რაბინდრანათ თაგორი
რაბინდრანათ თაგორი (ბენგ. রবীন্দ্রনাথ ঠাকুর; დ. 7 მაისი 1861 — გ. 7 აგვისტო 1941) — ბენგალელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. 1913 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „ძალიან ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, მისი თქმით, დასავლური ლიტერატურის ნაწილი გახდა“.[25]
თაგორმა კლასიკური ფორმების და უცვლელი ლინგვისტური სტრუქტურების უარყოფით მოახდინა ბენგალური ხელოვნების გათანამედროვება. მისი ნოველები, მოთხრობები, სიმღერები და ესეები დაწერილია მარტივი ენით. „Gitanjali“ (სიმღერების შეთავაზებები), „Gora“ (პატიოსან-სახიანი), „Ghare-Baire“ (სახლი და მსოფლიო) მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია.
თაგორის კომპოზიციები ორი ქვეყნის ინდოეთის და ბანგლადეშის ჰიმნებადაა არჩეული, ხოლო შრი-ლანკის ჰიმნი მისი ნაშრომითაა ინსპირირებული.[26][27][28]
ბიოგრაფია
რაბინდრანათ თაგორი 1861 წლის 7 მაისს კალკუტაში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დებენდრანათჰ თაგორი და შაროდა დევი იყვნენ. თაგორი დედით ადრეულ ასაკშივე დაობლდა, მისი მამა კი მუდმივად მოგზაურობდა, ამიტომ მის აღზრდას ძირითადად მსახურები ხელმძღვანელობდნენ.[29]
თაგორები ბენგალელ ბრაჰმანთა ოჯახს, ანუ უმაღლესი სასულიერო კასტას წარმოადგენდნენ.[30] თაგორის ოჯახი ბენგალური რენესანსის მოწინავე ფიგურა იყო. ისინი ბეჭდავდნენ ლიტერატურულ ჟურნალებს, მართავდნენ თეატრალურ წარმოდგენებსა და ლიტერატრულ საღამოებს.
თაგორი ბავშვობიდან გაეცნო სანსკრიტულ ტექსტებს – უპანაშიდების, ბჰაგავადგიტას საგალობლებს და რამაიანას. 1875 წლიდან ბეჭდავდა წერილებს და ლექსებს. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე წერდა ნოველებს და პიესებს.[30]
შემოქმედება
თაგორის შემოქმედება ლექსებს, რომანებს, ესეებს, მოთხრობებს, სამოგზაურო მემუარებს, პიესებსა და სიმღერებს მოიცავს. მისი ნამუშევრები რიტმული, ოპტიმისტური და ლირიკული ბუნებითაა ცნობილი. მის პროზაულ ნაწარმოებებს შორის ყველაზე მეტად მოთხრობებია აღიარებული, რომლებიც უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
თაგორის არამხატვრული პროზის ძირითადი თემები ისტორია, ენათმეცნიერება და სულიერებაა. 2011 წელს, თაგორის დაბადებიდან 150 წლის იუბილეზე ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მისი შემოქმედების ყველაზე ვრცელი ანთოლოგია გამოაქვეყნა.[33]
პიესები
თაგორმა ოცი წლის ასაკში დაწერა პირველი პიესა „Valmiki Pratibha“, რომელიც საკუთარ სახლში დადგა. 1890 წელს მან დაწერა „Visarjan“, რომელიც მის საუკეთესო პიესად მიიჩნევა. თაგორმა აღნიშნა, რომ მის პიესებში მთავარი ემოცია იყო და არა – მოქმედების განვითარება.
თაგორის დრამატურგიულ ნამუშევრებს რთული ქვეტექსტები და ვრცელი მონოლოგები ახასიათებს. ფილოსოფიური და ალეგორიული თემები გვხვდება მის მომდევნო პერიოდის პიესებში, როგორებიცაა „Dak Ghar“, „Chandalika“ და „Raktakarabi“.
ლექსები
თაგორის ყველაზე ცნობილი და ფართოდ აღიარებული პოეტური კრებულია „Gitanjali“, რომლისთვისაც მას 1913 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. თაგორი პირველი არაევროპელი ნობელიანტია ლიტერატურაში.[34]
თაგორის პოეტურ ნამუშევრებს შორის ასევე აღსანიშნავია „Manasi“, „Sonar Tori“ (ოქროს ნავი), „Balaka" (გარეული ბატები).[35]
თაგორის პოეზიაზე დიდი გავლენა მოახდინა ლეგენდარული პოეტის, ვიასას ატავისტურმა მისტიკამ.[36] მისი ყველაზე ინოვაციური პოეზიის ნიმუშები ბენგალური ფოლკლორული მუსიკის საფუძველზეა შექმნილი.[37][38]
რომანები
თაგორის კალამს ოთხი რომანი ეკუთვნის.
1909 წელს გამოქვეყნდა თაგორის პირველი რომანი „Gora“, რომელშიც სასიყვარულო სამკუთხედისა და ოჯახური ისტორიის ფონზე მწერალი იდენტობის ძიების, პირადი თავისუფლების და რელიგიის თემებს ავითარებს.[39]
მომდევნო რომანი „Ghare Baire“ იდეალისტი პროტაგონისტის პერსპექტვით ინდოეთში ნაციონალიზმის, ტერორიზმისა და მოშურნეობის აღმავლობას აღწერს.[40]
ფემინისტური ლიტერატურის ნიმუშად მიიჩნევა რომანი „Jogajog“ (ურთიერთობები), რომელიც ოჯახურ ვალდებულებებზე ქალის დამოკიდებულ მდგომარეობას ასახავს.[41] რომანი სრული სახით პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა.
„Shesher Kobita“ თაგორის ყველაზე ლირიკული რომანია, მასში ხშირად გვხვდება ლექსები და რიტმული პასაჟები, რომელთა ავტორიც რომანის პოეტი პროტაგონისტია. რომანი სატირული და პოსტმოდერნისტული ელემენტებითაა გაჯერებული.
მიუხედავად იმისა, რომ რომანები თაგორის ყველაზე ნაკლებად აღიარებულ ნაშრომებში შედის, მათი მიხედვით ინდური ფილმებია გადაღებული.
მოთხრობები
თაგორმა მოთხრობების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მოთხრობა იყო „მათხოვარი ქალი“,[42][43] რითაც მან ბენგალური მოთხრობის ჟანრის შექმნას დაუდო საფუძველი.[44] თაგორის ადრეული პერიოდის მოთხრობები ასახავს მის დამოკიდებულებას მისი გარშემომყოფი სამყაროს და საზოგადოების მოდერნისტულ იდეათა მიმართ. თავად მწერალი ამ მოთხრობებს „სიცოცხლისუნარიანობასა და სპონტანურობას მოკლებულს“ უწოდებს. მოგვიანებით თაგორი ღარიბ ინდოელთა ცხოვრებით დაინტერესდა და თავის მოთხრობებში დეტალური სიზუსტით ასახავდა მათ ყოველდღიურობას.[45] ასეთი მოთხრობებია „Kabuliwala“, „Kshudita Pashan“ და „Atithi“.
ლიტერატურა
- ჩხენკელი, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 559.
- ჩხენკელი, თ., რაბინდრანათ თაგორი, თბილისი, 1961
- Tagore, Rabindranath (1952), Collected Poems and Plays of Rabindranath Tagore, Macmillan Publishing (გამოქვეყნების თარიღი: January 1952), ISBN 978-0-02-615920-3
- Tagore, Rabindranath (1984), Some Songs and Poems from Rabindranath Tagore, East-West Publications, ISBN 978-0-85692-055-4
- Tagore, Rabindranath; Alam, F. (editor); Chakravarty, R. (editor) (2011), The Essential Tagore, Harvard University Press (გამოქვეყნების თარიღი: 15 April 2011), p. 323, ISBN 978-0-674-05790-6
რესურსები ინტერნეტში
- რაბინდრანათ თაგორის ბიოგრაფია ენციკლოპედია ბრიტანიკაში
- რაბინდრანათ თაგორის ბიოგრაფია ნობელის პრემიის ოფიციალურ საიტზე
- რაბინდრანათ თაგორი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
- რაბინდრანათ თაგორის ნამუშევრები
- რაბინდრანათ თაგორის ნამუშევრები — პროექტი გუტენბერგი
- რაბინდრანათ თაგორის ლირიკული სიმღერები ვ. ანჯაფარიძის და ე. მანჯგალაძეს შესრულებით
- რაბინდრანათ თაგორი - „თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს...“