ჩინეთის ეკონომიკა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაღალშემოსავლიანი განვითარებადი საბაზრო ეკონომიკაა,[1] რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ დაგეგმვას სამრეწველო პოლიტიკისა და ხუთწლიანი გეგმების მეშვეობით.[1] ეკონომიკა შედგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და შერეულ საკუთრებაში მყოფი საწარმოებისგან, ისევე, როგორც ფართო შიდა კერძო სექტორისგან. ჩინეთის ეკონომიკა ღიაა უცხოური ბიზნესისთვის და ოფიციალურად სისტემა აღიწერება როგორც სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ჩინეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. 2021 წელს ნომინალური მშპ 17.7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მთლიან შიდა პროდუქტს, ამ მაჩვენებლით ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს 2016 წლის შემდეგ.[2] 2021 წელს ჩინეთმა ევროპის კავშირის ეკონომიკას გადაუსწრო.[3] პროგნოზების თანახმად, 2028 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა უმსხვილესი ეკონომიკა იქნება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[4]

შანხაიჩინეთის ფინანსური ცენტრი

ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო ეკონომიკა და საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორია.[5] იგი ასევე მსოფლიოს უსწრაფესად მზარდი სამომხმარებლო ბაზარი და საქონლის მეორე უმსხვილესი იმპორტიორია.[6] ჩინეთი არაერთი პროდუქტის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოს მასშტაბით და ლითონების მოხმარების ნახევარზე მეტი სწორედ მასზე მოდის.[7] ჩინეთი უმსხვილესი მოვაჭრე სახელმწიფოა მსოფლიოში და მოწინავე როლს თამაშობს საერთაშორისო ვაჭრობაში.[8][9]

მსოფლიოს ათი ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრიდან ოთხი ცენტრი[10] და ათი უდიდესი საფონდო ბირჟიდან სამი ბირჟა (როგორც საბაზრო კაპიტალიზაციის, ისე ვაჭრობის მოცულობის მიხედვით) ჩინეთში მდებარეობს.[11]

ისტორიულად ჩინეთი ორი ათასწლეულის მანძილზე მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკას წარმოადგენდა I საუკუნიდან XIX საუკუნემდე.[12]

ჩინეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი მიმღებია მსოფლიოში. 2020 წელს ჩინეთმა 163 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.[13] ჩინეთი მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოა.[14][15] 2018 წლისთვის ჩინეთი პირველ ადგილზე იყო მილიარდერთა რაოდენობით და მეორე ადგილზე იყო მილიონერთა რაოდენობით: ჩინეთის 658 მოქალაქე მილიარდერი იყო, ხოლო 3.5 მილიონი მოქალაქე ― მილიონერი. 2019 წელს Credit Suisse Group-ის მიერ ჩატარებული Global Wealth Report-ის მიხედვით ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო სიმდიდრის მაჩვენებლით. ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი უცხოური გაცვლითი რეზერვები აქვს, რომელთა ღირებულებაც 3.1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება,[16] თუმცა თუკი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების უცხოური აქტივები ჩაითვლება, ჩინეთის რეზერვები 4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.[17]

ჩინეთში უდიდესი სახელმწიფოა სამუშაო ძალის მიხედვით. 2020 წლისთვის ქვეყნის სამუშაო ძალა 778 მილიონ ადამიანს უდრიდა. 2020 წლის გლობალური ინვოაციური ინდექსის მიხედვით, ჩინეთი მე-11 ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით, მე-3 ადგილზეა აზიისა და ოკეანეთის რეგიონის მასშტაბით, ხოლო 100 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს შორის მე-2 ადგილს იკავებს.[18][19] პატენტების, სავაჭრო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და შემოქმედებითი საქონლის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. მსოფლიოს 5 მთავარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კლასტერიდან 2 (შენჟენი-ჰონგ-კონგი-გუანჟოუ და პეკინი, შესბამისად მე-2 და მე-3 კლასტერები) ჩინეთში მდებარეობს.[18][20] 2022 წლის მარტისთვის ჩინეთში 500 მილიონი ადამიანი 5G-ის მომხმარებელია.[21][22]

სექტორები

ხორბლის წარმოება 1961-2004

სოფლის მეურნეობა

2011 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი იყო.[23][24]

ჩინეთის მთავარი კულტურა ბრინჯია, რომელიც კულტივირებული მიწის 25%-ზე მოჰყავთ. მეორე მთავარი კულტურა ხორბალია, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში მოჰყავთ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკეზე, მდინარეების: ვეისა და ფენის ხეობებში, ჯიანგსუს, ჰუბეისა და სიჩუანის პროვინციებში. სიმინდი ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივი შვრია შიდა მონღოლეთსა და ტიბეტშია გავრცელებული. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარ პროდუქტებს მიეკუთვნება მწვანე და ჟასმინის ჩაი (პოპულარულია ჩინეთის მოსახლეობას შორის), შავი ჩაი, შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი.

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს შემდეგი პროდუქტების წარმოების მხრივ: კარტოფილი (90.2 მლნ ტონა), საზამთრო (62.8 მლნ ტონა), პომიდორი (61.5 მლნ ტონა), კიტრი (61.5 მლნ ტონა), ტკბილი კარტოფილი (53 მლნ ტონა), ვაშლი (39.2 მლნ ტონა), ბადრიჯანი (34.1 მლნ ტონა), კომბოსტო (33.1 მლნ ტონა), ხახვი (24.7 მლნ ტონა), ნიორი (22.2 მლნ ტონა), მწვანე ლობიო (19.9 მლნ ტონა), მანდარინი (19 მლნ ტონა), სტაფილო (17.9 მლნ ტონა), არაქისი (17.3 მლნ ტონა), მსხალი (16 მლნ ტონა), ყურძენი (13.3 მლნ ტონა), ნესვი (12.7 მლნ ტონა), გოგრა (8.1 მლნ ტონა), ბაღის სატაცური (7.9 მლნ ტონა), ქლიავი (6.7 მლნ ტონა).[25]

სტატისტიკა

ჩინეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1960-იანი წლებიდან 2020-იან წლებამდე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ჩინეთს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 28-ე ადგილი ეკავა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვითაც 141 სახელმწიფოს შორის 28-ე ადგილი უკავია. 2019 წლის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 9 608.2 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 6.7%-ია. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 18.69%-ია. უმუშევრობის დონე 4.4%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 12.4%-ია. ჯინის კოეფიციენტი 38.6-ს უდრის.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ჩინეთი 36-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 24-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 65-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 119-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 27-ე, გამჭვირვალობით ― 75-ე, საკუთრების უფლებებით ― 43-ე, კორპორატიული მმართველობით ― 72-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 28-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ჩინეთს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 36-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 24-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 65-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ჩინეთი მე-18 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად სტაბილურია, 39-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 1.8%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 97.6-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ჩინეთი 54-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 43-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 71-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 72-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 64-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 81-ს.

ჩინეთში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (29-ე ადგილი): სიღრმით 27-ე, ხოლო სტაბილურობით 93 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ჩინეთში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (36-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 53-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 34-ს.[26]

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი