა ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა, ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა სოლომონს და დაამარცხა. თავად სოლომონი ძლივს გადაურჩა დატყვევებას. ის ამისგან ვახტანგ გურიელმა იხსნა. ბრძოლაში დამარცხებისგან მიღებული ელდით სოლომონ I იმავე წლის აპრილში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 275-279.
- ჩხატარაიშვილი, ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან // მაცნე, ტ. 4, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 136-137.