აზიური შინაური კამეჩი

აზიური შინაური კამეჩი (ლათ. Bubalus bubalis) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მის სამშობლოდ ითვლება ინდოსტანის ნახევარკუნძული და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. დღეს იგი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში.[1] მორფოლოგიური და ქცევითი თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ შინაური კამეჩის ორ ჯგუფს: ინდურ (ანუ მდინარის) და ფილიპინურ (ანუ ჭაობის – კარაბაო);[2] პირველი გავრცელებულია ინდოსტანზე და მისგან დასავლეთით ბალკანეთამდე, ეგვიპტემდე და იტალიამდე, ხოლო მეორე ასამიდან აღმოსავლეთით — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდინარე იანძიმდე.[1][3]

აზიური შინაური კამეჩი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
ქვეოჯახი:  ხარისებრნი
ტრიბა:  ხარები
გვარი:  კამეჩები
სახეობა:  აზიური შინაური კამეჩი
ლათინური სახელი
Bubalus bubalis
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 3129

შინაური კამეჩის წინაპარი, სავარაუდოდ, აზიური გარეული კამეჩია (Bubalus arnee).[4] ფილოგენეტიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ითვლება, რომ მდინარის ტიპის კამეჩი წარმოიშვა დასავლეთ ინდოეთში და ადამიანის მიერ მოშინაურდა 6300 წლის წინ, ხოლო ჭაობის კამეჩი კონტინენტური სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა და 3000-დან 7000-მდე წლის წინ მოშინაურდა.[5] შემდგომში მდინარის კამეჩი გავრცელდა დასავლეთით, ხოლო ჭაობისა — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დანარჩენ ნაწილში მდინარე იანძის ხეობამდე.[5][6][7]

დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს მდინარე ინდის ხეობის ცივილიზაციიდან შინაური კამეჩები ვაჭრობის გზით მოხვდნენ შუამდინარეთში, დღევანდელ ერაყში, მელუხელების შუამავლობით.[8] ცნობილია აქადის მეფის მემატიანის ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია შინაური კამეჩის მსხვერპლად შეწირვის სცენა.[9]

მსოფლიოში აღრიცხულია 70-მდე ჯიშის 190 მილიონზე მეტი შინაური კამეჩი.[2] მათზე დამოკიდებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე სხვა ნებისმიერ შინაურ ცხოველზე.[10] იყენებენ გამწევ ძალად — ბრინჯის ფართობების დასამუშავებლად, მისი რძე შეიცავს მერძეული ძროხისაზე მეტ ცხიმსა და ცილებს. დიდი ზომის გაველურებული პოპულაცია XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა ჩრდილოეთ ავსტრალიაში, მცირე ზომის ჯოგებია პაპუა-ახალ გვინეაში, ტუნისსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში.[1] გაველურებული ჯოგები შეინიშნება აგრეთვე ახალ ბრიტანეთში, ახალ ირლანდიაში, დასავლეთ ახალი გვინეაში, კოლუმბიაში, გაიანაში, სურინამში, ბრაზილიასა და ურუგვაიში.[11]

ტაქსონომია

კარლ ლინემ 1758 წელს პირველმა აღწერა გვარი Bos და შინაური კამეჩი ლათინური სახელით Bos bubalis მასში მოათავსა; იგი ცნობილი იყო აზიიდან და მოშინაურებულად ითვლებოდა იტალიაში.[12] ელერმანმა და მორისონ სკოტმა თავიანთ ნაშრომში აზიური კამეჩის გარეული და შინაური ფორმები ერთ სახეობად განიხილეს,[13] მაშინ როდესაც სხვები ცალ-ცალკე ტაქსონებად მოიხსენიებ[დნ]ენ.[14] ველური და შინაური ფორმების ბინომიალური ნომენკლატურა სხვადასხვა ავტორის და ერთი ავტორის სხვადასხვა ნამუშევრის მიხედვითაც კი ბოლომდე შეუთანხმებელი და ურთიერთსაპირისპიროა.[15]

2003 წლის მარტში ზოოლოგიური ნომენკლატურის საერთაშორისო კომისიამ შეთანხმებას მიაღწია გარეული და შინაური კამეჩის სახელდებასთან დაკავშირებით და Bubalus arnee მიიჩნია ველური ფორმის შესაბამის სამეცნიერო სახელად.[16] B. bubalis კი უწინდებურად დარჩა შინაური ფორმის, ასევე მისი გაველურებული პოპულაციების აღმნიშვნელად.[17]

აღწერა

მდინარის კამეჩის ტყავი შავია, თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი შესაძლოა იყოს მუქი, მოცისფერო-ნაცრისფერი. ჭაობის კამეჩისა დაბადებისას რუხია, შემდგომში მოცისფრო ხდება. ზოგიერთ პოპულაციაში შეიმჩნევა ალბინიზმის შემთხვევები. მდინარის კამეჩებს შედარებით გრძელი სახე, მცირე გარშემოწერილობა და გრძელი კიდურები აქვთ. მათი ზურგის ქედი უფრო უკან გადადის და თანდათან ვიწროვდება. რქები ეზრდებათ ქვემო და უკანა მიმართულებით, შემდეგ კი სპირალურად იხვევა ზევით. ჭაობის კამეჩები მასიურები და ჯმუხები არიან; ტანი მოკლე, ხოლო მუცელი დიდია. შუბლი ბრტყელი, თვალები გამოწეული, სახე მოკლე, დინგი ფართო. კისერი შედარებით გრძელია, მინდაო და გავა ამოზნექილი. ზურგის ქედი უკან გადადის და მკვეთრად მთავრდება გულმკერდის ბოლოსკენ. რქები ეზრდება გარე მიმართულებით და ნახევარწრის ფორმაზე იღუნება, თუმცა მეტნაკლებად შუბლის სიბრტყეზე რჩება. კუდი მოკლეა, აღწევს კოჭის სახსრამდე. ტანის ზომა და რქების ფორმა ჯიშის მიხედვით ძლიერ ცვალებადია. სიმაღლე მინდაოში კუროკამეჩის შემთხვევაში საშუალოდ 129–133 სმ-ია, ფურკამეჩისაში — 120–127 სმ, თუმცა მსხვილი ინდივიდები 160 სმ-მდეც აღწევენ.[18] სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 240–300 სმ-ია, 60–100 სმ-იანი კუდით. მასა მერყეობს 300-დან 500 კგ-მდე, თუმცა აღრიცხულია 1100 კგ-ზე უფრო დიდი მასის მქონე კამეჩებიც.[1]

ჭაობის კამეჩს 48 ქრომოსომა აქვს, მდინარისას — 50. ისინი ძნელად ჯვარდებიან, მაგრამ ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა შეუძლიათ. კამეჩისა და მსხვილი რქოსანი საქონლის ჰიბრიდები აღრიცხული არ არის, თუმცა ასეთი ჰიბრიდების ემბრიონები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში სიმწიფეს აღწევენ, ოღონდ უფრო ნელი ტემპებით, ვიდრე არაჰიბრიდების შემთხვევაში.[19]

კამეჩის ფაშვი სხვა მცოხნელი ძუძუმწოვრების ფაშვისაგან განსხვავებულია. შეიცავს ბაქტერიების უფრო დიდ პოპულაციას, განსაკუთრებით ცელულოზის ბაქტერიებს, დაბალ უმარტივესებს და უმაღლესი სოკოების ზოოსპორებს. ამას გარდა, აღმოჩენილია ამიაკის, აზოტისა და pH-ის უფრო მაღალი შემცველობა მსხვილ რქოსან საქონელთან შედარებით.[20]

ლიტერატურა

  • Clutton-Brock, J. 1999. A Natural History of Domesticated Mammals. Cambridge UK : Cambridge University Press. ISBN 0-521-63495-4.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი