ბორის ელცინი
ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფელი ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1991-1999 წლებში (1996 წლის 3 ივლისს აირჩიეს მეორედ, 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან).
ბიოგრაფია
ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი დაიბადა 1931 წლის 1 თებერვალს რსფსრ-ის სვერდლოვსკის ოლქის სოფელ ბუტკაში. 1955 წელს დაამთავრა ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპეციალობა – ინჟინერ-მშენებელი). 1968-1988 წლებში ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობა. 1976 წლიდან იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1985-1986 წლებში — სკკპ ცკ-ის მდივანი, 1985-1987 წლებში — მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1989 წელს აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად. 1990 წელს გამოვიდა კომპარტიიდან. 1990-1991 წლებში გახდა რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე. 1991 წლის დეკემბერს ბელორუსიასა და უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას სსრკ დაშლის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.
ელცინი სამჯერ იყო საქართველოში: პირველად, არაოფიციალურად – 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით; მეორედ – 1991 წელს (დაბა ყაზბეგში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს – ზ. გამსახურდიას, სადაც გაიმართა მოლაპარაკება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ); მესამედ – 1994 წლის 3 თებერვალს, როდესაც ხელი მოაწერა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1992 წლის მაისში ელცინი მონაწილეობდა დაგომისის შეთანხმების შემუშავება-ხელმოწერაში.
ნაშრომები
- Yeltsin, Boris. 'Against the Grain'. London: Jonathan Cape, 1990
- Yeltsin, Boris. 'The Struggle for Russia. New York: Times Books, 1994
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 651-652.
- Aron, Leon. Boris Yeltsin : A Revolutionary Life. Harper Collins (2000). ISBN 0-00-653041-9
- O'Clery, Conor. Moscow 25 December 1991: The Last Day of the Soviet Union. Transworld Ireland (2011). ISBN 978-1-84827-112-8