105-ე ელემენტი პირველად ამაჩქარებელში მიღებულ იქნა ქალაქ დუბნაში 1970 წელს გიორგი ფლიოროვის ჯგუფის მიერ 243Am-ის ბირთვების დაბომბვით 22Ne-ის[4] იონებით და მათგან დამოუკიდებლად ბერკლიში (აშშ-ში) რეაქციით 249Cf + 15N→ 260Db + 4n.[5] თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის სამუშაო ჯგუფმა 1993 წელს დაასკვნა, რომ 105-ე ელემენტის აღმოჩენის პატივი გაყოფილი უნდა იყოს დუბნისა და ბერკლის ჯგუფებს შორის.[6]
საბჭოთა მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება ახალი ელემენტისათვის დაერქვათ სახელწოდება - ნილსბორიუმი (Ns) ნილს ბორის პატივსაცემად[7], ამერიკელებმა — ჰანიუმი (Ha), ოტო ჰანის საპატივცემლოდ, ურანის სპონტანური დაშლის აღმოჩენის ერთ ერთი ავტორისა[5]. 1994 წელს თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის კომისიამ წამოაყენა სახელწოდება ჟოლიოტიუმი (Jl), ჟოლიო-კიურის საპატივცემლოდ[8]; აქამდე ელემენტს ოფიციალურად ეწოდებოდა ლათინურად მისი რიცხობრივი აბრევიატურა — უნნილპენტიუმი (Unp), ანუ უბრალოდ 105. სიმბოლების Ns, На, Jl ნახვა სხვა და სხვა წლებში გამოცემულ ელემენტების ცხრილებში შეიძლებოდა. თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის საბოლოო გადაწყვეტილებით 1997 წელს ელემენტს ეწოდა დუბნიუმი — ქალაქ დუბნაში რუსეთის ბირთვული ფიზიკის კვლევთი ცენტრის საპატივცემლოდ[9].