ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)

ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონის დასავლეთ ნაწილში, პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბი დაარსდა 1895 წელს, როგორც Thames Ironworks F.C., ხოლო 1900 წელს კი სახელი გადაერქვა და მოიხსენიება, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. 1904 წელს გუნდმა თამაში დაიწყო აპტონ პარკზე. საწყის ეტაპზე ისინი მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთისა და დასავლეთის საფეხბურთო ლიგებში, რის შემდეგაც 1919 წელს შეუერთდნენ ინგლისის საფეხბურთო ლიგას და 1923 წელს აღზევდნენ კიდეც უმაღლეს დივიზიონში. ამავე წელს კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, რომელიც გაიმართა უემბლიზე „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ. ეს იყო პირველი მატჩი, რომელსაც უემბლიმ უმასპინძლა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი
სრული სახელი West Ham United Football Club
მეტსახელი The Hammers, The Irons
The Academy of Football
დაარსდა 1895, როგორც Thames Ironworks
სტადიონი ლონდონის ოლიმპიური სტადიონი (2016-)
(ტევადობა: 57,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი დეივიდ სალივანი 55.6%
დეივიდ გოლდი 30.6%
CB Holding Ltd. 10%
Minority Investors 3.8%
მწვრთნელი ხორვატიის დროშა სლავენ ბილიჩი
კაპიტანი ინგლისის დროშა მარკ ნობლი
ლიგა პრემიერლიგა
2020-21 მე-6 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

1940 წელს გუნდმა მოიგო ე.წ. ომის თასი, რომელიც თამაშდებოდა 1939–დან 1945 წლის ჩათვლით და იყო ინგლისის ასოციაციის თასის შემცვლელი. რაც შეეხება სახელდობრ ასოციაციის თასს, ის „ვესტ ჰემს“ მოგებული აქვს სამჯერ: 1964, 1975 და 1980 წლებში, ხოლო ორჯერ კი იყო ფინალისტი: 1923 და 2006 წლებში. 1965 წელს "ჩაქუჩებმა" მოიგეს ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს კი ინტერტოტოს თასი. ვესტ ჰემი ერთ–ერთია იმ რვა ინგლისური კლუბიდან, რომელსაც ინგლისის რანგით მეორე ლიგაზე ქვემოთ არ უთამაშია; თუმცაღა, დანარჩენი შვიდი კლუბისაგან განსხვავებით, ლონდონელებს უმაღლესი ლიგა არასოდეს მოუგიათ. მათ მიერ პირველ დივიზიონში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია, რომელსაც "ჩაქუჩებმა" 1985–86 წლების სეზონში უწიეს.

„ვესტ ჰემის“ სამმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარმატებაში. იმ პერიოდის ინგლისის ნაკრების კაპიტანი ბობი მური იყო, ხოლო ფინალში კი გოლები "ჩაქუჩების" ფეხბურთელებმა, ჯეფ ჰერსტმა და მარტინ პიტერსმა გაიტანეს.

ისტორია

წარმოშობა

თემზ აირონვორქსის პირველი ფოტო, 1895 წელი.

კლუბი დაარსდა 1895 წელს, სახელწოდებით „Thames Ironworks F.C.“. მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. გუნდი სამოყვარულო იყო და მასში კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თამაშობდნენ: თომას ფრიმანი (გემის მეხანძრე), უოლტერ პარკსი (მდივანი), ტომ მანდი, უოლტერ ტრენტერი და ჯეიმზ ლინდსი (საორთქლე ლითონის ქვაბების მწარმოებლები), უილიამ ჩემპენი, ჯორჯ სეიჯი, უილიამ ჩემბერლენი და ჩარლი დოუვი.

„თემზ აირონვორქსი“ პირველი კლუბი იყო, რომელმაც 1895 წელს ვესტ ჰემის საქველმოქმედო თასი მოიგო. მოგვიანებით, 1897 წელს კი გუნდმა ლონდონის ლიგაშიც მიაღწია წარმატებას. 1898 წელს „თემზ აირონვორქსი“ იქცა პროფესიონალურ კლუბად, შეუერთდა სამხრეთის ლიგის მეორე დივიზიონს და პირველივე მცდელობაზე აღზევდა პირველ დივიზიონში. მომდევნო წელს მათ ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი–ოფში იოლად გაუმკლავდნენ თანაქალაქელ „ფულემს“, 1900 წლის აპრილში მოუგეს 5–1 და ამ გზით შეინარჩუნეს ადგილი პირველ დივიზიონში.

1899 წლიდან გუნდის ტრადიციული საშინაო ფორმა არის ბორდოსფერი მაისური და ცისფერი შორტი, რომელსაც იმ პერიოდში „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები ატარებდნენ. ბირმინგემული კლუბი ინგლისის იმ წლის ჩემპიონი იყო.

1900 წლის ივნისში კლუბის მართვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო „თემზ აირონვორქსი“ დაიშალა, თუმცა ძალიან მალევე, 1900 წლის 5 ივლისს ახლიდან წარმოიშვა, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი სიდ კინგი იყო, რომელსაც ასისტენტობას მომავალი მთავარი მწვრთნელი ჩარლი პეინტერი უწევდა. მაშინდელ გუნდში მუშათა და ხელოსანთა თამაშის გამო, „ვესტ ჰემ“ი მედიასა და ფანებში ახლაც იწოდება, როგორც "რკინები" და "ჩაქუჩები", ხოლო გუნდის დღევანდელ ლოგოს კი ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი ამშვენებს.

ვესტ ჰემ იუნაიტედის დაბადება

„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ 1901 წლის სეზონისათვის შეუერთდა დასავლეთის ლიგას, თუმცა სამხრეთის ლიგის პირველ დივიზიონშიც განაგრძობდა ასპარეზობას. 1907 წელს კლუბმა დასავლეთის ლიგის 1B დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო შემდეგ კი 1A დივიზიონის ჩემპიონი „ფულემი“ დაამარცხა, რითაც სრულიად დასავლეთის ლიგის ჩემპიონად იქცა.

ახლადშექმნილი კლუბი საშინაო თამაშებს კვლავ პლაისტოუში მდებარე მემორიალ გრაუნდსზე ატარებდა, რომელიც საშინაო მოედნად არნოლდ ჰილსის პერიოდიდან ითვლებოდა. თუმცა 1904 წელს ვესტ ჰემის მფლობელობაში გადავიდა აპტონ პარკზე მდებარე მოედანი, რომელიც იმ პერიოდში ბოლეინ გრაუნდად იწოდებოდა.

„ვესტ ჰემის“ პირველი საშინაო მატჩი აპტონ პარკზე ადგილობრივი მტრის, „მილუოლის“ (რომელიც კონკურენტი მეტალურგიული ქარხნის გუნდს წარმოადგენდა) წინააღმდეგ შედგა. მოედანზე შეკრებილმა 10 ათასამდე ქომაგმა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება (3–0) იზეიმა.

თეთრი ცხენი "ბილი", 1923 წლის ასოციაციის თასის ფინალის გადამრჩენელი

1919 წელს, კვლავ სიდ კინგის ხელმძღვანელობით, „ვესტ ჰემმა“ ინგლისის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, პირველ თამაშში კი „ლინკოლნ სიტის“ 1–1 დაუზავდა. 1923 წელს „ჩაქუჩები“ პირველ დივიზიონში აღზევდნენ და ამავე წელს ისტორიაში პირველად გავიდნენ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. უემბლიზე გასამართ მატჩში მათ მოწინააღმდეგეს „ბოლტონ უონდერერსი“ წარმოადგენდა. ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც თეთრი ცხენის ფინალი. სახელის წარმოშობის ისტორია შემდეგია: მატჩზე დაახლოებით 200 ათასი ქომაგი შეიკრიბა, ტრიბუნებმა ხალხი ვერ დაიტია და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მოედანზე შევარდა. საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება. ცხენოსან პოლიციელთა შორის კი იყო ჯორჯ სქორი, რომელიც დიდ თეთრ (სინამდვილეში კი ნაცრისფერ) ცხენზე, "ბილიზე" იყო ამხედრებული. სწორედ "ბილიმ" შეიტანა დიდი წვლილი მოედნის ხალხისაგან გასუფთავებაში. მატჩი „ბოლტონის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ პირველ დივიზიონში წარმატებები არ ჰქონია, თუმცა მომდევნო 10 წლის მანძილზე სტაბილურად იყო ამ დივიზიონის წევრი და 1927 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გააღწია.

1932 წელს გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა და სიდ კინგი გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. კინგმა 32 წელი გაატარა ვესტ ჰემის სამსახურში: 1899–დან 1903 წლამდე ის ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდეგ კი მწვრთნელი. მის შემცვლელად მისივე ასისტენტი, ჩარლი პეინტერი დასახელდა. პეინტერი გუნდის მწვრთნელად 1950 წლამდე მუშაობდა და ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ვესტ ჰემმა დაახლოებით 480–მდე მატჩი გამართა.

კლუბმა მომდევნო 30 წელი მეორე დივიზიონში გაატარა ჯერ პეინტერის, შემდეგ კი ყოფილი ფეხბურთელის, ტედ ფენტონის ხელმძღვანელობით. სწორედ ფენტონმა მოახერხა და 1958 წელს გუნდი კიდევ ერთხელ მიიყვანა პირველ დივიზიონამდე.

დიდების წლები

1961 წელს ტედ ფენტონის შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონ გრინვუდი დაინიშნა და სწორედ მას უკავშირდება კლუბის პირველი წარმატებები როგორც ინგლისში, ისე ევროარენაზე. კერძოდ, გრინვუდის მიერ გაწვრთნილმა ვესტ ჰემმა 1964 წელს ინგლისის ასოციაციის თასის, ხოლო 1965 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სამი წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ვესტ ჰემიდან იყო: გუნდის კაპიტანი ბობი მური; მარტინ პიტერსი (რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა); და ჯეფ ჰერსტი, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ–თრიქის ავტორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში.

"ჩემპიონების" ძეგლი ბარქინგ როუდზე

აპტონ პარკთან ახლოს, ბარქინგ როუდზე, "ჩემპიონების" ძეგლი დგას, რომელიც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირებს გამოსახავს: კერძოდ, აქ არიან ბობი მური, მარტინ პიტერსი, ჯეფ ჰერსტი და „ევერტონის“ ფეხბურთელი რეი უილსონი მსოფლიო თასით ხელში.

1974–75 წლების სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ გრინვუდმა კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა და ისე, რომ ხელმძღვანელობასთან არ შეუთანხმებია, მთავარ მწვრთნელად თავისი ასისტენტი, ჯონ ლაიალი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე მოიტანა – ლაიალის პირველ ოთხ მატჩში გუნდმა 20 გოლის გატანა მოახერხა და 1975 წელს ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო, დამაარცხა რა ფინალში „ფულემი“ ანგარიშით 2–0. იმ დროინდელი „ვესტ ჰემი“ უკანასკნელი გუნდია, რომელმაც ასოციაციის თასის მოგება ისე მოახერხა, რომ შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ინგლისელი ჰყავდა.

ლაიალმა ვესტ ჰემი 1976 წელს კიდევ ერთხელ გაიყვანა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში, თუმცა ლონდონელები ბელგიურ „ანდერლეხტთან“ 4:2 დამარცხდნენ. გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე გრინვუდის ყოფნამ სამ წელიწადზე ნაკლები გასტანა; 1977 წელს მან ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დონ რევი შეცვალა.

აღმასვლა და დაცემა

1978 წელს „ვესტ ჰემი“ კიდევ ერთხელ დაქვეითდა მეორე დივიზიონში, თუმცა ლაიალმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა და გუნდს 1980 წელს კიდევ ერთხელ მოაგებინა ასოციაციის თასი, ფინალში თანაქალაქელი „არსენალის“ დამარცხებით. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის თასი ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობდა. 1981 წელს „ვესტ ჰემი“ პირველ დივიზიონში აღზევდა და მომდევნო სამი სეზონის მანძილზე სტაბილურად ასრულებდა გათამაშებას საუკეთესო ათეულში, ხოლო 1985–86 წლების სეზონში, ისტორიაში ყველაზე მაღალი, მესამე პოზიცია დაიკავა. 1989 წელს „ჩაქუჩები“ კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ და ამას ლაიალის გათავისუფლებაც მოჰყვა.

ლაიალის შემდეგ გუნდი ლუ მაკარიმ ჩაიბარა, რომლის მოღვაწეობაც „ვესტ ჰემში“ წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, რადგან მაკარის „სუინდონ თაუნის“ მწვრთნელობის დროს გარიგებულ მატჩებში სდებდნენ ბრალს. შოტლანდიელი სპეციალისტის შემცვლელად ყოფილი ფეხბურთელი, ბილი ბონდსი დასახელდა. ბონდსის პირველ სრულ სეზონში (1990–91) „ვესტ ჰემმა“ კიდევ ერთხელ მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური. მომდევნო სეზონში „ჩაქუჩები“ კვლავ გავარდნენ, თუმცა 1992 წელს პრემიერლიგის ჩამოყალიბების შემდეგ რანგით მეორე დივიზიონს პირველი ლიგა დაერქვა და ამრიგად, „ვესტ ჰემმაც“ პირველ ლიგაში განაგრძო ასპარეზობა. 1992–93 წლების სეზონში ლონდონელებმა პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და 1993 მაისში პრემიერლიგაში აღზევდნენ.

1993–94 წლების სეზონის შემდეგ ბონდსმა კლუბი დატოვა და მის შემცვლელად ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა სპეციალისტი, ჰარი რედნაპი მოიყვანა. მან 1998–99 წლების სეზონში „ჩაქუჩები“ მეხუთე ადგილზე გაიყვანა, თუმცა გუნდი უეფა-ს თასზე ავტომატურად ვერ მოხვდა და ამის სანაცვლოდ 1999 წელს ინტერტოტოს თასი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რედნაპის ხელში „ვესტ ჰემი“ სტაბილურად თამაშობდა პრემიერ ლიგაში, მასსა და ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის გამო ჰარიმ კლუბი დატოვა და 2001 წელს მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, გლენ როდერი დაინიშნა.

როდერის პირველ სეზონში „ვესტ ჰემი“ მეშვიდე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ რამდენიმე მატჩი დიდი ანგარიშით წააგო (7–1 „ბლექბერნთან“, 5–0 „ევერტონთან“ და 5–1 „ჩელსისთან“). მომდევნო სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 38 თამაშის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან. ქულათა ეს რაოდენობა უმაღლესია, რაც პრემიერლიგიდან დაქევითებულ გუნდს სეზონის ბოლოს დაუგროვებია. როდერი, რომელმაც სეზონის რამდენიმე მატჩი ტვინის სიმსივნის მკურნალობის გამო (საბოლოოდ ის ამ დაავადებისაგან განკურნეს) გამოტოვა, 2003 წლის 24 აგვისტოს გაათავისუფლეს.

როდერის დროებით შემცვლელად გუნდის ლეგენდა, ტრევორ ბრუკინგი დასახელდა, თუმცა სულ რამდენიმე მატჩის შემდეგ, 2003 წლის ოქტომბერში „ვესტ ჰემი“ ალან პარდიუმ ჩაიბარა. პარდიუმ წინა სეზონში „რედინგის“ აღზევება მოახერხა პრემიერლიგაში და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ბოსებსაც ამის ეიმედებოდათ.

„ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები ღიასახურავიანი ავტობუსით აპტონ პარკთან ახლოს 2005 წლის პლეი–ოფის ფინალში გამარჯვებას აღნიშნავენ

პარდიუმ გუნდი ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც „ჩაქუჩები“ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ. მომდევნო წელს „ვესტ ჰემი“ კვლავ გავიდა ფინალში და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა „პრესტონ ნორთ ენდი“ 1–0, რითაც პრემიერლიგაში დაბრუნდა.

უკანასკნელი სეზონები

პრემიერლიგაში დაბრუნებიდან პირველივე სეზონში „ვესტ ჰემი“ მე–9 ადგილზე გავიდა, თუმცა იმ სეზონის მთავარი მოვლენა მაინც ასოციაციის თასის ფინალში გასვლა იყო, სადაც „ჩაქუჩები“ „ლივერპულს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, „ვესტ ჰემმა“ უეფა-ს თასის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან „ლივერპული“ თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგა იყო გასული.

2006 წლის აგვისტოში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ვესტ ჰემმა“ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, ერთდროულად კარლოს ტევესი და ხავიერ მასკერანო გაიფორმა. 2006 წლის ნოემბერში კლუბი ისლანდიურმა ბანკმა შეიძინა, რომელსაც ეგერტ მაგნუსონი მართავდა. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ალან პარდიუ გათავისუფლებული იქნა, ხოლო მის ნაცვლად კი „ჩარლტონის“ ყოფილი დამრიგებელი, ალან კერბიშლი დაინიშნა.

ტევესისა და მასკერანოს ტრანსფერები მოგვიანებით პრემიერლიგამ გამოიძია და მათში დარღვევები აღმოჩნდა. ამ დარღვევებში დამნაშავედ „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ გამოცხადდა და 2007 წლის აპრილში კლუბს 5,5 მილიონი ფუნტის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, „ჩაქუჩები“ ქულების დაკლებას მაინც გადაურჩნენ, რაც მათი პრემიერლიგაში დარჩენის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 2006–07 წლების სეზონის ბოლოს კლუბმა სეზონის უკანასკნელი 9 მატჩიდან 7–ის მოგება მოახერხა (მათ შორის გასვლაზე 1–0 დაამარცხა „არსენალი“ და პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“) და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემმა“ პრემიერლიგაში რესპექტაბელური პოზიცია დაიკავა. იმ წელს გუნდში შვედი ვარსკვლავი, ფრედერიკ ლიუნგბერგი ირიცხებოდა. ახალწვეულებმა, კირონ დაიერმა და კრეიგ ბელამიმ კი სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვეს. სეზონის უკანასკნელი მატჩი აპტონ პარკზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ფრედ, 2–2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვესტ ჰემმა მე–10 ადგილი დაიკავა და მტერ „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ 3 ქულით გაასწრო. ამრიგად, „ჩაქუჩებმა“ ხუთი ადგილით გააუმჯობესეს წინა სეზონის შედეგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პრემიერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე მთელი სეზონის მანძილზე არც ერთხელ არ დამდგარა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო, 2008 წლის 3 სექტემბერს ალან კერბიშლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კერბიშლის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კლუბმა ანტონ ფერდინანდი და ჯორჯ მაკარტნი „სანდერლენდში“ მისი ნებართვის გარეშე გაყიდა. მის შემცვლელად „ვესტ ჰემმა“ ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა მოიყვანა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. ძოლამ გუნდი 2008 წლის 11 სექტემბერს ჩაიბარა და გახდა პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ჩაქუჩებმა“ სეზონი მე–9 ადგილზე დაასრულეს, რითაც წინა სეზონის მიღწევა ერთი პოზიციით გააუმჯობესეს.

2009–10 წლების სეზონი „ვესტ ჰემმ“ა კარგად დაიწყო და მარტ კობლისა და ახლადდანიშნული კაპიტნის, მეთიუ აპსონის გოლებით გასვლაზე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ დაამარცხა. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიგის თასზე „მილუოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს გულშემატკივარს შორის არეულობა და ჩხუბი მოჰყვა. 2009 წლის აგვისტოში ფინანსური კრიზისის გამო ისლანდიელმა მფლობელმა კლუბის საჭირო თანხებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, სანამ ახალი ინვესტორი არ გამოჩნდა. გუნდს დახმარება სპონსორმა, SBOBET-მა გაუწია, რათა სასურველი თავდამსხმელი, ალესანდრო დიამანტი შეეძინა.

ენდი კეროლი, „ვესტ ჰემის“ რეკორდული შენაძენი

კლუბმა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და მთელი წლის მანძილზე ემუქრებოდა პრემიერლიგიდან გავარდნა. თუმცა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე გუნდმა მოახერხა და საკუთარ მოედანზე დაამარცხა „უიგან ატლეტიკი“ 3–2, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 38 მატჩის შემდეგ „ჩაქუჩებმა“ სულ რაღაც 35 ქულის დაგროვება შეძლეს – 7 ქულით ნაკლების, ვიდრე 2002–03 წლების სეზონში, როცა „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგიდან გავარდა.

2010 წლის 11 მაისს, 2009–10 წლების სეზონის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, „ვესტ ჰემმა“ გამოაცხადა, რომ ჯანფრანკო ძოლასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 2010 წლის 3 ივნისს „ჩაქუჩები“ ებრაელმა სპეციალისტმა, ავრამ გრანტმა ჩაიბარა და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა მომდევნო სეზონი ცუდად დაიწყო და ძალიან იშვიათად თუ ხვდებოდა გასავარდნი ზონის გარეთ. ლიგის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 4–0 დამარცხება იშვიათი გამობრწყინება იყო. თუმცა, პრემიერლიგაში გუნდის ცუდ ფორმას გავლენა არ მოუხდენია თასებზე ასპარეზობაზე. ამ სეზონში „ჩაქუჩებმა„ ლიგის თასის ნახევარფინალში გააღწიეს, თუმცა შემდგომში თასის მფლობელ „ბირმინგემ სიტისთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ასოციაციის თასს, აქ „ვესტ ჰემი“ ასპარეზობას მეოთხედფინალში, „სტოკ სიტისთან“ 2–1 წაგების შემდეგ გამოეთიშა.

2011 წლის 15 მაისს გასვლაზე „უიგან ატლეტიკთან“ წაგების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა „ვესტ ჰემის“ დაქვეითება ჩემპიონშიფში. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩს გრანტის გუნდი დემბა ბას დუბლის წყალობით 2–0 იგებდა, თუმცა „უიგანმა“ მოახერხა და დამატებით დროში შარლ ნ'ზოგბიას მიერ გატანილი გოლით 3–2 მოიგო. წაგებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრანტის გათავისუფლება. მის ნაცვლად კლუბი 2011 წლის 1 ივნისს, გამოცდილ ინგლისელ სპეციალისტს, სემ ელერდაისს ჩააბარეს.

ელერდაისის ხელმძღვანელობით „ვესტ ჰემმა“ 2011–12 წლების სეზონში ჩემპიონშიფში 86 ქულას მოუყარა თავი, რითაც მესამე ადგილზე გავიდა და პლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში „ჩაქუჩებმა“ ორი მატჩის ჯამში „კარდიფ სიტი“ 5–0 დაამარცხეს და ფინალში 2012 წლის 19 მაისს უემბლიზე „ბლექპულს“ შეხვდნენ. მატჩში ანგარიში კარლტონ კოულმა გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე „ბლექპულმა“ გაათანაბრა, 87–ე წუთზე რიკარდო ვაზ ტემ გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც ვესტ ჰემს პრემიერლიგის საგზური მოუპოვა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთანავე კლუბმა ყოფილ ფეხბურთელებს, ჯეიმზ კოლინსსა და ჯორჯ მაკარტნის კონტრაქტები გაუფორმა. ამასთან ერთად, გუნდში რეკორდული თანხის სანაცვლოდ მოვიდა მეთ ჯარვისი „ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან“და ენდი კეროლი იჯარით „ლივერპულიდან“. სეზონის პირველი მატჩი 2012 წლის 18 აგვისტოს „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ კევინ ნოლანის გოლის წყალობით „ასტონ ვილასთან“ 1–0 მოიგო. სეზონის პირველი წრის მთავარი მოვლენა საკუთარ მოედანზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, „ჩელსის“ 3–1 დამარცხება იყო, რითაც ელერდაისის შეგირდები მე–8 პოზიციაზე გადავიდნენ. 2013 წლის 22 მარტს „ვესტ ჰემმა“ მიაღწია შეთანხმებას და 99-წლიანი იჯარის წესით მოიპოვა ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც მათი საშინაო არენა 2016–17 წლების სეზონიდან გახდა. ცხრა საშინაო და მხოლოდ სამი გასვლითი გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 2012–13 წლების სეზონში მე–10 ადგილი დაიკავა, თუმცა გასვლით მატჩებში ლიგაში ყველაზე ცოტა, 11 გოლი გაიტანა. 2013 წლის ივნისში გუნდმა კიდევ ერთხელ დაამხო საკუთარი სატრანსფერო რეკორდი და 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ლივერპულისგან“ ენდი კეროლი გამოისყიდა, რომელსაც ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სიმბოლიკა

ლოგო

კლუბის ოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი. მოგეხსენებათ, ეს იარაღი მაშინდელი რკინისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი იყო. ლოგოს მოგვიანებით (დაახლოებით 1903–1904 წლებში) დაემატა სასახლე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ანა ბოლეინის სასახლეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ვერსიით, ლოგოზე სასახლე შესაძლოა კლუბის განვითარებაში ოლდ ქასლ სვიფთსის ფეხბურთელების მიერ შეტანილი წვლილის გამო გამოჩნდა.

ლოგოს ადაპტაცია 90–იანი წლების ბოლოს დიზაინერული კომპანია სპრინგეტ ასოსიეთსის მიერ მოხდა. ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა სტადიონის გარე ფასადის რეკონსტრუქცია დაასრულა, ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა და მასზე გამოსახული სასახლე აპტონ პარკის შესასვლელში მდებარე სასახლეს დაემსგავსა.

ფერები

თავდაპირველად გუნდის ფორმა მუქი ლურჯი ფერის იყო, ვინაიდან „თემზ აირონვორქსის“ მფლობელი, არნოლდ ჰილსი ოქფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. თუმცაღა, ზოგჯერ კლუბის ფეხბურთელები ბორდოსფერ, ცისფერ და თეთრს ფორმებსაც ირგებდნენ.

„ჩაქუჩების“ ტრადიციულ საშინაო ფორმის ფერად 1899 წლის შემდეგ ბორდოსფერი იქცა, ხოლო მკლავები კი ცისფერი ფერის იყო. „თემზ აირონვორქსის“ ფეხბურთელბმა, ჩარლი დოუვმა, „ასტონ ვილას“ მაისური საჩუქრად მამისგან, ბილი დოუვისგან მიიღო. ბილი პროფესიონალი მორბენალი იყო და „თემზ აირონვორქსის“ სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა. ერთხელ ის ვილა პარკზე ოთხ ბირმინგემელ ფეხბურთელს სირბილში გაეჯიბრა და ფულიც მოუგო. ერთ–ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც „ასტონ ვილას“ მაისურების რეცხვაზე იყო პასუხისმგებელი, ბილის ფულის სანაცვლოდ კლუბის ეკიპირება გადასცა. სწორედ ამის მერეა, რომ „ვესტ ჰემისა“ და „ასტონ ვილას“ საშინაო ფორმები თითქმის იდენტურად გამოიყურება.

„თემზ აირონვორქსმა“ და მოგვიანებით „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ საშინაო ფორმის ეს ფერები დღემდე შეინარჩუნეს, თუმცა გასვლითი ფორმის ასეთი ტრადიციული ფერები არ არსებობს.

გულშემატკივრები, ხულიგნობა და მტრობა

გულშემატკივრები

გულშემატკივრები ცნობილი არიან გუნდის ჰიმნის მისამღერის თავისებური თარგმნითა და სიმღერით. „ვესტ ჰემის“ ჰიმნი არის სიმღერა „მე ყოველთვის ვბერავ ბუშტებს“, რომელიც გულშემატკივრებს 20–იან წლებში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩარლი პეინტერმა წარუდგინა. ეს სიმღერა იმ დროს ერთ–ერთი საპნის კომპანიის რეკლამას ედო ფონად, ხოლო თავად რეკლამაში კი პატარა ხუჭუჭა ბიჭი მონაწილეობდა, რომელიც ფეხბურთელ ბილ "ბაბლს" მიურეის განასახიერებდა. მიურეი ადგილობრივი სკოლის გუნდში თამაშობდა, ხოლო ამ სკოლის დირექტორი კი კორნელიუს ბილი იყო. სწორედ კორნელიუს ბილს ეკუთვნის სიმღერის სათაური.

თავად ბილი პეინტერის მეგობარი იყო, ხოლო მიურეი კი იმ დროს „ვესტ ჰემში“ ისინჯებოდა. ამ დამთხვევათა გამო კი კლუბის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, სიმღერა საშინაო მატჩების დაწყების წინ ემღერათ. ხანდახან მისამღერს თავად პეინტერსაც კი ამღერებდნენ ხოლმე.

თუმცა, გულშემატკივრებმა სიმღერის ტექსტში მცირე ცვლილებაც შეიტანეს. მაგალითად, ტექსტის მეორე ხაზში ფრაზა " თითქმის აღწევენ ცამდე " შეიცვალა " ისინი აღწევენ ცამდე ", ხოლო " შემდეგ კი ჩემი ოცნებებივით " შეიცვალა, როგორც "და ჩემი ოცნებებივით ". დამატებით გულშემატკივრები ტექსტის ბოლოს "იუნაითედ!"–საც გაჰყვირიან ხოლმე.

დღესდღეობით, საშინაო მატჩების დაწყებამდე სტადიონზე სიმღერის 1975 წლის ვერსია ისმის, რომელიც ასოციაციის თასის ფინალის დაწყებამდე გუნდის ფეხბურთელებმა შეასრულეს. ტექსტზე, " წარმატება ყოველთვის იმალება " მუსიკა ჩერდება და სიმღერას გულშემატკივრები განაგრძობენ ხოლმე.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებმა ინგლისში დიდი ყურადღება მაშინ მიიპყრეს, როდესაც 1998–99 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში დეივიდ ბექჰემს ჯოჯოხეთური საღამო მოუწყვეს. გულშემატკივართა გაბრაზება ბექჰემის წითელმა ბარათმა გამოიწვია, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო სიმეონეს წაქცევისთვის მიიღო. გუნდის გულშემატკივრები თავს მაშინაც გამოიჩენენ ხოლმე, თუ საქმე აპტონ პარკზე ვესტ ჰემის ყოფილი ფეხბურთელის სტუმრობას ეხება. მაგალითად, პოლ ინსს, ფრენკ ლამპარდს, ჯერმეინ დეფოს, კრეიგ ბელამისა და ნაიჯელ რეო–კოკერს გულშემატკივრები სტვენითა და გინებით ხვდებიან, ხოლო თუ სტადიონს მაიკლ კერიკი, რიო ფერდინანდი, ბობი ზამორა ან კარლო ტევესი სტუმრობს, მათ თბილი დახვედრა გარანტირებული აქვთ.

ხულიგნობა

„ვესტ ჰემის“ ფანების კავშირი ორგანიზებულ ძალადობასთან და ხულიგნობასთან სათავეს გასული საუკუნი 60–იანი წლებიდან იღებს, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული პერიოდი მაინც 70–იანი და 80–იანი წლები იყო, როდესაც საფეხბურთო ხულიგნობამ ბრიტანეთში განვითარების პიკს მიაღწია. ხულიგან გულშემატკივართა გაერთიანებას იმ პერიოდში „ფირმები“ ეწოდებოდა, ხოლო ვესტ ჰემის „ფირმას“ კი „ინთერსითი“ ერქვა. „ფირმის“ წევრები კლუბის ატრიბუტიკაზე უარს ამბობდნენ და მატჩებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები მიდიოდნენ, რათა პოლიციისათვის რთულად ცნობადები ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, გასვლი მატჩებზე ისინი „ინთერსითის“ მატარებლებით გადაადგილდებოდნენ და არა სპეციალურად ფანებისთვის გამოყოფილი იაფი მატარებლებით, რომელსაც პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა. „ინთერსითი“ იმ დროს სახელოვანი დაჯგუფება იყო და მათგან პრობლემებს ნებისმიერი გუნდის ფანობა მოელოდა.

მტრობა

„ვესტ ჰემ იუნაიტედს“ განსაკუთრებული მტრობა რამდენიმე კლუბთან აკავშირებს. ამ კლუბთა შორის არიან ჩრდილო ლონდონის წარმომადგენელი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და დასავლეთ ლონდონის წარმომადგენელი „ჩელსი“. „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის მტრობის გაღვივება სხვადასხვა პერიოდებში „ჩაქუჩთაგან“ მაიკლ კერიკის, მარტინ პიტერსის, პოლ ალენის, ჯერმეინ დეფოსა და სკოტ პარკერის „მამლებში“ გადასვლამ, ხოლო „ტოტენჰემის“ მწვრთნელად კი „ვესტ ჰემი“ს ყოფილი დამრიგებლის ჰარი რედნაპის დანიშვნამაც გამოიწვია. 2006–07 წლების სეზონის შემდეგ „ვესტ ჰემს“ მტრული დამოკიდებულება იორკშირის კლუბთან, „შეფილდ იუნაიტედთანაც“ ჩამოუყალიბდა კარლოს ტევესის ტრანსფერის გარშემო ატეხილი ამბების გამო.

"ჩემპიონების" ძეგლი მილუოლის ვიზიტის წინ პოლიციას კონტროლზე ჰყავს აყვანილი, 2009 წლის 25 აგვისტო.

კლუბის უმთავრესი და უძველესი მტერი მეზობელ რაიონში მდებარე „მილუოლია“. მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბები კონკურენტმა გემთმშენებელმა კომპანიებმა დააარსეს. „ვესტ ჰემი“ ყოველთვის უფრო წარმატებული იყო, ვიდრე „მილუოლი“ და ურთიერთშეხვედრებიც ძირითადად „ჩაქუჩთა“ გამარჯვებით სრულდებოდა. თავის დროზე „მილუოლმა“ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებაზე უარი თქვა, მაშინ როცა „ვესტ ჰემი“ გაწევრიანდა, უმაღლეს ლიგაში აღზევდა და იმ წელს ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდა. 20–იანი წლების ბოლოს ისტ ენდის (ვესტ ჰემის ფანები) მიერ წამოწყებულ გაფიცვას აილ ოფ დოგსი (მილუოლის ფანები) არ შეუერთდნენ, რამაც ორ მეზობელ ბანაკს შორის მტრობა კიდევ უფრო გააღვივა და ეს მტრობა დღესაც გრძელდება.

„ვესტ ჰემისა“ და „მილუოლის“ დაპირისპირებებს ხმაურისა და შეხლა–შემოხლის გარეშე არც ბოლო წლებში ჩაუვლია. 2009 წლის 25 აგვისტოს აპტონ პარკზე გამართულ მატჩს გულშემატკივრებს შორის ჩხუბი და ადამიანების დასახიჩრება მოჰყვა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დააკავა.

მეტსახელები

გუნდი და გულშემატკივრები ცნობილნი არიან, როგორც "ჩაქუჩები". ამის უპირველესი მიზეზი კვლავდაკვლავ თეიმზ აირონვორქსია, რომელშიც ხელოსნები და მუშები მუშაობდნენ. ორ გადაჯვარედინებულ ჩაქუჩს კლუბის ლოგოზეც შეხვდებით. ასევე ვესტ ჰემი იწოდება, როგორც "რკინები", "ქოქნი ბოისი", "ფეხბურთის აკადემია", ანაც უბრალოდ "აკადემია".

სტადიონი

„ვესტ ჰემის“ საშინაო არენას 194 წლიდან ბოლეინ გრაუნდი, იგივე აპტონ პარკი წარმოადგენდა, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონის რაიონ ნიუჰემში მდებარეობს. ბოლეინ გრაუნდი 35 016 მაყურებელს იტევს.

კლუბის ყოფილმა მფლობელმა ეგერტ მაგნუსონმა ღიად დააფიქსირა საკუთარი სურვილი იმის შესახებ, რომ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ლონდონის ოლიმპიური სტადიონი „ვესტ ჰემის“ მფლობელობაში გადასულიყო. ამ იდეას მხარი მომდევნო მფლობელებმა, დეივიდ გოლდმა და დეივიდ სალივანმაც დაუჭირეს და განაცხადეს, რომ მთავრობისაგან ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

შედეგად 2013 წლის 22 მარტს ვესტ ჰემი ოფიციალურად გამოცხადდა ოლიმპიური სტადიონი 99-წლიან მეიჯარედ. მთავრობამ კლუბს სტადიონის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონ ფუნტიანი დახმარება აღუთქვა. ოლიმპიურ სტადიონზე კლუბი 2016–17 წლების სეზონის სტარტისთვის გადავიდა.

აპტონ პარკი, ხედი სერ ტრევორ ბრუკინგის ტრიბუნაზე.

ფეხბურთის აკადემია

„ვესტ ჰემი“ ხშირად იწოდება, როგორც "ფეხბურთის აკადემია". ეს წარწერა იყო აპტონ პარკის სარბენ ბილიკზეც. კლუბს ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც 50–იან წლებში ტედ ფენტონმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წარმატებული სისტემა შეიმუშავა და ამას მოჰყვა ინგლისის ნაკრებში „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელების დამკვიდრებაც. იმ პერიოდში კლუბმა ინგლისის ნაკრებს წარმატებული ფეხბურთელები, ბობი მური, მარტინ პიტერსი და ჯეფ ჰერსტი აღუზარდა, ხოლო მოგვიანებით კი ნაკრებში ტრევორ ბრუკინგმა, ელვინ მარტინმა, ტონი კოტიმ და პოლ ინსმაც ითამაშეს.

"ფეხბურთის აკადემია"

90–იან წლებში „ვესტ ჰემში“ კარიერა რიო ფერდინანდმა, ფრენკ ლამპარდმა, მაიკლ კერიკმა, ჯო კოულმა და გლენ ჯონსონმა დაიწყეს და თუ არ ჩავთვლით ჯო კოულს, ახლა ყველანი ე.წ. "დიდი ოთხეულის" კლუბებში თამაშობდნენ. გუნდის ახლანდელ ძირითად გუნდშიც ირიცხება და გუნდის კაპიტანია აკადემიის აღზრდილი მარკ ნოუბლი. 2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემს“ მოედანზე საშუალოდ 6.61 ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იყო პრემიერლიგაში. 2000–დან 2011 წლებამდე კლუბმა რვა ფეხბურთელი აღუზარდა ინგლისის ნაკრებს, რაც იმდენივეა, რამდენიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ერთით ნაკლებია „არსენალზე“. ამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაში უდიდესი როლი აკადემიის მწვრთნელ ტონი კარს მიუძღვის, რომელიც „ვესტ ჰემში“ 1973 წლის შემდეგ მუშაობს.

შემადგენლობა

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  ირლანდიადარენ რენდოლფი
2მცველი  ახალი ზელანდიაუინსტონ რიდი (ვიცე–კაპიტანი)
3მცველი  ინგლისიაარონ კრესველი
4ნახევარმცველი  ნორვეგიაჰოვარდ ნორდვეიტი
5მცველი  ესპანეთიალვარო არბელოა
7ნახევარმცველი  ალჟირისოფიან ფეგული
8ნახევარმცველი  სენეგალიშეიხუ კუიატე
9თავდამსხმელი  ინგლისიენდი კეროლი
10ნახევარმცველი  არგენტინამანუელ ლანსინი
11ნახევარმცველი  შოტლანდიარობერტ სნოდგრასი
13მეკარე  ესპანეთიადრიანი
14ნახევარმცველი  ესპანეთიპედრო ობიანგი
15თავდამსხმელი  სენეგალიდიაფრა სახო
16ნახევარმცველი  ინგლისიმარკ ნობლი (კაპიტანი)
17ნახევარმცველი  თურქეთიგიოქჰან თიორე
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
19მცველი  უელსიჯეიმზ კოლინზი
20თავდამსხმელი  განაანდრე აიუ
21მცველი  იტალიაანჯელო ოგბონა
22მცველი  ინგლისისემ ბაირამი
23მცველი  პორტუგალიაჟოზე ფონტე
24თავდამსხმელი  ინგლისიეშლი ფლეტჩერი
25მცველი  კანადადონეილ ანრი
26მცველი  საფრანგეთიარტურ მასუაკუ
28თავდამსხმელი  არგენტინაჯონათან კალიერი
30ნახევარმცველი  ინგლისიმაიკლ ანტონიო
31ნახევარმცველი   შვეიცარიაედმილსონ ფერნანდეში
34მეკარე   შვეიცარიარაფაელ შპიგელი
36ნახევარმცველი  პორტუგალიადომინგუშ კინა
42ნახევარმცველი  ნორვეგიამარტინ სამუელსენი

იჯარით წასული ფეხბურთელები

ყველა მათგანის იჯარის ხელშეკრულება იწურება 2017 წლის 30 ივნისს.შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
29თავდამსხმელი  ესპანეთიტონი მარტინესი („ოქსფორდ იუნაიტედში“)
32მცველი  ინგლისირის ბიორკი („უიგან ატლეტიკში“)
33მცველი  შოტლანდიასტივენ ჰენდრი („ბლექბერნ როვერსი“)
35მცველი  ინგლისირის ოქსფორდი („რედინგში“)
39ნახევარმცველი  ირლანდიაჯოშ კალენი („ბრედფორდ სიტიში“)
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
43ნახევარმცველი  ინგლისიმარკუს ბრაუნი („უიგან ატლეტიკში“)
44ნახევარმცველი  ინგლისიჯორჯ დობსონი („უოლსოლში“)
47მეკარე  ინგლისისეიმ ჰოუესი („ემპტონ ენდ რიჩმონდ ბოროში“)
თავდამსხმელი  ეკვადორიენერ ვალენსია („ევერტონში“)
თავდამსხმელი  ინგლისიჯანაი გორდონი („ნიუპორტ ქაუნთში“)

გუნდის კაპიტნები

თარიღისახელიშენიშვნა
1895 ბობ სტივენსონი
1895–98უცნობია
c.1898–99 უოლტერ ტრენტერი
1899 ტომ ბრედშოუთავის ტრავმის გამო ბრედშოუ შობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა
1899–03 ჩარლი დოუვი
c.1903–04 ერნესტ უოტსი
1904–07 დეივიდ გარდნერი
1907–11 ფრენკ პირსი
1911–15 რომი რენდალი
1915–19არავინპირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა
1919–21უცნობია
c.1921–22 ბილი კოუპი
1922–26 ჯორჯ ქეი
1926–27 ჯეკ ჰებდენი
1927–28უცნობია
1928–29 ტომი ჰოჯსონი
1929–36უცნობია
c.1936–39 ჩარლზ ბიქნელი
1939–45არავინმეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა
1945–47 ჩარლზ ბიქნელიკაპიტნად დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
1947–51 დიკ უოკერიკარიერის დასრულების შემდეგ ის ახალგაზრდა ფეხბურთელების ამუნიციებს ასუფთავებდა
1951–57 მალკოლმ ელისონი1957 წელს მატჩის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა, რის გამოც ფილტვი ამოაჭრეს
1957–60 ნოელ ქენთველიპირველი კაპიტანი ბრიტანეთის საზღვრებს გარედან
1960–61 კენ ბრაუნი
1961–74 ბობი მური
1974–84 ბილი ბონდსი
1984–90 ელვინ მარტინი
1990–92 იან ბიშოპი
1992–93 ჯულიან დიქსი
1993–96 სტივ პოტსი
1996–97 ჯულიან დიქსი
1997–01 სტივ ლომასი
2001–03 პაოლო დი კანიოპირველი კაპიტანი ბრიტანეთის კუნძულების საზღვრებს გარედან
2003 ჯო კოული
2003–05 კრისტიან დეილი
2005–07 ნაიჯელ რეო–კოკერი
2007–09 ლუკას ნილიპირველი კაპიტანი ევროპის საზღვრებს გარედან
2009–11 მეთიუ აპსონი
2011– კევინ ნოლანი

წლის ჩაქუჩი

ქვემოთ მოცემულია "წლის ჩაქუჩის" გამარჯვებულთა სია. ამ პრიზით ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ვესტ ჰემის წლის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებენ. ტრევორ ბრუკინგი არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოთი ზედიზედ სამი წლის მანძილზე დაჯილდოვდა (1976, 1977 და 1978 წლებში). ეს მიღწევა სკოტ პარკერმა გაიმეორა 2009–2011 წლებში. ბრუკინგმა კარიერის მანძილზე "წლის ჩაქუჩის" პრიზი ყველაზე მეტჯერ, 5–ჯერ მოიპოვა (1972, 1976, 1977, 1978 და 1982 წლებში). ბობი მურს, ბილი ბონდსს და ჯულიან დიქსს ჯილდო ოთხჯერ აქვთ მოპოვებული.

ბობი მურმა მეორე ადგილი ოთხჯერ დაიკავა, ხოლო ბილი ბონდსმა და ტონი კოტიმ – სამჯერ.

ბილი ბონდსი და ტრევორ ბრუკინგი ცნობილი არიან იმ მიღწევით, რომ პირველი და უკანასკნელი ჯილდოს მოპოვებისთვის ყველაზე დიდი დრო დასჭირდათ. ბონდსს პირველსა და უკანასკნელ ჯილდოს შორის 16 წელი აშორებს, ხოლო ბრუკინგს – 12.

წელიგამარჯვებულიმეორე ადგილი
1958 ენდი მალკოლმი
1959 კენ ბრაუნი
1960 მალკოლმ მასგროუვი
1961 ბობი მური
1962 ლოური ლესლი ჯონ დიკი
1963 ბობი მური ჯიმ სტენდენი
1964 ჯონი ბირნი ბობი მური
1965 მარტინ პიტერსი ბობი მური
1966 ჯეფ ჰერსტი მარტინ პიტერსი
1967 ჯეფ ჰერსტი ბობი მური
1968 ბობი მური ტრევორ ბრუკინგი
1969 ჯეფ ჰერსტი ბილი ბონდსი
1970 ბობი მური ბილი ბონდსი
1971 ბილი ბონდსი ბობი მური
1972 ტრევორ ბრუკინგი ბობი ფერგიუსონი
1973 პოპ რობსონი ტრევორ ბრუკინგი
1974 ბილი ბონდსი მერვინ დეი
1975 ბილი ბონდსი მერვინ დეი
1976 ტრევორ ბრუკინგი გრემ პედონი
1977 ტრევორ ბრუკინგი ალან დევონშაირი
1978 ტრევორ ბრუკინგი
1979 ალან დევონშაირი პოპ რობსონი
1980 ელვინ მარტინი რეი სტიუარტი
1981 ფილ პერკსი ჯეფ პაიკი
1982 ელვინ მარტინი ტრევორ ბრუკინგი
1983 ელვინ მარტინი ფილ პერკსი
1984 ტრევორ ბრუკინგი ტონი კოტი
1985 პოლ ალენი ტონი კოტი
წელიგამარჯვებულიმეორე ადგილი
1986 ტონი კოტი ფრენკ მაკევენი
1987 ბილი ბონდსი მარკ უორდი
1988 სტიუარტ რობსონი ბილი ბონდსი
1989 პოლ ინსი ჯულიან დიქსი
1990 ჯულიან დიქსი სტიუარტ სლეიტერი
1991 ლუდეკ მიკლოშკო ჯორჯ პერიში
1992 ჯულიან დიქსი სტივ პოტსი
1993 სტივ პოტსი კევინ კინი
1994 ტრევორ მოურლი სტივ პოტსი
1995 სტივ პოტსი ტონი კოტი
1996 ჯულიან დიქსი იან დაუი
1997 ჯულიან დიქსი სლავენ ბილიჩი
1998 რიო ფერდინანდი სტივ ლომასი
1999 შაკა ჰისლოპი იან პირსი
2000 პაოლო დი კანიო ტრევორ სინკლერი
2001 სტიუარტი პირსი პაოლო დი კანიო
2002 სებასტიენ შემელი ჯო კოული
2003 ჯო კოული ჯერმეინ დეფო
2004 მეთიუ ეთერინგტონი მაიკლ კერიკი
2005 ტედი შერინგემი მარკ ნოუბლი
2006 დენი გებიდონი მერლონ ჰეირვუდი
2007 კარლოს ტევესი ბობი ზამორა
2008 რობერტ გრინი ჯორჯ მაკარტნი
2009 სკოტ პარკერი რობერტ გრინი
2010 სკოტ პარკერი ალესანდრო დიამანტი
2011 სკოტ პარკერი რობერტ გრინი
2012 მარკ ნოუბლი ჯეიმზ ტომკინსი
2013 უინსტონ რიდი იუსი იასკილაინენი
2014 მარკ ნოუბლი ადრიანი
2015 აარონ კრესველი ადრიანი

ხელმძღვანელობა

2012 წლის 12 დეკემბრისთვის.
კლუბის ხელმძღვანელობა/დირექცია
თანამდებობასახელი
მფლობელი დეივიდ სალივანი
მფლობელი დეივიდ გოლდი
ვიცე–პრეზიდენტი კარენ ბრეიდი
აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ჰარისი
აღმასრულებელი დირექტორი ბობ ელისი
მუდმივი საპატიო პრეზიდენტი ტერი ბრაუნი (ყოფილი მფლობელი)
საფეხბურთო მდივანი ლიზ კოული
ფინანსური დირექტორი ნიკ აიგო
ოლიმპიური პროექტის დირექტორი იან ტომპკინსი
ოპერაციების დირექტორი ბენ აილინგვორსი
კომერციული დირექტორი ბერი ვებერი
მედია ხელმძღვანელი გრეგ დემეტრიო
სამწვრთნელო შტაბი
თანამდებობასახელი
მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი
ასისტენტი ნილ მაკდონალდი
პირველი გუნდის მწვრთნელი იან ჰენდონი
მეკარეთა მწვრთნელი მარტინ მარგეტსონი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელინიკ ჰეიქოქი
ფიტნესის მწვრთნელიიმონ სვიფტი
ფიზიოთერაპევტისტინ ვანდენბრუკე
მედიცინის სპეციალისტიენდი როლსი
ექიმირიჩარდ ვეილერი
სამედიცინო ოფიცერიშონ ჰაულეთი
მატჩების ანალიზის ხელმძღვანელიდეივიდ ვუდფაინი
აკადემიის დირექტორი ტონი კარი

მწვრთნელები

ვესტ ჰემს ისტორიის მანძილზე სულ თოთხმეტი მთავარი მწვრთნელი და სამი დროებითი მწვრთნელი ჰყოლია. 1989 წლამდე კლუბს მხოლოდ ხუთი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა. 2008 წელს ჯანფრანკო ძოლას დანიშვნამდე ვესტ ჰემში არასოდეს უმუშავია არაბრიტანელ მწვრთნელს, ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი კი შოტლანდიელი ლუ მაკარი იყო. გუნდის ახლანდელი თავკაცი, სემ ელერდაისი, პოსტზე 2011 წლის ივნისში დანიშნეს.

მწვრთნელიდროებითი მწვრთნელიპერიოდიმოგების %მიღწევები/შენიშვნები
სიდ კინგი1901–3263824814624438.87 მთავარი მწვრთნელი ყველაზე დიდი დროის მანძილზე (31 წელი). ასოციაციის თასის ფინალისტი 1923 წელს.
ჩარლი პეინტერი1932–5048019811616641.25
ტედ ფენტონი1950–6148319210718439.75 მეორე დივიზიონის ჩემპიონი 1957–58 წლების სეზონში.
რონ გრინვუდი1961–7461321516523335.07 ასოციაციის თასის მფლობელი 1964 წელს, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1965 წელს.
ჯონ ლაიალი1974–8970827717625539.12 ასოციაციის თასის მფლობელი 1957 და 1980 წლებში. კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი პოზიცია დივიზიონში (1985–86 წლების სეზონში).
ლუ მაკარი1989–903814121236.84 კლუბის პირველი უცხოელი მწვრთნელი.
რონი ბოისი199010100.00
ბილი ბონდსი1990–9422799616743.61 მოგების უმაღლესი პროცენტი.
ჰარი რედნაპი1994–013271218512137.00 ინტერტოტოს თასის მფლობელი 1999 წელს (ევროთასებზე კვალიფიკაცია).
გლენ როდერი2001–038627233631.40
ტრევორ ბრუკინგი20031494164.29 მოგების უმაღლესი პროცენტი კლუბის დროების მწვრთნელთა შორის.
ალან პარდიუ2003–0616367385841.10 ჩემპიონშიფის პლეი–ოფის გამარჯვებული 2005 წელს, ასოციაციის თასის ფინალისტი 2006 წელს (ევროთასებზე კვალიფიკაცია).
ალან კერბიშლი2006–087128142939.44 პრემიერ ლიგაში მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი (37.10%).
კევინ კინი200810010.00
ჯანფრანკო ძოლა2008–108023213628.75 პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი. მოგების ყველაზე დაბალი პროცენტი ყველა ტურნირზე კლუბის მწვრთნელებს შორის.
ავრამ გრანტი2010–114715122031.91კლუბის პირველი არაევროპელი მწვრთნელი. მოგების ყველაზე დაბალი პროცენტი პრემიერ ლიგაში კლუბის მწვრთნელებს შორის. (18.92%).
კევინ კინი201110010.00
სემ ელერდაისი2011–9340252843.01 ჩემპიონშიფის პლეი–ოფის გამარჯვებული 2012 წელს.

მაისურის სპონსორები და მწარმოებლები

2008 წლის 11 სექტემბერს, ბიბისიმ გამოაცხადა, რომ გუნდის სპონსორი იქსელ გრუფი ადმინისტრაციაში გადავიდა, თუმცა ინდენფენდენტის ჟურნალისტმა, საიმონ კალდერმა განაცხადა, რომ კომპანიის ვებსაიტი კვლავაც იღებდა ფსონებს.

იქსელ გრუფმა საკუთარ საიტზე 2008 წლის 12 სექტემბერს დაადასტურა, რომ კომპანიის მმართველობაში მყოფი 11 კომპანია გაკოტრდა და ადმინისტრაციაში გადავიდა. ეს ჯგუფი შეიცავდა შემდეგ კომპანიებს: XL Airways UK Limited, Excel Aviation Limited, Explorer House Limited, Aspire Holidays Limited, Freedom Flights Limited, The Really Great Holiday Company plc, Medlife Hotels Limited, Travel City Direct და Kosmar Villa Holidays plc. ამ ფაქტს არ უმოქმედია გერმანიისა და საფრანგეთის დივიზიონებში კომპანიის ოპერაციებზე.

2008 წლის 12 სექტემბერს კლუბმა იქსელ გრუფთან კონტრაქტი შეაჩერა.

ამ პერიოდის მანძილზე ფეხბურთელებს მაისურებზე სპონსორის ლოგოს მაგივრად საკუთარი ნომრები ეწერათ. 2008 წლის 3 დეკემბერს ვესტ ჰემმა განაცხადა, რომ კლუბმა სასპონსორო შეთანხმებას მიაღწია ტოტალიზატორების აღმოსავლურ კომპანია SBOBET–თან. კონტრაქტი 2009–10 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი და ძირითადი და სარეზერვო გუნდის ფორმებზე კომპანიის ლოგოს განთავსებას ითვალისწინებდა. 2009 წლის სექტემბერში ვესტ ჰემმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ SBOBET–თან მოქმედი ხელშეკრულება 2013 წლამდე გაგრძელდა და რომ სწორედ SBOBET–ის დახმარებით მოხდა გუნდში იტალიელი ფორვარდის, ალესანდრო დიამანტის მოყვანა.

2013 წელს გუნდის ოფიციალურ სპონსორად ბრიტანული კომპანია ალპარი გამოცხადდა, რომელთან კონტრაქტის თანახმადაც ყოველწლიურად ვესტ ჰემი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს. რაც შეეხება ფორმის მწარმოებელს, ამავე წელს გაფორმდა კონტრაქტი ადიდასთან. გიგანტი გერმანული კომპანია გუნდის ეკიპირებას უახლოესი სამი სეზონის მანძილზე მოახდენს. სხვათა შორის, ეს არის პირველი შემთხვევა 1987 წლის შემდეგ, როდესაც ვესტ ჰემის მაისურებს ადიდასი შეკერავს.

პერიოდიფორმის მწარმოებელისპონსორი
1976–80ადმირალიარავინ
1980–83ადიდასი
1983–87ეივიქო თრასთი
1987–89სქორლაინი
1989–93ბუკტაბიეისი ვინდოუსი
1993–97პონი ინთერნეიშნლიდაგენჰემ მოთორსი
1997–98არავინ
1998–99დრ. მარტენსი
1999–03ფილა
2003–07რიბოკიჯობსერვი
2007–08უმბროიქსელ გრუფი
2008–10ესბიობეთი
2010–13მაკრონი
2013–ადიდასიალპარი

ტიტულები

სტატისტიკა და რეკორდები

დასწრებადობა

  • უდიდესი დასწრებადობა ლიგაში: 42 322 v ტოტენჰემ ჰოთსპური, პირველი დივიზიონი, 1970 წლის 17 ოქტომბერი
  • უმცირესი დასწრებადობა ლიგაში: 4 373 v დონკასტერ როვერსი, მეორე დივიზიონი, 1955 წლის 24 თებერვალი

ტრანსფერები

სარეკორდო შედეგები და მატჩები

გამარჯვებები

  • ლიგა:
  • პრემიერ ლიგა :
    • სახლი: 6–0 v ბარნსლი 1998 წლის 10 იანვარი
    • გასვლა: 5–0 v დერბი ქაუნთი 2007 წლის 10 ნოემბერი
  • მეორე დივიზიონი :
    • სახლი: 8–0 v როტერჰემ იუნაიტედი 1958 წლის 8 მარტს
    • გასვლა: 6–0 v ლესტერ სიტი 1923 წლის 15 თებერვალს
  • ასოციაციის თასი :
    • სახლი: 8–1 v ჩესტერფილდი (რდ. 1) 1914 წლის 10 იანვარი
    • გასვლა: 5–0 v ჩეთჰემ თაუნი (რდ. 5) 1903 წლის 28 ნოემბერს
  • ლიგის თასი :
    • სახლი: 10–0 v ბერი (რდ. 2 წრე 2) (12–1 ჯამში) 1983 წლის 25 ოქტომბერს
    • გასვლა: 5–1 v კარდიფ სიტი (ნახ. ფინალი წრე 2) (10–3 ჯამში) 1966 წლის 2 თებევრალს
    • გასვლა: 5–1 v უოლსოლი (რდ. 2) 1967 წლის 13 სექტემბერს
  • ევროპის თასების მფლობელთა თასი :
    • სახლი: 5–1 v კასტილია (რდ. 1 წრე 1) (6–4 ჯამში) 1980 წლის 1 ოქტომბერს
    • გასვლა: 2–1 v ლოზანა (კვ. წრე 2) (6–4 ჯამში) 1965 წლის 16 მარტს
  • უეფას თასი :
    • სახლი: 3–0 v ოსიეკი (რდ. 1 წრე 1) 1999 წლის 16 სექტემბერს
    • გასვლა: 3–1 v ოსიეკი (რდ. 1 წრე 2) 1999 წლის 30 სექტემბერს

დამარცხებები

  • ლიგა:
  • პირველი დივიზიონი:
    • სახლი: 2–8 v ბლექბერნ როვერსი 1963 წლის 26 დეკემბერს
    • გასვლა: 0–7 v ევერტონი 1927 წლის 22 ოქტომბერს
    • გასვლა: 0–7 v შეფილდ უენსდი 1959 წლის 28 ნოემბერს
  • მეორე დივიზიონი:
    • სახლი: 0–6 v შეფილდ უენსდი 1951 წლის 8 დეკემბერს
    • გასვლა: 0–7 v ბარნსლი 1919 წლის 1 სექტემბერს
  • ასოციაციის თასი:
    • სახლი: 1–5 v ჰადერსფილდ თაუნი (რდ. 3 გადათამაშება) 1960 წლის 13 იანვარს
    • გასვლა: 0–6 v მანჩესტერ იუნაიტედი (რდ. 4) 2003 წლის 26 იანვარს
  • ლიგის თასი:
    • სახლი: 2–5 v ბარნსლი (რდ. 2 წრე 2) 1987 წლის 6 ოქტომბერს
    • გასვლა: 0–6 v ოლდჰემ ატლეტიკი (ნახ. ფინალი წრე 1) 1990 წლის 14 დეკემბერს
  • ევროპის თასების მფლობელთა თასი:
    • სახლი: 1–4 v დინამო თბილისი (მეოთხედფინალი წრე 1) (2–4 ჯამში) 1981 წლის 4 მარტს
    • გასვლა: 2–4 v დენ ჰააგი (მეოთხედფინალი წრე 1) (5–5 ჯამში, ვესტ ჰემი გავიდა გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით) 1976 წლის 3 მარტს
    • ნეიტრალური: 2–4 v ანდერლეხტი (ფინალი) 1976 წლის 5 მაისს
  • უეფას თასი:
    • სახლი: 0–1 v პალერმო (რდ. 1 წრე 1) 2006 წლის 14 სექტემბერს
    • გასვლა: 0–3 v პალერმო (რდ. 2 წრე 2) 2006 წლის 28 სექტემბერს

ყველაზე ბევრი და ყველაზე ცოტა

  • სახლი:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი საშინაო გამარჯვება: 19 (1980–81)
    • ყველაზე ბევრი საშინაო ფრე: 10 (1981–82)
    • ყველაზე ბევრი საშინაო მარცხი: 10 (1988–89)
    • ყველაზე ბევრი საშინაო გატანილი გოლი: 59 (1958–59)
    • ყველაზე ბევრი საშინაო გაშვებული გოლი: 44 (1930–31)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა საშინაო გამარჯვებაა: 3 (1988–89)
    • ყველაზე ცოტა საშინაო ფრე: 1 (1934–35), (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საშინაო მარცხი: 1 (1957–58), (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საშინაო გატანილი გოლი: 19 (1988–89)
    • ყველაზე ცოტა საშინაო გაშვებული გოლი: 11 (1920–21), (1922–23)
 
  • გასვლა:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი საგარეო გამარჯვებაა: 13 (2011–12)
    • ყველაზე ბევრი საგარეო ფრე: 10 (1968–69)
    • ყველაზე ბევრი საგარეო მარცხი: 17 (1932–33)
    • ყველაზე ბევრი საგარეო გატანილი გოლი: 45 (1957–58)
    • ყველაზე ბევრი საგარეო გაშვებული გოლი: 70 (1931–32)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა საგარეო გამარჯვება: 1 (1925–26), (1932–33), (1937–38), (1960–61), (2009–10)
    • ყველაზე ცოტა საგარეო ფრე: 1 (1982–83)
    • ყველაზე ცოტა საგარეო მარცხი: 3 (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საგარეო გატანილი გოლი: 12 (1996–97)
    • ყველაზე ცოტა საგარეო გაშვებული გოლი: 16 (1990–91)
 
  • სულ:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი გამარჯვება: 28 (1980–81)
    • ყველაზე ბევრი ფრე: 18 (1968–69)
    • ყველაზე ბევრი მარცხი: 23 (1931–32)
    • ყველაზე ბევრი გატანილი გოლი: 101 (1957–58)
    • ყველაზე ბევრი გაშვებული გოლი: 107 (1931–32)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა გამარჯვება: 7 (2010–11)
    • ყველაზე ცოტა ფრე: 4 (1934–35), (1964–65), (1982–83)
    • ყველაზე ცოტა მარცხი: 4 (1980–81)
    • ყველაზე ცოტა გატანილი გოლი: 37 (1988–89), (1991–92)
    • ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი: 29 (1980–81)

საკლუბო რეკორდები გოლებში

  • ყველაზე ბევრი გოლი ერთ სეზონში:
    • 101, მეორე დივიზიონი (1957–58)
  • ყველაზე ბევრი გოლის გამტანი ლიგაში ერთ სეზონში:
    • ვიკ უოტსონი (42) პირველი დივიზიონი (1929–30)
  • ყველაზე ბევრი გოლის გამტანი ერთ სეზონში:
    • ვიკ უოტსონი (50) პირველი დივიზიონი (1929–30)
 

ინდივიდუალური რეკორდები

მატჩები

  1. 804 ბილი ბონდსი (1967–88)
  2. 674 ფრენკ ლამპარდი (უფროსი) (1967–85)
  3. 647 ტრევორ ბრუკინგი (1967–84)
  4. 646 ბობი მური (1958–74)
  5. 600 ელვინ მარტინი (1977–96)
  6. 548 ჯიმი რაფელი (1921–37)
  7. 505 სტივ პოტსი (1985–02)
  8. 505 ვიკ უოტსონი (1920–35)
  9. 502 ჯეფ ჰერსტი (1959–72)
  10. 467 ჯიმ ბარეტი (1924–43)
 

გოლები

  1. 326 ვიკ უოტსონი (1920–35)
  2. 252 ჯეფ ჰერსტი (1959–72)
  3. 166 ჯონ დიკი (1953–63)
  4. 166 ჯიმი რაფელი (1921–37)
  5. 146 ტონი კოტი (1983–88), (1994–96)
  6. 107 ჯონი ბირნი (1961–67)
  7. 104 პოპ რობსონი (1970–74), (1976–79)
  8. 102 ტრევორ ბრუკინგი (1967–84)
  9. 100 მალკოლმ მესგროუვი (1953–63)
  10. 100 მარტინ პიტერსი (1962–70)

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი