დავიდ ჰილბერტი
დავიდ ჰილბერტი (გერმ. David Hilbert; დ. 23 იანვარი. 1862 — გ. 14 თებერვალი. 1943) — გერმანელი მათემატიკოსი. დაიბადა პრუსიის პროვინცია კენიგსბერგში (თავისი მოსაზრების მიხედვით) ან ვეჰლაუში (1946 წლიდან ცნობილია, როგორც ზნამენსკი), კენიგსბერგის მახლობლად, სადაც მამამისი ოტო ჰილბერტი მუშაობდა მისი დაბადების დროს. 1884 დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893–1895 ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895-იდან 1943-მდე გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885–1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893–1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898–1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900–1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900–1910), უორინგის პრობლემას (1908–1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910–1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922–1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934-იდან). მსოფლიოში ცნობილი მათემატიკის სფეროში მოღვაწე სწავლული 1943 წლის 14 თებერვალს ქ. გეტინგენში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 658.