ვოიაჯერ 1
ვოიაჯერ 1 (ინგლ. Voyager 1) — მოქმედი ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომელიც მზის სისტემას 1977 წლის 5 სექტემბრიდან სწავლობს. პროგრამა ვოიაჯერის უმთავრეს ამოცანას იუპიტერისა და სატურნის შესწავლა წარმოადგენდა. ვოიაჯერ 1 გახდა პირველი აპარატი, რომელმაც გაზის გიგანტების თანამგზავრთა დეტალური ფოტოები გადაიღო. ძირითადი მისიის დასრულების შემდეგ ვოიაჯერ 1 მზის სისტემის შორეული რეგიონების, მათ შორის კოიპერის სარტყელისა და ჰელიოსფეროს შესწავლას შეუდგა.[3]
ვოიაჯერ 1 | |
---|---|
მისიის ტიპი | პლანეტშორისი |
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | [1] 1977-084A[1] |
SCN | 10321[2] 10321[2] |
მისიის ხანგრძლივობა | 43 წელი, 11 თვე, 4 დღე |
განვლილი მანძილი | 23 მილიარდი კმ |
ორბიტები | იუპიტერი - 1979 წლის 5 მარტი (349 000 კმ) სატურნი - 1980 წლის 12 ნოემბერი (124 000 კმ) ტიტანი - 1980 წლის 12 ნოემბერი (6490 კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | აქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
დატვირთულის მასა | 825,5 კგ |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
სიმძლავრე | 470 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 1977 წლის 5 სექტემბერი, |
გაშვების ადგილი | აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი |
რაკეტა-მატარებელი | Titan IIIE |
ვოიაჯერ 1 ყველაზე სწრაფი კოსმოსური ზონდია, რომელმაც მზის სისტემის დატოვება მოახერხა. გარდა ამისა, იგი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორს მყოფი აპარატია. მან 2012 წელს ჰელიოსფერო დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა.
ვოიაჯერ 1-თან კომუნიკაცია ნასას შორეული კოსმოსური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დედამიწას, მზესა და აპარატს შორის არსებული მანძილი, ზონდის სტატუსი და მისი სიჩქარე ნასას ოფიციალურ საიტზეა ასახული.[4]
ისტორია
- ვოიაჯერ 1-ის მისია 1977 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და თავდაპირველად მისი ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აპარატი — ვოიაჯერ 2 — 16 დღით ადრე გაეშვა, ეს უკანასკნელი ვოიაჯერ 1-ს ვერასდროს დაეწევა. ორ იდენტურ ზონდს შორის მთავარ სხვაობას წარმოადგენს ის, რომ ვოიაჯერ 1-ის მისია უფრო მოკლე ტრაექტორიას ეფუძნებოდა, ვიდრე ვოიაჯერ 2. აპარატმა გაზის გიგანტებისა და მათ თანამგზავრების დეტალური სურათები დედამიწაზე გამოაგზავნა.[5]
- 1979 წლის 5 მარტს აპარატი იუპიტერს მაქსიმალურად, 349 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა და გაზის გიგანტისა და მისი თანამგზავრების შესწავლა დაიწყო. აპარატმა გამოიკვლია, რომ იუპიტერის ერთ-ერთ დიდ თანამგზავრზე - იოზე მოქმედი ვულკანები არსებობდა. გარდა ამისა, გაზის გიგანტის დეტალურმა შესწავლამ აჩენა, რომ პლანეტას გარს რგოლები არტყავს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით აქამდე შეუმჩნეველი იყო. აპრილში აპარატმა იუპიტერის სისტემის სრული შესწავლა დაასრულა და მოპოვებული ინფორმაცია დედამიწაზე გამოგზავნა. ამის შემდეგ ვოიაჯერ 1 სატურნისაკენ გაემართა.[6]
- 1980 წლის 12 ნოემბერს აპარატი სატურნს მაქსიმალურად, 124 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა გამოიკვლია, რომ პლანეტის ეკვატორის სიახლოვეს ქარების საშუალო სიჩქარე 3000 კმ/სთ-ს აღემატებოდა. გარდა ამისა, აპარატმა აღმოაჩინა, რომ გაზის გიგანტზე დღის ხანგრძლივობა 10 საათსა და 39 წუთს შეადგენდა. ასევე, ვოიაჯერ 1-მა დეტალურად შეისწავლა სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი - ტიტანი. ციური სხეულის ანალიზმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ტიტანის ატმოსფერო საკმაოდ კომპლექსურია. ტიტანის შემდგომმა შესწავლამ და მის გარშემო ფრენამ ვოიაჯერ 1-ს პლუტონისაკენ გამგზავრების საშუალება აღარ მისცა.[7]
- 1990 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან აპარატმა კამერა დედამიწისაკენ მოაბრუნა და უკანასკნელად გადაუღო ფოტო. ამის შემდეგ, ენერგიის დაზოგვის მიზნით აპარატზე ყველა კამერა გამოირთო.[8]
- ვოიაჯერ 1-ის უკანასკნელ მისიად ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის სიღრმისეული შესწავლა განისაზღვრა. აპარატი პირველია, რომელმაც ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ პირობებზე ინფორმაცია შეაგროვა და დედამიწაზე გამოაგზავნა.
- 1998 წლის 17 თებერვალს აპარატმა 69 ასტრონომიული ერთეულის დისტანციას მიაღწია და პიონერ 10 ჩამოიტოვა. ამ ფაქტმა ვოიაჯერ 1 ყველაზე შორს მყოფ აპარატად აქცია.[9]
- 2004 წელს, 94 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ვოიაჯერ 1-მა დარტყმის ტალღა გადალახა და ისეთ სივრცეში მოხვდა, რომელშიც მზის ქარი სიჩქარეს მნიშვნელოვნად კარგავს და ელასტიურ გაზს ემსგავსება.[10]
- 2010 წლის გაზაფხულის მიწურულისათვის ვოიაჯერ 1 მზიდან დაახლოებით 114 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული.[11]
- 2011 წლის დეკემბერში, დაახლოებით 119 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე აპარატმა ე.წ სტაგნაციის რეგიონს მიაღწია. აღნიშნული რეგიონი მაგნიტური ველის გაორმაგებული ძაბვით ხასიათდება.[12]
- 2012 წლის ივნისში აპარატმა გალაქტიკური კოსმოსური სხივები დააფიქსირა. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებდა იმაზე, რომ ვოიაჯერ 1 ჰელიოსფეროს საზღვარს უახლოვდებოდა და მალე ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლებდა.
- 2012 წლის 15 აგვისტოს აპარატმა საბოლოოდ დატოვა ჰელიოსფერო და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლა.
აპარატის აღჭურვილობა
სამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:
- 2 სატელევიზო კამერა, რომელთა თითოეული კადრი 125 კილობაიტ ინფორმაციას შეიცავს.
- ინფრაწითელი სპექტრომეტრი, რომლის ამოცანას პლანეტების ენერგეტიკული ბალანსის, მათი ატმოსფეროებისა და თანამგზავრებისა და ტემპერატურული ველების შესწავლა წარმოადგენს.
- ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომელიც ატმოსფეროს ზედა სფეროებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის შესასწავლადაა განკუთვნილი.
- კოსმოსური სხივების დეტექტორი.
- მაგნიტური ველების შემსწავლელი მაგნიტომეტრი.
- დაბალი ენერგიის მქონე დამუხტული ნაწილაკების დეტექტორი.
- სხვადასხვა ციური სხეულიდან მომდინარე რადიოტალღების მიმღები.
- პლანეტშორისი პლაზმის 2 დეტექტორი.
- პოლარიმეტრი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის გადანაწილებას შეისწავლის.
- ოქროს ფირფიტა, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის დედამიწის კოორდინატები და მთელი რიგი აუდიო-ფოტო მასალაა ჩაწერილი.[13]
აპარატის სავარაუდო მომავალი
მართალია, აპარატის ოპერირების ვადა წლების წინ ამოიწურა, თუმცა სამეცნიერო აღჭურვილობის ნაწილი ისევ მუშაობს. მოწყობილობების ნაწილი ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორისგან იღებს, რომლის ჯამური სიმძლავრე აპარატის გაშვების მომენტში 470 ვატს შეადგენდა. 2012 წლის მონაცემებით, გენერატორის სიმძლავრე 45% შეადგენდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატზე არსებული მოწყობილობების ნაწილი ოპერირებას 2025 წლამდე შეძლებს.[14][15]
დაახლოებით 300 წლის შემდეგ ვოიაჯერ 1 ოორტის ღრუბლის შიდა რეგიონს მიაღწევს, რომლის დატოვებასაც 30 ათასი წელი დასჭირდება.[16]
დაახლოებით 40 ათასი წლის შემდეგ ვოიაჯერ 1 ვარსკვლავ გლიზე-445 1.6 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდება. ვარსკვლავი დედამიწიდან 17.1 სინათლის წლითაა დაშორებული.[17]
თუკი აპარატს ხელს არაფერი შეუშლის, ვოიაჯერ 1 მუდმივად ირმის ნახტომის გალაქტიკის საზღვრებში დარჩება.[18]