ანგოლის სამოქალაქო ომი

ანგოლის სამოქალაქო ომი
ცივი ომის, კონგოს პირველი და მეორე ომის ნაწილი

კუბური ტანკი PT-76 ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს
თარიღი 11 ნოემბერი 1975 - 4 აპრილი 2002
მდებარეობა ანგოლის დროშა ანგოლა
შედეგი

მპლა-ს გამარჯვება

  • ანგოლის სახალხო რესპუბლიკის შექმნა
  • 1991-92 წლებში ანგოლაში მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრება
  • აგეფ-ის შეიარაღებული ძალების დაშლა
  • უნიტა-სა და აგეფ-ის ჩამოყალიბება, როგორც პოლიტიკური პარტიები
  • უნიტა-ს ლიდერის, ჟონას სავიმბის მკვლელობა 2002 წელს.
მხარეები
მპლა
აეკ[1]
სვაპო[1]
კუბა
ნამიბია
კგეფ (1975-2001)[2][3]
მხარს უჭერდნენ:

სსრკ (1991-მდე)
გდრ (1990-მდე)
პორტუგალია (1975-1976)
ლიბია
იუგოსლავია
კონგო (1975-1991)
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
ბრაზილიის დროშა ბრაზილია[4][5][6]
ტანზანიის დროშა ტანზანია
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
რუმინეთი
მექსიკის დროშა მექსიკა[7]

უნიტა
ფნლა
სამხრეთი აფრიკა (1975-1991) [8]
ზაირი (1975)[9][3]
მხარს უჭერდნენ:
აშშ-ის დროშა აშშ (1975-1991)[3]
მაროკოს დროშა მაროკო[3]
ჩინეთის დროშა ჩინეთი[3]
ზამბიის დროშა ზამბია

ფლეკ

მხარს უჭერდნენ:
მეთაურები
აგოსტინიო ნეტო
ჟოზე ედუარდო სანტუში
იკო კარეირა
კუნდი პაიჰამა
ჟუან ლორენსუ
ანტონიო ფრანკა
ლუსიო ლარა
კუბის დროშა ფიდელ კასტრო
კუბის დროშა ანტონიო ბატლე
კუბის დროშა აბელარდო კოლომე იბარა
კუბის დროშა არნალდო ოჩოა
კუბის დროშა რაულ არგუელო†
საბჭოთა კავშირის დროშა ვასილი პეტროვი
საბჭოთა კავშირის დროშა ვალენტინ ვარენიკოვი
ნამიბიის დროშა სემ ნუიომა
ჟონას სავიმბი
ჟერემიას ჩიტუნდა†
ანტონიო დემბო
პაულო ლუკამბა
დემოსთენეს ჩილინგუტილა
ალბერტო ვინამა
კაფუნდანგა ჩინგუნჯი
არლინდო პენა ბენ-ბენი
ჰოლდენ რობერტო
დანიელ ჩიპენდა (1975)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ბ. ი. ვორსტერი (1975–1978)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა პ. ვ. ბოთა (1978-1989)
ზაირის დროშა მობუტუ სესე სეკო (1975)
ენრიქე ნ'ზიტა ტიაგო
როდრიგეს მინგასი
ლუიშ რანკე ფრანკე
ძალები
მპლა:

კუბის დროშა კუბა:

  • 36,000 ჯარისკაცი და 400 ტანკი (1976)[14]
  • 35,000–37,000 (1982)[12]
  • 60,000 (1988)[12]
  • 337,033[15]–380,000[16] მთლიანობაში (1,000 ტანკი, 600 ჯავშანმანქანა და 1,600 არტილერიის ერთეული)[17]

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა აღმოსავლეთი გერმანია:

  • 3,500 მედესანტე[18]

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ:

  • მთლიანობაში 11,000
    (1975–1991)[19]

რუმინეთი:

ბრაზილიის დროშა ბრაზილია:

  • პილოტების უცნობი რაოდენობა[6]
უნიტა:

აგეფ:

  • 22,000 (1975)[24]
  • 4,000–7,000 (1976)[25]

სამხრეთი აფრიკა:

  • 20,000 (1975–1976)[26]
  • 6,000 (1987–1988)[26]
დანაკარგები
უცნობია
კუბის დროშა 2,016–5,000 დაღუპული[27]
10,000–15,000 დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგული[28][29]
[30]
საბჭოთა კავშირის დროშა 54 დაღუპული[31]
ჩეხეთის დროშა 1 დაღუპული[32]
უცნობია
უცნობია
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2,365[33]–2,500 დაღუპული[34] (სამხრეთი აფრიკის სასაზღვრო ომის დანაკარგების ჩათვლით)
უცნობია
500,000–800,000 დაღუპული და 4,000,000 ლტოლვილი[35][36]
ანგოლის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ანგოლის სამოქალაქო ომი (პორტ. Guerra Civil Angolana) — შეიარაღებული კონფლიქტი ანგოლის ტერიტორიაზე, რომელიც 1975-2002 წლებში მიმდინარეობდა. ომი ანგოლის პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მიღებისთანავე, 1975 წლის ნოემბერში დაიწყო, და ქვეყნის 2 მთავარი ანტიკოლონისტური პარტიზანული დაჯგუფების, კომუნისტური ანგოლის სახალხო გათავისუფლების მოძრაობისა (მპლა) და ანტიკომუნისტური ანგოლის სრული დამოუკიდებლობის ეროვნული კავშირის (უნიტა) დაპირისპირებას წარმოადგენდა.

მპლასა და უნიტას ანგოლურ საზოგადოებაში ერთმანეთისგან განსხვავებული ფესვები ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაჯგუფების მიზანი კოლონიალური რეჟიმის დამხობა იყო. კონფლიქტის მესამე ძალამ, ანგოლის გათავისუფლების ეროვნულმა მოძრაობამ (ფნლა), რომელიც ანგოლის დამოუკიდებლობის ომის დროს მპლასა და უნიტასთან ერთად იბრძოდა, სამოქალაქო ომში დიდი როლი არ უთამაშია. ამასთან ერთად, კაბინდის ანკლავის გათავისუფლების ფრონტი (ფლეკ), რომელიც სეპარატისტული მოძრაობების ასოციაციას წარმოადგენდა, კაბინდის რეგიონის ანგოლისგან გამოყოფისთვის იბრძოდა.[37] კუბური და საბჭოთა ძალების დახმარებით, მპლ-მ ფნლა-ს ლუანდიდან გამოგდება, სამოქალაქო ომში გამარჯვება და დე-ფაქტო მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო.[38] ფნლა დაიშალა, მაგრამ აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის დახმარებით, უნიტამ ანგოლის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში გააგრძელა საომარი მოქმედებები.

კონფლიქტი ხშირად იყოფა 3 პერიოდად: 1975-დან 1991-მდე, 1992-დან 1994-მდე, და 1998-დან 2002-მდე. 2002 წლისთვის, როდესაც მპლამ გაიმარჯვა, 500,000-დან 800,000-მდე ადამიანი დაიღუპა, და 1,000,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.[35] ომმა ძლიერ დააზიანა ანგოლის ინფრასტრუქტურა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა და რელიგიური დაწესებულებები.

ანგოლის სამოქალაქო ომი გამოირჩევა ქვეყნის ძალადობრივი შინაგანი დინამიკისა და გარე ძალების პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის კომბინაციით. ომი ხშირად განიხილება, როგორც ცივი ომის პროქსი-კონფლიქტი, რადგანაც საბჭოთა კავშირი, აშშ და მათი მოკავშირეები აქტიურად უჭერდნენ მხარს მოწინააღმდეგე ძალებს.[39] კონფლიქტი მჭიდროდ იყო გადახლართული კონგოს მეორე ომთან მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ომთან. დღესდღეობით ქალაქგარე არეალებში ხშირად ნაღმებია განლაგებული, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვება.[36]

კონფლიქტის მთავარი მონაწილეები

მპლა

ჩამოყალიბების დღიდან მპლას მთავარი სოციალური ბაზა იყო ამბუნდუს ხალხი და მრავალრასობრივი ინტელიგენცია ქალაქებში, როგორიცაა ლუანდა, ბენგელა და უამბო. 1962-1974 წლების ანტიკოლონიალური ბრძოლის დროს მპლას მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირმა, ხოლო მისი უძლიერესი მოკავშირე კუბა გახდა. იუგოსლავია კი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა, მათ შორის 14 მილიონი დოლარი 1977 წელს, ასევე იუგოსლავია უსაფრთხოების პერსონალს აგზავნიდა ქვეყანაში და ანგოლელების დიპლომატიური სწავლებისათის იწვევდა ბელგრადში.

ფნლა

ფნლა მპლას პარალელურად ჩამოყალიბდა, და თავდაპირველად ბაკონგოს ხალხის ინტერესების დაცვას და ისტორიული კონგოს იმპერიის აღდგენის იდეის მხარდაჭერას ეწეოდა. ის სწრაფად განვითარდა ნაციონალისტურ მოძრაობად, რომელსაც მობუტუს მთავრობა პორტუგალიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ფნლა-ს მხარდაჭერაზე ნატოს წევრი პორტუგალიის წინააღმდეგ ომის დროს, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

უნიტა

უნიტას მთავარი სოციალური საფუძველი იყო ოვიმბუნდუს ხალხი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენდა. უნიტა დაარსდა 1966 წელს ჟონას სავიმბის მიერ, რომელიც მანამდე ფნლა-ს ლიდერი იყო. ანტიკოლონიალური ომის დროს უნიტამ გარკვეული მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა უნიტასთვის და მნიშვნელოვნად გაზარდა დახმარება მომდევნო ათწლეულებში. ამ უკანასკნელ პერიოდში უნიტას მთავარი მოკავშირე იყო სამხრეთი აფრიკის აპართეიდული რეჟიმი.

წინასიტყვაობა

ანგოლა, ისევე როგორც აფრიკული ქვეყნების უმეტესობა, კოლონიური ინტერვენციის შედეგად ჩამოყალიბდა. ანგოლის შემთხვევაში, მისი კოლონიური ძალა – პორტუგალია – იმყოფებოდა და აქტიურობდა ანგოლის ტერიტორიაზე ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ეთნიკური დაყოფა

ანგოლის ეთნიკური რუკა. დაახ. 1970

ამ ტერიტორიის თავდაპირველი მოსახლეობა ხოისური ტომებისგან შედგებოდა, რომლებიც სამხრეთისკენ გადაასახლეს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხმა. ბანტუს შემოდინება დაიწყო ძვ. წ. 500 წელს. მათ ჩამოაყალიბეს რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური ერთეული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კონგოს იმპერია. მისი ცენტრი მდებარეობდა დღევანდელი ანგოლის ჩრდილო-დასავლეთით და გადაჭიმული იყო ჩრდილოეთისაკენ, დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილზე, ასევე დღევანდელი კონგოს რესპუბლიკისა და გაბონის ტერიტორიებზეც. ასევე ისტორიული მნიშვნელობის იყო ნდონგოსა და მატამბის სამეფოები კონგოს იმპერიის სამხრეთით, ამბუნდუს მხარეში. გარდა ამისა, ლუნდის იმპერიას ეკავა დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ანგოლის ნაწილი. აღნიშნული ტერიტორიის სამხრეთით და დღევანდელი ნამიბიის ჩრდილოეთით მდებარეობდა კვანიამის სამეფო, ცენტრალურ მთიანეთში სხვა მცირე სახელმწიფოებთან ერთად. ყველა ეს პოლიტიკური ერთეული იყო ეთნიკური განხეთქილების ასახვა, რომელიც ნელ-ნელა განვითარდა ბანტუს ტომებს შორის და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ განხეთქილების კონსოლიდაციასა და ახალი იდენტობების გაჩენას.

კოლონიალიზმი

პორტუგალიელი ჯარისკაცები ანგოლის ჯუნგლებში, ადრეული 60-იანი წლები

XV საუკუნის ბოლოს პორტუგალიელმა ახალმოსახლეება კონგოს იმპერიასთან დაამყარეს ურთიერთობები. 1575 წელს, პორტუგალიელებმა ლუანდა დაარსეს, რომელიც ამბუნდუს ხალხის მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. კიდევ ერთი ფორტი, ბენგელა ლუანდის სამხრეთით შეიქმნა, სადაც ოვიმბუნდუს ხალხის წინაპრები ცხოვრობდნენ.

არცერთი პორტუგალიური კოლონიალური კამპანია არ დაწყებულა დაპყრობის მიზნით. მათი მთავარი მიზანი მონებით ვაჭრობა იყო.

XIX საუკუნეში პორტუგალიელებმა გაფართოების უფრო სერიოზული პროგრამა დაიწყეს. მათ სურდათ დე-ფაქტო ბატონობა, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაეარსებინათ კომერციული ქსელები და დასახლებები. ამ ექსპანსიის დროს ისინი კონფლიქტში ჩაებნენ აფრიკის რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულთან.[40]

ომი დამოუკიდებლობისთვის

1961 წელს ფნლა-მ და მპლამ პორტუგალიის წინააღმდეგ პარტიზანული ომი წამოიწყეს. ანგოლის დამოუკიდებლობის ომი 1974 წელს პორტუგალიური რეჟიმის დამხობამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ანგოლა დაახლოებით 500 000-მა პორტუგალიელმა დატოვა, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური დეპრესია მოჰყვა.[41]

70-იანები

დამოუკიდებლობა

მპლას საშტაბო მანქანა იწვის. ნოვუ რედონდუ, 1975 წელი

1975 წლის 15 იანვარს, მიხაკების რევოლუციისა და ანგოლის დამოუკიდებლობის ომის დასასრულის შემდეგ, კონფლიქტის მხარეებმა ალვორის ზავი დადეს. იმავე წლის ივლისში, მპლას ძალებმა ფნლა ლუანდიდან გამოაგდო, ხოლო უნიტამ სამხრეთით მდებარე ფორტები დათმო. აგვისტოსთვის, მპლას 15 პროვინციული დედაქალაქიდან 11 ეკავა, მათ შორის ლუანდა და კაბინდა. 23 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკამ ნამიბიიდან სამხრეთ ანგოლაში 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, რათა ფნლა-სთვისა და უნიტასთვის დაეჭირა მხარი. ზაირმა, ანგოლაში პრო-კინშასური მთავრობის დამკვიდრების მიზნით, ჯავშანმანქანები და 3 სახმელეთო ბატალიონი გაგზავნა.[42] სამხრეთ აფრიკულმა და უნიტას ძალებმა 5 პროვინციული დედაქალაქი ჩაიგდეს ხელში, მათ შორის ნოვუ-რედონდუ და ბენგელა. მპლას მხარდასაჭერად და სამხრეთ აფრიკული ინტერვენციის საპასუხოდ, კუბამ ანგოლაში 18 000 ჯარისკაცი გაგზავნა.[43] ამასთან ერთად, იუგოსლავიამ ლუანდის პორტში თავისი ფლოტიდან 2 ხომალდი გაგზავნა. კუბურმა და იუგოსლავიურმა ინტერვენციამ დიდი როლი ითამაშა ფნლა-სა და უნიტას ექსპანსიის შეჩერებაში. შედეგად ფნლა კიფანგონდოს ბრძოლაში დამარცხდა და ზაირში გადავიდა, რამაც საბოლოოდ დაამკვიდრა ლუანდის კონტროლი მპლას მიერ.[44][45]

1975 წლის 11 ნოემბერს მპლას ლიდერმა აგოსტინიო ნეტომ ანგოლის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[46] უნიტამ უამბოში ბაზირებული ანგოლის სოციალურ-დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო ფნლა-მ – ამრიცში ბაზირებული ანგოლის დემოკრატიული რესპუბლიკა. ფლეკ-მა (კაბინდას ანკლავის გათავისუფლების ფრონტი) პარიზიდან კაბინდის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 23 ნოემბერს, ფნლა-მ და უნიტამ კოალიციური სახელმწიფო – ანგოლის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა შექმნეს,[47] ხოლო მისი ლიდერები ჟონას სავიმბი და ჰოლდენ რობერტო გახდნენ.

1975 წლის ნოემბერში, სამხრეთ აფრიკულმა მთავრობამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკული თავდაცვის ძალები (სადფ), ანგოლაში ოპერაციების დასრულებას აპირებდა. სავიმბიმ გენერალ კონსტანტინ ვილიოენს სთხოვა, სამხრეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრ ჯონ ვორსტერთან შეხვედრა მოეწყო. 10 ნოემბრის ღამეს, ის პრემიერთან შესახვედრად ფარულად გაფრინდა პრეტორიაში. შეხვედრის შედეგად, ვორსტერმა არა მარტო დატოვა სადფ-ის ნაწილები ანგოლაში, არამედ სავიმბის სადფ-ის ანგოლაში 9 დეკემბრამდე დატოვებას შეჰპირდა.[48][49]

1976 წლისთვის, კონფლიქტში ჩართული სხვა ქვეყნების უმეტესობამ (კუბის გარდა) ანგოლა დატოვა. პორტუგალიურმა არმიამ ანგოლა ჯერ კიდევ 1975 წელს დატოვა,[50] ხოლო სამხრეთ აფრიკული ჯარი ანგოლიდან მხოლოდ 1976 წლის თებერვალში წავიდა.[51] ანგოლაში მყოფი კუბური ჯარის რაოდენობა 5 500-დან 11 000-მდე გაიზარდა. კუბურმა ჯარმა რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა კაბინდელი სეპარატისტების წინააღმდეგ.[52]

70-იან წლებში შვედეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია სვაპო-სა და მპლას.[53][54][55]

კლარკის შესწორება

1975 წლის 18 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უნიტასა და ფნლა-სთვის ფარული დახმარების გაწევას დათანხმდა, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცსს-ის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა. ოპერაციის ჩასატარებლად მან 6 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო, რასაც 27 ივლისში 8 მილიონი, ხოლო აგვისტოში 25 მილიონი დოლარი დაემატა.[56][57]

სენატორი დიკ კლარკი

პროგრამის დადასტურებამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის დამხმარე ნათანიელ დევისმა სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს უთხრა, რომ მისი აზრით, ოპერაციის საიდუმლო სტატუსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. დევისმა ივარაუდა, რომ შედეგად საბჭოთა კავშირი ოპერაციის საპასუხოდ კონფლიქტში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა, რასაც მხოლოდ მეტი ძალადობა და შეერთებული შტატების რეპუტაციის დაზიანება მოჰყვებოდა. ოპერაციის დაწყების შემდეგ დევისი გადადგა.[58] ჯონ სტოკუელი დევისს დაეთანხმა და განაცხადა, რომ წარმატების მისაღწევად ოპერაციის გაფართოება იყო საჭირო, მაგრამ ის უკვე ზედმეტად ფართო იყო საიდუმლო სტატუსის შესანარჩუნებლად. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩილეში ედუარდ მულკეჰიმ ასევე წინააღმდეგობა გაუწია ქვეყნის კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობას. 1975 წლის 13 მაისს მან აშშ-ს ანგოლას მიმართ დამოკიდებულების 3 ვარიანტი წარმოადგინა. ფორდის ადმინისტრაციას შეეძლო კომუნისტური მპლასთვის დახმარების გაწევის შეწინააღმდეგება დიპლომატიის მეშვეობით, უარი ეთქვა, ჩართულიყო კონფლიქტში ან უნიტასა და ფნლა-სთვის მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა მან ისინი გააფრთხილა, რომ უნიტას მხარდაჭერა ზაირის პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოსთან დაძაბულობას გამოიწვევდა.[59][60]

დემოკრატმა სენატორმა დიკ კლარკმა ოპერაციის შესახებ აფრიკაში სადაზვერვო მისიის ჩატარებისას შეიტყო, მაგრამ The New York Times-ში მომუშავე სიმორ ჰერშმა ოპერაცია საზოგადოებას 1975 წლის 13 დეკემბერს წარუდგინა.[61] კლარკმა სენატს შეიარაღების ექსპორტის კონტროლის აქტის შესწორება შესთავაზა. ექსპორტის კონტროლის აქტი ანგოლაში კერძო სამხედრო დაჯგუფებებისთვის შეიარაღების გაცემას კრძალავდა. კანონი ძალაში 1976 წლის 9 თებერვალს შევიდა.[62] მას შემდეგაც, რაც კლარკის შესწორება კანონი გახდა, მაშინ ჯერ კიდევ ცსს-ს დირექტორი ჯორჯ ბუში უარს აცხადებდა აშშ-ს მიერ უნიტასთვის დახმარების შეწყვეტის აღიარებაზე.[63][64] საგარეო საქმეთა ანალიტიკოს ჯეინ ჰანტერის თქმით, კლარკის ჩასწორების ამოქმედების შემდეგ სამხრეთი აფრიკის მთავარი მოკავშირე ისრაელი გახდა, რომელიც მასთან სამხედრო ალიანსის ფარგლებში ამარაგებდა ქვეყნის ჯარს შეიარაღებით და ატარებდა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.[65]

1976 წლის 23 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ანგოლის გაეროში გაწევრიანება დაბლოკა.[66] იმავე წლის 28 დეკემბერს, ანგოლის გაეროში მიღების შემდეგ ზამბიამ უნიტას თავისი ტერიტორიიდან შეტევების განხორციელება აუკრძალა.[67] ელჩი უილიამ სკრენტონის თქმით, „მათი აფრიკელი ძმების აზრის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე“, შეერთებულმა შტატებმა ანგოლის გაეროში გაწევრიანებიაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.[68]

შეჭრები შაბაში

შაბას პროვინცია, ზაირი

1977 წლის 7 მარტს, კონგოს გათავისუფლების ეროვნული ფრონტი (კგეფ) აღმოსავლეთი ანგოლიდან შეიჭრა ზაირის შაბას (დღევანდელი კატანგა) პროვინციაში. კგეფ-ის მიზანი მობუტუს რეჟიმის დამხობა იყო. კგეფ-მა ვერ შეძლო ზაირის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქის, კოლვეზის დაპყრობა. სამაგიეროდ, მან დაიკავა კასაჯი და მუჩაჩა. ზაირის არმია დამარცხდა, ხოლო კგეფ-მა თავისი ექსპანსია განაგრძო. 2 აპრილს, მობუტუმ შველა სთხოვა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, კამერუნელ უილიამ ეტეკის. მობუტუს თხოვნას საფრანგეთი გამოეხმაურა და კინშასაში 1 500 მაროკოელი ჯარისკაცი გაგზავნა. კონტრშეტევის შედეგად, კგეფ-ის ჯარმა შაბა დატოვა და იძულებული გახდა 1977 წლის აპრილში ანგოლასა და ზამბიაში გადასულიყო.[69][70][71][72]

მობუტუმ მპლა, ასევე კუბური და საბჭოთა მთავრობები ომში თანამონაწიელობაში დაადანაშაულა.[73] ნეტო და შესაბამისად, მპლა კგეფ-ს მხარს უჭერდა მობუტუს მიერ ფნლა-ს მხარდაჭერის საპასუხოდ.[74] 1977 წლის 22 ივლისს მობუტუმ და ნეტომ დადეს ანგოლასა და ზაირის საზღვრების შეთანხმება.[75]

კგეფ კიდევ ერთხელ შეიჭრა შაბაში 1978 წლის 11 მაისს. მან კოლვეზი 2 დღეში დაიპყრო, მაგრამ ფრანგულ ლეგიონებთან დამარცხდა და იძულებული იყო უკან დაეხია.

ნიტისტები

70-იანი წლების ბოლოს, ანგოლის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიტუ ალვიში მპლას მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა გახდა. ალვიშმა დანიელ ჩიპენდას „აღმოსავლეთის აჯანყების“ დამარცხება და დამოუკიდებლობის ომის დროს აჯანყებების დამხობა შეძლო. იმ დროისთვის მპლაში გავრცელებული ფრაქციონალიზმი ნეტოს ძალაუფლებას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომაც ნეტომ ალვიშს დისიდენტების დაჭერა დაავალა. ალვიშმა ჰენდასა და კაბრალის კომიტეტები დახურა და მპლაში მეტი ძალაუფლება მოიპოვა მთავრობის მიერ კონტროლირებადი გაზეთებისა და ტელევიზიის მეშვეობით. 1976 წლის ოქტომბერში ალვიში საბჭოთა კავშირს ეწვია და სავარაუდოდ, ნეტოს ჩამოგდებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა. მისი დაბრუნების შემდეგ ნეტოსთვის ალვიშის ძალაუფლების სწრაფი ზრდა საეჭვო გახდა, რის გამოც მან ნიტუსა და მისი მიმდევრების, ნიტისტების ლიკვიდაცია დაიწყო. ნეტომ მპლას ცენტრალურ კომიტეტში პლენარული ხსდომა მოიწვია. ნეტომ პარტია ფორმალურად მარქსისტ-ლენინისტურად დანიშნა, გააუქმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი (რომელსაც ალვიში იკავებდა) და ჩამოაყალიბა ცნობის კომიტეტი. ნეტომ ცნობის კომიტეტი ალვიშის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით შექმნა და 1977 მარტში კომისიას მისი დასკვნების ანგარიშის გამოქვეყნება უბრძანა. ალვიშმა და მისმა მოკავშირემ, შტაბის უფროსმა ჟოზე-ვან დუნემმა ნეტოს წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაგეგვმა დაიწყეს.[76]

მპლას ლიდერი და ანგოლის პირველი პრეზიდენტი აგოსტინიო ნეტო პოლონეთის ელჩს ხვდება, 1978 წელი

ალვიში და ვან-დუნემი ნეტოს დაპატიმრებას 21 მაისს აპირებდნენ, სანამ ის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრაზე ჩავიდოდა და სანამ კომისია ნიტისტების აქტივობის ანგარიშს გამოაქვეყნებდა. მპლამ შეხვედრის ადგილი მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეცვალა, რამაც ალვიშისა და ვან-დუნემის გეგმა ჩაშალა, თუმცა ნიტუ შეხვედრას მაინც დაესწრო. კომისიამ მისი ანგარიში გამოუშვა და ალვიში ფრაქციონალიზმში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ალვიშმა ნეტო ანგოლისა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის გამყარებაზე უარის თქმის გამო დაგმო. 12 საათიანი დებატების შემდეგ, პარტიის 26 წევრმა ალვიშისა და ვან-დუნემის თავიანთი პოზიციებიდან გათავისუფლებას მისცა ხმა.[77]

ალვიშისა და გადატრიალების მხარდასაჭერად, 27 მაისს ანგოლის გათავისუფლებისთვის სახალხო შეიარაღებულმა ძალების (ფაპლა) მე-8 ბრიგადა სან-პაულოს ციხეში შეიჭრა, მოკლა ციხის უფროსი და 150 ნიტისტი გაანთავისუფლა. შემდეგ მე-8 ბრიგადამ ლუანდას რადიოსადგური დაიკავა და სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა. ბრიგადამ მოსახლეობას გადატრიალების მხარდასაჭერად, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამოსვლა სთხოვა. ნიტისტებმა პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილი გენერლები შეიპყრეს, მაგრამ თვითონ ნეტო რეზიდენციიდან თავდაცვის სამინისტროს შენობაში გადავიდა. ნეტოს მოკავშირე კუბურმა ჯარმა რეზიდენცია დაიპყრო და რადიოსადგურისკენ გაემართა. 13:30-სთვის კუბურმა ჯარმა რადიოსადგური დაიკავა, ხოლო ნიტისტებმა 7 სამთავრობო და სამხედრო ლიდერი შეიპყრეს, რომელთაგანაც 6 მოკლეს.[78]

მპლას მთავრობამ მაისიდან ნოემბრამდე ათი ათასობით ეჭვმიტანილი ნიტისტი დააპატიმრა. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ვან-დუნემი, მე-8 ბრიგადის უფროსი ჟაკობო კაეტანო და ედუარდო ევარიშტუ, რომლებიც მოკლეს და საიდუმლოდ დამარხეს. მპლამ და კუბურმა ჯარმა შემდგომში მინიმუმ 2000 ნიტისტი დახვრიტა.[79][80][81][82]

გადატრიალების მცდელობამ დიდი გავლენა მოახდინა ანგოლის საგარეო ურთიერთობებზე. ალვიში ეწინააღმდეგებოდა ნეტოს მიუმხრობლობის პოლიტიკას და საბჭოთა კავშირთან დაახლოებას აპირებდა, რომელიც ანგოლაში სამხედრო ბაზებს განათავსებდა. როგორც ნეტოს, ისევე ალვიშს სჯეროდათ, რომ პრეზიდენტს წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირი უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკავშირე კუბა ნეტოს აჭანყების დამხობაში ეხმარებოდა. კუბის შეიარაღებული ძალების მინისტრმა რაულ კასტრომ ანგოლაში დამატებით 4000 ჯარისკაცი გაგზავნა და პრეზიდენტ ნეტოს შეხვდა. ამავდროულად, ანგოლასა და სსრკ-ს ურთიერთობა გაუარესდა.[83] დეკემბერში მპლამ პირველი კონფერენცია მოაწყო და პარტიას სახელი გადაარქვა (მპლა — მუშათა პარტია). ნიტისტების მიერ გადატრიალების მცდელობამ დიდი გავლენა იქონია პარტიის შემადგენლობაზე: 1975 წლის ბოლოს მპლაში 200000-ზე მეტი ადამიანი იყო გაწევრიანებული, თუმცა შემდგომში ის 30000 ადამიანამდე დაეცა.[84][85][86][87][88]

ნეტოს მემკვიდრე

საბჭოთა კავშირმა ანგოლაში თავისი გავლენის დამკვიდრება სცადა: ის ანგოლაში სამხედრო ბაზების დაარსებას აპირებდა,[89] მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ნეტომ არ გასცა შესაბამისი უფლება. შედეგად, სსრკ-მ მხარი პრემიერ-მინისტრ ლოპუ დუ ნაშსიმენტუს დაუჭირა.[90] ნეტომ მპლას ცენტრალური კომიტეტი აიძულა, ნაშსიმენტუ პრემიერ-მინისტრისა და პოლიტბიუროს მდივნის პოზიციებისგან გაენთავისუფლებინა. იმავე წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.[91]

1979 წლის 10 სექტემბერს, ნეტოს გარდაცვალების შემდეგ, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ჟოზე ედუარდო სანტუში დანიშნა ახალ პრეზიდენტად.

80-იანები

სამხრეთ აფრიკული საჰაერო დესანტი სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შუა 1980-იანი წლები

ჟოზე ედუარდო სანტუშის მმართველობის დროს, ანგოლის შეიარაღებული ძალები ნამიბიის კავანგოს პროვინციაში შევიდნენ. მომდევნო დღეს, სანტუშმა ნამიბიასა და ზაირთან თავდაუსხმელობის პაქტი დადო.[92] 1980-იან წლებში კონფლიქტში ჩაერთო კონგოს ეროვნული ფრონტი (კეფ) და სვაპო. სამხრეთი აფრიკის მთავრობამ ანგოლაში თავისი შეიარაღებული ძალები დააბრუნა. მათი ინტერვენცია 1981-დან 1987 წლამდე გაგრძელდა.[51] 1981 წელს, აშშ-მ ანგოლაში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ, კუბას ჯარის გაყვანა შესთავაზა.[93][94]

1979 წლიდან რუმინეთმა ანგოლელი პარტიზანების წვრთნა დაიწყო. რუმინეთმა ანგოლაში 2 თვითმფრინავი გააგზავნა. თითოეული მათგანი რუმინეთში 166 პარტიზანით ჩავიდა. წვრთნის დასრულების შემდეგ ისინი ანგოლაში აღარ დაბრუნებულან. შემდგომში რუმინეთმა ანგოლაში საჰაერო აკადემია დაარსა, სადაც გარდა 100 ინსტრუქტორისა, ასევე იყო 500 რუმინელი ჯარისკაცი, რომელიც ბაზას იცავდა.[20][21]

1980 წლის 12 მაისს, სამხრეთი აფრიკის სამხედრო ნაწილები ანგოლის კუნენეს პროვინციაში შეიჭრა. ანგოლის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მშვიდობიანი ხალხის დაჭრასა და მოკვლაში დაადანაშაულა. 9 დღის შემდეგ, სადფ-მა კიდევ ერთი შეტევა განახორციელა, ამჯერად კუანდო-კუბანგოში. 7 ივნისს, სადფ-მა ანგოლაში სრულმაშტაბიანი შეჭრა განახორციელა კუნენესა და კუანდო-კუბანგოს პროვინციების გავლით. 24 ივნისს მპლამ 120 ანგოლელი დააკავა, რომლებიც ლუანდაში ფეთქებადი ნივთიერებების განთავსებას აპირებდნენ. სამი დღის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭო ანგოლის ელჩის, ე. დე ფიგერიდოს ბრძანებით შეიკრიბა და სამხრეთი აფრიკის ანგოლაში ინტერვენცია დაგმო. ზაირის პრეზიდენტმა მობუტუმ ასევე მხარი დაუჭირა —ს, ხოლო თვითონ ორგანიზაციამ სამხრეთი აფრიკის მიერ, 1980 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, ანგოლის ტერიტორიალური სუვერენიტეტის დარღვევის 529 შემთხვევა შენიშნა.

კუბამ ანგოლაში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობა 35 000-დან 40 000-მდე გაზარდა. 1983 წელს სამხრეთ აფრიკის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ასკარი“ ჩაატარეს, რომლის მიზანი უილის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ლუბანგოს დაკავება იყო.

1985 წელს ამერიკელმა კონსერვატორებმა ჯამბაში შეხვედრა მოაწყეს.[95]

იმავე წლის 11 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 236-მა წევრმა მხარი დაუჭირა კლარკის ჩასწორების გაუქმებას.[96] მპლამ ივლისის ბოლოს უნიტას მიერ დაკავებულ დასახლებულ პუნქტებზე წარმატებული შეტევები განახორციელა. 18 სექტემბერს მათ დაიკავეს ქალაქი კოზომბო.[97]

ომის ინტენსიური პერიოდი

სამხრეთი აფრიკის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები ანგოლასა და ზამბიის ტერიტორიებზე.

1986 წლისთვის ანგოლაში განვითარებული მოვლენები დიდ როლს თამაშობდა ცივ ომში, რაც გამოიწვია სსრკ-ს და აღმოსავლეთი ბლოკის ქვეყნების, ასევე კუბის მიერ მპლასთვის, ხოლო აშშ-ს მიერ უნიტასთვის გაწეულმა მხარდაჭერამ. სავიმბიმ ახლო ურთიერთობები დაამყარა ამერიკელ კონსერვატორებთან, რომლებიც მას უმთავრეს მოკავშირედ განიხილავდნენ აშშ-ს მიერ არადემოკრატიული რეჟიმების დამხობისთვის. შესაბამისად მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რის გამოც როგორც ვაშინგტონი, ასევე მოსკოვი კონფლიქტს ცივი ომის გამარჯვებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად განიხილავდნენ.

1986 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სავიმბი თეთრ სახლში დაპატიჟა.

იმავე წლის 8 თებერვალს უნიტას ძალებმა შეუტიეს კამაბატელას (ჩრდილოეთი კვანზა). ანგოლის პრესის სააგენტოს (ANGOP) მონაცემების მიხედვით, 26 თებერვალს უნიტამ მშვიდობიანი ხალხი დახვრიტა დამბაში (უიჟე). 1987 წლის აპრილს ფიდელ კასტრომ სამხრეთ ანგოლაში კუბის შეიარაღებული ძალების 50-ე ბრიგადა გაგზავნა.[98] იმავე წლის ივლისში მპლას მთავრობამ და აშშ-მ მოლაპარაკებების 1-ლი რაუნდი ჩაატარეს.[99][100]

კვიტო-კვანავალეს ბრძოლა და ნიუ-იორკის შეთანხმებები

1988 წლის 13 იანვარი-23 მარტის პერიოდში უნიტა და სამხრეთი აფრიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ შეტევებს მპლას ბაზაზე კვიტო-კვანავალეში, კუანდო-კუბანგოს პროვინციაში. ეს შეტაკებები აფრიკის ისტორიაში მეორე უდიდეს ბრძოლად ითვლება.[101] კვიტო-კვანავალეს მნიშვნელობა მდგომარეობდა არა ზომაში ან მატერიალურ მდგომარეობაში, არამედ მის მდებარეობაში. სამხრეთი აფრიკის ძალები არტილერიის მეშვეობით მტრის გამოფიტვას ცდილობდნენ. ორივე მხარემ კვიტო-კვანავალეს ბრძოლაში გამარჯვება განაცხადა.[93][102][103][104]

კვიტო-კვანავალეს ბრძოლის შემდეგ, ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ სამხრეთი აფრიკისთვის ბრძოლის ფასის ზრდამ კუბა ომის ყველაზე აგრესიულ საბრძოლო პოზიციამდე მიიყვანა, რის გამოც ის ანგოლის დატოვებას აპირებდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას სამხრეთი აფრიკისთვის ანგოლაში ინტერვენციის გაგრძელების პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ტექნიკურმა ფასებმა მიაღებინა.[105]

კუბური ძალები უნიტას წინააღმდეგ ნერვული აგენტების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ბელგიელმა ტოქსიკოლოგმა ექიმმა აუბინ ჰეინდრიქსმა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ ეს ბრალდება დაადასტურა.[106]

კუბას მთავრობა მოლაპარაკებებს 1988 წლის 28 იანვარს შეუერთდა. სამმა მხარემ პირველი რაუნდი იმავე წლის 9 მარტს ჩაატარა. სამხრეთი აფრიკა მოლაპარაკებებს 3 მაისს შეუერთდა. პარტიებმა შეხვედრები გამართეს ივნისსა და აგვისტოში, ნიუ-იორკში და ჟენევაში. 8 აგვისტოს ყველა მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. 22 დეკემბერს ანგოლის, კუბისა და სამხრეთი აფრიკის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ნიუ-იორკის შეთანხმებას, რის შედეგადაც ნამიბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო სამოქალაქო ომში გარე ძალების პირდაპირი ინტერვენცია დასრულდა.[93][100] იმავე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა რეზოლუცია 626, რის შედეგადაც ანგოლაში გაეროს სამშვიდობო მისია დაიწყო. 1989 წელს ანგოლაში პირველი სამშვიდობო ძალები შევიდნენ.[107]

ცეცხლის შეწყვეტა

მას შემდეგ, რაც ანგოლაში მიმდინარე კონფლიქტმა არა მარტო შეიარაღებული, არამედ დიპლომატიური იერსახე მიიღო, სავიმბის ორი მოკავშირე, კონსერვატიული კოკუსის წარმომადგენელი ჰოვარდ ფილიპსი და მემკვიდრეობის ფონდის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი მას ანგოლაში შეხვდნენ, რათა ის 1989 წლის გაზაფხულში აშშ-ში ჩასვლაში, კონსერვატიული კოკუსის, მემკვიდრეობის ფონდისა და სხვა აშშ-ს კონსერვატიული პარტიების აშშ-ს მიერ უნიტას დახმარების გაგრძელებაში დაერწმუნებინათ.[108]

1989 წლის ივნისში ზაირის პრეზიდენტმა მობუტუმ აფრიკის 18 ქვეყნის ლიდერი, სავიმბი და დუშ სანტუში მოლაპარაკების მიზნით გბადოლიტეს რეზიდენციეში მიიწვია. სავიმბი და სანტუში გბადოლიტეს დეკლარაციის პირობებს დაეთანხმნენ.[109][110] ზამბიის პრეზიდენტმა კენეთ კაუნდამ განაცხადა, რომ შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სავიმბიმ ანგოლა დატოვა.[111] დუშ სანტუში კაუნდას ინტერპრეტაციას დაეთანხმა და განაცხადა, რომ იგი სავიმბისთან ამ უკანასკნელის მიერ ქვეყნის დროებით დატოვებაზე შეთანხმდა.[112]

23 აგვისტოს დოს სანტუშმა სამხრეთი აფრიკისა და აშშ-ს მთავრობები უნიტას ფინანსირების გაგრძელებაში დაადანაშაულა. მომდევნო დღეს სავიმბიმ განაცხადა, რომ უნიტა აღარ შეასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის პირობას. ამის საპასუხოდ, მპლამ თავისი ძალები კვიტო-კვანავალედან უნიტას მიერ კონტროლირებად მავინგაში გადაიყვანეს.[113]

90-იანები

საგარეო პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ბრძოლებში გამარჯვებებმა მთავრობას შესაძლებლობა მისცა კომუნისტურიდან შედარებით დემოკრატიულ მმართველობის ფორმაზე გადასულიყო. ნამიბიის დამოუკიდებლობამ სამხრეთი აფრიკა აიძულა, დაეტოვებინა ანგოლა.[114] ივნისში მპლამ ერთპარტიული სისტემა ამოიღო, ხოლო დეკემბერს მარქსიზმ-ლენინიზმი უარყო.[115] 1991 წლის მაისს ქვეყნის ეროვნულმა ანსამბლეამ გამოსცა კანონი 12/91, რომლის მიხედვითაც, ანგოლა არის „დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა კანონის უზენაესობის წესს“.[116] ამ კანონს სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა. მუხედავად ამისა, მპლას მიერ მარქსიზმ-ლენინიზმის უარყოფამ სავიმბი და უნიტა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო. იყო შემთხვევებიც, როდესაც სავიმბი კლავდა დაჯგუფების იმ წევრებს, რომელიც მისი აზრით, პარტიის ლიდერობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. ამ მეთოდის ერთ-ერთი მსხვერპლი ტიტო ჩინგუნჯი გახდა, რომლის სიკვდილიც ჟონასმა უნიტას დისიდენტებს დააბრალა.

ბლექი, მანაფორტი, სტოუნი და კელი

1990-იანებისთვის სავიმბის უნიტა უკვე რამდენჯერმე დამარცხდა, თუმცა ეს მათი ანგოლადან საბოლოოდ გაგდებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 1990 წლის დეკემბერში სავიმბი ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა.[117] ამ დროს მან ბლექის, მანაფორტის, სტოუნისა და კელის ფირმა დაიქირავა, რათა მათ ქვეყნის ფედერალური მთავრობა უნიტას დახმარებაში დაერწმუნებინა, დაჯგუფება დასავლურ მედიაში წარმოეჩინა და ვაშინგტონელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა მოეპოვებინა. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა: ბუშის მიერ გაცემული შეიარაღება უნიტას ამერიკის მიერ მხარდაჭერის შეწყვეტის მერე გადარჩენაში დაეხმარა.[118]

სენატორები ლარი სმიტი და დანტე ფაშელი კუბურ-ამერიკულ ეროვნულ ფონდთან, ფლორიდის წარმომადგენელ კლოდ პეპერთან, ნილ ბლერთან და კონსერვატიულ კოკუსთან ერთად კლარკის ჩასწორების გასაუქმებლად მუშაობდნენ 1985 წელს. ჩასწორების გაუქმებიდან 1992 წლამდე სავიმბიმ აშშ-ს მთავრობისგან 420 მილიონი დოლარი მიიღო. ამ ფულის დიდი ნაწილი სავიმბის პირად ხარჯებზე წავიდა.

ბისესეს შეთანხმებები

1991 წლის 31 მაისს პრეზიდენტი სანტუში სავიმბის ლისაბონში შეხვდა, სადაც ხელი მოაწერა ბისესეს შეთანხმებებს, ერთ-ერთს შეთანხმებების 3 რაუნდისგან, რომელსაც პორტუგალიის მთავრობა უწევდა შუამავლობას. შეთანხმებებამ აშშ-ს ზედამხედველობით ანგოლის მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის საკითხი წამოაყენა. მან მიზნად დაისახა რეგიონში 152 000 მეომრის დემობილიზაცია და დანარჩენი სამთავრობო ძალებისა და აჯანყებულების ანგოლის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაცია. შესაბამისად, შეიარაღებული ძალები შედგებოდა 40 000 კაციანი ეროვნული არმიისგან, 6 000 კაციანი სამხედრო-საზღვაო ძალებისგან და 4 000 კაციანი საჰაერო ძალებისგან.[119] შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, უნიტამ შეთანხმებების პირობები არ შეასრულა, რის გამოც უპირატესობა მოიპოვა.[120]

ანოგლამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი 1992 წლის 29-30 სექტემბერს გამართა. შედეგად, სანტუშმა ხმების 49.57% მიიღო, ხოლო სავიმბიმ ― 40.6%. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ის ან მეტის მოპოვება, ამიტომაც შემდგომში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. სავიმბიმ, 8 სხვა ოპოზიციურმა პარტიამ დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.[121][122] დამკვირვებლების თქმით, 500 000 უნიტ-ს მხარდამჭერს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოერთვა, და დაამატა, რომ ქვეყანაში 100-მდე ფარული საარჩევნო უბანი იყო.[123][124] სავიმბიმ უნიტას ვიცე-პრეზიდენტი ჟერემიას ჩიტუნდა არჩევნების მეორი ტურის პირობებზე მოლაპარეკების მიზნით ლუანდაში გაგზავნა.[125][126] ეს პროცესი 31 ოქტომბერს ჩაიშალა, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ჯარები ლუანდაში უნიტას დაესხნენ თავს. მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც 2 დღით ადრე პოლიციამ იარაღები მიაწოდა, მათთან ერთად მონაწილეობას იღებდა უნიტას მხარდამჭერებზე თავდასხმებზე, რომლის შედეგადაც ბევრი მათგანი მოკლეს ან დააკავეს. მთავრობამ მშვიდობიანი ხალხი კამამას სასაფლაოზე და მორო და ლუზის ხეობაში წაიყვანა, სადაც ისინი დახვრიტეს და მასობრივ საფლავებში დამარხეს. 2 ნოემბერს თავდამსხმელებმა ჩიტუნდა და მისი კონვოის 2 წევრი ჩაცხრილეს.[127] რამდენიმე დღის განმავლობაში მპლამ ქვეყნის გარშემო ათი ათასობით უნიტასა და ფნლა-ს მხარდამჭერი მოკლა, რაც დღეს ჰელოუინის ხოცვა-ჟლეტის სახელითაა ცნობილი.[128][129] შემდგომში სავიმბიმ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისგან უარი განაცხადა.[130]

ბრძოლებში გამარჯვებების შედეგად, უნიტამ დაიბრუნა კაშიტო, უამბო, მბანზა-კონგო, ნდალატანდო და უიჟე, რომლებიც 1976 წლის შემდეგ მპლას ეკავა. შემდგომში უნიტას ჯარმა კვიტოს, ლუენასა და მალანგესკენ გასწია. აშშ და სამხრეთი აფრიკა უნიტას აღარ ეხმარებოდნენ, თუმცა მათ მობუტუ და ზაირი ამარაგებდა.[131] 1993 წლის იანვარს უნიტამ კაბინდის დაკავება სცადა. აშშ-ს ანგოლაში კავშირგაბმულობის ოფისის ხელმძღვანელმა ედუარდ დეჯარნეტმა სავიმბი გააფრთხილა, რომ უნიტას მიერ კაბინდასთვის წარმოების ხელის შეშლის ან შეჩერების შემთხვევაში აშშ საბოლოოდ შეწყვეტდა უნიტას მხარდაჭერას. 9 იანვარს უნიტამ უამბოს 55 დღიანი ბრძოლა დაიწყო[132] ასიათასობით ადამიანმა ქალაქი დატოვა და 10,000 დაიღუპა, სანამ უნიტა ქალაქს დაიკავებდა. 22 იანვარს, მთავრობამ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლუანდაში ბაკონგოსა და ოვიმბუნდუს ხალხთა ეთნიკური წმენდა მოაწყო, რასაც დღეს „სისხლიანი პარასკევის ხოცვა-ჟლეტას“ უწოდებენ. 5 დღის შემდეგ, უნიტასა და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ეთიოპიაში შეხვდნენ, მაგრამ მშვიდობის აღდგენა ვერ მოახერხეს.[133] 1993 წლის 15 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია 864 გამოსცა, რომელიც უნიტასთვის იარაღის ან საწვავის მიყიდვას კრძალავდა.

23 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აღმასრულებელი ბრძანება 12865 გამოსცა, რომლის მიხედვითაც, უნიტა საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკასა და მიზნებს.[134] 1993 წლის აგვისტოთვის უნიტას ანგოლის ტერიტორიის 70% ეკავა, მაგრამ მთავრობის სამხედრო წარმატებების გამო, 1994 წელს ის იძულებული გახდა მშვიდობა მოეთხოვა. 1994 წლის ნოემბრისთვის მთავრობას ქვეყნის 60% დაეკავებინა. სავიმბიმ ვითარებიას უნიტას მისი შექმნიდან „უმძიმესი კრიზისი“ უწოდა.[135][136][137] სავარაუდოდ, 1992 წლის არჩევნების შემდეგ პირველი 18 თვის განმავლობაში 120,000 ადამიანი დაიღუპა, რაც ომის წინა 16 წლის დროს დაღუპულთა თიქთმის ნახევარს შეადგენს.[138] კონფლიქტის ორივე მხარემ ომის სამართლის სისტემატიური დარღვევა გააგრძელა: უნიტა ალყაში მოქცეულ ქალაქებს განურჩევლად ბომბავდა, ხოლო მთავრობა ასეთივე მეთოდით იყენებდა საჰაერო ძალას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი მოჰყვებოდა.[139] 1994 წლის ლუსაკის პროტოკოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბისესეს შეთანხმებები.[140]

ლუსაკის პროტოკოლი

სავიმბის შეთანხმებებზე თავად ხელის მოწერა არ სურდა, ამიტომაც მის მაგივრად უნიტას წარმოსადგენად ეუჟენიო მანუვაკოლა გაგზავნა. მანუვაკოლამ და ანგოლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენანსიო დე მოურამ ლუსაკის პროტოკოლს 1994 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ ლუსაკაში მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც უნიტას ინტეგრაციასა და განიარაღებაზე შეთახმდნენ. 20 ნოემბერს ორივე მხარემ პროტოკოლის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.[141][142] შეთანხმების მიხედვით, 5500 უნიტას წევრი ანგოლის ეროვნულ პოლიციას შეუერთდებოდა, 1200 უნიტას წევრი – სწრაფი რეაგირების ძალებს, ხოლო უნიტას გენერლები ანგოლის შეიარაღებული ძალების ოფიცრების თანამდებოდებს დაიკავებდნენ. უცხოელი დაქირავებული სამხედრო პირები თავიანთ სამშობლოებს დაუბრუნდებოდნენ. უნიტას პოლიტიკოსებს სახლები და შტაბ-ბინა მიეცემოდა. უნიტას წევრები მაღაროების, კომერციის, ჯანმრთელობისა და ტურიზმის მინისტრის, გარდა ამისა 7 მინისტრის მოადგილის, უიჟეს, სამხრეთ ლუნდის და კუანდო-კუბანგოს გუბერნატორების და მათი მოადგილეების, ასევე მუნიციპალური ადმინისტრატორებისა, მათი მოადგილეებისა და კომუნების ადმინისტრატორების თანამდებობებს დაიკავებდნენ. მთავრობა ყველა პატიმარს გაათავისუფლებდა და ომში ჩართულ ყველა სამხედრო პირს შეიწყალებდა. 1994 წლის 15 ნოემბერს ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ერთმანეთს ლუსაკაში შეხვდნენ, რათა პროტოკოლის მხარდაჭერის გაზრდისთვის შეეწყოთ ხელი. მათ სავიმბისთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს; მანდელამ უნიტას ლიდერი სამხრეთ აფრიკაში დაპატიჟა, მაგრამ სავიმბი არ გამოცხადდა. შეთანხმების შედეგად შეიქმნა კომისია, რომლის წევრებიც ანგოლის მთავრობა და უნიტა იყვნენ. კომისიას ზედამხედველობას გაეროს წევრი ქვეყნები, კერძოდ აშშ, რუსეთი და პორტუგალია უწევდნენ. პროტოკოლის პირობების დარღვევა კომისიის მიერ განიხილებოდა. პროტოკოლის პირობები 1975 წელს დადებული ალვორის ზავის პირობებს ჰგავდა. სხვადასხვა პრობლემების, მათ შორის მპლასა და უნიტას შორის უნდობლობის, ფხვიერი საერთაშორისო კონტროლის, საზღვარგარეთიდან იარაღის იმპორტისა და ძალებთა ბალანსზე ზედმეტი კონცენტრირების გამო, ლუსაკის პროტოკოლის სათანადოდ ამოქმედება ვერ მოხერხდა.

შეიარაღების მონიტორინგი

1995 წლის იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავისი დესპანი პოლ ჰერი ანგოლაში გაგზავნა, რათა ამ უკანასკნელს ორივე მხარე ლუსაკის პროტოკოლის ეფექტურობაში დაერწმუნებინა.[143]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი