ვიკიპედია:რჩეული სტატიები/ახალი

ახალი „რჩეულები“

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.


ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.

ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.

ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.

2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.


კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.
კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.


სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან
სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან

არადეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.

არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.

სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი