ინდოეთის საგარეო ურთიერთობები

ინდოეთს მსოფლიოს 201 სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.[1] ინოეთის საგარეო ურთიერთობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.

ქვეყნები, რომლებთანაც ინდოეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ინდოეთი სამხედრო სფეროში დანახარჯებით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, შეარაღებული ძალებით ― მეორეს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით მე-5-ს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მესამე უმსხვილესი ეკონომიკაა.[2] ინდოეთი გამოკვეთილი რეგიონული ძალა,[3] ბირთვული სახელმწიფო, პოტენციური გლობალური ძალა და პოტენციური სუპერძალაა. გლობალურ ურთიერთობებში ინდოეთის საერთაშორისო გავლენა და ხმა უფრო და უფრო იზრდება.

როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, ინდოეთი ერთა თანამეგობრობის წევრია და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს ინარჩუნებს. ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთი ახალინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოდ კლასიფიცირდა და დღეისთვის სხვა სახელმწიფოებთან საგარეო ურთიერთობების ფართო ქსელი აქვს. როგორც ბრიჩსის (BRICS, პოტენციური მთავარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისთვის შემოღებული აკრონიმი. ინდოეთის გარდა მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას) წევრს და მიუმხრობლობის მოძრაობის დამფუძნებელს, ინდოეთს გამორჩეული გავლენა აქვს გლობალურ ურთიერთობებში.[4] ბოლო ათწლეულებში ინდოეთს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკა აქვს, რაც პირველ რიგში მეზობელ სახელმწიფოებთან პოლიტიკის განვითარებიში (რისი მაგალითისაა სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაცია) და Look East-ის პოლიტიკაა, რომელიც აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან უფრო ფართო ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებისკენაა მიმართული. ინდოეთი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია, მათ შორის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის, დიდი ოცეულის და ა.შ.[5]

ინდოეთი მნიშვნელოვან და გავლენიან როლს თამაშობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, როგორებიცაა: აღმოსავლეთ აზიის სამიტი,[6] მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია,[7] საერთაშორისო სავალუტო ფონდი,[8] G8+5[9] და იბსას დიალოგი.[10] ინდოეთი არის აზიური ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი.

ინდოეთი სამხრეთ აზიის რეგიონულ თანამშრომლობის ასოციაციისა და ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის წევრია. ქვეყანა გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობს და 2020 წლსი ივნისის მონაცემებით, მშვიდობისმყოფელთა რაოდენობით მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.[11] ინდოეთი დიდი ოთხეულის სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრობასა ესწრაფვის.[12]

ორმხრივი ურთიერთობები

აზია

ჩინეთი

ჩინური კონტეინერების ხომალდი ჯავაჰარლალ ნერუს პორტში. 2010 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ჩინეთი ინდოეთის ერთეული უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[13]

1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომის, 1967 წლის ნათუ-ლისა და ჩო-ლის შეტაკებებისა და ლადახის, აქსაი-ჩინისა და არუნაჩალ-პრადეშის გამო დღემდე მიმდინარე სასაზღვრო კონფლიქტის მიუხედავად, სინო-ინდური ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა 1988 წლის შემდეგ. ორივე ქვეყანა საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას, ვაჭრობისა და კულტურული კავშირების გაფართოებასა და ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.[14]

2004 წლიდან ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. 2007 წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის დონე 36 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა და ჩინეთი ინდოეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[15] ეკონომიკური ურთიერთკავშირის ზრდამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დაახლოებასაც შეუწყო ხელი და სახელმწიფოები საზღვრებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას ესწრაფვიან.[16] ბირთვული ენერგიის შესახებ ინდოეთ-აშშ-ის შეთანხმების მსგავსად, ინდოეთი და ჩინეთიც შეთანხმდნენ სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.[17] თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები ხშირად ინდოეთისას არ ემთხვევა. ორივე ქვეყანა უდიდესი ინვესტორია აფრიკაში[18] და კონტინენტის უხვ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისთვის კონკურენციაში არიან.[19]

სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა 2017 წლის დოკლამის სასაზღვრო დავისა და 2020-2021 წლებში შეტაკებების დროს. ურთიერთობები დაიძაბა COVID-19-ის პანდემიის დროსაც.

ბჰუტანი

ისტორიულად ინდოეთსა და ბჰუტანს შორის ახლო კავშირები იყო დამყარებული. სახელმწიფოებმა მეგობრობის ხელშეკრულებას 1949 წელს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ინდოეთი ბჰუტანს საგარეო ურთიერთობებში მხარს უჭერს. სამეფო ბჰუტანური საელჩო ნიუ-დელში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თჰიმფუშია განთავსებული. დღემდე ინდოეთს ბჰუტანის საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზა და კომერციაზე დიდი გავლენა აქვს.

ნეპალი

მიუხედავად ახლო ურთიერთობებისა, ინდოეთისა და ნეპალის ურთიერთობები სასაზღვრო, გეოგრაფიული, ეკონომიკური დავებითა და ძლიერი-სუსტი სახელმწიფოს ურთიერთობისთვის შესაბამისი პრობლემებით ხასიათდება. 1950 წელს ნიუ-დელისა და კატმანდუს შორის მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო, რომელსაც უშიშროების შესახებ დოკუმენტები მოჰყვა, რომლებშიც ორ სახელმწიფოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირობები იყო მოცემული. სახელმწიფოებს შორის დაიდო შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობისა და ინდოეთის გავლით ტრანზიტული ვაჭრობის შესახებ. ინდოეთსა და ნეპალს შორის ურთიერთობებამ ყველაზე დაბალ დონეს 1989 წელს მიაღწია, როდესაც ინდოეთმა ნეპალს 13 თვიანი ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ნეპალს 2014 წელს ეწვია, პირველად ბოლო 17 წლის მანძილზე.

2015 წელს ინდოეთ-ნეპალის საზღვრის ბლოკადამ დიდი გავლენა იქონია ურთიერთობებზე. ბლოკადას ეთნიკური ჯგუფები უძღოდნენ, რომლებიც ნეპალის მიერ შემუშავებულ ახალ კონსტიტუციას არ ეთანხმებოდნენ.[20] ნეპალის მთავრობამ ინდოეთს წინასწარგანზრახულად ემბარგოს გაუარესებაში დასდო ბრალი, თუმცა ინდოეთმა ბრალდება უარყო.[20]

2015 წლის კატმანდუს მიწისძვრის დროს ინდოეთმა ნეპალს 1 მილიარდი ამერიკული დოლარის გადაურიცხა და ოპერაცია მაიტრი წამოიწყო.[21]

პაკისტანი

ისტორიული, კულტურული და ეთნიკური კავშირების მიუხედავად პაკისტანსა და ინდოეთს კომპლექსური და ძალიან მტრული ურთიერთობები აქვთ, რაც მრავალი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენიდან იღებს სათავეს, მათ შორის ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფიდან. უთანხმოების მთავარი წყარო ინდოეთსა და მის დასავლეთ მეზობელს შორის ქაშმირის კონფლიქტია. ინდოეთ-პაკისტანის საზღვარი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული საზღვარია მსოფლიოში.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მაგრამ მალევე გაფუჭდა გაყოფის შედეგად წარმოშობილი ორმხრივი ეფექტის და ტერიტორიული დავების გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯამუ და ქაშმირი იყო. 1947 წლის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამი ომი და ერთი გამოუცხადებელი ომი იყო. სახელმწიფოებს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა. ქაშმირის კონფლიქტი ყოველი ომის დროს სახელმწიფოებისთვის კატალიზატორის როლს ასრულებდა, გარდა ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომისა, რომელიც ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის პარალელურად მოხდა.

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება არაერთხელ სცადეს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია: შიმლის შეთანხმება, აგრის სამიტი და ლაჰორის დეკლარაცია, ისევე, როგორც მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა ინიციატივა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბულია და საზღვარზე ურთიერთშორისი ტეროტირზმის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. 2017 წელს BBC World Service-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ინდოელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს პაკისტანის გავლენას დადებითად, ხოლო 85%-ს უარყოფითი პოზიცია აქვს. პაკისტანელთა 11% მიიჩნევს ინდოეთის გავლენას დადებითად, ხოლო 62% ― უარყოფითად.[22]

შრი-ლანკა

შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პრემიერ-მინისტრის სასახლეში, ნიუ-დელიში, (2018)

შრი-ლანკასა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე კეთილმეგობრული იყო. ორივე სახელმწიფოს თითქმის იდენტურ რასობრივი და კულტურულ წარმომავლობა აქვს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე შრი-ლანკის სამოქალაქო ომმა იმოქმედა, ასევე სამოქალაქო ომის დროს ინდოეთის ინტერვენციამ და ინდოეთის მხრიდან თამილის ვეფხვების მხარდაჭერამ იმოქმედა. ინდოეთი შრი-ლანკის ერთადერთი მეზობელია, თუმცა მისგან პალკის სრუტითაა გამოყოფილი. ორივე სახელმწიფო სამხრეთ აზიაში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ინდოეთის ოკეანეში საერთო უსაფრთხოების ქოლგის შექმნას ცდილობს.[23]

შრი-ლანკის პოლიტიკურ წრეებში ფართო კონსენსუსი არსებობს ქვეყნის საგარეო ურთიერთობების მატრიცაში ინდოეთის პირველობის შესახებ. ორივე მთავარი პარტია, შრი-ლანკის თავისუფლების პარტია და გაერთიანებული ნაციონალისტური პარტია, ბოლო ათწლეულში ინდოეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული. შრი-ლანკა მხარს უჭერს ინდოეთის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად.[24]

ბრუნეი

ბრუნეისა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 10 მაისს დამყარდა.[25][26] სულთანი ჰასან ბოლქიაჰი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს 1992 წლის სექტემბერში.[25][26] 1929 წელს ბრუნეიში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ სამეფოში უამრავი ინდოელი წავიდა ნავთობისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში სამუშაოდ. ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური წყაროების მიერ მიხედვით 2013 წლისთვის ბრუნეიში 10 000 ინდოელი ცხოვრობდა.

ბრუნეის უმაღლესი კომისარიატი ნიუ-დელიში, ხოლო ინდოეთის უმაღლესი კომისარიატი ბანდარ-სერი-ბეგავანი|ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[25] ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია.[26]

ბაჰრეინი

ინდოეთის პრემიერ-მინსიტრი ნარენდრა მოდი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან ერთად

ბაჰრეინის ახლო მოკავშირეა ინდოეთი. ბაჰრეინი მხარს უჭერს ინდოეთის როლის ზრდას საერთაშორისო საკითხებში. ბევრი მოწინავე ბაჰრეინს ჰქონდა ახლო კავშირები ინდოეთთან: პოეტი და კონსტიტუციონალისტი იბრაჰიმ ალ-არაიედი მუმბაიში გაიზარდა; XVII საუკუნის ბაჰრეინელი თეოლოგები შეიხ სალიჰ ალ-ქარზაქანი და შეიხ ჯა'ფარ ბინ ქამალ ალ-დინი მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჰოლკონდის ციხესიმაგრესა[27] და სუბკონტინენტზე შიიზმის გავრცელებაში. 2014 წლის თებერვალში ბაჰრეინის მმართველი შეიხ ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფა სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირებისთვის 450 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შეთანხმება დაიდო.[28]

ირანი

დამოუკიდებელ ინდოეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1950 წლის 15 მარტს დამყარდა. ცივი ომის დროს ინდოეთსა და ფეჰლევიანთა ირანს შორის ურთიერთობები განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების გამო მჭიდრო არ იყო: ინდოეთი მიუმხრობლობის მოძრაობის პოზიციას იჭერდა, მაგრამ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა, ხოლო ირანი დასავლური ბლოკის აშკარა წევრი იყო და აშშ-სთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა.[29] ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტში ირანი პაკისტანს უჭერდა მხარს, ხოლო ინდოეთი ირან-ერაყის ომის დროს ერაყთან ახლო კავშირებს ინარჩუნებდა, რამაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დაძაბა.[30] 1990-იან წლებში ორივე სახელმწიფო მხარს უჭერდა ჩრდილოეთის ალიანსს ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ. ეკონომიკური პერსპექტივიდან ირანი ინდოეთისთვის ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია და დღიურად 425 000 ბარელ ნავთობს აწვდის. ინდოეთი ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია ირანის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობაში.[31]

ირანის საელჩო ნიუ-დელიში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თეირანშია განლაგებული.

იხილეთ აგრეთვე

  • ინდოეთის სავიზო პოლიტიკა
  • ინდოეთი და გაერთიანებული ერები

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი