კაზუო იშიგურო
კაზუო იშიგურო (იაპონ. カズオ・イシグロ) (დ. 8 ნოემბერი, 1954) — წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი და სცენარისტი. 2017 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[21]
კაზუო იშიგურო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ნოემბერი, 1954[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (69 წლის) |
დაბადების ადგილი | ნაგასაკი[11] |
საქმიანობა | რომანისტი, მწერალი[12] [13] , სცენარისტი, ავტორი[14] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ლირიკოსი და სიმღერების ავტორი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[15] [16] იაპონია |
ალმა-მატერი | კენტის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი და Woking County Grammar School for Boys |
Magnum opus | მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი, დღის ნარჩენები, როცა ობლები ვიყავით, არასოდეს გამიშვა, კლარა და მზე და A Pale View of Hills |
ჯილდოები | კოსტას პრემია, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, ბუკერის პრემია[17] , ჰელმერიხის პრემია, ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] , ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ბოდლის მედალი[19] , რაინდი-ბაკალავრი და ამომავალი მზის ორდენი |
მეუღლე | Lorna MacDougall |
შვილ(ებ)ი | Naomi Ishiguro[20] |
გავლენა მოახდინეს | |
იშიგურო თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ინგლისურენოვანი მწერალია. 1989 წელს მას რომანისთვის „დღის ნარჩენები“ ბუკერის პრემია მიენიჭა.[22] მწერალი ამ პრემიაზე სულ ოთხჯერ გახლდათ ნომინირებული, მათ შორის რომანებისთვის „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ (1986) და „როდესაც ობლები ვიყავით“ (2000). საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისმა რომანმა „არასოდეს გამიშვა“, რომელიც ჟურნალმა Time-მა 1923 წლიდან 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა.[23] 2008 წელს იშიგუროს The Times-ის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელ მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა.[24] 2017 წელს მწერალმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“.[21]
ბიოგრაფია
იშიგურო 1954 წლის 8 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნაგასაკში დაიბადა. მისი მამა, სიძუო იშიგურო ოკენოგრაფი იყო.[25] იგი 1959 წელს ოკეანოგრაფიის ეროვნულ ინსტიტუტში კვლევით სამუშაოებზე მიიწვიეს, რისთვისაც ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გილდფორდში გადავიდა.[26] თავდაპირველად იშიგუროს ოჯახი მხოლოდ ორი წლით აპირებდა ინგლისში დარჩენას, თუმცა სიძუო იშიგუროს კვლევითი პროექტის დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაგრძო, რის გამოც ოჯახი იაპონიაში აღარ დაბრუნდა.[27]
იშიგურო კენტის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1978 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიასა და ინგლისურ ენაში.[25] მან სწავლა აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1980 წელს ხელოვნების მაგისტრი გახდა.[25][28]მის სადისერტაციო ნაშრომს დაეფუძნა მისი პირველი რომანი „მთების მკრთალი ხედი“, რომელიც 1982 წელს გამოიცა.[29]
1983 წელს იშიგურომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.[30]
იშიგურო სამშობლოში პირველად 1989 წელს დაბრუნდა, რა დროსაც იგი იაპონიის ფონდის მოკლევადიანი ვიზიტორთა პროგრამის მონაწილე იყო.
ამჟამად მწერალი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.
სამწერლო კარიერა
მწერლის პირველი რომანი, „მთების მკრთალი ხედი“ ინგლისში მცხოვრებ შუახნის იაპონელ ქვრივ ქალბატონზე გვიამობობს, რომელსაც ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ ჭარბად მოზღვავებულ ემოციებთან და მოგონებებთან უწევს გამკლავება.
მეორე რომანში, „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი იაპონურ ქალაქში ხდება. რომანი ომთან დაკავშირებული ძალადობრივი წარსულით დამძიმებულ მხატვარზე მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე იდეალებს უპირისპირდება. „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ მეორე მსოფლიო ომის მიმართ იაპონელთა დამოკიდებულებას ასახავს.
კენძაბურო ოესთან ინტერვიუში იშიგურომ ისაუბრმა, რომ იაპონური გარემო მის პირველ რომანებში წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს:
„ინგლისში ცხოვრებისას, ჩემთვის ყოველთვის არსებობდა მკაფიო სურათი მეტად მნიშვნელოვანი უცხო ქვეყნისა, რომელთანაც ძლიერი ემოციური კავშირი მქონდა. მე მუდმივად ვქმნიდი ჩემს გონებაში წარმოსახვით იაპონიას.“[31]
მომდევნო რომანი, „დღის ნარჩენები“ ხანდაზმული მსახურთუფროსის მოგონებებს გვაცნობს, რომელმაც მთელი ცხოვრება ინგლისელი ლორდის ერთგულ მსახურებაში გაატარა. მოქმედება მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში მიმდინარეობს, როცა ევროპაში თანდათან ფაშიზმი იწყებს გავრცელებას.[32] რომანის მიხედვით 1993 წელს ამერიკელმა რეჟისორმა, ჯეიმზ აივორიმ ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ენტონი ჰოპკინზი და ემა ტომპსონი ასრულებენ. ეკრანიზაციამ ოსკარის რვა ნომინაცია დაიმსახურა. [33]
რომანში „არასოდეს გამიშვა“ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფუტურიზმის ელემენტებს ვხვდებით, მასში მოქმედება 1980-იან და 1990-იან წლებში, პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს. 2010 წელს რეჟისორმა მარკ რომანეკმა რომანის ეკრანიზაცია გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ.
იშიგუროს რომანებში პრობლემები, რომლებთანაც პერსონაჟებს უწევთ დაპირისპირება, ხშირად გადაუჭრელი რჩება. მისი პერსონაჟები ეგუებიან თავიანთ წარსულს. საკუთარი მდგომარეობის ნათლად გააზრება მათ სულიერი ტანჯვისგან ათავისუფლებს.
იშიგუროს სამწერლო სტილზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც არიან ფიოდორ დოსტოევსკი და მარსელ პრუსტი.[34]
2019 წლის 7 თებერვალს იშიგუროს დიდი ბრიტანეთის რაინდის ტიტული მიენიჭა მისი ღვაწლისთვის ლიტერატურაში.[35]
პირადი ცხოვრება
1986 წელს იშიგურომ ცოლად შეირთო ლორნა მაკდუგალი, სოციალური მუშაკი,[36] რომელიც ლონდონში, ნოტინგ ჰილზე საქველმოქმედო დაწესებულებაში გაიცნო. წყვილი ლონდოში ცხოვრობს.[37] ჰყავთ ქალიშვილი, ნაომი იშიგურო, რომელიც ასევე მწერალია.[38]
იშიგურო საკუთარ თავს „ბობ დილანის დიდ თაყვანისმცემელს“ უწოდებს,[39] რომელიც ასევე ნობელის პრემიის ლაურეატია.
ჯილდოები
- 1982: უინიფრედ ჰოლტბის პრემია სადებიუტო რომანისთვის „მთების მკრთალი ხელი“
- 1986: უაითბრედის პრემია რომანისთვის „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“
- 1989: ბუკერის პრემია რომანისთვის „დღის ნარჩენები“[40]
- 1995: ბრიტანული იმპერიის ორდენის ოფიცერი
- 2005: „არასოდეს გამიშვა“ ჟურნალ Time-ის სიაში დასახელშა 1923 წლიდან 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის[41]
- 2008: The Times-ის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე 50 საუკეთესო ბრიტანელი მწერალი“ იშიგუროს 32-ე ადგილი მიენიჭა[42]
- 2017: ნობელის პრემია ლიტერატურაში[21]
- 2018: ამომავალი მზის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რომანები
- „მთების მკრთალი ხედი“ (1982)
- „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ (1986)
- „დღის ნარჩენები“ (1989)
- „დაუშოშმინებელი“ (1995)
- „როდესაც ობლები ვიყავით“ (2000)
- „არასოდეს გამიშვა“ (2005)
- „დაფლული გოლიათი“ (2015)
რესურსები ინტერნეტში
- კაზუო იშიგურო — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- 1989 "A Case of Cultural Misperception," a profile at the New York Times
- 2005 "Living Memories," a profile at The Guardian
- 2005 interview with Ishiguro in Sigla Magazine
- 2006 Guardian Book Club podcast with Ishiguro
- List of works
- Faber and Faber page on Ishiguro
- Kazuo Ishiguro's archive resides at the Harry Ransom Center at The University of Texas at Austin