არაბული გაზაფხული

არაბული გაზაფხული (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოიყენებენ ასევე ტერმინს პანარაბული რევოლუცია[1][2]) — საპროტესტო აქციების და ამბოხებების სერია, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში არაბულ ქვეყნებში განხორციელდა. არაბული გაზაფხულის დაწყების ადგილად ტუნისი მიიჩნევა[⇨]. ტუნისში საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა, 2010 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. არაბული გაზაფხულის დაწყების საბაბი ხილით მოვაჭრე მოჰამედ ბუაზიზის ქმედება გახდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მას პროდუქცია და სასწორი ჩამოართვა, პროტესტის ნიშნად ქალაქ სიდი-ბუზიდის გუბერნატორის ოფისის წინ თავი დაიწვა [3]. პროტესტი სწრაფად გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომით დასრულდა. ტუნისიდან საპროტესტო ტალღა მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა, მოიცვა ეგვიპტე[⇨], ალჟირი, იორდანია, იემენი[⇨], ბაჰრეინი[⇨] და ლიბია[⇨]. მცირე ინციდენტებით აღინიშნა მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, სუდანში, სირიაში[⇨], ერაყში, მაროკოში, ჯიბუტში.[4][5][6][7][8][9][10]. არაბული გაზაფხულის შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომები დღემდე გრძელდება.

არაბული გაზაფხული

  ხელისუფლება არაერთხელ ჩამოაგდეს
  მთავრობა დაემხო
  სამოქალაქო ომი
  საპროტესტო აქციები და სამთავრობო ცვლილებები
  დიდი საპროტესტო აქციები
  მცირე საპროტესტო აქციები
  არაბული სამყარო გარეთ განვითარებული საპროტესტო აქციები
ადგილმდებარეობა ჩრდილოეთი აფრიკა,
ახლო აღმოსავლეთი
თარიღი დეკემბერი, 2010დეკემბერი, 2012
მახასიათებლები დემონსტრაციები, შეტაკებები, არეულობები, თვითდაწვა.
გარდაცვლილი/ები 61,080+

არაბული გაზაფხული საინტერესო იყო იმითაც, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზება ხდებოდა როგორც ტრადიციული (მაგალითად პარასკევის ლოცვის შემდეგ)[11], ისე თანამედროვე საშუალებებით, პირველ რიგში ინტერნეტით და სოციალური მედიით[12].

მეტწილად მშვიდობიანად დაწყებულ აქციების წინააღმდეგ ხელისუფლებებმა ძალა გამოიყენეს, რომელიც საპოლიციო ინტერვენციას სცდებოდა და ხშირ შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარსაც იყენებდნენ.[13][14] საბოლოოდ, საპროტესტო ტალღა, რომელიც ზოგ ქვეყანაში ხელისუფლების სწრაფი და მეტწილად მშვიდობიანი ცვლილებით დასრულდა, ზოგ ქვეყანაში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღის შედეგად შექმნილმა პოლიტიკურმა ვაკუუმმა არაბულ ქვეყნების პოლიტიკური დესტაბილიზაცია, იემენის, ლიბიის და სირიის სამოქალაქო ომები, უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევა, 2012 წლის სამხედრო გადატრიალება ეგვიპტეში, ისლამური სახელმწიფოს აღზევება, არაბული ქვეყნების დიდ ნაწილში ახალი ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბება და სხვა მოვლენები გამოიწვია. მოვლენები, რომლებიც არაბული გაზაფხულის შემდგომ განვითარდა, მედიაში და აკადემიური ლიტერატურის ნაწილში არაბული ზამთრის[⇨] სახელით შევიდა.[15][16]

ერთადერთი ქვეყანა, სადაც არაბული გაზაფხულის შედეგად კონსტიტუციური და შედარებით სტაბილური პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა ტუნისი იყო.[3] ლიბიაში, სირიაში და იემენში სამოქალაქო ომები მრავალმხრიან კონფლიქტად იქცა, რომელშიც არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ძალა ჩაერთო. სუდანში, ლიბანში, ალჟირში და ერაყში 2019-2020 წლებში მომხდარი მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები კი შეფასდა როგორც არაბული გაზაფხულის გაგრძელება ანდაც მეორე ტალღა.[17]

ეტიმოლოგია

ტერმინ „არაბული გაზაფხულის“ წარმოშობა, თავისი შინაარსით, ისტორიის მანძილზე, ძირითადად ევროპაში განვითარებულ რევოლუციებს უკავშირდება. 1848 წლის რევოლუციური ტალღა, რომელმაც სწრაფად მოიცვა იმ პერიოდის ევროპა და ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი გახდა, ხშირად მოიხსენიება როგორც ერთა გაზაფხული. ამ კონტექსტში, არაბული გაზაფხული კონტექსტურად ასევე უკავშირდება ისეთ ტერმინებს როგორიცაა პრაღის გაზაფხული.

2010-2012 წლებში, არაბულ სამყაროში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან მიმართებაში, ტერმინი არაბული გაზაფხული პირველად ამერიკული ანალიტიკური გამოცემის Foreign Policy-ს ფურცლებზე ჩნდება და უნდა აღინიშნოს, რომ არაბული გაზაფხული, როგორც ტერმინი, არ იყო ინოვაციური და მანამდე იგი გამოყენებული იყო ამერიკულ მედიაში, საპროტესტო ტალღის აღსანიშნავად, რომელმაც არაბულ სამყაროს 2005 წელს გადაუარა. არაბული გაზაფხული ასევე საკმაოდ ხშირად იყო შედარებული 1989 წლის კომუნისტური ბლოკის რევოლუციებთან, თუმცა, აკადემიური და მედია მიმომხილველებს მნიშვნელოვანი ნაწილი, 1989 წლის რევოლუციების არაბულ გაზაფხულთან შედარებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევდა.[18][19][20]

მიზეზები

2010 წლის ბოლოსათვის არაბულ სამყაროში მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არსებობდა. რომელთა ძირითადი თავისებურებებიც ავტორიტარული მმართველობა, პოლიტიკური კორუფცია და ეკონომიკური პრობლემები იყო. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დასავლეთის ქვეყნებში, არაბული გაზაფხული თავდაპირველად რომანტიზებული ფორმით აღიქვეს, როგორც არაბული ქვეყნების მოსახლეობის გამოსვლები, რომელთა მიზანიც პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია იყო.[21][22][23]

მსგავსი პრობლემები, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თავისებურებებს იძენდა. სირიაში, ქვეყანას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მეტწილად რელიგიური უმცირესობის — ალავიტებისგან შემდგარი ელიტა მართავდა,[24] რომელსაც, ქვეყნის მოსახლეობის სუნიტური ისლამის მიმდევარ უმრავლესობასთან მნიშვნელოვანი უთანხმოებები ჰქონდა. უთანხმოების ფესვები 1976-1982 წლებში მიმდინარე, მუსლიმი ძმების მიერ ორგანიზებული ამბოხებიდან იღებდა სათავეს. ამბოხების დროს განხორციელებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, მაგალითად ალეპოს საარტილერიო სკოლაში, ისლამისტი ამბოხებულების მიერ ორგანიზებულმა ალავიტი კადეტების მასობრივმა მკვლელობამ ან ქალაქ ჰამაში, სირიის არმიის მიერ, მეტწილად სუნიტი ამბოხებულების და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოჩენილმა სისასტიკემ, ორ რელიგიურ ჯგუფს შორის ღრმა უნდობლობა და უარყოფითი ურთიერთდამოკიდებულება გააჩინა.[25][26] პრობლემური იყო ურთიერთობა სირიის ქურთულ ეთნიკურ უმცირესობასთანაც. რისი მნიშვნელოვანი გამოძახილიც 2004 წლის კამიშლის მოვლენები და მისი შემდგომი პოლიტიკური რეპრესია იყო.[27] მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური პრობლემებიც, მაგალითად ძლიერმა გვალვებმა, 2006-2011 წლებში უზარმაზარი ზარალი მიაყენეს სირიის სოფლის მეურნეობას და სოფლის მოსახლეობის საკმაო ნაწილი იძულებული გახდა ქალაქებში გადასახლებულიყო.[28]

ეგვიპტეში მთავარ პრობლემებს სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტურობა, სიღარიბე, უმუშევრობა და სწრაფად მზარდი პოპულაცია წარმოადგენდნენ. 2000-2010 წლებს შორის ეგვიპტის მოსახლეობა 15 მილიონით გაიზარდა და არაბული გაზაფხულის დასაწყისისათვის 80 მილიონი შეადგინა. მნიშვნელოვან პრობლემებს შეადგენდნენ სიღარიბის და უმუშევრობის პროცენტები, იგი იზრდებოდა და 2011 წლისთვის, მოსახლეობის 42% სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი იყო პროფესიული კავშირების გავლენაც, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად ახერხებდნენ სხვადასხვა სექტორში მომუშავეთა ორგანიზებას. მნიშვნელოვან პრობლემას შეადგენდა პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის პერიოდში გამწვავებული ინსტიტუციური კრიზისი.[29]

სექტარიანიზმი მნიშვნელოვან ფაქტორს შეადგენდა იემენსა და ბაჰრეინში. ბაჰრეინი, არის ქვეყანა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა შიიტი მუსლიმია, მაგრამ ქვეყნის მმართველი სამეფო გვარი სუნიტი მუსლიმია, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები მეტწილად ადგილობრივი და ემიგრანტი სუნიტი მუსლიმებისგან შედგება. ასევე გავრცელებული იყო შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და არსებობდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სოციალური იერარქიის სისტემა, რის შედეგადაც ბაჰრეინის შიიტური მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოწყლვად მდგომარეობაში იმყოფებოდა.[30] იემენში მოსახლეობა დაყოფილი იყო როგორც რელიგიურად, ისე ტომობრივ და რეგიონულ ნიადაგზე. მოსახლეობის დაახლოებით 65 % სუნიტი მუსლიმი, 35 % კი მეტწილად ზაიდიზმის მიდევარი შიიტი მუსლიმი იყო. იემენის საზოგადოება ფართოდ იყო დაყოფილი ტომობრივ და გვაროვნულ საფუძვლებზე, რაც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების ფორმირებას აბრკოლებდა.[31]

ლიბიაში, პრობლემები სისტემური იყო, ქვეყნის მმართველი მუამარ კადაფი, 1969 წლიდან მოყოლებული ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდა. ქვეყნის მმართველობაში დიდი გავლენა ჰქონდა ტომობრიობას და ნეპოტიზმს. მიუხედავად ეკონომიკური წინსვლისა, რომელიც ენერგეტიკული რესურსების საშუალებით გახდა შესაძლებელი, კორუფცია და კადაფის ხელისუფლების ხშირად ექსცენტრული პოლიტიკა ხელისუფლების პოპულარობას დიდ ზარალს აყენებდა. კადაფის ასევე ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებთან ცუდი ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია, რაც, მიუხედავად ომის წინა წლებში ურთიერთობების შედარებითი ნორმალიზაციისა, კონფლიქტის დასაწყისიდანვე საგარეო ჩარევის რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა.[32]

არაბული ქვეყნების უმეტესობას მსგავსი პრობლემები ჰქონდა, ტრიბალიზმი, სიღარიბე, კორუფცია, რელიგიური დაყოფა და ავტორიტარული მმართველობა. პრობლემების გაღრმავებას და საპროტესტო ტალღას ხელს უწყობდა ისიც, რომ არაბულ ქვეყნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.[33]

ზოგადი მიმოხილვა

აქციების დასაწყისიქვეყანააქციების დასასრულიპროტესტის სახეშედეგიდაღუპულთა რაოდენობა
17 დეკემბერი 2010 ტუნისითვითდაწვა
მასობრივი დემონსტრაციები; საერთოეროვნული პროტესტი;
ხელისუფლების დამხობა
პრეზიდენტი ბენ ალი და მისი ოჯახი ქვეყნიდან გაიქცნენ (14 იანვარი 2011)
338
28 დეკემბერი 2010 ალჟირიმასობრივი დემონსტრაციებიპრეზიდენტმა განაცხადა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ (3 თებერვალი 2011)[34]8[35]
15 თებერვალი 2011 ლიბია23 ოქტომბერი 2011პროტესტი კორუფციისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების წინააღმდეგმუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობა9,400–20,000[36]
14 იანვარი 2011 იორდანიამიმდინარემცირე საპროტესტო აქციებიმეფე აბდალა II-მ დაითხოვა მთავრობა (1 თებერვალი 2011)3[37]
17 იანვარი 2011 მავრიტანია17 იანვარი 2011თვითდაწვა1
17 იანვარი 2011 სუდანიმცირე საპროტესტო აქციები200+[38]
17 იანვარი 2011 ომანი17 იანვარი 2011საპროტესტო აქციები2-6[39][40][41]
18 იანვარი 2011 იემენიუთანხმოება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის[42]
მასობრივი დემონსტრაციები[43][44]
პრეზიდენტმა განაცხადა, არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ არჩევნებში (2 თებერვალი 2011)[45]2,000[46]
21 იანვარი 2011 საუდის არაბეთი29 იანვარი 2011თვითდაწვა[47]
დემონსტრაციები[48]
4
25 იანვარი 2011 ეგვიპტემასობრივი პროტესტი და მრელვარებამთავრობის შეცვლა (29 იანვარი 2011)
ჰოსნი მუბარაქი გადადგა თანამდებობიდან (11 თებერვალი 2011)[49]
846[50]
26 იანვარი 2011 სირიათვითდაწვასირიის სამოქალაქო ომი1
30 იანვარი 2011 მაროკოთვითდაწვა0
1 თებერვალი 2011 ჯიბუტი1 თებერვალი 2011მცირე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია2[51]
4 თებერვალი, 2011 ბაჰრეინიპროტესტები, უწესრიგობამეფე ჰამადმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადაუხდის 1000 დინარს ყველა ოჯახს (11 თებერვალი)120[52]
10 თებერვალი 2011 ერაყიდემონსტრაციებიერაყის კრიზისი35
14 თებერვალი 2011 ირანიპროტესტი, არეულობა2
19 თებერვალი 2011 ქუვეითიდასრულდა 2012 წლის დეკემბერშიგადადგა პრემიერ-მინისტრი ნასარ ალ-საბაჰი0[53]
სულ დაღუპული:61,080+

მნიშვნელოვანი მოვლენები

ბაჰრეინი

საპროტესტო აქციები ბაჰრეინში 14 თებერვალს დაიწყო და განსხვავებით სხვა არაბული ქვეყნებისგან საპროტესტო აქციებს თავდაპირველად ანტისახელისუფლებოზე მეტად, შიიტების უფლებების დაცვის მოთხოვნით დაწყებული პროტესტის სახე ჰქონდა.[54] პროტესტის მთავარ კატალიზატორად მმართველი სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტური უმრავლესობის დისკრიმინაცია იყო მიჩნეული, თუმცა, საპროტესტო მოძრაობის ინსპირაციად, ტუნისისა და ეგვიპტის მსხვილმასშტაბიანი პროტესტები მოიაზრებოდა.[55] საპროტესტო აქციები მეტწილად მნიშვნელოვანი იყო, მანამ, სანამ 17 თებერვალს, ბაჰრეინის ხელისუფლებამ, დედაქალაქ მანამაში, მარგალიტის მოედანზე შეკრებილი მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება არ მიიღო, გამოიყენეს როგორც არალეტალური აღჭურვილობა, ისე ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც მომიტინგეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. საპასუხოდ მომიტინგეების რიცხვმა მკვეთრად იმატა და 22 თებერვალს, დაახლოებით 100 000 მომიტინგე მანამას ცენტრში შეიკრიბა. ბაჰრეინის ხელისუფლებამ, კოსმეტიკურ კონცესიებთან ერთად, ძალის გამოყენება გააგრძელა,[56] მაგრამ, სიტუაციის დაძაბვასთან ერთად იძულებული გახდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსაგან დახმარება ეთხოვა და 15 მარტს, არაბეთის ნახევარკუნძულის თავდაცვითი ძალების ეგიდით, საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინის ხელისუფლების მხარდასაჭერად, ქვეყანაში სამხედრო კონტიგენტი გააგზავნეს.[57][58]

15 მარტს ბაჰრეინის ხელისუფლებამ სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს ქვეყანაში წესრიგის დამყარება დაავალა.[59] ბაჰრეინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მარგალიტის მოედანზე მდგარი მონუმენტიც, რომელიც საპროტესტო გამოსვლების სიმბოლოდ იყო ქცეული.[60] ეპიზოდური საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა მარტშიც და 1 ივნისს, საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგაც.[61] ბაჰრეინის პოლიციამ დააკავა არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი, ხოლო მათ გარკვეულ ნაწილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამგვარად, აიძულა ქვეყანა დაეტოვებინათ. დაპატიმრებული მომიტინგეებიდან არაერთი წამების მსხვერპლი გახდა, ხოლო ბაჰრეინის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიის და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქვეყანაში მოქმედების თავისუფლება შეუზღუდა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ მოგვიანებით მისცა.[62] ბაჰრეინის ხელისუფლებამ, სპარსეთის ყურის დიდი ქვეყნების დახმარებით, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა საკმაოდ დიდი დანაკარგების ფასად მოახერხა. დაღუპულთა რიცხვმა, საერთაშორისო მედიის გადმოცემით, სხვადასხვა მონაცემებით, 35-80 ადამიანი შეადგინა.[63]

ეგვიპტე

ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები 2011 წლის 25 იანვარს დაიწყო. პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და ადამიანის უფლებების დარღვევა სერიოზული პრობლემა იყო, რაც საპროტესტო აქციების კატალიზატორად იქცა და 25 იანვარს, რომელიც ეგვიპტეში პოლიციის დღეა, სოციალური მედიის საშუალებით ორგანიზებული ათასობით მომიტინგე ქუჩებში გამოვიდა.[64] ეგვიპტის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა თავდაპირველად, სოციალური მედიის საშუალებით მომიტინგეების ორგანიზაციზაციის დაბრკოლების მიზნით ინტერნეტის გამორთვით სცადა.[65] 27 იანვარს, პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დაითხოვა მინისტრთა კაბინეტი, რომელიც საკმაოდ არაპოპულარული იყო და 31 მარტს ახალი კაბინეტი დაამტკიცა, ასევე დანიშნა ვიცე-პრეზიდენტი, რომლის თანამდებობაც მანამდე წლების განმავლობაში ვაკანტური იყო.[66]

მიუხედავად კონცესიებისა, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა. 11 თებერვალს მუბარაქმა ძალაუფლების დიდი ნაწილი ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს გადასცა, თუმცა თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა, რასაც მომიტინგეების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.[67] საბოლოოდ, იმავე დღეს, მუბარაქი და სულეიმანი იძულებულები გახდნენ გადამდგარიყვნენ. ხელისუფლება შეიარაღებული ძალების საგანგებო საბჭოს გადაეცა, რომელსაც მარშალი მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი ჩაუდგა სათავეში.[68] სამხედრო საბჭომ ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა, შეაჩერა არსებული კონსტიტუციის მოქმედება, 4 მარტს დროებით პრემიერ-მინისტრად ისამ შარაფი დანიშნა და 19 მარტს ახალი საკონსტიტუციო რეფერენდუმი დანიშნა.[69]

საპროტესტო აქციები შედარებით მცირე მასშტაბით მთელი 2011 წლის განმავლობაში გაგრძელდა, მომიტინგეების ნაწილი თვლიდა, რომ შეიარაღებული ძალები, რეფორმების გატარებას აყოვნებდნენ.[70] ჰოსნი მუბარაქი და მასთან დაახლოებული პირების ნაწილი გაასამართლეს; ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ჰაბიბ ალ-ადლის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.[71] ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო უმრავლესობა მუსლიმი ძმების მოძრაობასთან ასოცირებულმა თავისუფლების და სამართლიანობის პარტიამ მოიპოვა, პრეზიდენტად აირჩიეს ამავე პარტიის მიერ მხარდაჭერილი მუჰამედ მურსი, რომელმაც 2012 წლის 30 ივნისს თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.[72] საბოლოოდ, მურსის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პოპულარობის შენარჩუნება, რამაც 2012 წლის ბოლო საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია, რითაც ისარგებლა ეგვიპტის არმიამ და 2013 წლის 3 ივლისს სამხედრო გადატრიალება განახორციელა რომელმაც მუჰამედ მურსი დაამხო. ხელისუფლების სათავეში მოვიდა მურსის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, გენერალი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, რომელსაც, გადატრიალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, არაერთი მიმომხილველი მუბარაქზე ბევრად ავტორიტარულ და რეპრესიულ მმართველობაში ადანაშაულებს.[73][74][75]

იემენი

იემენის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში საპროტესტო აქციები 2011 წლის იანვარში დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებდნენ ცუდ ეკონომიკურ პირობებს, პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის ავტორიტარულ მმართველობას, კორუფციას, პოლიტიკურ რეპრესიებს განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, რომელიც ერთიანი იემენის ნაწილი მხოლოდ 1990 წელს გახდა და ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სექტორში ჩრდილოეთ იემენური ტომების დომინაციას.[76] მოკლე ხანში საპროტესტო აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა და მათმა მონაწილეებმა მოთხოვნებში ალი აბდალა სალეჰის გადადგომაც შეიტანეს.[77] სალეჰის საწინააღმდეგო განწყობის განვითარებას ხელი შეუწყო საპროტესტო აქციების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის და მმართველი პარტიის მცდელობებმა, კონსტიტუციური ცვლილებების გზით უზრუნველეყოთ სალეჰის უვადოდ გაპრეზიდენტება, რამაც, პოლიტიკური და ტომების ლიდერების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.[78] სალეჰის ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ხოლო პრეზიდენტი სალეჰი აქციების მონაწილეებს დაჰპირდა, რომ მომავალ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრიდა და ყველანაირად შეუწყობდა ხელს ძალაუფლების მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაცემას.[79]

სალიჰის განცხადებებმა და ძალის გამოყენებამ ვერ მოახერხა საპროტესტო აქციების მსვლელობაზე გავლენის მოხდენა და აქციების მონაწილეებს იემენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტომის — ჰაშიდის წევრები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ერთი ნაწილი შეუერთდა; დაიწყო ხელისუფლების მომხრეებს და ოპოზიციას შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელმაც მაისის ბოლომდე გასტანა.[80] ქვეყანაში სიტუაციის რეგულირების მიზნით, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ სცადა სალეჰი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე დაეყოლიებინა, თუმცა უშედეგოდ, სალეჰმა ბოლო მომენტში შეთანხმების რატიფიკაციაზე უარი განაცხადა.[81] შედეგად, საპროტესტო აქციები და შეიარაღებული დაპირისპირება გაღრმავდა და 2011 წლის 3 ივნისს, ამბოხებულები პრეზიდენტ სალეჰის რეზიდენციას დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად სალეჰი მძიმედ დაიჭრა და იძულებული გახდა სამკურნალოდ საუდის არაბეთში წასულიყო. ხელისუფლება ვიცე-პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადიმ გადაიბარა.[82][83] საპროტესტო ტალღა გრძელდებოდა, რადგანაც ოპოზიცია ეჭვობდა, რომ სალაჰი ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა. 2011 წლის სექტემბერში, სალაჰი იემენში დაბრუნდა, რამაც ოპოზიციის ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა, თუმცა სპარსეთის ყურის ქვეყნების ზეწოლით, 23 ნოემბერს სალეჰი იძულებული გახდა ძალაუფლების გადაცემის ხელშეკრულებისათვის ხელი მოეწერა.[84] ჩატარდა ერთკანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰადიმ მიიღო.[85] საბოლოოდ, 2015 წელს, ჰუსიტების სახელით ცნობილმა შიიტმა ამბოხებულებმა დაამხეს ჰადის მთავრობა და დაიკავეს ჩრდილო იემენი, რასაც სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედრო ინტერვენცია და სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა.

ლიბია

ლიბიაში საპროტესტო აქციები 2011 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო და რამდენიმე დღეში, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი პროტესტის მონაწილეების ხელში გადავიდა; რასაც ხელი შეუწყო ტრადიციულმა დაყოფამ ლიბიის დასავლეთ ნაწილს ტრიპოლიტანიას და აღმოსავლეთ რეგიონ კირენაიკას შორის.[86] რამდენიმე დღეში საპროტესტო ტალღამ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლსაც მიაღწია. საპროტესტო აქციებს მუამარ კადაფის ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა, ხოლო აღმოსავლეთ ლიბიაში კადაფის მოწინააღმდეგეებმა შეიარაღება დაიწყეს; ძალოვანი სტრუქტურების ნაწილი ოპოზიციის მხარეს გადავიდა.[87]

27 თებერვალს ბენღაზიში ოპოზიციამ გარდამავალი ხელისუფლება დააარსა, რომელმაც ოფიციალურ მიზნად ლიბიაში დემოკრატიული და კონსტიტუციური ხელისუფლების შექმნა გამოაცხადა.[88] ოპოზიციურმა მთავრობამ მალე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლების და ძალოვანი სტრუქტურების წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციის მხარეს გადავიდა.[89] ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ძალებმა თავდაპირველად დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მალევე სახელისუფლებო ძალების კონტრშეტევამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, შედეგად, ევროპის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ 1973-ე რეზოლუციის გამოცემა მოახერხეს და ლიბიის კონფლიქტში, რომელიც უკვე სამოქალაქო ომში იყო გადაზრდილი, არასაფრენი ზონის გამოცხადებას მიაღწიეს და ოპოზიციის მხარეს ღიად ჩაერივნენ.[89] დასავლეთის ქვეყნების ინტერვენციამ, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე კადაფის ხელისუფლების მიერ კონტროლის აღდგენა წარმატებით დააბრკოლა, ასევე განხორციელდა საავიაციო და სარაკეტო დარტყმები ლიბიის ხელისუფლების შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.

2011 წლის აგვისტოს ბოლოს, ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი დაიკავეს, კადაფიმ და მისმა მომხრეებმა კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეში გადაინაცვლეს და პოზიციების დაცვას შეეცადნენ, კადაფის ოჯახის წევრების ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა.[90] ამბოხებულების შეტევითი ოპერაცია სირტეს მიმართულებით გაგრძელდა და 2011 წლის 20 ოქტომბერს, ოპოზიციის ჯარები შევიდნენ. მუამარ კადაფი ამბოხებულებს ხელში ჩაუვარდა და ის, მისი ვაჟი მუთასიმი და არაერთი მისი მომხრე, ყოველგვარი იურიდიული პროცედურების გარეშე დახოცეს.[91][92] სამოქალაქო ომი კადაფის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა. სამოქალაქო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ხელისუფლებები კი არაეფექტურნი გამოდგნენ და რამდენიმე წლის შემდეგ ლიბიაში ახალი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით კვლავ გრძელდება.

სირია

სირიაში პირველი საპროტესტო გამოსვლები 2011 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყო, თუმცა ფართო მასშტაბებისთვის არ მიუღწევია. პირველი მსხვილმასშტაბიანი გამოსვლები, 2011 წლის მარტში, სირიის სამხრეთით, ქალაქ დარაში დაიწყო. სირიის პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ერთ-ერთი შენობის კედელზე მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები დაწერეს. დაკავებულები, პატიმრობაში წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რის შესახებაც ამბები ქალაქში სწრაფად გავრცელდა და დაკავებულების ოჯახების თაოსნობით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლებიც სწრაფად გაიზარდა.[93][94] საპროტესტო აქციები მალე სირიის სხვა ქალაქებსაც მოედო. 15 მარტს საპროტესტო ტალღამ ქვეყნის დედაქალაქ დამასკოსაც მიაღწია, სადაც, ათასობით ადამიანი ქალაქის ძველ ნაწილში შეიკრიბა.[95] მოკლე ხანში საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანას მოედო, ორგანიზაციის წერტილებად მეტწილად მეჩეთები იქცა, სადაც, აქციები, როგორც წესი პარასკევის ლოცვის შემდეგ იწყებოდა.[96][97] მალევე საპროტესტო აქციებმა მკვეთრად სექტარიანული ხასიათი შეიძინა და პოპულარული გახდა ანტიალავიტური და ანტიქრისტიანული ლოზუნგები.[98][99] სირიის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ჩასახშობად პოლიცია და შეიარაღებული ძალები გამოიყენა, შეიარაღება დაიწყო ოპოზიციის მომხრეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და საბოლოოდ, სირიის ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციები სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც 2020 წლისთვის კვლავ გრძელდება.

ტუნისი

ტუნისი პირველი ქვეყანა იყო, სადაც არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები დაიწყო. 2010 წლის დეკემბერში, ხილის გამყიდველი მუჰამად ბუაზიზის დემონსტრაციული თვითმკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გაიზარდა და ზოგადი სახე მიიღო, სადაც მოსახლეობა კორუფციას, ავტორიტარიზმს და სიღარიბეს აპროტესტებდა. საბოლოოდ, პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი, რომელიც ქვეყანას 23 წლის განმავლობაში მართავდა, 14 იანვარს გადადგა და საუდის არაბეთში გაიქცა.[100] ბენ ალის გადადგომის შემდეგ, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ განუშიმ, უშედეგოდ სცადა ჩამოეყალიბებინა ეროვნული ერთობის მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლების და მმართველი კონსტიტუციურ-დემოკრატიული გაერთიანების წევრების მონაწილეობით, თუმცა უშედეგოდ, საპროტესტო აქციები გაგრძელდა, ხოლო ოპოზიციის წევრმა მინისტრებმა თანამდებობები მალევე დატოვეს.[101] განუშიმ, ხელისუფლების შენარჩუნება აპარტიული, ტექნოკრატიული კაბინეტის ჩამოყალიბებით სცადა, თუმცა უშედეგოდ, 6 თებერვალს ყოფილი მმართველი პარტია კონსტიტუციურ-დემოკრატიული გაერთიანების მოღვაწეობა შეიზღუდა.[102] საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და 27 თებერვალს განუში იძულებული გახდა გადამდგარიყო.[103] 9 მარტს ყოფილი მმართველი პარტია დაშლილად გამოცხადდა.[104] ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე ფუად მებაზაა გახდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ბეჯი კაიდ ეს-სებსი გახდა. დაინიშნა არჩევნები, რომლებიც 2011 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა და შეადგინა დამფუძნებელი კრება, რომელსაც უნდა აერჩია პრეზიდენტი და მიეღო ახალი კონსტიტუცია; არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა როგორც თავისუფალი და სამართლიანი.[105] არჩევნებში პირველი ადგილი ისლამისტურმა ანნაჰდას პარტიამ დაიკავა.[106] 12 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ პრეზიდენტად ვეტერანი პოლიტიკოსი და აქტივისტი მონსეფ მარზუკი აირჩია.[107]

2014 წლის 26 იანვარს, ტუნისმა ახალი კონსტიტუციის რატიფიკაცია მოახდინა, რომელმაც, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, მეტწილად პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა.[108][109][110] 2014 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და 23 ნოემბერს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნები ძალაუფლების არჩევნების გზით, მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა.[111] 2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მეორედ განხორციელდა და ამგვარად, ტუნისი, არაბული გაზაფხულის შედეგად ერთადერთ ქვეყნად იქცა, სადაც არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა პოლიტიკური კულტურის ნაწილად იქცა.[112]

შედეგები

არაბული ზამთარი

არაბული გაზაფხულის ფარგლებში დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად, არაბული სამყაროს არაერთ ქვეყანაში დაწყებული არასტაბილურობის, სამოქალაქო ომების და რადიკალური ისლამისტური ჯგუფების გაძლიერების შედეგად, ამ პერიოდს არაბული ზამთარი[113] ან ისლამისტური ზამთარი ეწოდა.[114] მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში შეიქმნა პოლიტიკური ვაკუუმი, გაღრმავდა სექტარიანიზმი, დასუსტდა რეგიონული ორგანიზაციების გავლენა, ხოლო მთელ რიგ ქვეყნებში, არსებული ხელისუფლებები ან უფრო მეტად ავტორიტარულები გახდნენ ანდაც არჩეული ლიდერები, გადატრიალების გზით ახალმა ავტორიტარულმა ლიდერებმა ჩაანაცვლეს.

ეგვიპტეში, დემოკრატიულად არჩეული მუსლიმი ძმების ხელისუფლებამ მალევე დაკარგა პოპულარობა, რამაც საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გამოიწვია, რითიც ისარგებლა ეგვიპტის არმიამ და 2013 წლის 3 ივლისს ძმები მუსლიმების ხელისუფლება დაამხო. დაიწყო მუსლიმი ძმების სასტიკი რეპრესია, მოძრაობის ლიდერები დააპატიმრეს, ხოლო სამოქალაქო წინააღმდეგობის წამოწყების მცდელობები ეგვიპტის არმიამ სასტიკად ჩაახშო. 2013 წლის 14 აგვისტოს, კაიროში, რაბია ალ-ადავიას და ალ-ნაჰდას მოედნებზე შეკრებილ მუსლიმი ძმების მხარდამჭერებს ეგვიპტის არმიამ ცეცხლი გაუხსნა, რასაც 1000-ამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[115] პრეზიდენტი მოჰამედ მურსი და მუსლიმი ძმების არაერთი ლიდერი და მხარდამჭერი დააკავეს. 2015 წელს, მურსის, მუსლიმის ძმების ხელმძღვანელ მუჰამად ბადის, მის მოადგილეს ხაირათ ალ-შათირს და მოძრაობის სხვა ლიდერებს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.[116] ეგვიპტეს, მუსლიმი ძმების მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, კატარის გარდა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიც შეუერთდნენ,[117] რამაც მოძრაობის პოლიტიკური გავლენა მკვეთრად შეასუსტა და მუსლიმი ძმების პოლიტიკურ რეპრესიებს გადარჩენილი წევრების უმეტესობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ან იატაკქვეშეთში გადასულიყო და არალეგალურად გაეგრძელებინა მოღვაწეობა, მუსლიმი ძმების ორგანიზაცია დეცენტრალიზებულ მოძრაობად გარდაიქმნა.[118]

სირიაში, ერაყში, ლიბიაში და იემენში ისლამისტები მნიშვნელოვან ან მთავარ ოპოზიციურ ძალებად გარდაიქმნენ, რასაც ხელი შეუწყო მთელი მსოფლიოდან იდეოლოგიურად მოტივირებული ისლამისტების, ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად სირიაში, ერაყში თუ ლიბიაში ჩასვლამაც. სირიასა და ერაყში, უცხოელი ისლამისტების პიკურმა რაოდენობამ დაახლოებით 40 000 შეადგინა.[119][120] ხოლო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, 2013-2014 წლებში სირიის და ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, სადაც, ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილი სახელმწიფოებრივი ერთეული ჩამოაყალიბა და სახალიფო აღდგენილად გამოაცხადა.[121] მიუხედავად ისლამური სახელმწიფოს მარცხისა, ისლამიზმი და სექტარიანიზმი რეგიონში უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად იქცა.

სამოქალაქო ომებმა სირიაში და ლიბიაში და ლიბიის სახელმწიფოს პოლიტიკურმა და სოციალურმა კოლაფსმა, სერიოზული საემიგრაციო კრიზისი გამოიწვია. მუამარ კადაფის ხელისუფლება, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისაკენ მიგრაციის შეკავების საკითხში[122] და მისმა კოლაფსმა და ცენტრალიზებული ხელისუფლების არარსებობამ, უკონტროლო მიგრაცია გამოიწვია. შედეგად, ევროპის ქვეყნების და თურქეთისკენ, როგორც საომარი მოქმედებებით დაზარალებული არაბული ქვეყნებიდან, ისე აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან, მილიონობით მიგრანტი დაიძრა.[123] ზოგ ქვეყანაში კი მიგრანტებმა ქვეყნების დემოგრაფიული სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალეს. მაგალითად, 2019 წლის ბოლოსთვის სირიელი დევნილების ოფიციალურმა რიცხვმა თურქეთში 3 585 000 შეადგინა.[124] იორდანიაში ეს რიცხვი 655 000,[125], ხოლო ლიბანში 936 000 იყო.[126] საემიგრაციო კრიზისმა ევროპის ქვეყნებში ანტიმიგრანტული პარტიების გაძლიერება და შიდა პოლიტიკური კრიზისების გაღრმავება გამოიწვია. ევროპის ქვეყნები იძულებულები გახდნენ ლიბიის და თურქეთის ხელისუფლებებთან შეთანხმებებისათვის მოეწერათ ხელი, რის შედეგადაც, ევროპის ქვეყნები, მიგრანტთა ტალღების შეკავების სანაცვლოდ ვალდებულნი იყვნენ თურქეთის და ლიბიისათვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოეჩინათ.[127][128]

სპარსეთის ყურის არაბულ მონარქიებში მეტწილად შენარჩუნდა სტატუს-კვო. კატარი სხვა არაბული ქვეყნებისგან, მუსლიმი ძმების მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მეტწილად იზოლაციაში აღმოჩნდა.[129][130] საუდის არაბეთმა, ტახტზე მეფე სალმანის ასვლის შემდეგ, მისი ვაჟის და ტახტის მემკვიდრის მუჰამად ბინ სალმანის თაოსნობით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო, რომელიც, საზოგადოებაში ისლამიზმის როლის შემცირებას ისახავდა მიზნად.[131]

ისლამისტურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ჯიჰადისტური იდეოლოგიის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, ამომრჩევლების რადიკალიზაციის და მარგინალიზებისგან თავის დასაცავად კომპრომისზე წასვლა ამჯობინეს, ასე მოიქცნენ, ტუნისში მოქმედი ან-ნაჰდას პარტია და მისი ლიდერი რაშიდ ღანუში, რომლებმაც, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ოპონენტებთან კომპრომისი და იდეოლოგიის შერბილება ამჯობინეს.[132]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Bayat, Asef., Revolution Without Revolutionaries, Making Sense of the Arab Spring, Stanford University Press, 2017, ISBN 9780804799027
  • Blumi, Isa., Destroying Yemen, University of California Press, 2018, ISBN 9780520296138
  • Feldman, Noah., The Arab Winter: A Tragedy, Princeton University Press, 2020, ISBN 9780691194920
  • Kerr, Michael, Larkin, Craig (eds.), The Alawis of Syria: War, Faith and Politics in the Levant, Oxford University Press, 2015, ISBN 9780190458119
  • Ketchley, Neil., Egypt in a Time of Revolution: Contentious Politics and The Arab Spring, Cambridge University Press, ISBN 978-1-107-18497-8
  • Kumar Pradhan, Prasanta., Arab Spring and SectarianFaultlines in West Asia: Bahrain, Yemen and Syria, Pentagon Press, New Delhi, 2017, ISBN 978-93-86618-05-4
  • Lacher, Wolfram., Libya’s Fragmentation: Structure and Process in Violent Conflict, I.B. Tauris, 2020, ISBN 978-0-7556-0080-9
  • Lefevre, Raphael., Ashes of Hama: The Muslim Brotherhood in Syria, Oxford University Press, 2013, ISBN 978-0-19-933062-1
  • Matar, Linda, Kadri, Ali (eds.), Syria: From National Independence to Proxy War, Palgrave Macmillan, 2019, ISBN 978-3-319-98457-5
  • Mcmillan, M. E.., From the First World War to Arab Spring, Palgrave Macmillan, 2016, ISBN 978-1-137-52204-7
  • Moaddel, Mansoor, Gelfand, Michele J. (eds.), Values, Political Actions and Change in The Middle East and The Arab Spring, Oxford University Press, 2017, ISBN 9780190269098
  • Oyeniyi, Bukola A., The History of Libya, Greenwood Publishing, 2019, ISBN 978-1-4408-5606-8
  • Shoup, John A., The History of Syria, Greenwood Publishing, 2018, ISBN 978-1-4408-5834-5
  • Teti, Andrea., Abbott, Pamela., Cavatorta, Fransceso., The Arab Uprisings in Egypt, Jordan and Tunisia, Palgrave Macmillan, 2018, ISBN 978-3-319-69043-8

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი