დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
თბილისის 2015 წლის წყალდიდობა — წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე, დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა. თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.