ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაშინობელის პრემიის ერთ-ერთი კატეგორია; ყოველწლიური პრემია, რომელიც დაწესებულია ნობელის ფონდის მიერ ბიოსამედიცინო სფეროში ღირშესანიშნავი აღმოჩენებისთვის. დაარსდა ალფრედ ნობელის 1895 წლის ანდერძის თანახმად. პირველი ლაურეატი ემილ ფონ ბერინგი 1901 წელს დაჯილდოვდა.

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში
ჯილდოაღმოჩენისათვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რომელმაც სარგებელი მოუტანა კაცობრიობას
წარადგენს„კაროლინსკას“ ინსტიტუტის ნობელის ასამბლეა, ალფრედ ნობელის სახელით
ადგილმდებარეობასტოკჰოლმი, შვედეთი
პირველად გადაეცა1901
Nobelprize.org

ნომინაცია და შერჩევა

ნობელის ანდერძის მიხედვით, პრემიის მინიჭების პრეროგატივა აქვს შვედეთის სამეფო ინსტიტუტს („კაროლინსკა“), სადაც ამ მიზნით მოქმედებს ე. წ. ნობელის ასამბლეა (კრება). ნომინანტის წარდგენა შეუძლია მსოფლიოს აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებს, მედიცინის პროფესორებს შვედეთიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან და ფინეთიდან, ასევე ზოგიერთი სხვა უცხოური უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებს. პრემია წარმოდგენილია ოქროს მედლის სახით, რომელსაც თან ერთვის სათანადო დიპლომი და მატერიალური ჯილდოს ამსახველი სერტიფიკატი (2019 წელს შეადგენდა 9 მილიონ შვედურ კრონს).[1] მედლის ავერსზე, ისევე როგორც სხვა დარგებში გაცემულ ჯილდოებზე, გამოსახულია ალფრედ ნობელის პროფილი, რევერსი კი განსხვავებულია მედიცინის კატეგორიისთვის. დაჯილდოების ცერემონია იმართება სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში.

წარსულში ნომინანტების განხილვაში მონაწილეობდა „კაროლინსკას“ ინსტიტუტის ყველა პროფესორი, 1977 წლის შემდეგ კი ეს ფუნქცია დაეკისრა ე. წ. ნობელის კომიტეტს, რომლის წევრებსაც 50 პროფესორისგან შემდგარი ასამბლეა ირჩევს. წესდების მიხედვით იკრძალება გარდაცვლილი მეცნიერის დაჯილდოება, ასევე პრემიის გაყოფა 3-ზე მეტ ლაურეატს შორის. ნომინანტების განხილვისას უპირატესობა ენიჭება იმ მეცნიერებს, რომელთაც ამა თუ იმ აღმოჩენისა და მისი პრაქტიკაში დამკვიდრების პროცესში წვლილი შეიტანეს ფუნდამენტური კვლევების ეტაპზე. მაგალითად, პრემია არ გადაეცა ამერიკელ ნეიროქირურგ ჰარვი კუშინგს, რომელმაც კლინიკურ პრაქტიკაში პირველად აღწერა კუშინგის სინდრომი. ნობელის პრემიის გარეშე დარჩა ასევე ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი, რომლის ფსიქოანალიზის სისტემა არ შეიცავდა ისეთ თეორიას, რომლის ექსპერიმენტული დადასტურებაც იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად საზოგადოებრივი მოლოდინისა, 1954 წლის პრემია გადაეცა არა პოლიომიელიტის ვაქცინის შემქმნელებს — ალბერტ სეიბინს ან ჯონას სოლკს, არამედ ჯონ ენდერსს, ტომას უელერს და ფრედერიკ რობინსს, რომელთა ფუნდამენტური ლაბორატორიული ექსპერიმენტები დაედო საფუძვლად ვაქცინის შექმნას.[2]

ისტორიული ცნობები

2008 წლის ლაურეატები: ჰარალდ ცურ ჰაუზენი, ფრანსუაზ ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე

1901 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გაცემულია 110 ნობელის პრემია. დაჯილდოება არ მომხდარა 1915-1918, 1921, 1925 და 1940-1942 წლებში. ჯილდო მიღებული აქვს 219 პიროვნებას — 207 მამაკაცს და 12 ქალს. პირველი ლაურეატი იყო გერმანელი მიკრობიოლოგი ემილ ფონ ბერინგი (1901), პირველი ქალი ლაურეატი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი გერტი კორი (1947). კანადელი ფიზიოლოგი ფრედერიკ გრანტ ბანტინგი იყო ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 32 წლის ასაკში მიიღო 1923 წელს, ყველაზე ხანდაზმული კი — ამერიკელი პათოლოგი ფრენსის პეიტონ როუსი, რომელიც 87 წლის ასაკში დაჯილდოვდა 1966 წელს.[1]

ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ისტორიაში ყოფილა საკამათო ეპიზოდებიც. მაგალითად, 1949 წელს, სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემია გადაეცა პორტუგალიელ ნევროლოგ ანტონიუ ეგაშ მონიშს ლობოტომიის მეთოდის მოწოდებისთვის. 1952 წელს ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინის შექმნისთვის ზელმან ვაქსმანის ერთპიროვნული დაჯილდოება სასამართლოში გაასაჩივრა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ალბერტ შლაცმა, რომელიც მედიკამენტის პირველაღმომჩენი იყო; შედეგად, პრემიის გადაცემის ოფიციალური ტექსტი შეიცვალა, რათა ვაქსმანის როლი გაზვიადების გარეშე წარმოჩენილიყო. პრემიის ისტორიაში იყო პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებიც: 1939 წელს ადოლფ ჰიტლერის მთავრობის აკრძალვის გამო ჯილდო ვერ მიიღო იმ წლის ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, გერმანელმა პათოლოგმა და მიკრობიოლოგმა გერჰარდ დომაგკმა. მოგვიანებით მეცნიერს გადაეცა მედალი და დიპლომი, მაგრამ არ მიუღია პრემიის ფულადი კომპონენტი.[1]

ვინაიდან ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაკეთებული სამეცნიერო მიღწევების უმეტესობა გუნდური მუშაობის შედეგია, ნობელის პრემია ყოველთვის ვერ ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამა თუ იმ აღმოჩენაში. ასე მოხდა, მაგალითად, 1962 წელს, როდესაც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სტრუქტურისა და თვისებების შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ ჯეიმზ უოტსონი, ფრენსის კრიკი და მორის უილკინსი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული იმ დროს უკვე გარდაცვლილი ოსკარ ევერისა და როზალინდ ფრანკლინის როლი. ნობელის ფონდის 1974 წლის წესდების მიხედვით აიკრძალა პრემიით დაჯილდოება გარდაცვალების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლაურეატის გარდაცვალება ხდება დაჯილდოების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მსგავსი შემთხვევა მოხდა 2011 წელს, როდესაც კანადელი იმუნოლოგი რალფ სტაინმანი გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ დაჯილდოვდა ნობელის პრემიით, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა იქიდან გამომდინარე, რომ ნობელის ფონდის კომიტეტისთვის მეცნიერის გარდაცვალების ფაქტი იმ დროს უცნობი იყო.[1]

საკამათო აღმოჩნდა ასევე 2008 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რომელიც გადაეცა ჰარალდ ცურ ჰაუზენს (საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსის როლის აღმოჩენისთვის) და ფრანსუაზ ბარე-სინუსის და ლუკ მონტანიეს (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის [აივ] აღმოჩენისთვის). ბევრი თვლიდა, რომ პრემიის გარეშე დარჩენილ რობერტ გალოს არანაკლები როლი მიუძღოდა აივ-ის აღმოჩენაში, ვიდრე ლუკ მონტანიეს.[3][4] ჰარალდ ცურ ჰაუზენის შემთხვევაში გამოიკვეთა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში მისი მატერიალური ინტერესი და, ასევე, მწარმოებელი კომპანიის „ასტრა-ზენეკას“ ფინანსური როლი.[5]

2019 წლის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ამერიკელები უილიამ კელინი და გრეგ სემენზა და ბრიტანელი პიტერ რეტკლიფი კვლევებისთვის, რომელთა მიზანი იყო გაერკვიათ თუ როგორ ადაპტირდებიან ცოცხალი უჯრედები ჟანგბადის დონის ცვლილებასთან.[6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი