ბანგკოკი

ბანგკოკი (ოფიციალურად ტაი. กรุงเทพมหานคร კრუნ თხეფ მაჰა ნახონი[2] — სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ) — ტაილანდის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ჩაო-ფრაიას ნაპირებზე, ტაილანდის ყურესთან. ბანგკოკის ფართობი 1,4668 კმ²-ია. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 280 925 ადამიანს შეადგენდა;[1] მისი კოორდინატებია: ჩ. გ. 13°45 და ა. გ. 100°31.

ბანგკოკი
กรุงเทพมหานคร
დროშაგერბი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 13°45′00″ ჩ. გ. 100°31′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 100.51667° ა. გ. / 13.75000; 100.51667
მმართველი Chadchart Sittipunt
დაარსდა 21 აპრილი, 1782
ფართობი 1,568.737 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 მეტრი
მოსახლეობა 8 280 925[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5,258.60 კაცი/კმ²
აგლომერაცია 14,565,520
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 10###
ოფიციალური საიტი bma.go.th
ბანგკოკი — ტაილანდი
ბანგკოკი

ბანგკოკი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება სინგაპურსა და ჰონკონგს. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ღირშესანიშნაობებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობას სხვა დანარჩენთან ფაქტორებთან ერთად ასევე შედარებითი სიიაფეც განაპირობებს. ბანგკოკი მუდმივად ხვდება ტურისტული დანიშნულების ადგილების საერთაშორისო რეიტინგების სათავეებში. მისი მთავარი ღირშესანიშნაობებია წითელი ფარნების კვარტალები, დიდი სასახლე და ბუდისტური ტაძრები.

ისტორია

XVII საუკუნის ბანგკოკის რუკა

ბანგკოკის ისტორია XV საუკუნეში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შედეგადაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.

ბანგკოკის ეკომომიკა თანდათანობით საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებით იზრდებოდა, თავდაპირველად ჩინეთთან, ხოლო XIX საუკუნიდან – ევროპელ ვაჭრებთან. ბანგკოკი სიამური მოდერნიზაციის ცენტრს წარმოადგენდა. მეფეებმა, რამა IV-მ და რამა V-მ ქალაქში მრავალი სიახლე დანერგეს, რომელთა შორისაც იყო ორთქლის ძრავა, საბეჭდი მანქანა, რკინიგზა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, ფორმალური განათლება და ჯანდაცვა. ბანგკოკი დაპირისპირების სარბიელს წარმოადგენდა სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას შორის 1932 წელს, როცა ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია გაუქმდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბანგკოკში აშშ-მ და გაერთიანებული სამეფომ საჰაერო დაბომბვები განახორციელეს, რადგანაც ტაილანდი იაპონიის მოკავშირე ქვეყანა იყო. ომის შემდგომ პერიოდში ქალაქი აშშ-ს დახმარებისა და მთავრობის დაფინანსების საშუალებით მალევე აღადგინეს. არაპროპორციულმა ურბანულმა განვითარებამ შემოსავლის უთანასწორობა და მოსახლეობის სოფლებიდან დედაქალაქში მიგრაცია განაპირობა. 1960-იან წლებში ბანგკოკის მოსახლეობა 1.8 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.

ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ ბანგკოკში ინვესტიციების ჩადება დაიწყო. ამის შედეგად გაფართოვდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რამაც ქალაქის ფინანსური ზრდა განაპირობა,[3] რომელიც დიდი წარმატებით გრძელდებოდა 1980-იან და 1990-იან წლებში. ბანგკოკის ეკონომიკური ზრდა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, რომელმაც ქალაქში მრავალი საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა წარმოშვა.

ქალაქი დღევანდელი სახით 1972 წელს, ბანგკოკის მეტროპოლიტურ ადმინისტრაციასთან ერთად დაარსდა.

მთავრობა

ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია, რომლის მეთაურიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. ადმინისტრაცია ორ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებად იყოფა, ესენია: ბანგკოკის მთავრობა და ბანგკოკის მეტროპოლიტური საბჭო. მთავრობის მეთაურია ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის მდივანი. საბჭოს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს ერთი ან მეტი წარმომადგენელი ჰყავს. 2014 წელს, ტაილანდის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბანგკოკში ყველა ადგილობრივი არჩევნები გაუქმდა და ამავე წლის 15 სექტემბერს საბჭოს წევრები მთავრობამ დანიშნა.[4]

ბანგკოკი 5 რაიონად და 180 ქვერაიონადაა დაყოფილი. თითოეულ რაიონს მთავრობის მიერ დანიშნული მოხელე ხელმძღვანელობს. რაიონული საბჭოები, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევიან, რაონის ხელმძღვანელის საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას ასრულებენ.

ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, ტრანსპორტზე, ნარჩენების მართვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე.[5] ადმინისტრაცია ექვს დეპარტამენტადაა დაყოფილი, რომლებიც მისი პასუხისმგებლობების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს.

ბანგკოკში ქვეყნის ყველა სახელისუფლებო ორგანოა განლაგებული, ესენია: მთავრობა, პარლამენტი და უზენაესი, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოები.

გეოგრაფია

მდინარე ჩაო ფრაია და მისი არხები

ბანგკოკის ფართობია 1,568.7 კმ², რითაც ტაილანდის პროვინციებს შორის 69-ე ადგილს იკავებს. ქალაქის ურბანული სივრცე 700 კმ²-ზეა გადაჭიმული.

ბანგკოკი ტაილანდის ცენტრალურ ვაკეზე, მდინარე ჩაი ფრაიას ნაპირებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრში ტაილანდის ყურეში ჩაედინება. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1.5 მეტრია.[6] ბანგკოკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჭაობებით იყო დაფარული, რომლებიც თანდათანობით ამოშრა, რის შემდეგაც სარწყავი მიზნით არხები გაიყვანეს. დღეისათვის არხების უმრავლესობა საკმაოდ დაბინძურებულია; ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ რამდენიმე მათგანის გასაწმენდად სპეციალური სამუშაოები ჩაატარა.

XIX საუკუნემდე, სანამ ქალაქში გზებს გაიყვანდნენ, ნაოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და მოსახლეობის უმეტესობა მდინარის ნაპირას ცხოვრობდა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ XIX საუკუნეში ბანგკოკს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებდნენ.[7]

კლიმატი

ბანგკოკში ტროპიკული სავანის ჰავაა. წლის განმავლობაში ქალაქში ძირითადად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყველაზე ცივი თვეა დეკემპერი, რომლის საშუალო ტემპერატურა 22.0 °C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აპრილია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 35.4 °C-ია. ქალაქისთვის დამახასიათებელია სამი სეზონი: ცხელი, წვიმიანი და ცივი. წვიმიანი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ხოლო ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ბანგკოკში რეკორდული ტემპერატურული მაქსიმუმი – 40.1 °C 2013 წლის მარტში დაფიქსირდა,[8] ხოლო მინიმუმი – 9.9 °C 1955 წლის იანვარში.[9]

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ჯგუფის მეცნიერები მსოფლიოს დიდი ქალაქების, მათ შორის ბანგკოკის კლიმატურ მონაცემების ანალიზს აკეთებენ. 1960 წელს ქალაქში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა ერთი წლის განმავლობაში 193 დღის მანძილზე დაფიქსირდა. 2018 წელს ასეთი დღეების რიცხვმა 276-ს მიაღწია. NASA-ს მეცნიერთა პროგნოზით, 2100 წლისთვის ბანგკოკში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა 297-დან 344 დღემდე დაფიქსირდება.[10]

დემოგრაფია

ბანგკოკის ჩინური კვარტალი

2018 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქალაქში საცხოვრებლად ტაილანდის სხვა პროვინციებიდანაა გადასული.[11] 2010 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის მცხოვრებთა რიცხვი 14,6 მილიონია.

ბანგკოკი კოსმოპოლიტური ქალაქია. აზიის ქვეყნებიდან ქალაქში 567,120 ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის 71,024 ჩინეთიდან და 63,069 იაპონიიდან, 88,177 – ევროპიდან, 32,241 – ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, 5,856 – ოკეანეთიდან და 5,758 – აფრიკიდან. მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსულ ემიგრანტებს შორის 216,528 ბირმელია, 72,934 კამბოჯელი და 52,498 ლაოსელი.[12] 2018 წელს ბანგკოკის დასაქმების დეპარტამენტში 370,00-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა.

ქალაქში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. მისი მიმდევარი მოსახლეობის 91%-ია. დანარჩენ რელიგიებს შორისაა ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი, სიქიზმი და კონფუციანიზმი.[13]

ეკონომიკა

ბანგკოკი ტაილანდის ეკონომიკური და საინვესტიციო ცენტრია. 2010 წელს, ქალაქმა 3.142 მილიარდი ბატის ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 29.1%-ს შეადგენდა, ხოლო ბანგკოკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 456,911 ბატი იყო, რაც ტაილანდის საშუალო მაჩვენებელს – 160,556 ბატს თითქმის სამჯერ აღემატებოდა. ამავე წელს ბანგკოკის მეტროპოლიტურმა რეგიონმა 4.773 მილიარდი ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 44.2%-ს შეადგენდა.[14] ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით აზიის ქალაქებს შორის ბანგკოკი მეექვსე ადგილს იკავებს.[15]

ბანგკოკის ეკონომიკის წამყვანი სექტორი საბითუბო და საცალო ვაჭრობაა, რომელიც ქალაქის მშპ-ს 24%-ს გამოიმუშავებს. მას მოჰყვება წარმოების სფერო, რომელზედაც მშპ-ს 14.3% მოდის; უძრავი ქონება, გაქირავება და ბიზნეს საქმიანობა (12.4%); და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (11.6%). ბანგკოკში ტაილანდის სერვისის სექტორის შემოსავლის 48.4% გამომუშავდება, რაც ქვეყნის მშპ-ს 49%-ია. ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი წარმოების სფეროს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის მშპ-ს 28.2%-ს გამოიმუშავებს. ბანგკოკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამმართველი ძალაა ტურიზმი. 2010 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 425.7 მილიარდი ბატი იყო.

ბანგკოკი ალფა კატეგორიის გლობალური ქალაქია და გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის სიაში 59-ე ადგილს იკავებს.[16][17]

ბანგკოკში ტაილანდის ყველა კომერციული ბანკის შტაბ-ბინები, ფინანსური ინსტიტუციები და ქვეყნის უდიდესი კომპანიები მდებარეობს. აგრეთვე ქალაქში ოფისი აქვს მრავალ საერთაშორისო კომპანიას. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში Forbes 2000 ბანგკოკში დაარსებული 17 კომპანია შედის.[18]

2010 წლის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბანგკოკის მოსახლეობის 0.64% ცხოვრობდა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 7.75% იყო.[19] ქალაქში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელია, 0.48-ს უდრის.[20]

ტურიზმი

ბანგკოკი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული დანიშნულების ადგილია. ქალაქში განვითარებულია როგორც გარე, ასევე შიდა ტურიზმი. 2010 წელს ბანგკოკს 26,861,095 ტაილანდელი და 11,361,808 უცხოელი მნახველი ეწვია. ამ წელს ტურისტებმა ქალაქის სასტუმრო ნომრების 49.9% იქირავეს.[21] 2010-დან 2013 წლამდე ბანგკოკი ჟურნალის Travel + Leisure გამოკითხვაში „მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად“ ზედიზედ 4-ჯერ დასახელდა.[22] 2016 წელს ბანგკოკი „ევრომონიტორის“ საუკეთესო სამიზნე ქალაქების სიაში მეოთზე ადგილზე გავიდა.[23] 2017 წელს ქალაქი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშულებია ადგილების მრავალი რეიტინგის სათავეში მოხვდა.[24][25][26][27] 2018 წლის MasterCard-ის გლობალური სამიზნე ქალაქების ინდექსში ბანგკოკმა მსოფლიოს 162 ქალაქს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლონდონის შემდეგ, რომელსაც 2017 წელს 20 მილიონზე მეტი მნახველი ესტუმრა.[28]

ჯანდაცვა

ბანგკოკის უძველესი საავადმყოფო, რომელიც 1888 წელსაა დაარსებული

ბანგკოკში 42 საჯარო საავადმყოფო, მათ შორის 5 საუნივერსიტეტო, 98 კერძო საავადმყოფო და 4,063 რეგისტრირებული კლინიკაა.[29] ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი 9 საჯარო საავადმყოფოს მართავს.

განათლება

ბანგკოკი ტაილანდის საგანმანათლებო ცენტრია. ქალაქში პირველი სკოლები XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა, ხოლო დღეისათვის მათი რიცხვი 1,352-ია. ტაილანდის უნივერსიტეტთა უმრავლესობა ბანგკოკში მდიბარეობს, მათ შორისაა ქვეყნის ხუთი უძველესი უნივერსიტეტი, რომლებიც 1917-დან 1943 წლამდე პერიოდში დაარსებული.

ბანგკოკში 1960-იან წლებში, 10-დან 19 წლამდე სკოლის მოსწავლეთა 60-70% ქალაქში საშუალო განათლების მისაღებად იყო ემიგრირებული.

კრიმინალი და უსაფრთხოება

ბანგკოკის მეტროპოლიტური პოლიციის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს ყველაზე გავრცელებული დანაშაული სახლის გატეხვა იყო, რომლის 12.347 შემთხვევა დაფიქსირდა. მას მოჰყვებოდა მოტოციკლის ქურდობის 5,504, თავდასხმის 3,694 და ფულის მითვისების ან გაფლანგვის 2,836 შემთხევა. ამავე წელს სერიოზულ დანაშაულებს შორის დაფიქსირდა 183 მკვლელობის, 81 ჯგუფური ძარცვის, 265 ძარცვის, 1 მოტაცებისა და 9 ცეცხლის წაკიდების შემთხვევა. 2007 წელს ტაილანდში იუსტიციის სამინისტრომ კრიმინალის მსხვერპლთა კვლევა ჩატარდა, რომელშიც გამოკითხული ოჯახების 2.7%-მა განაცხადა, რომ კრიმინალური დანაშაული მსხვერპლი იყო.[30]

ბანგკოკში ძირითად საშიშროებას ავტოსაგზაო შემთხვევები წარმოადგენს. 2010 წელს ქალაქში 37,985 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 16,602 ადამიანი დაშავდა და 456 დაიღუპა, ხოლო ფულადმა ზარალმა 446.42 მილიონი ბატი შეადგინა. ფატალურ შემთხევათა წილი ქალაქში შედარებით დაბალია. 2010 წელს, ბანგკოკში ქვეყანაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევევათა 50.9% დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქზე ფატალურ შემთხევათა მხოლოდ 6.2% მოდიოდა.[31] ბანგკოკში აგრეთვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ცოფიანი ქუჩის ძაღლები, რომელთა რიცხვიც 300,000-ზე მეტია.[32] დედაქალაქის საავადმყოფოებს ყველაზე ხშირად სწორედ ქუჩის ძაღლების ნაკბენის სამკურნალოდ აკითხავენ.[33]

საერთაშორისო ურთიერთობები

ბანგკოკში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბ-ბინა მდებარეობს. ქალაქში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისია განლაგებული, ესენია: გაეროს აზიისა და წყარი ოკეანის რეგიონის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და გაეროს ბავშვთა ფონდი.[34]

დაძმობილებული ქალაქები

ბანგკოკი დაძმობილებულია 19 ქვეყნის 28 ქალაქთან.[35] ესენია:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი