ჰეზბოლა (ლიბანი)

ტერმინს „ჰეზბოლა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰეზბოლა.

ჰეზბოლა (არაბ. حزب الله ჰიზბუ`ლ-ლაჰ, უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) აგრეთვე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბეკაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში. 1992 წელს აბას ალ-მუსავის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფებას მეთაურობს გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა.

ჰეზბოლა
حزب الله
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
ხელმძღვანელობა
გენერალური მდივანი ჰასან ნასრულა
ისტორია
დაფუძნდა 1985; 39 წლის წინ (1985)
პოზიციები
იდეოლოგია ისლამური ნაციონალიზმი[1]
პოლიტიკური პოზიცია ისლამიზმი
წარმომადგენლობითობა
ადგილები პარლამენტში
12 / 128
ადგილები მთავრობაში
2 / 30
შტაბ-ბინა ბეირუთი
moqawama.org

1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანის დაპყრობის დროს მან სამხრეთ ლიბანის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერით სამხრეთ ლიბანის არმია (SLA) აკონტროლებდა. ჰეზბოლა მუსლიმი სასულიერო პირების ჩანაფიქრს წარმოადგენს, რომელსაც ირანი აფინანსებდა ისრაელის ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.[2] მისი ლიდერები აიათოლა ხომეინის მიმდევრები იყვნენ, ხოლო დაჯგუფების შეიარაღებული ძალები ირანის 1500-კაციანი რევოლუციური არმიის მეშვეობით იწვრთნებოდნენ, რომელიც ირანიდან სირიის ხელისუფლების ნებართვით ჩამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლიბანის სამოქალაქო ომში იღებდა მონაწილეობას.[3] ჰეზბოლამ პარტიზანული ომი წამოიწყო სამხრეთ ლიბანში, რამაც სამხრეთ ლიბანის არმიის დაშლა და 2000 წლის 24 მაისს ისრაელის ჯარების მიერ ლიბანის დატოვება გამოიწვია.

ჰეზბოლა სამხედრო თვალსაზრისით იმდენად გაძლიერდა, რომ მისი პარამილიტარისტული ფრთა უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბანის ჯარი.[4][5] ჰეზბოლას ახასიათებენ, როგორც "სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით",[6] რომელსაც ლიბანის მთავრობაში აქვს ადგილები, რადიო, სატელიტური ტელევიზია, სოციალური მომსახურება და უნარი დიდი რაოდენობის ჯარები გააგზავნოს ლიბანის საზღვრებს გარეთ.[7][8][9] ჰეზბოლა 8 მარტის ალიანსის წევრიცაა, რომელიც 14 ალიანსის წევრებს უპირისპირდება. ჰეზბოლას მხარს მტკიცედ უჭერს ლიბანელი შიიტები,[10] ხოლო სუნიტებისთვის ეს დაჯგუფება მიუღებელია.[11][12] ჰეზბოლა სამხედრო წვრთნას, შეიარაღებასა და ფინანსებს ირანიდან, ხოლო პოლიტიკურ მხარდაჭერას სირიისგან იღებს.[13] ჰეზბოლა და ისრაელი ერთმანეთს 2006 წელს, ლიბანის მეორე ომში დაუპირისპირდნენ.

ჰეზბოლამ თავის 1985 წლის მანიფესტში ჩამოაყალიბა მიზნები, როგორიცაა "ამერიკელების, ფრანგებისა და მათი მოკავშირეების გაძევება ლიბანიდან და ჩვენს მიწაზე კოლონიური ერთეულების აღმოფხვრა", ქრისტიანი ფალანგისტების "კანონიერი ძალაუფლებისადმი" დამორჩილება და მართლმსაჯულების აღსრულება მათზე "იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ ჩაიდინეს". ასევე "ჩვენი ხალხის თითოეული შვილისთვის" უფლების მიცემა, აერჩიათ ხელისუფლების ის ფორმა, რომელიც მათ სურდათ. ჰეზბოლა ლიბანელებს მოუწოდებდა, რომ "ისლამური ხელისუფლება" აერჩიათ.[14] 2006-2008 წლებში ლიბანელების საპროტესტო გამოსვლებისა[15] და შეტაკებების შემდეგ,[16] ერთიანი ეროვნული ხელისუფლება 2008 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც ჰეზბოლამ და მისმა ოპოზიციურმა მოკავშირეებმა მთავრობის 30 ადგილიდან 11 მოიპოვეს, რაც მათ ვეტოს უფლებას აძლევს.[17] 2008 წლის აგვისტოში ლიბანის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა ღიად დაადასტურა პოლიტიკური განცხადების ნიმუში, რომელმაც ჰეზბოლას სამხედრო ორგანიზაციად აღიარა და მისცა უფლება "გაათავისუფლოს ან დაიბრუნოს დაპყრობილი ტერიტორიები" (მაგ, შაბაას სავარგულები).[18] 2012 წლიდან ჰეზბოლა სირიის ხელისუფლებას სამოქალაქო ომში ოპოზიციური შენაერთების წინააღმდეგ ეხმარება, რომლებსაც იგი სიონისტურ და "ვაჰაბიტურ-სიონისტურ" შეთქმულებად აღიქვამს, რომელსაც ასადისა და მისი ალიანსის განადგურება სურს.[19][20] ის სირიასა და ერაყში ადგილობრივი ძალების გასაწვრთნელად ან მხარდამხარ საბრძოლველად აგზავნის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.[21][22] აღქმა არაბული სამყაროს დიდ ნაწილში,[23] რომ ჰეზბოლა წინააღმდეგობის მოძრაობაა, შეიცვალა სირიის სამოქალაქო ომის სექტარიანული ბუნებიდან გამომდინარე.[7][24][25]

ჰეზბოლას სტატუსი, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის, ტერორისტული დაჯგუფების, წინააღმდეგობის მოძრაობის ან მათი კომბინაცია დღემდე სადავოდ რჩება საერთაშორისო საზოგადოებაში.[26] არაბული ლიგა,[27] აშშ,[28] საფრანგეთი,[29] ავსტრალია,[30] კანადა,[31] ისრაელი,[32] ნიდერლანდები[33] და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო[34][35] ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ევროკავშირი, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო[36] ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად და განასხვავებს მისი პოლიტიკური ფრთისგან.[37][38] რუსეთი კი ჰეზბოლას ლეგიტიმურ სოციალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციად აღიქვამს.[39] რაც შეეხება ჩინეთს, ის ნეიტრალურია და ჰეზბოლასთან ურთიერთობებს ინარჩუნებს.[40]

დასახელება

სახელწოდება ჰეზბოლა, ანუ ჰიზბუ`ლ-ლაჰ, წარმოდგება წმიდა ყურანის სურა ალ-მა'იდას 61-ე აიასაგან (ومن يتول الله و رسوله والذين آمنوا فإن حزب الله هم الغالبون) - ისინი, ვინც არჩია უფალი, მისი მოციქული და მორწმუნენი, ჭეშმარიტად ღვთის დაჯგუფებაა, და ისინი შეიქნებიან გამარჯვებულნი. ეს ბოლო ფრაზა (ჭეშმარიტად ღვთის დაჯგუფებაა, და ისინი შეიქნებიან გამარჯვებულნი. فان حزب الله هم الغالبوم ) აღბეჭდილია ასევე ჰეზბოლას ალამზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არაბული გამოთქმით, ჰეზბოლა წარმოითქმება როგორც ჰიზბულლაჰ, ხოლო ჰეზბოლა ირანული წარმოთქმაა.

ჩამოყალიბება

ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთით, შიიტური დაჯგუფებების კონსოლიდაციის საფუძველზე შეიქმნა, რომელმაც ლიბანის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის 1982-83 წლებში ამერიკის ჯარებს უპირისპირდებოდა, ხოლო 1985-88 წლებში ამალის მოძრაობასა და სირიას. ამის მიუხედავად, ჰეზბოლას მთავარი მიზანი ისრაელის ჯარებისგან სამხრეთ ლიბანის გათავისუფლება იყო,[41] რომლებიც მოგვიანებით ბეირუთს მიადგნენ.[42] 2006 წელს ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა: "როცა ჩვენ ლიბანში შევედით, ჰეზბოლა არ არსებობდა, შიიტები კი სამხრეთში სურნელოვანი ბრინჯებითა და ყვავილებით დაგვხვდნენ. ჰეზბოლას ჩამოყალიბება ჩვენმა იქ ყოფნამ გამოიწვია".[43]

ჰეზბოლამ ბრძოლის განსხვავებული მეთოდი აირჩია. დაჯგუფება ისრაელის თავდაცვით ძალებს ლიბანსა და მის საზღვრებს გარეთ სუიციდური ტერორისტული აქტების მეშვეობით ებრძოდა.[44] აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში ჰეზბოლა ერთ-ერთ პირველ ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობად ითვლება, რომლის საბრძოლო ტაქტიკა მოიცავდა როგორც მკვლელობას, ასევე გატაცებას, უცხოელი ჯარისკაცების მძევლად აყვანასა და სუიციდურ ტერორიზმს.[45] შიიტურმა ორგანიზაციამ სამხედრო ტაქტიკაც კი შეიმუშავა, რაც კატიუშას რაკეტებისა და სხვა სახის ჭურვების გამოყენებას გულისხმობს.[46][47]

ლიბანის სამოქალაქო ომი (1975-90)

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ჰეზბოლა თავდაპირველად ებრძოდა ფალანგისტებს (ქათაიბი, მარონიტთა ლაშქარი, მის უკან მოიაზრებოდა ისრაელი, და შესაბამისად აშშ) და ამალთან (შიიტური ლაშქარი, თუმცაღა უფრო სეკულარისტული შეხედულებებით, ვიდრე ჰეზბოლა, მის უკან მოიაზრებოდა სირია და შესაბამისად - სსრკ) ერთად უტევდა ბეირუთს. მეექვსე საერთო საჯარისო ბრიგადის მიერ (რომელიც ძირითადად შიიტებისგან შედგებოდა) შიიტი მოლაშქრეების მხარეს გადმოსვლის შემდეგ, ჰეზბოლამ და ამალმა ფაქტობრივად უბრძოლველად ხელთ იგდეს ბეირუთი და მიმდებარე ტერიტორია. 1987 წელს ამ ორ დაჯგუფებას შორის დაიწყო დაპირისპირება ბეირუთისთვის, რაც 1990 წელს ტაიფის შეთანხმებით დასრულდა (ამავე შეთანხმებამ დაასრულა სამოქალაქო ომი ლიბანში).

ისლამური ჯიჰადის ორგანიზაცია

"ისლამური ჯიჰადის ორგანიზაცია" იყო თუ არა სახელწოდება, რომელსაც ჰეზბოლა იყენებდა, დღემდე სადავოა. გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს იყო "სატელეფონო ორგანიზაცია",[48][49][50] რომელსაც საკუთარი იდენტობის დასაფარავად იყენებდნენ.[51][52][53][54][55] ჰეზბოლა იყენებდა "ისლამური წინააღმდეგობის" სახელწოდებასაც ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.[56]

2003 წელს ამერიკის სასამართლომ დაადგინა, რომ "ისლამური ჯიჰადის ორგანიზაციას" ჰეზბოლა საკუთარი თავდასხმებისთვის იყენებდა ლიბანში, ევროპასა[57] და ახლო აღმოსავლეთში. ამჟამად კანადა, აშშ და ისრაელი სახელწოდებებს: "ისლამური ჯიჰადის ორგანიზაცია", "დედამიწაზე ჩაგრულთა ორგანიზაცია" და "რევოლუციური სამართლიანობის ორგანიზაციას" ჰეზბოლას მიაწერენ.

იდეოლოგია

1980-იან წლებში ჰეზბოლას იდეოლოგია რადიკალური იყო, რასაც 1985 წლის მანიფესტი ასახავს. პირველი მიზანი ამერიკული და ებრაული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამხრეთ ლიბანისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იყო.მეორე მიზანი მუსლიმების უმას იდეის გარშემო შემოკრება იყო. დაჯგუფება აცხადებდა, რომ ის ყველა ლიბანურ თემს დაიცავდა იმ თემების გარდა, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობდნენ. მას შემდეგ ჰეზბოლას იდეოლოგია შეიცვალა და ამჟამად ის მემარცხენე პოლიტიკური ერთეულია, რომელიც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.[58]

ხშირად ჰეზბოლას იდეოლოგიას შიიტურ რადიკალიზმს მიაწერენ.[59][60][61] ორგანიზაცია შიიტურ თეოლოგიას მისდევს, რომელიც აიათოლა ხომეინიმ ჩამოაყალიბა.[62] ჰეზბოლა ძირითადად ხომეინის მიმდევრების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, რათა ისლამური რევოლუცია გავრცელებულიყო.[63] იდეოლოგიიდან გამომდინარე, ჰეზბოლას ლიბანის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნა სურდა, თუმცა შემდეგ მან უფრო მრავალმხრივი მიდგომა აირჩია.[2]

ჰეზბოლა გამოირჩევა საუკეთესო დამოკიდებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და კეთილგანწყობით სირიის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებისა და სხვა დიდი სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულება მეტნაკლებად ცივია.

1985 წლის მანიფესტი

1985 წლის 16 თებერვალს შეიხ იბრაჰიმ ალ-ამინმა ჰეზბოლას მანიფესტი შეიმუშავა. გთავაზობთ ამონარიდს:

ჩვენ ვართ უმას (ისლამური თემი) შვილები....

...ჩვენ ვართ მთელი მსოფლიოს მუსლიმებთან კავშირის მქონე უმა, რომელსაც ისლამთან მყარი რელიგიური კავშირი აქვს. ღმერთმა კი ინება, რომ ისლამის მისია მოციქულთა ბეჭდის, მუჰამადის, მიერ აღსრულებულიყო. ჩვენი კულტურის მიხედვით, ის წმინდა ყურანს, სუნასა და ფაკიჰის სამართლებრივ ნორმებს ეფუძნება, რომელისგანაც ჩვენ მაგალითს ვიღებთ...[14]

დამოკიდებულება ისრაელისა და ებრაელების მიმართ

ჰეზბოლას შექმნის მიზანია ისრაელის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იქნება ეს შეიარაღებული, საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით. საკუთრივ ისრაელის სახელმწიფო ჰეზბოლას ლიდერების გამოსვლებსა და ოფიციალურ ტექსტებში მოიხსენიება როგორც "სიონისტთა დანაშაულებრივი ქმნილება" (كين الغصب الصهون ქიან ალ–ღასიბ ალ–საჰიუნი). 1985 წლის მანიფესტის არაბულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ჰეზბოლა ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ისრაელი არ განადგურდება.[79] ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილის, ნა'იმ კასიმის თქმით, ისრაელთან ბრძოლა ჰეზბოლას ფუნდამენტური ღირებულება და მისი არსებობის ღერძია.[80]

ორგანიზაცია ამბობს, რომ მისი მუდმივი მტრობა ისრაელის მიმართ თანაფარდია ამ უკანასკნელის ოპერაციების მიმართ ლიბანში და არის სამაგიერო ისრაელის ოკუპაციაზე. ჰეზბოლა ისრაელს უკანონო სახელმწიფოდაც მიიჩნევს, რის გამოც ისინი საკუთარ ქმედებებს "თავდაცვითი ჯიჰადით" ამართლებენ.

ოფიციალური განცხადებებით, ჰეზბოლა არ არის ანტისემიტური ორგანიზაცია და ის მიმართულია მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რიგ მოწოდებებში მაინც გაისმის ისეთი ლოზუნგები, რომელიც ანტისემიტურად აღიქმება.[64] ამის პარალელურად ჰეზბოლა უარყოფს ჰოლოკოსტს და ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს.[64] ანტისემიტიზმის ცნობილი მკვლევრის, რობერტ ვისტრიხის, თანახმად:

ჰეზბოლას ლიდერებისა და სპიკერების ანტისემიტური დამოკიდებულება მოიაზრებს დაუძლეველ ებრაულ ძალას... ჰამასის საღვთო ომის პროპაგანდა, რომელსაც ჰეზბოლაც იყენებს, ებრაელებს აღწერს "კაცობრიობის მტრებად", "შეთქმულებად", "დაუმორჩილებელ" და "პატივმოყვარეებად", რომლებსაც "სატანური გეგმები" აქვთ არაბთა დასამონებლად. ის აერთიანებს ტრადიციულ ანტი-იუდაიზმს, მესამე მსოფლიოს ანტისიონიზმს, დასავლურ სტერეოტიპებსა და ირანულ შიიტურ სიძულვილს ებრაელებისადმი, რომელიც ებრაელებს "კორუმპირებულ ურწმუნოებად" მიიჩნევს. შეიხ ფადლალას თქმით, ებრაელებს ისლამისა და არაბული კულტურული იდენტობის მოსპობა სურთ თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერობის გასავრცობად.[65]

ჰეზბოლას ტელეკომპანია ალ-მანარმა ისრაელის სახელმწიფო და ებრაელები შიდსისა და სხვა დაავადებების ახლო აღმოსავლეთში განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა.[66][67][68] ალ-მანარი დასავლეთში გაკიცხეს ანტისემიტური პროპაგანდის იმგვარად წარმოჩენის გამო, თითქოს ებრაული სამყარო ლიდერობს.[69][70][70]

ალ-მანარი ასევე ჩიოდა იმის გამო, რომ ლიბანი "სიონისტების მიერ განათლებაში შეჭრის მსხვერპლია".[71] 2009 წლის ნოემბერში კი ჰეზბოლა ინგლისურ სკოლას აიძულებდა, რომ ანა ფრანკის დღიურიდან ამონარიდების კითხვისთვის თავი დაენებებინათ.[72]

დამოკიდებულება სხვა ისლამური ორგანიზაციებისა და წინააღმდეგობის მოძრაობების მიმართ

ჰეზბოლა მკვეთრად დადებით პოზიციას ინარჩუნებს ყველა პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ, უწევს მათ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ჰეზბოლას ლიდერთა გამოსვლები ყოველთვის მიმართულია მათი მოქმედებების გამართლებისაკენ, მათ შორის ახალმოსახლეების წინააღმდეგაც – "ყველა ახალმოსახლე არის ოკუპანტი და ოკუპაციის მხარდამჭერი" – სეიდი ნაიმ ყასიმი

ალ–კაიდა

ჰეზბოლა მკვეთრად დაპირისპირებულია ალ–კაიდასთან, რადგან ალ–კაიდას იდეოლოგია მკვეთრ ანტიშიიტურ ხასიათს ატარებს, ალ-კაიდას იდეოლოგიურმა ხელმძღვანელმა აიმან აზ–ზავაჰირმა უწოდა ჰეზბოლასა და სეიდ ჰასან ნასრულას "მურთადები, რომელთა გზა ძნელსავალი და არასწორია", ხოლო აბუ მუსაბ აზ–ზარკავი ჰეზბოლას, ბადრს და სხვა შიიტურ ორგანიზაციებს ასევე "მურთადსა" და "ზინდიყს" უწოდებდა.

2001 წლის 11 სექტემბერი

ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრულამ დაგმო შეტევა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და ამას უწოდა "სამოქალაქო მოსახლეობის მიზანმიმართული ჟლეტა", თუმცა ასეთი უარყოფითი შეფასება არ მიუცია პენტაგონზე თავდასხმისათვის.

ორგანიზაციული სტრუქტურა

თავდაპირველად, ჰეზბოლას ლიდერების უმეტესობა ამტკიცებდა, რომ მოძრაობა "არაა ორგანიზაცია, რომელიც თავის წევრებს არ აძალებს ორგანიზაციაში ყოფნას, არც რაიმე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ორგანიზაციული სტრუქტურაც არ აქვს".[73][74] როგორც ჰეზბოლას მკვლევარი მაგნუს რანსტორპი ამბობს, დაჯგუფებას მართვის ფორმალური სტრუქტურა უკვე აქვს და ისლამის იურისტების ხელმძღვანელობას მიჰყვება. ყველანაირი ძალაუფლება სასულიერო პირებშია, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

ჰეზბოლაში გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანოები დაიყო ორ ნაწილად. პირველი საკონსულტაციო საბჭოა (არაბ. مجلس الشورى), რომელსაც 12 სასულიერო პირი მართავს, იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და დაჯგუფების ქმედებებს ადევნებს თვალყურს ლიბანში. მეორე კი გადაწყვეტილების მიმღები ასამბლეაა (مجلس الشورى القراري), რომელსაც შეიხ ჰუსაინ ფადლალა და კიდევ 11 სასულიერო პირი ხელმძღვანელობდა და სტრატეგიაზე მუშაობდნენ. ორგანიზაციაში კიდევ 7 სპეციალიზებული საბჭოა, რომლებიც განიხილავენ იდეოლოგიურ, ფინანსურ, სამართლის, სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო და სოციალურ საკითხებს. ეს ორგანოები განლაგებულები არიან ბექაას დაბლობზე, ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში.[75]

მას შემდეგ, რაც ირანის უმაღლესი ლიდერი ყველაზე ავტორიტეტული სასულიერო პირია, ჰეზბოლას ლიდერები მას მიმართავენ დირექტივებისა და სამოქმედო მიმართულების თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ დაჯგუფებაში აზრები გაიყოფა.[75] რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ, ჰეზბოლას მმართველი ორგანოები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და ირანს ხშირად აღარ მიმართავდნენ.[75] ლიბანის მეორე ომის შემდეგ კი ირანმა ჰასან ნასრალას ძალაუფლების შესაზღუდად ორგანიზაციის რესტრუქტურიზაცია მოახდინა და მილიარდობით დოლარი დახარჯა "რეაბილიტაციისთვის".[76]

სტრუქტურული თვალსაზრისით ჰეზბოლა თავის პოლიტიკურ და სოციალურ ქმედებებს სამხედრო ქმედებებისგან არ მიჯნავს. "ჰეზბოლას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელმძღვანელობა ჰყავს" - ამბობს ნა'იმ კასიმი, ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი. "ყველა პოლიტიკური, სოციალური და ჯიჰადის წარმოება ეხება ამ ხელმძღვანელობას... იგივე ეშელონები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საპარლამენტო და სახელისუფლებო საქმიანობას, აწარმოებს ჯიჰადს ისრაელის წინააღმდეგ".[77]

2010 წელს ირანის საპარლამენტო სპიკერმა ალი ლარიჯანის თქმით, "ირანი ამაყობს ლიბანის ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიური ჩართულობით. ჰეზბოლა კი ნამდვილი ისლამური ჯიჰადის იდეებს განასახიერებს". დასავლეთის კრიტიკაზე, რომ ირანი ტერორიზმს მხარს უჭერს, მან უპასუხა, "ნამდვილი ტერორისტები არიან ისინი, ვინც სიონისტურ რეჟიმს ხალხის დასაბომბად შეიარაღებით ამარაგებს".[78]

ჰეზბოლა-ისრაელის კონფლიქტი

ისრაელისა და სამხრეთ ლიბანის არმიის წინააღმდეგ (1990-2000)

მიუხედავად იმისა, რომ ტაიფის შეთანხმებით შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა დაშლილიყო და განიარაღებულიყო, სირიამ, რომელიც აკონტროლებდა ლიბანს ისრაელის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონს გარდა, მისცა საშუალება ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა არ განეიარაღებინა, რომლის მიზეზად სამხრეთ ლიბანის ებრაული ოკუპაცია დასახელდა.[79] მას შემდეგ ჰეზბოლა ითვლება ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ წინააღმდეგობის მოძრაობად არაბულ ქვეყნებში, ისრაელისა და მისი მოკავშირეების მიერ კი ყველაზე საშიშ მტრად აღიქმება. ლიბანის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ჰეზბოლა რევოლუციური დაჯგუფებიდან პოლიტიკურ ერთეულად გარდაიქმნა. ამ პროცესს ჰეზბოლას "ლიბანიზაციას" უწოდებენ. 80-იან წლებში ჰეზბოლას უკომპრომისო რევოლუციური პოზიციების მიუხედავად, ის ლიბანის ხელისუფლებისადმი შემწყნარებელი რჩებოდა.[80] უფრო მეტიც, 1992 წელს ჰეზბოლამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, რაშიც ხელი ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ შეუწყო. ამას ჰეზბოლას ყოფილ ლიდერისგან, სუბჰი ალ-თუფაილისგან, წინააღმდეგობა მოჰყვა, რის გამოც ორგანიზაციაში განხეთქილება მოხდა. არჩევნებში ჰეზბოლამ 12 ადგილი მოიპოვა. იმავე წელს მან ლიბანელ ქრისტიანებთან დიალოგში შესვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ჰეზბოლა პატივს სცემს კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ თავისუფლებებს ლიბანში, როგორც წმინდა ღირებულებებს, თუმცა ეს არ ვრცელდება იმ ჯგუფებზე, რომლებსაც ისრაელთან კავშირი აქვთ.[81]

1990-დან 2000 წლამდე ჰეზბოლა ებრძოდა ებრაულ საოკუპაციო ნაწილებს და მათს კოლაბორაციონისტულ სამხრეთ ლიბანის არმიას. 1992 წელს ცაჰალის ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ბეირუთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც დაიღუპნენ ჰეზბოლას წინამძღოლი საიდი აბას ალ-მუსავი, მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჰუსაინი და ცოლი. სეიდი აბას ალ-მუსავი ჩაანაცვლა საიდმა ჰასან ნასრალამ. 1993 წელს ჰეზბოლამ ისრაელის 7 ჯარისკაცი მოკლა სამხრეთ ლიბანში, რის შემდეგაც ისრაელმა ოპერაცია "პასუხისმგებლობა" წამოიწყო (ლიბანში ცნობილია, როგორც 7-დღიანი ომი). ოპერაციის განმავლობაში ცაჰალმა ყველაზე მძიმე საარტილერიო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს 1982 წლის შემდეგ სამხრეთ ლიბანში. მიზანი ჰეზბოლასგან მომდინარე საფრთხის გაუვნებელყოფა და ლიბანელი მოსახლეობის ბეირუთისკენ მიგრაცია იყო, რათა ლიბანის ხელისუფლებას შიიტური ორგანიზაცია შეეკავებინა.[82] ბრძოლა მხარეთა უსიტყვო შეთანხმების შემდეგ შეწყდა. შეთანხმება გულისხმობდა იმას, რომ ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელისკენ არ გაუშვებდა რაკეტებს, ხოლო ისრაელი ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დაესხმებოდა.[83]

1996 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები განაახლა,[84] ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია რისხვის მტევნები წამოიწყო, რაც მიზნად ისახავდა ჰეზბოლას სამხრეთ ლიბანში არსებული ბაზის განადგურებას. 100 ლიბანელ დევნილზე მეტი მოკლეს გაეროს ბაზაში კანასთან, რასაც ისრაელის სამხედროებმა შეცდომა უწოდეს.[85] რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ისევ შეთანხმდნენ 26 აპრილს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელიც 1996 წლის 27 აპრილს ამოქმედდა.[86] მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დაესხმებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰეზბოლას ისრაელის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ლიბანის შიგნით მაინც შეეძლო.[86]

იყო ჰეზბოლას მცირე ჯგუფების პირდაპირი თავდასხმები ცაჰალის პოსტებზე, მათ შორის აღსანიშნავია მრავალკონფესიური ბრიგადის მოქმედებები, რომელიც შედგებოდა როგორც მარონიტი, მართლმადიდებელი, უნიატი და გრიგორიანელი ქრისტიანებისაგან, ასევე სუნიტი და შიიტი მუსლიმებისგან,[87] რაც ემსახურებოდა ლიბანის რელიგიური ნიშნით დაყოფის მოსპობას. ამავე დროს საოკუპაციო ზონებში არ წყდებოდა თავდასხმები ებრაელ ჯარისკაცებზე, უპირატესად ნაღმსატყორცნებითა და მსუბუქი სარაკეტო-გამშვები დანადგარებით.

აღსანიშნავია 1997 წლის 13 სექტემბრის თავდასხმა ღანდურიათთან, როდესაც ჰეზბოლას ხასათის ალამს, რომელშიც ირიცხებოდა საიდ ჰასან ნასრულას უფროსი ვაჟი ჰადი, შეუტია ცაჰალის სადაზვერვო დანაყოფმა გივ'ათის ბრიგადიდან და ბრძოლაში დაიღუპა საიდი ჰადი ნასრულაც.

2000 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის სამი ჯარისკაცი: ადი ავიტანი, ბენიამინ ავრაამი და ომარ სავაიდვერე ჰეზბოლამ გაიტაცა, როცა ისინი ლიბანი-ისრაელის საზღვარს აკონტროლებდნენ.[88] ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ ჰეზბოლამ ჯარისკაცები ჯერ გაიტაცა, ხოლო შემდეგ მოკლა.[89] მოგვიანებით, 2004 წელს გარდაცვლილთა ცხედრები ლიბანელ ტყვეებში გაიცვალა.[90] ამის შემდეგ ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა სამხრეთ ლიბანის დატოვების შესახებ. საოკუპაციო ნაწილების გასვლისას სამხრეთ ლიბანის არმიას უნდა უზრუნველეყო ისრაელის ინტერესების გატარება 10 კმ-იან ზონაში, მაგრამ ჰეზბოლამ იმ დღესვე შეძლო სტრატეგიული წერტილების დაკავება და ქრისტიანულ ქალაქ მარჯაიუნში მაიორ საად ჰადადის, სამხრეთ ლიბანის არმიის პირველი მეთაურისა და დამფუძნებლის, ძეგლი ჩამოაგდეს - ეს 18 წლიანი ოკუპაციის დასასრულს ნიშნავდა.

შაბაას კონფლიქტი (2000-06)

შაბაას სავარგული (مزرع شبعا მაზარი'ა შაბა'ა, შაბაას სასოფლო სამეურნეო მიწები) მდებარეობს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიბანში და დაახლოებით 25 კვ. კმ ფართისაა. ისრაელის სახელმწიფოს განცხადებით, იგი შედის გოლანის მაღლობებში, რაც 1981 წლის ცალმხრივი ანექსიით შეყვანილია ისრაელის შემადგენლობაში, თუმცაღა გაეროს დადგენილებით, შაბაას სავარგული ეკუთვნის ლიბანს და ისრაელის მიერაა ოკუპირებული. ამის გამო მიმდინარეობდა სასაზღვრო დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი ჰეზბოლას მებრძოლებსა და ცაჰალს შორის, რამაც ექვსი წლის განმავლობაში 30 ებრაელი ჯარისკაცისა და მოსახლის, 8 ჰეზბოლას მებრძოლისა და ერთი სირიელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

2006 წლის ომი

ტვიროსის დაბომბვა

2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ვითარება დაიძაბა, რომელიც 34 დღე გაგრძელდა. დაიწყო 12 ივლისს ზაჰრათსა და შეთულას შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე, სადაც ჰეზბოლას მებრძოლების მცირე ჯგუფი თავს დაესხა ისრაელის სასაზღვრო პატრულს, რამაც გამოიწვია ხუთი ებრაელი ჯარისკაცის მოკვლა და ორის გატაცება ლიბანში. ამის საპასუხოდ ისრაელმა გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაცია, უარყო ჰეზბოლას შეთავაზებები გაცვლაზე, გამოაცხადა, რომ "ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ აპირებდა" და საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანზე, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე (რაფიკ ჰარირის სახ. აეროპორტი, ბეირუთ–დამასკოს გზატკეცილი, ჯიათის თბოსადგური, ხიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ა.შ.).[91][92] ლიბანის მთავრობამ მოითხოვა ასეთი ქმედებების შეწყვეტა, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაგრძო დაბომბვები და როდესაც დაინახა, რომ საჰაერო იერიშები შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, გადაწყვიტა სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.[93][94]

მზადყოფნაში მოიყვანეს ცაჰალის 30 000–მდე მებრძოლი (მათ შორის ელიტური გოლანის, გივ'ათისა და ქფირის ბრიგადები) და 400–მდე ტანკი, დაიგეგმა და მომზადდა ოპერაცია ბინთ ჯუბაილისა და ხიამის მიმართულებით, საბოლოოდ ლითანის ფორსირებისთვის.[95]

ჰუჯაირის ვიწრობი

ოპერაცია დაიგეგმა მეთულა–ხიამ–მარჯაიუნის ღერძზე, ლითანის ფორსირებისთვის . ცაჰალი გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა ლიბან–ისრაელის საზღვრიდან ნახევარ კილომეტრზე, ჰეზბოლას მებრძოლებმა შეაფერხეს ცაჰალის წინსვლა, დააზიანეს და გაანადგურეს ოცამდე ტანკი (მათ შორის უახლესი მეოთხე ტიპის მერკავებიც). ხოლო ჰუჯაირის ვიწრობზე, რომელიც წარმოადგენს ხევსა და ძნელადგასავალ ადგილს, ცაჰალის წინსვლა მდინარე ლითანისკენ საბოლოოდ შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ ჰეზბოლამ თავის მხრივ "კატიუშას" ტიპის რაკეტებით ჩრდ. ისრაელის ქალაქები დაბომბა.[96]

ბინთ ჯუბაილის ბრძოლა

ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ და ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ბინთ ჯუბაილისთვის საავიაციო იერიშების აცილების მიზნით, რაც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა მშვიდობიან მოსახლეობაში, ბინთ ჯუბაილის მაგიერ წინააღმდეგობის კვანძი შეექმნა შედარებით მეჩხრად დასახლებულ მარუნ ალ–რასში. მარუნ ალ–რასში განთავსდა ჰეზბოლას პირველი ბრიგადის მეშვიდე და მესამე ალმები, საიდანაც მიდიოდა საერთო მოქმედებების კოორდინაცია და მოქმედებები ბინთ ჯუბაილის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 24 ივლისს "გოლანის" ბრიგადა ჯავშანსატანკო ნაწილების მხარდაჭერით შეიჭრა ბინთ ჯუბაილში და 25 ივლისს ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა თითქოს სრულ კონტროლს ფლობდნენ ბინთ ჯუბაილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრძოლები ბინთ ჯუბაილში გრძელდებოდა 14 აგვისტომდე.

ცაჰალმა ლითანის იძულება ვერ მოახერხა ვერც შვეულმფრენების გამოყენებით ლითანის გარშემო დესანტის გადასხმით და 14 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, დაიწყო ცაჰალის ნაწილები გასვლა ლიბანიდან. საბოლოოდ, კონფლიქტმა 1300-მდე ლიბანელის (მათ შორის ჰეზბოლას ჯარისკაცების) და 165 ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.[97][98][99][100][101]

პოლიტიკური საქმიანობა

ჰეზბოლას მთავარი მოკავშირის, ამალის ალამი

ჰეზბოლა ლიბანის პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ აქტიური მონაწილეა და არჩევნებში მონაწილეობს საერთოეროვნული შეთანხმების შიიტური კვოტებით. ჰეზბოლა და მისი პარტნიორი "ამალის" პარტია წარმოადგენენ ლიბანელი შიიტების ინტერესებს.[102] "ამალისგან" განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ ლიბანის სამხრეთში უჭერენ მხარს, ჰეზბოლა ბეირუთში, ბეკაას დაბლობზე, ჰირმილის რეგიონსა და სამხრეთ ლიბანშიც პოპულარულია.[103] ლიბანის პარლამენტში ამჟამად 14 ჰეზბოლას დეპუტატია, რომლებიც "წინააღმდეგობისა და განვითარების ბლოკის" წევრები არიან.

2005 წლიდან ჰეზბოლა "8 მარტის ალიანსის" მნიშვნელოვანი წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა ახალ ხელისუფლებაში 2005 წლიდან მოღვაწეობს, ის მაინც ურყევად ეწინააღმდეგება "14 მაისის ალიანსს".[104] 2006 წლის 1 დეკემბერს ამ კოალიციებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფუად სინიორას ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც 2 წელი გაგრძელდა.ჰეზბოლამ ჩათვალა, რომ ლიბანის მთავრობა "არასუვერენულად იქცეოდა", ხოლო მისი გავლენა მთავრობაში ხუთ შიიტ მინისტრს (ერთი ჰეზბოლასა და ოთხი ამალის წარმომადგენელი) არ აღემატებოდა, რაც "ღვთივმომადლებული გამარჯვების" ფონზე საკმაოდ მწირად გამოიყურებოდა. ჰასან ნასრულამ მოითხოვა ფუად სინიორას გადადგომა და ახალი მთავრობის შექმნა, მაგრამ ეს არ განხორციელებულა, 2006 წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნებისას კი სტატუს–ქვო არ შეცვლილა. ჰეზბოლასა და ლიბანის მთავრობას შორის გაჩნდა საკმაოდ დიდი ბზარები.[105] დაპირისპირების კულმინაცია იყო 2008 წლის მაისის დასაწყისი, როდესაც აშშ–ისრაელის ზეწოლითა და გავლენით, ლიბანის მთავრობამ შეუჩერა ლიცენზია ალ–მანარს და მოითხოვა მისი მაუწყებლობის შეწყვეტა. ფუად სინიორას "ჰარაქათ მუსთაკბალის" მებრძოლებმა დაიკავეს ბეირუთი, თუმცა ჰეზბოლას მებრძოლებმა (ამალსა და ჰიზბ შუ'იუსთან ერთად) მალევე შეძლეს კონტროლის დაწესება მუსლიმურ დასავლეთ ბეირუთზე და დაპირისპირება ლიბანის სამოქალაქო ომის მსგავსი სცენარით განვითარდებოდა, რომ არა ლიბანის არმიის ჩარევა და როგორც ჰასან ნასრულას, ისე ფუად სინიორას ბრძანება თავისი მომხრე მებრძოლებისადმი, წინაამდეგობა არ გაეწიათ არმიისთვის. არმიამ დაიკავა ბეირუთი და აიძულა ორივე მხარე დაეტოვებინათ იგი.[15][16] ჰეზბოლას სამაუწყებლო საშუალებები აღდგა.[106] დაპირისპირებულმა მხარეებმა 2008 წლის 21 მაისს დოჰაში მიაღწიეს კონსენსუსს.[107] დოჰას შეთანხმების მიხედვით, ჰეზბოლამ და მისმა ოპონენტებმა ლიბანის პარლამენტში ვეტოს უფლება მოიპოვეს. კონფლიქტის დასასრულს ფუად სინიორამ 2008 წლის 11 ივლისს ჩამოაყალიბა მთავრობა, სადაც ჰეზბოლას 30-დან 11 ადგილი აქვს.[17]

შიიტების განსახლების არეალი

სამხედრო სიძლიერე

ჰეზბოლა საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს არ ამჟღავნებს. დუბაიში არსებული სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების დირექტორის მუსტაფა ალანის თქმით, ჰეზბოლას 1000 მომუშავე წევრი და 6000-დან 10,000-მდე მოხალისე ჰყავს.[108] ირანული FARS NEWS AGENCY-ს თანახმად, ჰეზბოლას 65,000-მდე მებრძოლი ჰყავს.[109] ხშირად ჰეზბოლაზე ამბობენ, რომ მისი შეიარაღებული ძალები ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერია.[110][110][111] ისრაელის სარდალმა გუი ზურმა ჰეზბოლას "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პარტიზანული დაჯგუფებაც" კი უწოდა.

2010 წლის აპრილში ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეითსმა, განაცხადა, რომ ჰეზბოლა ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით უფრო მეტ ჭურვებსა და რაკეტებს ფლობს, რომლითაც სირია და ირანი ამარაგებენ. ამას ამბობს ისრაელიც. სირია კი ჰეზბოლასთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს და ამბობს, რომ ისრაელი საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად ადანაშაულებს მას. ამერიკელი დიპლომატებისგან გამოაშკარავებული დეპეშების თანახმად, აშშ ამაოდ ცდილობდა სირიიდან ლიბანში შეიარაღების გადატანისთვის ხელის შეშლას. ამ დეპეშებშივე ჩანს, რომ ჰეზბოლამ ისრაელთან 2006 წლის ომის შემდეგ უზარმაზარი რაოდენობის გაუმჯობესებული შეიარაღება მოაგროვა.[112] რობერტ გეითსმა ასევე განაცხადა, რომ ჰეზბოლა შესაძლოა ქიმიური, ბიოლოგიური და გემსაწინააღმდეგო იარაღითაც აღჭურვილია, რაც ამერიკული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.[113]

2010 წელს ისრაელის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ჰეზბოლას 15,000-ზე მეტი შორეული დისტანციის ჭურვები ჰქონდა განთავსებული ლიბანის საზღვართან. ამბობდნენ, რომ ამ ჭურვებს ისეთი შორეული ქალაქებამდე მიღწევა შეეძლო, როგორიც ელიათი იყო.[114] ისრაელის შეიარაღებულმა თავდაცვამ ჰეზბოლა რაკეტების საავადმყოფოების, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და სკოლებთან განთავსებაში დაადანაშაულა.[114] ისრაელის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში მაიკლ ორენმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ამის გამო:

სირიისა და ირანისგან მხარდაჭერილმა ჰეზბოლა ისრაელისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.. ჰეზბოლა ამჟამად ოთხჯერ უფრო მეტ რაკეტას ფლობს, ვიდრე 2006 წლის ომის პერიოდში. ეს რაკეტები კი შორეულ დისტანციაზე მოქმედებს. ისრაელის თითოეული ქალაქი ელიატის ჩათვლით მიზანშია ამოღებული.

2012 წლის 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეზბოლა 50,000-მდე ჭურვს ფლობს, რაც სამჯერ აღემატება ჰეზბოლა-ისრაელის ომის პერიოდში დაჯგუფების ხელში არსებული ჭურვების რაოდენობას.[115] 2013 წლისთვის კი ეს რაოდენობა 60,000-80,000-მდე გაიზარდა.[116] ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ დრონებს იყენებდა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებში აღწევდა. ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ეს მათი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.[117][118]

ისრაელის სამხედრო ჩინოვნიკები ყურადღებას ამახვილებენ იმ შეიარაღებასა და გამოცდილებაზე, რაც შიიტურმა დაჯგუფებამ სირიის სამოქალაქო ომში ათასაობით მებრძოლის ჩართვის მიიღო. "ამგვარი გამოცდილების გაყიდვა შეუძლებელია" - აცხადებს თელ-ავივის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის სამხედრო-სტრატეგიული საკითხების სპეციალისტი გაბი სიბონი. "სხვა საკითხია, რომ ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ. გამოცდილებას ვერაფერი ჩაანაცვლებს და მასთან ხუმრობა არ შეიძლება".[119]

ტერორისტული აქტები

1982-1986 წლებში, ლიბანში, 41-მა ადამიანმა ამერიკული, ფრანგული და ებრაული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 36 სუიციდური ტერორისტული აქტი განახორციელა, რომელშიც 659 ადამიანი დაიღუპა.[44] ჰეზბოლა აქედან რამდენიმე ტერაქტზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა დაჯგუფებას თითოეულ მათგანში ჩართულობაში ადანაშაულებენ.[120][121]

  • ტვიროსის სათავო ოფისების აფეთქება (1982-83)
  • აშშ-ს საელჩოს აფეთქება (1983, აპრილი)[122]
  • ბეირუთის ყაზარმების დაბომბვა (1983)
  • ერაყის და'ვას პარტიასთან თანამშრომლობით ქუვეითის ტერაქტი (1983)[123]
  • აშშ-ს საელჩოს მიშენების აფეთქება (1984)[124]
  • გახშირებული თავდასხმები ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და სამხრეთ ლიბანის არმიაზე[44]
  • ტრანს-მსოფლიოს ავიახაზების თვითმფრინავის გატაცება (1985)[125]
  • ლიბანის მძევალთა კრიზისი (1982-1992)[126]

1990 წლის შემდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები და მათი მცდელობები ძირითადად დიპლომატებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

  • თავდასხმა ისრაელის საელჩოზე ბუენოს-აირესში (1992).[125][127]
  • ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქება (1994).[125][127]
  • ალას ჩირიკანას ავიახაზების თვითმფრინავის აფეთქება პანამაში (1994).[127][128]
  • ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ლონდონში (1994).[129]
  • ხობარის კოშკის აფეთქება საუდის არაბეთში (1996).[130]
  • ალ-კაიდასთვის გაწეული დახმარება წვრთნითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით აშშ-ს საელჩოებზე თავდასხმისთვის აფრიკის ქვეყნებში (1998).[131]
  • 2002 წელს სინგაპურმა ჰეზბოლა ადგილობრივი მოსახლეობის რეკრუტირებაში დაადანაშაულა აშშ-სა და ისრაელის გემების წინააღმდეგ 1990 წლებში სინგაპურის სრუტეებთან განუხორციელებელი ტერაქტის გამო.[132]
  • აშშ-ს საელჩოს ტრანსპორტის აფეთქება ბეირუთში (2008).[133]
  • ტერორისტული აქტის მცდელობა ეგვიპტეში, რომლის დროსაც ეგვიპტის სამართალდამცავებმა 49 ადამიანი დააკავეს ებრაელებსა და ეგვიპტელებზე დაგეგმილი თავდასხმის გამო სინაის ნახევარკუნძულზე (2009).[134]
  • ბურგასის ავტობუსის აფეთქება ბულგარეთში (2012).[135]
  • შიიტი ამბოხებულების გაწვრთნა აშშ-ს ჯარისკაცების წინააღმდეგ ერაყის ოპერაციის დროს.[136]

ჰეზბოლა ბოსნიის ომში

ირანი პირველი მუსლიმური ქვეყანა იყო, რომელმაც ალყაში მოქცეულ ბოსნიელებს (ჰანაფიტური მაზჰაბის სუნიტებს]] შეიარაღებული დახმარება გაუწია. ირანისგან წასული მხარდაჭერის 2/3 სამხედრო ამუნიცია და იარაღი იყო, რომელიც ბოსნიელებმა მიიღეს 1992-95 წლების ომში.[137] ამასთანავე ჰეზბოლამ საკუთარი მებრძოლები გაგზავნა ბოსნიაში. ამ ყველაფერმა ადგილობრივ მოსახლეობაში ირანისა და ჰეზბოლას მიმართ სიმპატიები გამოიწვია.[138] ომის დასასრულს შიიტმა საგარეო მრჩევლებმა და მებრძოლებმა ბოსნია დატოვეს.

მოთხოვნები გაზის რესურსებზე (2010)

2010 წელს ჰეზბოლამ პრეტენზია განაცხადა ლიბანის საზღვართან ახლოს, კერძოდ, ისრაელის ქალაქ ჰაიფადან 80 კმ-ით დასავლეთით მდებარე დალიტისა და ტამარის გაზის რესურსებზე, რომელიც Noble Energy-მ აღმოაჩინა. დაჯგუფებამ ისრაელი გააფრთხილა, რომ ბუნებრივი რესურსის ამოქაჩვა არ დაეწყო. ჰეზბოლას ოფიციალურმა პირები კი იმუქრებოდნენ, რომ ლიბანის ბუნებრივი რესურსების დასაცავად ისინი ძალის გამოყენებას არ მოერიდებოდნენ. "14 მარტის" ალიანსმა კი შიიტური ორგანიზაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის ამ მოვლენით ამართლებდა შეიარაღების ქონას. ლიბანის პარლამენტარმა ანტუან ზაჰრამ განცხადებაში თქვა, რომ ეს საკითხი კიდევ ერთი მოტივია "სხვა დაუსრულებელი მოტივების სიაში", რითაც მართლდება ჰეზბოლას მიერ შეიარაღების ქონა.[139]

აფეთქება სტამბოლში (2011)

2011 წლის ივლისში, იტალიურმა გაზეთი Corierre della Sera ამერიკულ და თურქულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჰეზბოლა იმავე წლის მაისში განხორციელებული აფეთქებისუკან იდგა, რამაც 8 თურქი მშვიდობიანი მოსახლის დაზარალება გამოიწვია. მოხსენება ასევე ამბობდა, რომ ეს იყო ისრაელის კონსულის, მოშე კიმჩის, მკვლელობის მცდელობა. თურქეთის სადაზვერვო წყაროებმა უარყვეს განცხადება და თქვეს, რომ "ისრაელს სჩვევია დეზინფორმაციის გავრცელება სხვა გამოცემების მეშვეობით.[140]

დაგეგმილი ტერაქტი კვიპროსზე (2012)

2012 წლის ივლისში კვიპროსის პოლიციამ ლიბანელი მამაკაცი დააკავა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის ბრალდებით ებრაელ ტურისტებზე დაგეგმილი თავდასხმის გამო. სამართალდამცავების თანახმად, მამაკაცი ჰეზბოლას სახელით გეგმავდა ტერაქტს კვიპროსზე, რაც მან დაკითხვის დროს აღიარა. პოლიციამ განგაში ამ ადამიანზე ისრაელის დაზვერვისგან საგანგაშო შეტყობინების მიღების შემდეგ ატეხა. ლიბანელი ებრაელი სამიზნეების ფოტოებსა და ისრაელის ავიახაზების ორმხრივი ფრენების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და თვითმფრინავის ან ტურისტული ავტობუსის აფეთქებას გეგმავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტერაქტის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა მას.[141][142]

ბურგასის ტერაქტი (2012)

2012 წელს ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ებრაელი ტურისტების ავტობუსი აფეთქდა, რის გამოც ბულგარეთის მთავრობამ ოფიციალურად ჰეზბოლა დაადანაშაულა. ისრაელის 5 მოქალაქე, ბულგარელი მძღოლი და ტერორისტი გარდაიცვალნენ.[143] ბომბი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ებრაელი ტურისტები აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიემგზავრებოდნენ. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი ეჭვმიტანილი ჰეზბოლას სამხედრო ფრთის წევრი იყო, რომლებიც ბულგარეთში 28 ივნისს ჩავიდნენ და 18 ივლისამდე რჩებოდნენ. მანამდე კი ისრაელს ჰეზბოლაზე ჰქონდა ეჭვი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მედია ანგარიშს უწოდა "კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, ჰეზბოლა და მისი ირანელი ბატონები კი მსოფლიო მასშტაბის ტერორიზმის კამპანიას ეწევიან, რაც ქვეყნებსა და კონტინენტებზე ვრცელდება".[144] ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ტერაქტი ბულგარეთში არის ერთ-ერთი იმ ტერორისტული აქტებიდან, რაც ჰეზბოლასა და ირანს დაუგეგმავთ და განუხორციელებიათ ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და საქართველოში.[143]

ინცინდენტი შაბაას სავარგულებში

2015 წლის 18 იანვარს, ჰეზბოლასა და ირანის სამხედროების კონვოიზე თავდასხმის საპასუხოდ სირიის სამხრეთით მდებარე კუნეიტრაში, ჰეზბოლამ შაბაას სავარგულებში 28 იანვარს შურისძიების მოტივით ისრაელის სამხედრო კონვოიზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით მიიტანა იერიში, რასაც 2 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 7 მათგანი დაიჭრა.[145]

რაფიკ ჰარირის მკვლელობა

2005 წლის 14 თებერვალს, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი და იქვე მყოფი სხვა 21 ადამიანი გარდაიცვალა, როცა ესკორტი გზის პირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ჰარირი ლიბანის პრემიერ-მინისტრი 1992-1998 და 2000-2004 წლებში იყო. 2009 წელს, გაეროს სპეციალურმა საგამოძიებო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ მკვლელობაში ჰეზბოლას ხელი ერია.[145]

2010 წლის აგვისტოში ტრიბუნალის მიერ ჰეზბოლას წევრების მისამართით ბრალის შესაძლო წაყენებასთან დაკავშირებით ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელი 1993 წლამდე ცდილობდა ჰარირის მკვლელობას, რათა ლიბანში პოლიტიკური ქაოსი გამოეწვია, ანტი-სირიული ატმოსფერო შეექმნა და საბოლოოდ სირიის ჯარები ეიძულებინა, რომ ლიბანი დაეტოვებინათ. ჰეზბოლას ლიდერმა დაამატა, რომ 1996 წელს ჰეზბოლამ დააკავა ისრაელის აგენტი აჰმედ ნასრალა (არანაირი კავშირი ჰასან ნასრალასთან), რომელმაც იცოდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და აცხადებდა, რომ მყარი საბუთი ჰქონდა ჰეზბოლას მიერ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ.[146] ამასთან დაკავშირებით საად ჰარირიმ განაცხადა, რომ გაერომ აღნიშნული საკითხი უნდა გამოიძიოს.[147]

2011 წლის 30 ივნისს ლიბანის საგანგებო ტრიბუნალი ჩამოყალიბდა, რათა რაფიკ ჰარირის მკვლელობა გამოეძიებინა, ჰეზბოლას მაღალჩინოსნებზე გასცა დაკავების ორდერები, მათ შორის მუსტაფა ბადრ ად-დინზეც.[148] 3 ივლისს ჰასან ნასრალამ ბრალდება უარყო და ტრიბუნალი ჰეზბოლას წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დადო პირობა, რომ დასახელებული პირებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააპატიმრებდნენ.[149]

სამიზნის ამორჩევა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ ჰეზბოლამ ალ-კაიდა დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების გამო,[150][151] ხოლო პენტაგონზე თავდასხმის შემთხვევაში დუმდა.[152] ჰეზბოლამ გაკიცხა ალჟირული შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფება ხოცვა-ჟლეტის გამო, "ალ-ჯამა'ა ალ-ისლამია" კი ტურისტებზე თავდასხმის გამო ეგვიპტეში.[153]

მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გმობს, ორგანიზაციას 1994 წელს არგენტინაში სინაგოგაზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. არგენტინელი პროკურორი ალბერტო ნისმანი, მარსელო მარტინეს ბურგოსი და კიდევ 45 ადამიანი აცხადებდა, რომ ჰეზბოლა და მათი ირანელი მოკავშირეები არიან პასუხისმგებლები ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქების გამო, რომელმაც 85 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[153] 2002 წელს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ოპერაცია "დამცავი ფარი" წამოიწყო, ჰასან ნასრალა სიტყვით გამოვიდა, რაშიც პალესტინეური დაჯგუფებების წევრებს ებრაელებზე განხორციელებული სუიციდური ტერორისტული აქტები მოუწონა. მისი თქმით, "ისინი შეკავებასა და თანაბარი შიშის დანერგვას ცდილობდნენ". ნასრალამ ასევე განაცხადა, რომ "ოკუპირებულ პალესტინაში სამხედროსა და მშვიდობიან მაცხოვრებელს შორის არანაირი განსხვავება არაა, რადგან ყველა მათგანი დამპყრობელი, ოკუპანტი და უზურპატორია".[3]

2012 წლის აგვისტოში აშშ-ს კონტრ-ტერორისტული დეპარტამენტის კოორდინატორმა დანიელ ბენჯამინი ყველას აფრთხილებდა, რომ ჰეზბოლამ ევროპაზე იერიში ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შეუძლია მიიტანოს. ბენჯამინმა დაამატა: "ჰეზბოლა ევროპაში თავის ადგილსამყოფელს ინარჩუნებს და მისი უკანასკნელი ქმედებები აჩვენებს, რომ მასზე კოლატერალური დაზიანება ან პოლიტიკური უთანხმოება არ მოქმედებს. ვფიქრობთ, რომ ჰეზბოლას ევროპაში თავდასხმა ნებისმიერ ადგილას და დროს შეუძლია მცირე გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.. ამასთანავე ჰეზბოლამ ტერორისტულ კამპანიას მსოფლიო მასშტაბით მოუხშირა".[154][155][156]

საიდუმლო სამსახურები

ჰეზბოლას სპეც-სამსახურებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ახასიათებენ. ორგანიზაციის საიდუმლო სამსახურები ლიბანის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობენ.[157]

1982 წელს ჰეზბოლას სპეც-სამსახურის აპარატი ჰუსეინ ალ-ხალილიმ დააარსა, რომელიც ამჟამად ჰასან ნასრალას პირველი პოლიტიკური მრჩეველია,[158] ხოლო კონტრდაზვერვას ირანული კუდსის ძალები მართავენ. 1990-იან წლებში ეს აპარატი კიდევ უფრო გაიზარდა.

ცნობილი მკვლევრის, აჰმად ჰამზის მიხედვით, ჰეზბოლას კონტრდაზვერვა იყოფა ორ ნაწილად: ამნ ალ-მუდადი გარე საფრთხეზეა ორიენტირებული, ხოლო ამნ ალ-ჰიზბ დაჯგუფების ერთიანობასა და მის ლიდერებს იცავს. პირველი ნაწილი წვრთნებს ირანსა და დიდი ალბათობით ჩრდილოეთ კორეაშიც გადის.[159] ჰეზბოლას ასევე სამხედრო და გარე უსაფრთხოების ძალებიც ჰყავს, რომლებიც ლიბანის გარეთ მოქმედებენ.[160]

ჰეზბოლას წარმატებული ოპერაციებიდან უნდა აღინიშნოს 1994 წელს CIA-ს მიერ დაჯგუფების საგარეო მდივნის ჰასან ეზედინის გატაცებისთვის ხელის შეშლა, 1997 წელს ორმაგი აგენტით მანიპულაცია და 2000 წელს მოსადის დაჯგუფების აგენტის ელჰანან ტანენბაუმის გატაცება.[159] ჰეზბოლა ლიბანის მთავრობასთან თანამშრომლობდა 2006 წელს, რომლის ფარგლებშიც ადიბ ალ-ალამს ადევნებდნენ თვალ-ყურს, როგორც ისრაელის აგენტს.[159] ორგანიზაციამ დაიქირავა ლეიტენანტი ომარ ალ-ჰეიბი, რომელიც 2006 წელს დამნაშავედ სცნეს ჰეზბოლას დაზვერვის გამო. 2009 წელს ჰეზბოლამ გარაჟის მფლობელი მარვან ფაკიჰი დააპატიმრა, რომელმაც სათვალთვალო მოწყობილობები დაამონტაჟა ჰეზბოლას სატრანსპორტო საშუალებებზე.[159]

ჰეზბოლას კონტრდაზვერვა ელექტრონულ სადაზვერვო მოწყობილობებს იყენებს და ტექნოლოგიებს აუმჯობესებს. 2011 წელს ჰეზბოლამ პროგრამის გამოყენება დაიწყო, რომელიც მობილური ტელეფონის მონაცემების ანალიზს ახდენს და აფიქსირებს ჯაშუშობას. საეჭვო კონტაქტების ამოცნობა კი ჩვეულებრივი მოწყობილობებით ხდება. 1990-იანი წლების შუაში ჰეზბოლას უშიფრო ვიდეოების გადმოწერა შეეძლო ისრაელის დრონებიდან. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს ებრაული ჯარების ლიბანიდან გასვლის შემდეგ ისრაელის დაზვერვა გააქტიურდა. ირანისა და რუსული FSB-ს დახმარებით, ჰეზბოლამ კონტრდაზვერვის შესაძლებლობები გააუმჯობესა. 2008 წელს უკვე შესაძლებელი იყო ისრაელის სადაზვერვო მწერების დაფიქსირება სანინის მთაზე.

ჩართულობა სირიის სამოქალაქო ომში

ჰეზბოლა დიდი ხანია, რაც ასადების ოჯახების მართული სირიული ბაასის პარტიის მოკავშირეა. შიიტური დაჯგუფება სირიის ხელისუფლებას სამოქალაქო ომში ეხმარება სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც ჰეზბოლა ასადისა და მისი ალიანსის საწინააღმდეგოდ შეკრულ სიონისტ შეთქმულებს უწოდებს.[20] 2012 წლის აგვისტოში აშშ-მ ჰეზბოლა სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობაში დაადანაშაულა.[161] ჰასან ნასრალამ კი უარყო ჰეზბოლას მონაწილეობა: "ომის დაწყების დღიდან სირიის ოპოზიცია მედიასთან ამბობს, რომ ჰეზბოლამ 3,000 მებრძოლი გაგზავნა სირიაში, ჩვენ კი ამას უარვყოფთ".[162] ლიბანური Daily Star-ის თანახმად, ჰეზბოლას ლიდერმა იმავე გამოსვლაში თქვა, რომ მისი მებრძოლები სირიის ხელისუფლებას ეხმარებოდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლების შესანარჩუნებლად, რომელიც ლიბანელი შიიტებით არის დასახლებული. ნასრალამ ასევე განაცხადა, რომ სირიაში დაღუპული ჰეზბოლას მეომრები "სავალდებულო ჯიჰადს" ასრულებდნენ.[163]

2012 წელს ორგანიზაციის მებრძოლებმა სირია-ლიბანის საზღვარი გადაკვეთეს და ალ-კუსაირის რეგიონში არსებული 8 სოფელი აიღეს.[164] 2013 წელს სირიის ოპოზიციურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სირიის არმიისგან მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ "სირიის თავისუფალი არმიის" მიერ კონტროლირებად სამ მეზობელ სუნიტურ სოფელს შეუტია. ამ უკანასკნელის სპიკერმა განაცახდა, რომ ჰეზბოლასთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, სირიის ხელისუფლების ავიაციასთან კოორდინაციის დახმარებით დაპყრობა პირველი შემთხვევაა. ჰეზბოლამ აღნიშნა, რომ "სირიის თავისუფალ არმიასთან" შეტაკებაში სამი ლიბანელი შიიტი დაიღუპა, რომლებიც თავიანთ თავებს იცავდნენ.[164][165] ლიბანური წყაროების თანახმად, ისინი ჰეზბოლას წევრები იყვნენ.[166] "სირიის თავისუფალმა არმიამ" კი საპასუხოდ ჰეზბოლას პოზიციებს შეუტია: ერთს სირიაში, მეორეს კი ლიბანში. 5 დღის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ სირიელი ოფიცრებითა და ჰეზბოლას მეომრებით სავსე ლიბანში მიმავალი კონვოი გაანადგურეს.[167]

"14 მარტის ალიანსის" ლიდერებმა და სხვა ცნობილმა ლიბანელმა ფიგურებმა ჰეზბოლას სირიიდან გამოსვლისკენ მოუწოდეს, რადგან, მათი თქმით, ეს ლიბანს საფრთხის წინაშე აყენებს.[167] ჰეზბოლას ყოფილმა ლიდერმა, სუბჰი ათ-თუფაილიმ განაცხადა, რომ ჰეზბოლას ის მებრძოლები, რომლებიც კლავენ ბავშვებს, ატერორებენ ხალხს და უნგრევენ სახლებს სირიაში, ჯოჯოხეთში მოხვდებიან.[168] ბაალბეკ-ჰერმელში სუნიი და შიიტი ლიდერების კრებამაც მოუწოდა ჰეზბოლას, რომ არ ჩარეულიყო სირიაში. მათი განცხადებით, "სირიელი ხალხისთვის ფრონტის ხაზის გახსნა და ლიბანის სირიელ ხალხთან ომში ჩათრევა ძალიან საშიშია, რაც მათს ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას მოახდენს".[166] ლიბანის "პროგრესული სოციალისტური პარტიის" თავმჯდომარემ, ვალიდ ჯუმბლატმა, ასევე მოუწოდა ჰეზბოლას სირიიდან გამოსვლისკენ[169] და განაცხადა: ჰეზბოლა სირიაში ირანის დავალებით იბრძვის".[170] ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა, მუჰამედ მორსიმ ჰეზბოლას ქმედებები სირიაში შემდეგნაირად დაგმო: "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰეზბოლასა და ირანს, რომლებიც ასადის რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობენ".[171]

2013 წლის მაისში ჰასან ნასრალამ გამოაცხადა, რომ ჰეზბოლა სირიის სამოქალაქო ომში ისლამისტი რადიკალების წინააღმდეგ იბრძვის და პირობა დადო, რომ მათ ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების გაკონტროლების საშუალებას არ მისცემდა.[172] მან დაადასტურა, რომ დაჯგუფება სირიის სტრატეგიული ქალაქის, ალ-კუსაირის, ასაღებად იბრძოდა ასადის ძალების მხარეს. სატელევიზიო მიმართვაში მან თქვა: "თუ სირია ამერიკის, ისრაელისა და ურწმუნოების ხელში ჩავარდება, ჩვენს რეგიონში მაცხოვრებელი ხალხი ბნელ ხანაში შევა".[173]

იმავე პერიოდში 4 რაკეტა დაეცა ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე: ორი ბეირუთში, რომელმაც 5 ადამიანი დააზარალა, ხოლო დანარჩენმა ბეირუთის ალ-ჰერმელის უბანში შენობები დააზიანა. აღნიშნულ ქმედებაში სირიელი ამბოხებულები დაადანაშაულეს, რადგან მანამდე პირობა დადეს, რომ ჰეზბოლას მიერ სირიის არმიის მხარდაჭერის გამო ალ-კუსაირის ბრძოლაში მათს პოზიციებს ლიბანში შეუტევდნენ.[174][175]

"სირიის თავისუფალი არმიის" გენერალმა სალიმ იდრისმა ჰეზბოლას 24-საათიანი ვადა მისცა სირიის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის ოპოზიციური ძალა ჰეზბოლას ლიბანურ პოზიციებს თავს დაესხმებოდა.[176]

უკანასკნელ პერიოდში ჰეზბოლამ 2,000 მეომარი გაგზავნა ალეპოს ბრძოლისთვის, რაც ორგანიზაციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ამან ჰეზბოლას როტაციის ტაქტიკაში ცვლილება გამოიწვია: თუ მანამდე ჰეზბოლას ჯარისკაცი 7 დღე იბრძოდა, ხოლო შემდეგი 7 დღე ისვენებდა, ახლა ჰეზბოლამ ბრძოლის დღეების რაოდენობა 20-მდე გაზარდა, ხოლო დასვენება ისევ 7 დღე დარჩა.[177]

ისრაელის თავდაცვითი წყაროების თანახმად, სირიაში 2,000-მდე ჰეზბოლას მეომარი დაიღუპა, ხოლო 5,000 დაიჭრა.[178]

თავდასხმები ჰეზბოლას ლიდერებზე

ჰეზბოლას წევრები მრავალჯერ ყოფილან მრავალი თავდასხმის სამიზნეები:

  • მანქანის აფეთქება ბეირუთში, სამიზნე იყო მუჰამად ჰუსეინ ფადლალა, თუმცა მკვლელობის მცდელობა ჩაიშალა. (1985)
  • ებრაელმა სპეცრაზმელებმა გაიტაცეს ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი შეიხ აბდულკარიმ ობეიდი. ამას მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს 638-ე რეზოლუცია, რომელმაც ნებისმიერი მხარის მიერ მძევლების აყვანა და მოკვლა დაგმო. (1989) [179]
  • ისრაელის შვეულმფრენები თავს დაესხნენ ესკორტს სამხრეთ ლიბანში, რამაც ჰეზბოლას ლიდერის, აბას ალ-მუსავის, მისი ცოლისა, შვილის და ოთხი სხვა ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.[45]
  • მანქანის აფეთქება დამასკოში, დაიღუპა ჰეზბოლას ლიდერი იმად მუღნიე. (2008)[180]
  • ჰეზბოლას მთავარსარდლის, ჰასან ალ-ლაკისის, მკვლელობა ბეირუთში. (2013)
  • ისრაელის ვერტმფრენებმა ჰეზბოლას მებრძოლთა ჯგუფს შეუტიეს კუნეიტრაში. დაიღუპა იმად მუღნიეს შვილი ჯიჰად მუღნიე, ირანის "კუდსის" არმიის გენერალი მოჰამად ალი ალაჰდადი და 5 მებრძოლი გარდაიცვალა.[181][181][182]
  • აფეთქება დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, დაიღუპა ჰეზბოლას სარდალი მუსტაფა ბადრ ად-დინი. ლიბანური მედია ისრაელს ადანაშაულებს, ხოლო ჰეზბოლა თავდასხმას სირიის ოპოზიციას მიაწერს.[183][184][185]

საგარეო ურთიერთობები

ჰეზბოლას ახლო ურთიერთობები აქვს ირანთან.[186] მას კავშირები აქვს სირიის ხელისუფლებასთანაც; ეს კავშირები ჰაფეზ ალ-ასადის გარდაცვალებამდე (2000 წელს) უფრო მყარი იყო.[187] ის ამჟამად სირიის სამოქალაქო ომში ჩაბმულ ბაშარ ალ-ასადსაც უწევს მხარდაჭერას.[188][189] მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა და ჰამასი ერთმანეთთან ორგანიზაციულად არ არიან დაკავშირებული, ჰეზბოლა მორალურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს სუნიტურ ტერორისტულ დაჯგუფებას.[190] ჰეზბოლა ალ-აკსას ინთიფადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო.[3]

ამერიკისა და ისრაელის კონტრ-ტერორიზმის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰეზბოლას აქვს (ან ჰქონდა) კავშირები ალ-კაიდასთან, თუმცა შიიტური დაჯგუფების ლიდერები ამას უარყოფენ.[191][192] ალ-კაიდას ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუსაბ აზ-ზარკავი და ვაჰაბიტი სასულიერო პირები ჰეზბოლას "განდგომილად" თვლიან.[193] ლიბანის მედიის მინისტრმა მიშელ სამაჰამ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ლიბანის ხელისუფლების მოკავშირეა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ და ჰეზბოლას ალ-კაიდასთან დაკავშირება "საოცარია".[3]

ჰეზბოლას აღქმა საერთაშორისო საზოგადოებაში

ჰეზბოლას სტატუსის, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის, ტერორისტული დაჯგუფების, წინააღმდეგობის მოძრაობის თუ მათი კომბინაციის საკითხი დღემდე სადავო საკითხია.[26]

არაბებისა და აშშ-ს მიერ ჰეზბოლას მიმართ აღქმა დიდად განსხვავდება.[194] ოფიციალურად რამდენიმე დასავლური ქვეყანა ჰეზბოლას ან მის სამხედრო ფრთას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ხოლო მათს ძალადობრივ აქტებს კი - ტერორისტულ თავდასხმად. თუმცა არაბულ და ისლამურ სამყაროში ჰეზბოლა წინააღმდეგობის მოძრაობადაა მიჩნეული, რომელიც სახელმწიფოს იცავს.[23][195][196] ლიბანის შიგნითაც კი ჰეზბოლას შეიარაღებულ დაჯგუფებად თუ წინააღმდეგობის მოძრაობად მიჩნევა დღემდე სადავოა. თუმცა იქ ჰეზბოლას ლიბანის დამცველ ლეგიტიმური ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზაციად აღიარებენ. ლიბანის მედიის მინისტრი მას ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს.[197] არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ეგვიპტესა და საუდის არაბეთში ჰეზბოლა დესტაბილიზაციურ ძალად ან სოციო-პოლიტიკურ პარტიზანულ მოძრაობად აღიქმება, რომელიც ძლიერი ლიდერობის მაგალითს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, სოციალური თანასწორობისადმი თავდადების მაგალითს წარმოადგენს და ირანის წყალობით არსებობს.

ცხრილში მოცემულია, თუ რამდენად აღიქვამენ სახელმწიფოები ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად:

Flag of the Arab League.svg
არაბული ლიგა
მთლიანი ორგანიზაცია[198]
ევროკავშირისამხედრო ფრთა[199]
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომთლიანი ორგანიზაცია[34]
აშშმთლიანი ორგანიზაცია[200]
ისრაელიმთლიანი ორგანიზაცია[32]
კანადამთლიანი ორგანიზაცია[201]
გაერთიანებული სამეფოსამხედრო ფრთა[36]
ავსტრალიამთლიანი ორგანიზაცია[202]
რუსეთიარ თვლის ტერორისტულ დაჯგუფებად[39]
ჩინეთიინარჩუნებს ნეიტრალურობას[39]

დასავლურ სამყაროში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად 1995 წელს აღიარა და საგანგებო სიაში შეიყვანა. კონგრესის კვლევის სამსახური ჰეზბოლას ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ 1980-იან წლებში ჩადენილ ქმედებებში სდებს ბრალს, რომელშიც 1983 წელს ბეირუთში ამერიკის საელჩოს აფეთქება, აშშ-ს საზღვაო შენაერთებზე თავდასხმა, რამაც ჯამში 258 ამერიკის მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1990-იან წლებში ჰეზბოლას თავდასხმებმა ებრაელებზე არგენტინაში და ერაყელი შიიტების გაწვრთნამ ორგანიზაციას რეპუტაცია ძალიან შეულახა.[203]

დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელიც ჰეზბოლას სამხედრო და პოლიტიკური ფრთების განცალკევებას შეეცადა. 2008 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ იმად მუღნიესთან კავშირი დაადასტურა, დიდმა ბრიტანეთმა მისი სამხედრო ფრთა ტერორისტულად ცნო. 2012 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილიამ ჰაგმა ევროკავშირს ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანისკენ მოუწოდა.[204] 2012 წლის ბურგასის ტერაქტის ფონზე ევროკავშირში განახლდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.[205] 2013 წლის 22 ივლისს ევროკავშირი დათანხმდა ჰეზბოლას სამხედრო ფრთა სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობის გამო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.[206]

რაც შეეხება რუსეთს, ჰეზბოლასა და ისრაელის კონფლიქტში მან უარი თქვა ტერორისტული ორგანიზაციების ახლადგამოქვეყნებულ სიაში ჰეზბოლას შეყვანას. ფედერალური უშიშროების სამსახურის ანტი-ტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის, იური საპუნოვის, თქმით, "ჩვენ ის ტერორისტულ ორგანიზაციები შეგვყავს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ემუქრება".[207] აღსანიშნავია, რომ სიის განახლებამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, ჰეზბოლას ტერორისტული მეთოდების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდა, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმა".[208]

გაეროს ამგვარი სია არ აქვს,[209] თუმცა მან რამდენიმეჯერ ჰეზბოლას განიარაღებისკენ მოუწოდა, რეგიონის დესტაბილიზაციასა და ლიბანელი მშვიდობიანი მაცხოვრებლებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.[210][211][212] ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა ჰეზბოლას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულში დასდეს ბრალი.[213][214][215][216]

არგენტინის პროკურატურა ჰეზბოლასა და მის ფინანსურ მხარდამჭერებს ირანიდან ადანაშაულებს 1994 წელს ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქებაში. როგორც Associated Press აღწერს, "ეს იყო ყველაზე ცუდი ტერაქტი არგენტინის მიწაზე, რომელში 85 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი გარდაიცვალა".[217][218] ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის პერიოდში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიონელ ჟოსპინმა, ჰეზბოლას მებრძოლების მიერ ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმა დაგმო: "ეს არის ტერორისტული აქტები და არა წინააღმდეგობა. საფრანგეთი გმობს ყველა ტერაქტს, რომელიც ებრაელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება".[219] იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მასიმო დ'ალემამ ჰეზბოლას ორგანიზაციები ერთმანეთისგან გამიჯნა: "მათი ცნობილი ტერორისტული აქტების პარალელურად, მათ პოლიტიკური მოწყობაც აქვთ და სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩაბმულები".[220] გერმანიას საკუთარი სია არ აქვს, რადგან ევროკავშირის სიას მიჰყვება. თუმცა გერმანიის ოფიციალური პირები საკუთარ განცხადებებში მხარს უჭერენ აზრს, რომ ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციაა".[221]

არაბულ და ისლამურ სამყაროში

2006 წელს ჰეზბოლა არაბული და ისლამური სამყაროს დიდ ნაწილში ლეგიტიმურ წინააღმდეგობის მოძრაობად აღიარეს.[23] ამასთანავე, სუნიტური სამყარო ჰეზბოლას ირანული გავლენის ქვეშ მყოფ აგენტად აღიქვამს და ლიბანის შიგნით მისი შესუსტება სურს.[222] ეგვიპტემ, იორდანიამ და საუდის არაბეთმა ჰეზბოლას ქმედებები შემდეგნაირად დაგმეს: "არაბები და მუსლიმები ვერ შეეგუებიან ჰეზბოლასნაირ უპასუხისმგებლო და თავგადასავლების მაძიებელ ორგანიზაციის მიერ რეგიონის ომში ჩათრევას, რაც სახიფათო ავანტიურაა".[223]

ჰეზბოლას 2009 წლის განუხორციელებელი ტერორისტული აქტის შემდეგ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმმა ჰეზბოლა ოფიციალურად ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა.[223] ეგვიპტის ელჩმა ლიბანში, აშრაფ ჰამდიმ, განაცხადა, რომ "წინააღმდეგობა იმ გაგებით, რომ ლიბანის ტერიტორიას იცავენ.. ეს არის მათი უპირველესი როლი. ვფიქრობთ, რომ, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობამ ლიბანის ტერიტორიის დაცვით დიდი საქმე გააკეთეს და ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა ლეგალური და ლეგიტიმურია".[224][225]

ბაჰრეინში გამოსვლების დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალიდ იბნ აჰმად ალ-ხალიფამ ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციებში გაიყვანა და მომიტინგეების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.[226][227] 2013 წლის 10 აპრილს ბაჰრეინმა ჰეზბოლა ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეიყვანა, რითაც ამ მხრივ პირველი არაბული ქვეყანა გახდა.[228]

2011 წლის სირიის ამბოხების დროს კი ჰეზბოლამ მხარი ბაშარ ასადის ხელისუფლებას დაუჭირა, რითაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე სირიელების კრიტიკა დაიმსახურა. იმის გამო, რომ ჰეზბოლამ სხვა მოძრაობებს გამოუცხადა მხარდაჭერა "არაბული გაზაფხულის" დროს, ასადის მოწინააღმდეგე სირიელებმა განაცხადეს, რომ ისინი თავს იმედგაცრუებულად თვლიდნენ შიიტური დაჯგუფების ორმაგი სტანდარტის გამო. ჰეზბოლას დახმარებით ასადის ხელისუფლების მიერ ალ-კუსაირის ბრძოლის მოგების შემდეგ ორგანიზაციის საწინააღმდეგო გამომცემლობები გამოჩნდა არაბულ მედიაში, ხოლო სამხრეთ ლიბანში დაჯგუფების საწინააღმდეგო გრაფიტის ნახატების გამოფენა დაიწყეს.[229]

2016 წლის მარტში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა მასთან დაკავშირებული მცდელობების გამო, საფუძველი შეერყია საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის. მას არაბული ლიგა მოჰყვა, სადაც მხოლოდ ერაყმა და ლიბანმა შეიკავეს. სამიტზე ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯებრან ბასილმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას დიდი წარმომადგენლობა აქვს და ლიბანელი საზოგადოების განუყრელი ნაწილია. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარიმ კი თქვა, რომ "ხალხის მობილიზაციამ" და ჰეზბოლამ არაბებს ღირსება შეუნარჩუნეს და ის, ვინც მათ ტერორიზმში ადანაშაულებს, თვითონაა ტერორისტი".[230] საუდის არაბეთის დელეგაცია სხდომას არ დაესწრო.[231] ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანი და გასაოცარიც კი" უწოდა.[232][233]

აღსანიშნავია, რომ არაბული ლიგის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ჰეზბოლას ლიდერმა განაცხადა: "საუდის არაბეთი ჰეზბოლაზე გაბრაზებულია მას შემდეგ, რაც მას შეუძლია, გაბედოს თქვას ის, რის თქმასაც ძალიან ცოტა ბედავს სამეფო ოჯახის წინააღმდეგ".[234]

ლიბანის შიგნით

მიშელ სამაჰას თანახმად, ჰეზბოლა ლეგიტიმურ წინააღმდეგობის მოძრაობად აღიქმება, რომელმაც საკუთარ ტერიტორია ისრაელის არმიის ოკუპაციისგან დაიცვა და ყოველთვის მის წინააღმდეგ მიდიოდა.[3]

ბეირუთის საინფორმაციო და კვლევითმა ცენტრმა 2006 წლის ლიბანის ომის დროს გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ლიბანელების 87% ჩრდ. ისრაელზე საპასუხო დარტყმას უჭერდა მხარს.[235] ყველაზე გასაოცარი არაშიიტებისგან ჰეზბოლას ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო: ქრისტიანების 80%, დრუზების 80% და სუნიტების 89%.[236]

ლიბანელ მოზარდებზე ჩატარებულ კვლევაში 2004 წელს 6% ჰეზბოლას განიარაღებას ემხრობოდა. დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ჩატარებულმა კვლევაში კი რესპონდენტების 80%-მდე ჰეზბოლას მიმართ დადებითად განწყობილი აღმოჩნდა. იორდანელი მოზარდებიდან კი 63% უჭერს მხარს შიიტური წინააღმდეგობის მოძრაობას.[237]

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს USA Today-ს გამოკითხვაში რესპონდენტების 83% ნაწილობრივ მაინც ჰეზბოლას ადანაშაულებდა ისრაელთან ომში, 66% კი გარკვეულწილად ისრაელს. მათგან 76% ჰეზბოლას ქმედებებს გმობდა ისრაელში, ხოლო 38% - ისრაელის ქმედებებს ლიბანში.[238] ABC News-ისა და Washington Post-ის გამოკითხვამ 2006 წლის აგვისტოში აჩვენა, რომ 68% ჰეზბოლას ადანაშაულებდა სულ მცირე მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, 31% კი ისრაელს სდებდა ბრალს. იმავე პერიოდში, CNN-ის გამოკითხვაში გამოჩნდა, რომ ამერიკელების 69% ჰეზბოლას თავისი ქვეყნის მტრად მიიჩნევდა.

2010 წელს ლიბანელი მუსლიმების გამოკითხვაში აღმოჩნდა, რომ შიიტების 94% უჭერდა მხარს დაჯგუფებას, ხოლო სუნიტების 84% არც თუ ისე კარგად იყო განწყობილი.[239] მას შემდეგ, რაც ჰეზბოლა სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო, მის მიმართ მხარდაჭერა უფრო და უფრო მცირდება.[240] აღსანიშნავია, რომ ჰამასის პრეზიდენტმა ისმაილ ჰანიამ 2012 წლის გამოსვლაში მასების წინაშე ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა სირიის ოპოზიციის მიმართ.[241]

2006 წლის ლიბანის ომის დროს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა განცხადება გააკეთა: "ჰეზბოლას დიდი სახელი აქვს ლიბანში, რადგან მან ჩვენი ქვეყანა გაათავისუფლა... მიუხედავად იმისა, რომ ის პატარაა, ის ისრაელს ებრძვის".[242] ომის შემდეგ ლიბანელები, მათ შორის ხელისუფლების წევრები, აღშფოთებულები იყვნენ იმ დიდი ზარალის გამო, რაც ქვეყანამ განიცადა და ჰეზბოლას ქმედებებს გაუმართლებელ "საშიშ ავანტიურად" უფრო ნათლავდნენ, ვიდრე წინააღმდეგობად. მათ ჰეზბოლა ირანისა და სირიის დავალებით მოქმედებდა.[243] "მომავლის მოძრაობის" წევრმა, რომელიც "14 მარტის ალიანსის" ნაწილია, განაცხადა, "ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ყველა მახასიათებელი აქვს და მას ლიბანი ირანის სახელისუფლებო სისტემამდე მიჰყავს".[244]

2008 წლის აგვისტოსი ლიბანის მინისტრთა კაბინეტმა პოლიტიკური დადგენილებაზე მუშაობა დაამთავრა, რომელიც აღიარებდა "ლიბანელი ხალხის, არმიისა და წინააღმდეგობის უფლებებს, რომ ისრაელის მიერ ოკუპირებული შაბაას სავარგულები, ქაფარ შუბას მაღლობი და სოფელი ღაჯარის ლიბანური ნაწილი გაეთავისუფლებინა და ქვეყანა ყველა შესაძლო და ლეგალური საშუალებებით დაეცვა.[18]

სანამ ჰეზბოლა ეგვიპტის, იემენის, ბაჰრეინისა და თუნისის გამოსვლებს მხარს უჭერდა, ის ირანისა და სირიის გვერდით იდგა. 2010 წლის აგვისტოში 800 ადამიანი გამოვიდა ბეირუთში ბასარ ასადის წინააღმდეგ. პოლიციამ კი პრო-სირიული აქციები შეაკავა და ჩაახშო.[245]

ფინანსები

ჰეზბოლას შემოსავლების წყარო ლიბანური ბიზნეს გაერთიანებები, კერძო პირები, ლიბანური დიასპორა აფრიკაში, სხვა ისლამისტური დაჯგუფებები, სახელმწიფოები და შიიტი ლიბანელების მიერ გადახდილი გადასახადებია.[157] თავად ჰეზბოლა კი ამბობს, რომ ფინანსებს ინვესტიციებიდან და მუსლიმების შემოწირულობებიდან იღებს. დასავლური წყაროები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციას ირანი და სირია უწევენ ფინანსურ, სამხედრო, პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას.[79][246][247] ირანმა 1983-89 წლებში 400 მლნ დოლარით დაეხმარა ჰეზბოლას.[248][249][250] აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად ირანი დღემდე აფინანსებს შიიტურ დაჯგუფებას. მაგ, 2011 წელს ირანმა 7 მლნ $ გამოყო ჰეზბოლას ქმედებების დასაფინანსებლად.[251] ჰეზბოლა ფინანსებს იღებს შიიტი ლიბანელების დიასპორებიდან დასავლეთ აფრიკაში, აშშ-ში და ტრიპლე ფრონტერადან(სამმაგი საზღვარი ბრაზილიას, პარაგვაისა და არგენტინას შორის).[252] დასავლეთში ჰეზბოლას ადანაშაულებდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რასაც ჰასან ნასრალამ ორგანიზაციის იმიჯის დასაზიანებელი პროპაგანდა უწოდა.[253][254][255][256][257] ჰეზბოლას მხარდაჭერაში ვენესუელის მთავრობის წევრებსაც ადანაშაულებდნენ.[258]

სოციალური უზრუნველყოფა

ჰეზბოლა თაოსნობით ფართო სოციალური განვითარების პროგრამები მოქმედებს, რომელიც მოიცავს საავადმყოფოებს, საინფორმაციო საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და დროებითი ქორწინების ხელის შეწყობას, რომელიც "თორმეტიანთა" შიიზმშია დაშვებული.[248][259] ჰეზბოლას ერთ-ერთი ინსტიტუცია "ჯიჰად ალ-ბინა'ა" არის პასუხისმგებელი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებზე ლიბანში.[260] ჰეზბოლამ ჩამოაყალიბა "მოწამის ინსტიტუცია" (აშ-შაჰიდის სოციალური ასოციაცია), რომელიც ყველა იმ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ხარჯებით, რომელთა ოჯახის წევრებიც იღუპებიან ბრძოლაში.[250] გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის კოორდინაციის ცენტრის მიხედვით:

ჰეზბოლას შიგნით არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური ფრთები ფუნქციონირებს, არამედ ის ფართო სოციალური განვითარების პროგრამას ეწევა. ჰეზბოლას თაოსნობით მოქმედებს სულ მცირე ოთხი საავადმყოფო, თორმეტი კლინიკა, 12 სკოლა და სოფლის მეურნეობის 2 ცენტრი, რომელიც ფერმერებს ტექნიკურ დახმარებას უწევს და ტრენინგებს უტარებს. ორგანიზაციაში გარემოს დეპარტამენტი და ფართო სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა არსებობს. ჰეზბოლას საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურება სხვა კერძო საავადმყოფოებთან შედარებით იაფია, ხოლო დაჯგუფების წევრებისთვის უფასოა.[248]

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ისრაელთან ომის დროს ბეირუთში წყლის ნაკლებობა იყო, ჰეზბოლა კი მოსახლეობის წყლით მომარაგებას ცდილობდა. ლიბანელი შიიტები ჰეზბოლას რამდენადაც პოლიტიკურ მოძრაობად და სოციალურად უზრუნველმყოფელს, იმდენად დაჯგუფებად აღიქვამს.[261] ჰეზბოლა თავის პარტიზანებს, რომლებიც ომში იჭრებიან, სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებში მიჰყავს.

ასე, რომ ჰეზბოლას ლიბანურ საზოგადოებაში ფესვები მყარად აქვს გადგმული.[3]

მედია

ალ–მანარი (المنار‎; შუქურა) არის ჰეზბოლას ცენტრალური საინფორმაციო ბიუროს პირველი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ბეირუთიდან მაუწყებლობს.[262] 1991 წლიდან მაუწყებლობს და წარმოადგენს "ძლიერ იარაღს სიონისტური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ"[263], თუმცა რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, ებრაული ლობისა და აშშ–ს ზეწოლით მისი გადმოცემა აკრძალულია ანტისემიტიზმის და სიძულვილის მიზეზით, აშშ–ში კონგრესის დადგენილებით აკრძალულია ალ–მანარის მაუწყებლობა 2010 წლის მარტიდან. ალ–მანარის გადამცემები, ანტენები და ოფისები იყო ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმების მნიშვნელოვანი ობიექტი, ხოლო 2008 წელს ალ–მანარის მაუწყებლობის შეჩერება 2008 წლის მღელვარებათა ერთ–ერთი მიზეზი გახდა. აღსანიშნავია, რომ ალ-მანარის მაუწყებლობა მაყურებელს ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და ერაყში სუიციდური აფეთქებებისკენ მოუწოდებს.[264] ჰეზბოლა საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით ნაციონალიზმისა და ისლამიზმის დანერგვას ცდილობს ბავშვებში.[265] ორგანიზაციის ცენტრალურმა ინტერნეტ ბიურომ 2003 წელს ვიდეო-თამაში "დამატებითი ძალა", ხოლო 2007 წელს მისი გაგრძელება გამოუშვა, რომელშიც მოთამაშეები ჯილდოს ებრაელების მოკვლით იღებენ.[266] 2012 წელს ალ-მანარმა საკუთარ ეთერში შეაქო ჰეზბოლას ხაზინაში ფულის შემწირველი 8 წლის ბავშვი, რომელიც ამბობდა: "როცა გავიზრდები, ჰეზბოლას კომუნისტი წინააღმდეგობის მებრძოლი ვიქნები, რომელიც აშშ-სა და ისრაელს შეებრძოლება. მათ ნაკუწებად დავანაწევრებ და გავყრი ჩემი საყვარელი ლიბანიდან, გოლანის მაღლობებიდან და პალესტინიდან".[267]

ჰეზბოლა ასევე ყოველკვირეულ გამოცემა ალ-აჰდის ფლობს, რომელიც 1984 წელს დაარსდა.[268] აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი მედია საშუალება, რომელიც ორგანიზაციასთან ღიადაა დაკავშირებული. ალ–ნური (ან–ნურ, النور; სინათლე) არის ჰეზბოლას რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობს ლიბანისა და სირიის ტერიტორიაზე, ხოლო ისრაელის ტერიტორიაზე მისი მაუწყებლობა იხშობა.

ამჟამად იუთუბში რამდენიმე არხი ფუნქციონირებს, რომელიც ჰეზბოლას უჭერს მხარს. ერთ-ერთი არხი არის Electronic Resistance

ჰეზბოლას კვლევა

აკადემიურ სფეროში ბევრი ჰეზბოლას ისლამისტურ-ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს:

  • ვალიდ ფარესი, წარმოშობით ლიბანელი ტერორიზმის მკვლევარი [269]
  • მარკ ლევინი, ამერიკელი ისტორიკოსი[270]
  • ავრაამ სელა, ებრაელი ისტორიკოსი [271]
  • რობერტ ვისტრიქი, ებრაელი ისტორიკოსი [272]
  • ეიალ ზისერი, ებრაელი ისტორიკოსი[273]
  • სიამაქ ხათამი, ირანელი მკვლევარი [274]
  • როჰან გუნარატნა,[191]
  • ნეერუ გაბა, ავსტრალიელი მკვლევარი [275]
  • ტორე ბიორგო, ნორვეგიელი მკვლევარი [276]
  • მაგნუს ნორელი, "European Foundation for Democracy"-ს შვედი მკვლევარი[277]
  • ანტონი კორდესმანი, ამერიკელი მკვლევარი, "Center for Strategic and International Studies" [278]
  • დანიელ ბაიმანი, ამერიკელი მკვლევარი, Brookings Institution[279]
  • Center for American Progress[280]
  • United States Institute of Peace[281]

ლიტერატურა

  • Joseph Alagha (2006). The Shifts in Hizbullah's Ideology: Religious Ideology, Political Ideology. Amsterdam University Press. ISBN 90-5356-910-3.
  • Tom Diaz, Barbara Newman (2005). Lightning Out of Lebanon: Hezbollah Terrorists on American Soil. Presidio Press. ISBN 0-345-47568-2.[dead link]
  • Ahmad Nizar Hamzeh (2004). In The Path Of Hizbullah. Syracuse University Press. ISBN 0-8156-3053-0.
  • Judith Palmer Harik (2006). Hezbollah: The Changing Face of Terrorism. I.B. Tauris. ISBN 1-84511-024-2.
  • Hala Jaber (1997). Hezbollah. Columbia University Press. ISBN 0-231-10834-6.
  • Avi Jorisch (2004). Beacon of Hatred: Inside Hizballahs Al-Manar Television. Washington Institute for Near East Policy. ISBN 0-944029-88-4.
  • Augustus Richard Norton (2000). Hizballah of Lebanon: Extremist Ideals vs. Mundane Politics. Council on Foreign Relations.
  • Augustus Richard Norton (2007). Hezbollah: A Short History. Princeton University Press. ISBN 978-0-691-13124-5.[dead link]
  • Qassem, Naim (2005). Hizbullah: The Story from Within. Saqi Books. ISBN 978-0-86356-517-5.
  • Magnus Ranstorp (1996). Hizb'Allah in Lebanon: The Politics of the Western Hostage Crisis. St. Martin's Press. ISBN 0-312-16491-2.
  • Amal Saad-Ghorayeb (2001). Hizbullah: Politics and Religion. Pluto Press. ISBN 0-7453-1793-6.
  • Jamal Sankari (2005). Fadlallah: The Making of a Radical Shi'ite Leader. Saqi Books. ISBN 0-86356-596-4.
  • Natalia Antelava (June 2, 2006). "Inside Lebanese Hezbollah militia". British Broadcasting Corporation. Retrieved July 24, 2009.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი