სამართებელზე მორბენალი 2049

სამართებელზე მორბენალი 2049“ (ინგლ. Blade Runner 2049) — ამერიკული ნეო-ნუარული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია დენი ვილნევი, ხოლო სცენარის ავტორები – ჰემპტონ ფენჩერი და მაიკლ გრინი.[8] იგი არის „სამართებელზე მორბენალის“, 1982 წლის ფილმის გაგრძელება. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ რაიან გოსლინგი და ჰარისონ ფორდი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში არიან ანა დე არმასი, სილვია ჰუკსი, რობინ რაიტი, მაკკენზი დეივისი, კარლა იური, ლენი ჯეიმზი, დეივ ბატისტა და ჯარედ ლეტო. სიუჟეტი ვითარდება ორიგინალური ფილმის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ. ბიოინჟინერული ტექნოლოგიით შექმნილი კეი აღმოაჩენს ფეხმძიმე რეპლიკანტის ნარჩენებს. ადამიანებსა და რეპლიკანტებს შორის შესაძლო ომის თავიდან აცილების გამო მას ავალებენ, იპოვოს რეპლიკანტის ბავშვი და გაანადგუროს მისი ნებისმიერი კვალი.

„სამართებელზე მორბენალი 2049“
რეჟისორი დენი ვილნევი
პროდიუსერი
  • ენდრიუ კოსოვი
  • ბროდერიკ ჯონსონი
  • ბად იორკინი
  • სინთია საიკს იორკინი
სცენარის ავტორი
  • ჰემპტონ ფენჩერი
  • მაიკლ გრინი
ეფუძნება პერსონაჟები რომანიდან „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“
— ფილიპ დიკი
ისტორია ჰემპტონ ფენჩერი
როლებში
მუსიკა
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი ჯო უოკერი
სტუდია
  • Alcon Entertainment
  • Columbia Pictures
  • Scott Free Productions
  • Torridon Films[1]
  • 16:14 Entertainment[1]
  • Thunderbird Entertainment
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures (აშშ)
Sony Pictures Releasing (მსოფლიო)[2][3]
გამოსვლის თარიღი
  • 3 ოქტომბერი, 2017 (2017-10-03) (Dolby Theatre)
  • 6 ოქტომბერი, 2017 (2017-10-06) (აშშ)
ხანგრძლივობა 163 წთ.[4]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150–185 მილიონი აშშ დოლარი[5][6][7]
შემოსავალი 259 მილიონი აშშ დოლარი[7]

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ბუდაპეშტში (უნგრეთი), 2016 წლის ივლისიდან ნოემბრამდე. პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში 2017 წლის 3 ოქტომბერს. ფილმი აშშ-ში 2017 წლის 6 ოქტომბერს, 2D, 3D და IMAX-ის ფორმატებში გამოვიდა. კრიტიკოსების მიერ დადებით შეფასებებთან ერთად, მისმა შემოსავალმა 259 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.[9][10][11][12]

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

2049 წელს ბიოინჟინერული ტექნოლოგიებით გამოყვანილი ადამიანები, რეპლიკანტები, არიან საზოგადოების წევრები - როგორც თანაშემწეები და მონები. ნექსუს-9 თაობის რეპლიკანტი კეი მუშაობს ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებაში, როგორც „სამართებელზე მორბენალი“, აგენტი, რომელიც ეძებს და თიშავს ან ანადგურებს სხვა, დევნილ რეპლიკანტებს. იგი ცხოვრობს რეპლიკანტების მწარმოებელ Wallace Corporation-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ნაწარმ ჯოისთან – ჰოლოგრაფიულ გოგონასთან.

კეი პოულობს ფერმას, სადაც კლავს ნექსუს-8 თაობის რეპლიკანტ სეპერ ნორტონს. სანამ ფერმას ტოვებს, აგრეთვე პოულობს იქვე, ხის ქვეშ დამარხულ ყუთს, რომელშიც შემდგომში აღმოაჩენენ სხეულის ნარჩენებს. დეტალური ანალიზის შედეგად ცნობილი ხდება, რომ ეს იყო ნექსუს-7 თაობის რეპლიკანტი, გარდაცვლილი საკეისრო კვეთისას, რაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა რეპლიკანტი სტერილურია. ეშინია რა, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვით ადამიანები და რეპლიკანტები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, უფროსი, ლეიტენანტი ჯოში კეის უბრძანებს, გაანადგუროს აღნიშნული რეპლიკანტის ყველა კვალი, ისევე, როგორც გადარჩენილი ბავშვი.

კეი თავდაპირველად ეწვევა Wallace Corporation-ის შტაბ-ბინას, სადაც დაადგენს, რომ გარდაცვლილი იყო რეიჩელი, ელდონ ტაირელის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული რეპლიკანტი. იგი აგრეთვე შეიტყობს, რომ რეიჩელს ჰქონდა რომანტიკული კავშირი რიკ დეკარდთან. Wallace Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნიანდერ უოლესი, ცდილობს დაადგინოს რეპლიკანტების გამრავლების საიდუმლო, რათა ხელი შეუწყოს უცხო პლანეტების კოლონიზაციას. ამ მიზნით იგი რეპლიკანტ ლავს აგზავნის რეიჩელის ნარჩენების ლაბორატორიიდან მოსაპარავად და მისი ბავშვის საპოვნელად.

ბრუნდება რა ნორტონის ფერმაში, კეი დაადგენს რეიჩელის გარდაცვალების თარიღს და ახსენდება, რომ იგი ამოტვიფრული იყო მისი ბავშვობის სათამაშოზე – ხის ცენზე. ჯოი თვლის, რომ ეს დამთხვევა არის მტკიცებულება, რომ კეი დაიბადა და არა შეიქმნა, როგორც სხვა რეპლიკანტები, რომლებიც ატარებენ ჩანერგილ მოგონებებს. რეიჩელის გარდაცვალების წლის ჩანაწერებში ნახსენებია ამ დღეს დაბადებული ტყუპები, ერთმანეთის მსგავსი დნმ-ით, სქესობრივი ქრომოსომის გამოკლებით. თუმცა, მითითებულია, რომ მხოლოდ ბიჭი გადარჩა. კეი ამ ბავშვს ეძებს დანგრეულ სან-დიეგოში, მაგრამ მისი დაბადების წლის ჩანაწერები მთლიანად გამქრალია. ამასთან, იგი იხსენებს, რომ თავად ცხოვრობდა ამ თავშესაფარში და პოულობს ხის ცხენს, რომელიც ბავშვობის პერიოდში დამალა.

კეი პოულობს დოქტორ ანა სტელინს, რეპლიკანტების მოგონებების წამყვან დიზაინერს, რომელიც უდასტურებს, რომ მოგონებები თავშესაფარის შესახებ ნამდვილია. ამიტომ კეი თავს რეიჩელის შვილად ჩათვლის. ლოს-ანჯელესში იგი ვერ გადის რეპლიკანტური ბუნების ტრადიციულ შემოწმებას, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ ემოციური იყო, ვინაიდან ბავშვი ვერ იპოვა. ჯოში აძლევს 48 საათს, რის შემდეგაც იგი უნდა გათიშონ. შეიტყობს რა, თუ რა აღმოაჩინა კეიმ, ჯოი თვლის, რომ იგი განსაკუთრებულია და ჰქვია „ჯო“. კეი ემზადება გასაქცევად და ჯოი, უკანასკნელის თხოვნით, მობილურ გადამცემში გადაჰყავს. იგი იკვლევს ხის ცხენს და პოულობს რადიაციის ნიშნებს, რასაც იგი მიჰყავს დანგრეულ ლავ-ვეგასში. იქ კეი პოულობს დეკარდს, რომელიც უამბობს, რომ რეიჩელის შვილის მამაა და ჩანაწერები სპეციალურად გაანადგურა, რათა ბავშვი დაეცვა.

ლავი და მისი თანაშემწეები კლავენ ჯოშის და პოულობენ დეკარდს და კეის. ისინი იტაცებენ რიკს, ანადგურებენ ჯოის და ტოვებენ დაჭრილ კეის, რომელსაც გადაარჩენენ ამბოხებული რეპლიკანტები. მათი ლიდერი ფრეისა ამცნობს კეის, რომ რეიჩელის შვილი გოგონა იყო. რათა აღკვეთონ უოლესის მიერ ამ გოგონას პოვნა ან რეპლიკანტების ბაზის აღმოჩენა, ფრეისა კეის უბრძანებს, გაანადგუროს დეკარდი. ამასობაში რიკს ესაუბრება უოლესი, რომელიც შესთავაზებს რეიჩელის კლონს, თუმცა დეკარდი დახმარებაზე უარს ეუბნება და ნიანდერი ლავს უბრძანებს, გაიყვანოს რიკი შორეულ გარემოში, სადაც, მისი წამებით, ინფორმაციას მიიღებს.

კეი ბრუნდება ლოს-ანჯელესში და გადაწყვიტავს, იპოვოს დეკარდი და შეახვედროს შვილს. იგი დაედევნება უოლესის სპინერებს და კლავს ლავს, თუმცა თავად სასიკვდილოდ დაჭრილია. დეკარდის რეპლიკანტებისგან და უოლესისგან დასაცავად იგი გაათამაშებს რიკის დაღუპვას, შემდეგ კი იგი სტელინთან მიჰყავს, ხვდება რა, რომ სწორედ ანა არის მისი შვილი. რიკი და რეპლიკანტი ერთმანეთს ემშვიდობებიან. კეი დამწუხრებულია, რომ მისი საუკეთესო მოგონებები სტელინს ეკუთვნის. იგი, დაჭრილი, მშვიდად კვდება, ხოლო დეკარდი ფრთხილად შედის შენობაში და სტელინს უახლოვდება.[13]

როლებში

  • რაიან გოსლინგი – კეი
  • ჰარისონ ფორდი – რიკ დეკარდი
  • ანა დე არმასი – ჯოი
  • სილვია ჰუკსი – ლავი
  • რობინ რაიტი – ლეიტენანტი ჯოში
  • მაკკენზი დეივისი – მარიეტი
  • კარლა იური – ანა სტელინი
  • ლენი ჯეიმზი – მისტერ კოტონი
  • დეივ ბატისტა – სეპერ ნორტონი
  • ჯარედ ლეტო – ნიანდერ უოლესი
  • დევიდ დასტმალჩიანი – კოკო
  • ბარხად აბდი – დოკ ბეჯერი
  • ჰიამ აბასი – ფრეისა
  • ვუდ ჰარისი – ნანდესი
  • ედვარდ ჯეიმზ ოლმოსი – გაფი

ანა დე არმასი აგრეთვე განასახიერებს „ჯოის“ ხაზის სხვადასხვა ჰოლოგრამას. სელი ჰარმსენი ჩნდება რეპლიკანტის როლში - მას ნიანდერ უოლესი ლავის თვალწინ კლავს. საარქივო კადრები შონ იანგის მონაწილეობით გამოყენებულია რეიჩელის წარსულის საჩვენებლად.[14] გარდა ამისა, იანგის მსგავსება მიღწეულია ციფრული ტექნოლოგიით - მსახიობ ლორენ პეტასთან მუშაობდა თავად იანგი, რომელიც მითითებებს აძლევდა. მას რეიჩელის მსგავსი კოსტიუმი ჩააცვეს, ხოლო სახე მოგვიანებით დაამუშავეს, თვალების გარდა (შონ იანგს თავად აქვს ყავისფერი, ხოლო ვოიტის-კამპფის ტესტის დროს, ორიგინალურ ფილმში, ჩანს მწვანე ფერის თვალები). რეპლიკანტის ხმა აღდგენილია ახალგაზრდა იანგის მსგავსი ხმის მქონე მსახიობის დახმარებით.[15]

წარმოება

შემუშავება

რეჟისორი დენი ვილნევი (მარცხნივ) მსახიობთა გუნდთან ერთად 2017 წლის San Diego Comic-Con-ზე.

2011 წლის 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ Warner Bros.-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია Alcon Entertainment „საბოლოო მოლაპარაკებებს მართავდა 1982 წლის აღსანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერ „სამართებელზე მორბენალის“ კინო, სატელევიზიო და დაკავშირებული ნაწარმის ფრენჩაიზის წარმოების შესახებ“[16]. რეჟისორის სახით პროექტზე სურდათ კრისტოფერ ნოლანი.[17]

2011 წლის 18 აგვისტოს ახალი „სამართებელზე მორბენალის“ რეჟისორად გამოცხადაა რიდლი სკოტი, თუმცა მუშაობა სულ მცირე, 2013 წლამდე არ დაწყებულა. პროდიუსერი ენდრიუ კოსოვი ამბობდა, რომ პროექტში ჰარისონ ფორდის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდო იყო.[18][19] სკოტი ამბობდა, რომ ფილმი „უნდა ყოფილიყო გაგრძელება“, მაგრამ წინა ნაწილის მსახიობების გარეშე, და იმას, რომ სულ მალე იპოვნიდა სცენარისტს, რომელიც დაეხმარებოდა მუშაობისას.[20] 2012 წლის 6 თებერვალს კოსოვმა განაცხადა: „არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ჰარისონ ფორდთან მოლაპარაკებები გავმართეთ...ფილმის მსახიობთა შერჩევა ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის“.[21] როდესაც 2012 წლის ოქტომბერში სკოტს ჰკითხეს გაგრძელების შესახებ, მან თქვა: „ჭორი არ არის, ნამდვილად ვმუშაობთ. ჰარისონ ფორდთან? ჯერ არ ვიცი. ძალიან დაბერდა? ის ხომ ნექსუს-6 იყო, ამიტომ არ ვიცით, რამდენ ხანს შეუძლია, იცოცხლოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.“[22]

2014 წლის ნოემბერში სკოტმა განაცხადა, რომ იქნებოდა არა ფილმის რეჟისორი, არამედ პროდიუსერი. გადაღება უნდა დაეწყოთ 2014 წლის ბოლოს ან 2015-ში. ფორდის შესახებ ცნობილი გახდა, რომ იგი გაგრძელების „მესამე მოქმედებაში“ გამოჩნდებოდა.[23] 2015 წლის 26 თებერვალს გაგრძელება ოფიციალურად დადასტურდა, ხოლო რეჟისორის ადგილი დაიკავა დენი ვილნევმა. ცნობილი გახდა, რომ ფორდი დაბრუნდებოდა დეკარდის როლში, ისევე, როგორც ორიგინალური ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი, ჰემპტონ ფენჩერი. გამოსვლა დაიგეგმა 2016 წლის შუა პერიოდისთვის.[24]

წარმოების წინა პერიოდი

2015 წლის 16 აპრილს დაიწყო მოლაპარაკებები რაიან გოსლინგთან, მთავარი როლის შესრულების შესახებ.[25] 2015 წლის ნოემბერში მან დაადასტურა, რომ მონაწილეობდა მსახიობთა შერჩევაშიმ. მან ახსენა, რომ ვილნევმა და ოპერატორმა როჯერ დიკინსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის გადაწყვეტილებაში[26]. 2016 წლის 20 მაისს დიკინსი ოფიციალურად გახდა დამდგმელი ოპერატორი.[27] გადაღებები დაიწყო ივლისში. Warner Bros. გახდა ფილმის აშშ-ში დისტრიბუტორი, ხოლო Sony Pictures Releasing – სხვა ქვეყნებში.[28] 2016 წლის 18 თებერვალს დაინიშნა პრემიერის ოფიციალური თარიღი - 2018 წლის 12 იანვარი.[29]

2016 წლის 31 მარტს დაიწყო მოლაპარაკებები რობინ რაიტთან[30], ხოლო 2 აპრილს დეივ ბატისტამ გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელზეც ეკავა ორიგამის სტილის ცხენი, რაც მიუთითებდა ფილმში განსახიერებულ როლზე.[31] 4 აპრილს დადასტურდა, რომ ორივე მსახიობი ფილმში მონაწილეობდა და გადაღები იწყებოდა ივლისში.[32] 2016 წლის აპრილში ფილმის პრემიერის თარიღმა გადაიწია 2017 წლის 6 ოქტომბერს[33]. სამსახიობთა გუნდს დაემატნენ ანა დე არმასი და სილვია ჰუკსი.[34][35] კარლა იური შემადგენლობას დაემატა 2016 წლის აპრილში.[36] ივნისში როლებზე შერჩევა გაიარეს მაკკენზი დეივისმა და ბარხად აბდიმ.[37][38], ხოლო ივლისში მათ შეუერთდნენ დევიდ დასტმალჩიანი, ჰიამ აბასი და ლენი ჯეიმზი.[39][40] ჯარედ ლეტო მიიღეს აგვისტოში. ვილნევს თავდაპირველად დაგეგმილი ჰქონდა ფილმში დევიდ ბოუის მონაწილეობაც, თუმცა მუსიკოსი წარმოების დაწყებამდე გარდაიცვალა.[41][42] 2017 წლის მარტში ედვარდ ჯეიმზ ოლმოსმა დაადასტურა, რომ ფილმში ასრულებდა ორიგინალურ პერსონაჟს, გაფს.[43]

2015 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ინტერვიუს დროს ვილნევმა აღნიშნა, რომ სიუჟეტში ორაზროვნად იქნებოდა ხაზგასმული დეკარდის ადამიანური და რეპლიკანტური წარმოშობის ფაქტორები.[44] მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ორიგინალურ ნამუშევარში აღწერილიდან ათწლეულების შემდეგ. მისი მოვლენები ლოს-ანჯელესში ვითარდება, ხოლო დედამიწის ატმოსფერო განსხვავებულია. „ჰავა შეშლილია – ოკეანეც, წვიმაც, თოვლიც ტოქსიკურია.“[45] ცნობილი გახდა ისიც, რომ რიდლი სკოტი იქნებოდა ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი.[45]

გადაღება

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, ძირითადად სტუდიებში Korda და Origo, ბუდაპეშტში (უნგრეთი).[46] კაზინოს სცენები გადაიღეს ბუდაპეშტის ძველი ბირჟის ტერიტორიაზე.[47][48]

2016 წლის 25 აპრილს Origo-ში დაიღუპა სამშენებლო გუნდის წევრი.[49]

წარმოების შემდგომი ეტაპი

Warner Bros.-მა 2016 წლის ოქტომბერში გამოაცხადა ფილმის ოფიციალური სახელწოდება.[50] მონტაჟი დაიწყო დეკემბერში, ლოს-ანჯელესში. იგეგმებოდა, რომ ფილმს მიენიჭებოდა R-რეიტინგი.[51] 2017 წლის San Diego Comic-Con-ზე ვილნევმა განაცხადა, რომ მომავალი ფილმის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით ორნახევარ საათს.[52]

საუნდტრეკი

Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
კინომუსიკა —
ჰანს ციმერი და ბენჯამინ უოლფიში
გამოცემის თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 (2017-10-05)
ლეიბლი Epic
პროდიუსერი
  • ჰანს ციმერი
  • ბენჯამინ უოლფიში
ჰანს ციმერი — ქრონოლოგია
Dunkirk: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
ბენჯამინ უოლფიში — ქრონოლოგია
It: Original Motion Picture Soundtrack
(2017)
Blade Runner 2049: Original Motion Picture Soundtrack
(2017)

თავდაპირველად ფილმის პირველი ტრეილერის მუსიკა უნდა ემუშავა რეპერ El-P-ს, მაგრამ მის ვერსიაზე უარი თქვეს.[53] იოჰან იოჰანსონი, რომელიც ვილნევთან მანამდე მუშაობდა ფილმების „პატიმრები“, „მკვლელი“ და „ჩამოსვლა“ მუსიკაზე, თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც მომავალი ფილმის კომპოზიტორი.[54] მიუხედავად ამისა, ვილნევმა და იოჰანსონმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ თანამშრომლობა, ვინაიდან დენი თვლიდა, რომ ფილმს „სჭირდებოდა რაღაც განსხვავებული და მე მჭირდებოდა ვანგელისის ორიგინალურ საუნდტრეკთან დაბრუნება.“[55] 2017 წლის ივლისში პროექტს შეუერთდნენ ახალი კომპოზიტორები, ჰანს ციმერი და ბენჯამინ უოლფიში. სექტემბერში იოჰანსონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი აღარ მონაწილეობდა პროექტში და კონტაქტით აკრძალული ჰქონდა რამე განმარტებების გაკეთება.[56]

Epic Records-ის თანახმად, ციმერმა და უოლფიშმა სცადეს ორიგინალური ფილმის მუსიკის განწყობის შენარჩუნება ანალოგური სინთეზატორ Yamaha CS-80-ის გამოყენებით. ციმერი: „პირველ რიგში, მივხვდი, რომ დენი რეჟისორია, რომელსაც საკუთარი ხედვა და ხმა აქვს. გახსოვდეთ, რომ რიდლი სკოტთან ბევრი ფილმი შემიქმნია. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილი დამოუკიდებელი ნამუშევარი. გულახდილები ვიყოთ. რიდლისთან მუშაობა, როგორც ვანგელისთან, რთულია. როდესაც ბენი [უოლფიში] ოთხი წლის იყო, ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი მქონდა. გადავხედეთ ფილმს და როგორც კი დასრულდა, გადაწყდა, როგორ პალიტრას გამოვიყენებდით. გადაწყდა, რომ მუსიკა არ იქნებოდა ორკესტრული. თავად ამბავმა მიგვანიშნა.“[57]

ოფიციალური საუნდტრეკული ალბომი გამოვიდა 2017 წლის 5 ოქტომბერს.[58][59] ფიზიკური ორდისკიანი ვერსია გამოვიდა Epic Records-ზე, 2017 წლის 27 ოქტომბერს. CD ვერსია ორი სახით არის წარმოდგენილი და ყოველი მათგანის ტირაჟი 2049-ს შეადგენს. ორივე ტირაჟი ხელით არის დანომრილი 1-დან 2049-მდე, მაგრამ ორივეს ახლავს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეკანი.[60]

2017 წლის 25 ოქტომბერს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ 15 ოქტომბერს გამოვიდოდა ორგრამფირფიტიანი გამოცემა.[61] მისი ტირაჟი შეადგენდა 2500 დანომრილ ასლს, 180 გრამიანი ფირფიტების სახით.[62]. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ცნობილი იყო, თითქოს გამოცემაში შევიდოდა 24 კომპოზიცია, საიტებზე გამოქვეყნებულ ანონსში მითითებული იყო 20, ხოლო ფრენკ სინატრას და ელვის პრესლის სიმღერები ამოღებული იყო.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — ჰანს ციმერი და ბენჯამინ უოლფიში, გარდა მითითებულისა.

შენიშვნა: (*) აღნიშნავს სიმღერებს, რომლებიც არ არის შესული 2 გრამფირფიტიან გამოცემაში.

ჩარტები

ჩარტი (2017)უმაღლესი
პოზიცია
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[63]55
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[64]69
კანადის ალბომები (ბილბორდი)[65]59
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[66]160
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[67]43
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[68]63
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[69]64
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[70]43
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[71]53
აშშ-ის საუნდტრეკული ალბომები (ბილბორდი)[72]2

შესაძლო გაგრძელება

2015 წლის სექტემბერში რიდლი სკოტმა გამოხატა ინტერესი დამატებითი ფილმებისადმი.[73] ოქტომბერში ვილნევმა განაცხადა, რომ მესამე ფილმი შეიქმნებოდა, თუკი „2049“ წარმატებული იქნებოდა. ჰემპტონ ფენჩერი, ორივე ფილმის სცენარისტი, ამბობდა, რომ განიხილავდა რიკ დეკარდის სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ვარიანტს და ფორდი დაბრუნდებოდა, თუკი სცენარი მოეწონებოდა.[74]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი